ბრძანება N 13706

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.06.2024
№ დოკუმენტი 13706
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13706

11 ივნისი 2024

ბრძანება

შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)

(მის.:„-------“)

2023 წლის 3 ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 მაისის სხდომაზე (ოქმი №57) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2 მაისის №21720/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „--------“-ის (ს/ნ "--------") №84644/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ოქტომბრის №007-258 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 აპრილის №7120 და 29 სექტემბრის №23967 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 4 ოქტომბრის №24442 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №007-258 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 171 347 ლარი, მათ შორის გადასახადი 112 993 ლარი, ჯარიმა 56 357 ლარი და საურავი 1 997 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 6 დეკემბრის №30622 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 2 მაისის №21720/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 დეკემბრის №30622 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შპს „--------“ რეგისტრირებულია 2019 წლის 8 იანვრიდან. ამავე თარიღიდან რეგისტრირებულია დღგის გადამხდელადაც. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს საკვები პროდუქტებით (უმეტესად კარაქით), გაყინული ხორცითა და თევზით საბითუმო ვაჭრობა. კომპანია, საქმიანობის ფარგლებში შემოსავლების მიღებას და ხარჯების გაწევას ახორციელებს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან 2023 წლის 3 აპრილს ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია, რომლის საფუძველზეც ფაქტიურმა ნაშთმა შეადგინა 515 ლარი. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია შესწავლილ იქნა ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი N9-ის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს, წარმოდგენილი ახსნა-განმარტების თანახმად, საქმიანობა შეჩერებული აქვს 2023 წლის აგვისტოდან. შპს „--------“-ის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული დებიტორ-კრედიტორების შესახებ. შემოწმების მიერ ჩაითვალა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელს არ ჰყავს დებიტორ-კრედიტორები. საწყისი პერიოდის დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაციისთვის გამოყენებულ იქნა კომპანიის მიერ წარდგენილი 2020 წლის ფინანსური ანგარიშგება. ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სალაროს ნაშთი 439 358 ლარი, რომელიც პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე, 104-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საკითხის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობას. კერძოდ, არარეალურია შემოწმების შეფასება, რომლის მიხედვით კომპანიას არ ჰყავს დებიტორ-კრედიტორები. კომპანიის სააღიცხვო დოუმენტაციის შესწავლით დგინდება, რომ კომპანიას ჰყავს დებიტორებიც და კრედიტორებიც და აღნიშნულის გათვალისწინებით შესაძლებელია სალაროს ნაშთის სრულად განსაზღვრა. გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნა დებიტორულ დავალიანებაზე შედგენილი შედარების აქტი, რომელიც წარმოდგენილი არ იყო არც შემოწმების და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე.

მომჩივანმა აგრეთვე განაცხადა, რომ შემოწმებით არ იქნა გათვალისწინებული სალაროს გონივრული ნაშთი იმ მიზეზით, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეჩერებული აქვს საქმიანობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იქნა შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდზე იჯარის გადახდის დოკუმენტი.

ასევე, სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული ბიუჯეტში გადახდები, გამორჩენილია შპს „N1 ზე “ გადახდა, კერძოდ, 2020 წლის 27 თებერვალს განხორციელებული ორი გადახდიდან (გადახდილია 45 600 ლარი ორჯერ) ბუღალტრის მიერ წარდგენილ ფაილში ასახული იყო მხოლოდ ერთი გადახდა, შესაბამისად, შემოწმებითაც გათვალისწინებული იქნა მხოლოდ წარდგენილი ინფორმაცია. აღნიშნული დასტურდება დავის წარმოების პროცესში დამატებით წარმოდგენილი შედარების აქტით.

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს საწყისი ნაშთის ოდენობას, აცხადებს, რომ შემოწმებით შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის სალაროს საწყისი ნაშთი შეადგენს 119 919 ლარს, ხოლო ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით - 82 324 ლარს, სხვაობის თანხა შეადგენს 37 594 ლარს. შემოწმების პროცესში გაკეთებული 2019 წლის ანალიზი შეიცავს არსებით შეცდომებს და არ ასახავს გადასახადის გადამხდელის ნაღდი ფულის მოძრაობის რეალურ სურათს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საკუთარი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილი, და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „-------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საკუთარი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილი, და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანია, საქმიანობის ფარგლებში შემოსავლების მიღებას და ხარჯების გაწევას ახორციელებს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან 2023 წლის 3 აპრილს ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია, რომლის საფუძველზეც ფაქტიურმა ნაშთმა შეადგინა 515 ლარი.გადამხდელს, წარმოდგენილი ახსნა-განმარტების თანახმად, საქმიანობა შეჩერებული აქვს 2023 წლის აგვისტოდან.საწარმოს მიერ არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული დებიტორ-კრედიტორების შესახებ.

საწყისი პერიოდის დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაციისთვის გამოყენებულ იქნა კომპანიის მიერ წარდგენილი 2020 წლის ფინანსური ანგარიშგება. ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე გადამხდელს შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სალაროს ნაშთი,რომელიც პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.შესაბამისად,გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საკუთარი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილი, და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),101,154.