ბრძანება N 23711

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.10.2025
№ დოკუმენტი 23711
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23711

28 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

მის.: (----) 2025 წლის 19 სექტემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 16 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №88) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2025 წლის 19 სექტემბრის №98078/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 აგვისტოს №002-131 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადარიცხული ავანსის თანხის შემოწმების მიერ საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას. განმარტავს, რომ საქონლის შესყიდვა და მოწოდება ხდებოდა რეგულარულად 2024 წლის ნოემბრამდე. აღნიშნული თარიღიდან მისი წერილის საფუძველზე მომწოდებელმა დროებით შეაჩერა საქონლის გამოგზავნა, რადგან ვერ ასწრებდა საწყობის მშენებლობის დასრულებას, რომლის მშენებლობაც დაიწყო 2023 წლის ზაფხულში და სადაც უნდა დაესაწყობებია მიღებული საქონელი შესაბამისი პირობებით. მიუთითებს, რომ ამ დროისთვის უკვე მიიღო ორი ვაგონი, რომლის ღირებულებაც 142 500 ლარს შეადგენს, შემდეგი ვაგონების მიღება კი იგეგმება 2025 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში, რომლითაც ავანსი მთლიანად დაიფარება და დასრულდება მოწოდება. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი აქვს მტკიცებულებები. აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები აცნობა შემოწმებას, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული. შესაბამისად, ითხოვს საგადასახდო ვალდებულებების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 ივნისის №13337 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 4 თებერვლიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 14 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 18 აგვისტოს №18558 ბრძანება და 19 აგვისტოს №002-131 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის 28 ოქტომბერი 2025 N 23711 გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 181 828 ლარი, მათ შორის, გადასახადი 114 922 ლარი, ჯარიმა 62 208 ლარი, საურავი 4 698 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შპს ,,---ის“ საქმიანობის სახეა ვაჭრობა ხე-ტყის მასალით, ასევე ხის ნაკეთობების წარმოება და რეალიზაცია. პირი გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2022 წლის 4 თებერვალს, ამავე თარიღიდანვე დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა ფინაში. საწარმოს 2023 და 2024 წლებში უფიქსირდება არარეზიდენტი კომპანიისგან საქონლის (ხე-ტყის) მიღებასთან დაკავშირებით გადახდილი ავანსები. ამასთან, შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს საგადასახადო შემოწმების დასრულების მდგომარეობით, ავანსის გადახდიდან გონივრულ ვადაში, ფაქტობრივად არ აქვს მიღებული შესაბამისი საქონელი (ხე-ტყე). ასევე, არ დასტურდება ავანსის მიმღები პირის მხრიდან ავანსის თანხის/თანხის ნაწილის უკან დაბრუნების ფაქტი.

აქედან გამომდინარე, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „დებიტორული დავალიანების შესახებ“ დანართი №11-ის მიხედვით, საწარმოს მიერ მომწოდებლისთვის გადახდილი ავანსი შემოწმებით დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც არ ეთანხმება არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადარიცხული ავანსის თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და აცხადებს, რომ შეძენილი საქონლის შესაბამისი პირობებით შენახვისთვის აშენებდა საწყობს, რის გამოც წერილით მიმართა მომწოდებელს რათა დროებით, მშენებლობის დასრულებამდე, შეეჩერებინა საქონლის მოწოდება. მიუთითებს, რომ ამ დროისთვის უკვე მიიღო ორი ვაგონი, რომლის ღირებულებაც 142 500 ლარს შეადგენს, შემდეგი ვაგონების მიღება კი იგეგმება 2025 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში, რომლითაც ავანსი მთლიანად დაიფარება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით თუ დადასტურდება გადასახადის გადამხდელლის მიერ გადახდილ ავანსებზე საქონლის ნაწილის მიღების ფაქტი, დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით თუ დადასტურდება გადამხდელლის მიერ გადახდილ ავანსებზე საქონლის ნაწილის მიღების ფაქტი, დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადარიცხული ავანსის თანხის შემოწმების მიერ საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობის სახეა ვაჭრობა ხე-ტყის მასალით, ასევე ხის ნაკეთობების წარმოება და რეალიზაცია. საწარმოს 2023 და 2024 წლებში უფიქსირდება არარეზიდენტი კომპანიისგან საქონლის (ხე-ტყის) მიღებასთან დაკავშირებით გადახდილი ავანსები. ამასთან, შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს საგადასახადო შემოწმების დასრულების მდგომარეობით, ავანსის გადახდიდან გონივრულ ვადაში, ფაქტობრივად არ აქვს მიღებული შესაბამისი საქონელი (ხე-ტყე). ასევე, არ დასტურდება ავანსის მიმღები პირის მხრიდან ავანსის თანხის/თანხის ნაწილის უკან დაბრუნების ფაქტი.

აქედან გამომდინარე, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „დებიტორული დავალიანების შესახებ“ დანართი №11-ის მიხედვით, საწარმოს მიერ მომწოდებლისთვის გადახდილი ავანსი შემოწმებით დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით თუ დადასტურდება გადასახადის გადამხდელლის მიერ გადახდილ ავანსებზე საქონლის ნაწილის მიღების ფაქტი, დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 101 (1); 154 (1); 12 (1).