გადაწყვეტილება №21731/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21731/2/2023
19 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------ის 27.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21731/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №056-60 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.12.2023 წლის №30749 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 225 864,97 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 123 406
დღგ - 56 110
საშემოსავლო გადასახადი - 67 296
ჯარიმა - 55 946
საურავი - 46 512,97
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა სამშენებლო მასალების, საღებავების, რკინა-კავეულის და მისთანების საცალო რეალიზაცია. მომჩივანი აღნიშნულ საქმიანობას ეწევა ქალაქ მარნეულში იჯარით აღებულ ფართში.
აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 2019 წელს 8,1%-ს, 2020 წელს - 6,8%-ს, ხოლო 2021 წელს - 7,5%-ს. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დასაბეგრი ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ: გადასახადის გადამხდელთან 19.05.2022 წელს და 13.10.2022 წელს ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა, რომლის მიხედვითაც საქონლის გარკვეულ ჯგუფებზე გამოითვალა ფასნამატები და 2021-2022 წლების შესამოწმებელ პერიოდებში გავრცელდა ამ ჯგუფში არსებულ საცალოდ რეალიზებულ საქონელზე. ხოლო ისეთ საქონელზე, რომლის კატეგორიაზეც ფასნამატი არ იქნა დაფიქსირებული, გავრცელდა სასაქონლო ჯგუფებზე მიღებული საშუალო შეწონილი ფასნამატი - 6%.
რაც შეეხება 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდს, გადასახადის გადამხდელს შემოწმებით გაუვრცელდა აუდირებული ფასნამატი 16.46%. გადასახადის გადამხდელს 2019, 2020 და 2021 წლებში გაეზარდა ერთობლივი შემოსავალი. აგრეთვე, შესამოწმებელ პერიოდში გაეზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები, რაც გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის მიერ კრედიტისთვის გადახდილის პროცენტის არასწორად დეკლარირებით. საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80 და 159-ე მუხლების გათვალისწინებით და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს 2019, 2020 და 2021 წლებში გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ, ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №056-60 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12368 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 6.10.2023 წლის №20034/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12368 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 6.10.2023 წლის №20034/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 8.12.2023 წლის №30749 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
შემოსავლების სამსახურის 8.12.2023 წლის №30749 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
2019-2020 წლებზე აუდირებული ფასნამატის გავრცელებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის წილი მთლიანი რეალიზაციის 4%-საც კი არ შეადგენდა, რაც ძალიან ცოტაა და მთლიან რეალიზაციაზე გავლენას ვერ მოახდენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ არაგონივრულად მიიჩნია დოკუმენტური ფასნამატის მთლიან რეალიზაციაზე გავრცელება.
რაც შეეხება ამავე პერიოდებზე გამოყენებული ფასნამატის ოდენობას, შემოწმებისას გამოყენებულ იქნა იმ პირის აუდირებული ფასნამატი, რომელიც ი/მ ---------ის მსგავს საქმიანობას ეწევა იმავე ქალაქში, იმავე ქუჩაზე. ეს ორი პირი, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული აუდირებული პირებისგან განსხვავებით, მსგავს პირობებში იყვნენ.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ მართლზომიერია 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდებზე შემოწმებით გამოყენებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის ფასნამატის გავრცელება, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
წებოცემენტისა და ფილების სასაქონლო ჯგუფებზე მიღებული ფასნამატის ოდენობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად: 13.10.2022 წელს (№781025 ოქმი) ჩატარებული საკონტროლო შესყიდვისას შესყიდულია - წებოცემენტი ლფ100 25კგ/1 ცალი/10,5 ლარი, წებოცემენტი პირველი 25კგ/1 ცალი/8,5 ლარი.
სასაქონლო ზედნადებებით (№-----) შესყიდვის საფუძველზე, წებოცემენტი ლფ100 25 კგ-ის შესყიდვის ფასმა შეადგინა 9 ლარი, ხოლო (№---) წებოცემენტი პირველი 25 კგ-ის შესყიდვის ფასმა შეადგინა 8,5 ლარი. არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, წებოცემენტის ჯგუფზე არსებულმა საშუალო ფასნამატმა შეადგინა 8%, ნაცვლად შემოწმების მიერ გამოყენებული 16%-ისა.
13.10.2022 წელს (№781033 ოქმი) ჩატარებული საკონტროლო შესყიდვისას შესყიდულია - კერამიკული ფილა 60×60/1კვ. მ/13 ლარი, კერამიკული ფილა 50×50/1 კვ. მ/10,5 ლარი. სასაქონლო ზედნადებებით (№----) შესყიდვის საფუძველზე კერამიკული ფილა 50×50-ის შესყიდვის ფასმა შეადგინა 10 ლარი, ხოლო (№----) 60*60 (--A3) კერამიკული ფილის შესყიდვის ფასმა შეადგინა 12,5 ლარი.
ასევე, 19.05.2022 წელს (№759296 ოქმი) ჩატარებული საკონტროლო შესყიდვისას, შესყიდულია - კერამიკული ფილა 50*50/1 მ³/13 ლარი. სასაქონლო ზედნადებებით (№----) შესყიდვის საფუძველზე კერამიკული ფილა 50*50 (----ის) შესყიდვის ფასმა შეადგინა 12 ლარი. საერთო ჯამში, აღნიშნული პოზიციების საშუალო ფასნამატმა შეადგინა 5,8%. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაკორექტირებელია შემოწმების მიერ საკონტროლო შესყიდვის შედეგად მიღებული ფასნამატი.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წებოცემენტისა და ფილების ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებელი შემოწმების აქტში აღნიშნავს, რომ შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებისას 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდზე, გადასახადის გადამხდელს გაუვრცელდა აუდირებული ფასნამატი 16,42%. შემოწმების აქტში არ არის ახსნილი, თუ რატომ მოხდა შემოსავლების გაანგარიშება აღნიშნული მეთოდით, მაშინ როცა შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილ იქნა შესამოწმებელ პერიოდზე დოკუმენტური რეალიზებული საქონლის ფასნამატების გაანგარიშება (პოზიციების და წლების მიხედვით). აღნიშნული ფასნამატის გაანგარიშება შემმოწმებელს სრულ შესაძლებლობას აძლევდა თვალნათლივ დაენახა სასაქონლო ჯგუფების უმრავლესობის ფასნამატი და გამოეყენებინა იგი არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების დათვლისთვის. 2019 წელში გაშიფრულ იქნა სასაქონლო ზედნადებებით რეალიზაციის 95 შემთხვევა, საერთო თანხით 18 441 ლარი (ფასნამატი 4,1%), ხოლო 2020 წელში გაშიფრულია 182 შემთხვევა, საერთო თანხით 43 713 ლარი (ფასნამატი 4%). რაც შეეხება 2021 წელს, გაშიფრულია 306 შემთხვევა, საერთო თანხით 107 446 ლარი (ფასნამატი 4,1%). აღნიშნული ფასნამატები, განსხვავებით შემმოწმებლის მიერ აღებული მესამე პირის ფასნამატისა, თითქმის იდენტურია შემოწმების მიმდინარეობისას ჩატარებულ საკონტროლო შესყიდვების ფასნამატთან (ჩატარებულია 3 საკონტროლო შესყიდვა, რამდენიმე ათეულ საქონელზე). საკონტროლო შესყიდვების საშუალო ფასნამატმა შეადგინა 6%, შესაბამისად, გაურკვეველია თუ რატომ არ დაეყრდნო შემმოწმებელი მიწოდებულ გაანგარიშებას (დანართი №3). მიუხედავად წარდგენილი ინფორმაციისა და ჩატარებული საკონტროლო შესყიდვებისა, შემოწმებამ არ იხელმძღვანელა რეალიზაციის დოკუმენტური ფასნამატით ან საკონტროლო შესყიდვების შედეგად დადგენილი ფასნამატით და გადამხდელის შემოსავლების დადგენისთვის გამოიყენა მესამე პირის ფასნამატი. გაურკვეველია რა პრინციპით მოხდა აღნიშნული ფასნამატის მოძიება, ვინაიდან ცნობილია მარნეულის რაიონში ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირების არაერთი ჩატარებული შემოწმების შედეგი (შედგენილია შემოწმების აქტები, ან გაუქმებულია შემოწმების ბრძანება), სადაც შემოწმების მიერ დადგენილმა ფასნამატმა შეადგინა უფრო ნაკლები, ვიდრე მომჩივნის მიერ არის დეკლარირებული შესამოწმებელ პერიოდში. აღნიშნული პირებია - ი/მ ----- (პ/ნ -----), ი/მ ---- (პ/ნ ---), ი/მ -- (პ/ნ ---). აღნიშნული პირების აუდირებული ფასნამატი დაახლოებით თანხვედრაშია მომჩივანთან ჩატარებულ საკონტროლო შესყიდვების ფასნამატთან. აღნიშნული შემოწმებული პირების შესახებ ეცნობა შემმოწმებელს საგადასახადო აუდიტის პროცესში, თუმცა, მიუხედავად ამისა, შემოწმებამ არც აღნიშნული არგუმენტები გაითვალისწინა და მესამე პირის ფასნამატად აღებულ იქნა უცნობი პირის ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 16,4%. შემმოწმებელს, მესამე პირის ფასნამატად უნდა აეღო იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი პირის ფასნამატი. მომჩივანთან ჩატარებული საკონტროლო შესყიდვებით ფასნამატი შეადგენდა საშუალოდ 6%-ს და აღნიშნული ფასნამატი გავრცელდა შემოწმების მიერ 2021-2022 წლების პერიოდებზე. შესამოწმებელ პერიოდში (2019 წლიდან 2022 წლის ოქტომბრის ჩათვლით) კომპანიის პროფილი და საქმიანობის სტრუქტურა არ შეცვლილა. შესაბამისად, 2021-2022 წლების ფასნამატი არ განსხვავდება 2019-2020 წლების ფასნამატისგან, ამიტომ შემოწმების მიერ არ უნდა გავრცელებულიყო მესამე პირის ფასნამატი, რომელიც ასე არსებითად განსხვავდება საკონტროლო შესყიდვით მიღებული ფასნამატისგან.
შემოწმების მიერ 2019-2020 წლების პერიოდზე გამოყენებული უნდა იქნას დოკუმენტებით რეალიზებული საქონლის ფასნამატი, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში შემოწმების მიმდინარეობისას მომჩივანთან ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების საშუალო ფასნამატი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე,მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული ფასნამატი 2019-2020 წლებზე განსაზღვრულია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატით, ხოლო 2021-2022 წლებზე განსაზღვრულია საკონტროლო შესყიდვით დადგენილი ფასნამატით (მათ შორის სასაქონლო ჯგუფებზე მიღებული საშუალო შეწონილი ფასნამატი). გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან რეალიზაციაში 4%-ზე ნაკლებია.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის 8.12.2023 წლის №30749 ბრძანებით, 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდებზე შემოწმების მიმდინარეობისას ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების ფასნამატის გავრცელების საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 8.12.2023 წლის №30749 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №056-60 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12368 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 6.10.2023 წლის №20034/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12368 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 6.10.2023 წლის №20034/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 8.12.2023 წლის №30749 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა. შემოსავლების სამსახურის 8.12.2023 წლის №30749 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის 8.12.2023 წლის №30749 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5)