ბრძანება N 14728
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 14728
27.06.2023
შპს „-- -- --“-ს (ს/ნ --------------)
(ფაქტ. მის.: ----------------------;
იურ. მის.:------------------------)
2023 წლის 10 მარტის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 ივნისის სხდომაზე (ოქმი №65) განიხილა შპს „-- -- --“-ს (ს/ნ --------------) №79604/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №006-46 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მცირე მეწარმე სპეციალური აპარატით უწევს მომსახურებას როგორც აღნიშნულ საწარმოს, ისე სხვა კომპანიებსაც. გადამხდელი საჩივარს თან ურთავს საწარმოსა და მითითებულ მცირე მეწარმეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს, მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოს აქტებს მომსახურების გაწევის თაობაზე. აღნიშნავს, რომ დოკუმენტები წარდგენილი ჰქონდა შემოწმებისთვისაც. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნულ ნაწილში საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 2 ნოემბრის №34422 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-- -- --“-ს (ს/ნ --------------) 2021 წლის 1 სექტემბრის, 1 და 21 ოქტომბრის საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
„1. შპს „-- -- --“-ს (ს/ნ --------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს ფიზიკური პირის მიერ გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი საკომპენსაციო თანხის ხელფასად განხილვის და გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 2 ნოემბრის №34422 ბრძანების აღსრულების მიზნით 2023 წლის 3 თებერვალს აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 9 თებერვლის №006-46 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირებისგან შეძენილი აქვს სატრანსპორტო და საგზაო-სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული მომსახურება, რომლის ღირებულება ჯამში შეადგენს 151 124 ლარს. შემოწმებით დგინდება, რომ ფიზიკური პირების ერთ ნაწილს მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებამდე და მას შემდეგაც, დეკლარირებული შემოსავალი (მათ შორის, ხელფასის სახით) მიღებული აქვს საწარმოსთვის გაწეული მომსახურებიდან, რაც ირკვევა კიდეც კომპანიის მიერ დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციით და ასევე, მეწარმე ფიზიკური პირების ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებებით, ხოლო, მეორე ნაწილს დამატებით უფიქსირდება სხვა შემოსავალიც. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტისა და 101-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული პირების მიერ შესრულებულ მომსახურებაზე გადახდილი თანხები განხილულ იქნა ხელფასად. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 2 ნოემბრის №34442 გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების და შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილ შრომით ურთიერთობის განმსაზღვრელი კითხვარის შესწავლით, რომელიც წარმოადგენს შემოსავლების სამსახურისთვის სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების საფუძველს, ფიზიკური პირის მიერ გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი საკომპენსაციო თანხა დაკვალიფიცირდა ხელფასად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს.
ამავე კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ასევე, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე პირი საკუთარი სპეციალური აპარატით გადამხდელს უწევს მომსახურებას. საჩივარს თან ურთავს მითითებულ ფ/პ ------- --------ან (პ/ნ --------------) გაფორმებულ ხელშეკრულებებს, მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოს აქტებს მომსახურების გაწევის თაობაზე.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების, გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფ/პ ------- --------ას (პ/ნ --------------) მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხის ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-- -- --“-ს (ს/ნ --------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფ/პ ------- -------ას (პ/ნ --------------) მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხის ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. ,ითხოვს აღნიშნულ ნაწილში საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირებისგან შეძენილი აქვს სატრანსპორტო და საგზაო-სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული მომსახურება. შემოწმებით დგინდება, რომ ფიზიკური პირების ერთ ნაწილს მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებამდე და მას შემდეგაც, დეკლარირებული შემოსავალი (მათ შორის, ხელფასის სახით) მიღებული აქვს საწარმოსთვის გაწეული მომსახურებიდან, რაც ირკვევა კიდეც კომპანიის მიერ დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციით , ხოლო, მეორე ნაწილს დამატებით უფიქსირდება სხვა შემოსავალიც. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტისა და 101-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული პირების მიერ შესრულებულ მომსახურებაზე გადახდილი თანხები განხილულ იქნა ხელფასად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების, გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხის ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4); 73(4, 9 „ბ“); 81(1) 88; 89(1); 90(1,2); 101(1); 102(1 „ა“); 154(1„ა“, „დ“); 302(6);