ბრძანება N 6174
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
01 აპრილი 2025
N 6174
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2025 წლის 5 მარტის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 მარტის სხდომაზე (ოქმი №21) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2025 წლის 5 მარტის №94458/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 დეკემბრის №007-313 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფასნამატს. განმარტავს, რომ კომპანიის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე საქონლის გადაწერა ძირითად შემთხვევაში ხდებოდა 5-8%-იანი ფასნამატით, თუმცა ერთი კონკრეტული საქონლის ღირებულება 300%-ით აღემატებოდა დანარჩენი საქონლის ჯამურ ღირებულებას, აღნიშნულმა კი გამოიწვია საშუალო ფასნამატის გაზრდა 20%-მდე. მომჩივანი ითხოვს ურთიერთდამოკიდებულ პირებზე დოკუმენტურად გადაწერილ საქონელზე განსაზღვრული 20%-იანი ფასნამატის შემცირებას 5-8%-მდე. ამასთან, საჩივრის ზეპირ განხილვაზე გადასახადის გადამხდელმა მოითხოვა ფასნამატის განსაზღვრა უახლოესი შესყიდვის მიხედვით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივლისის №16029 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 26 დეკემბრის №27353 ბრძანება და ამავე თარიღის №007-313 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 355 780 ლარი, მათ შორის, გადასახადი 178 786 ლარი, ჯარიმა 87 602 ლარი, საურავი 89 391 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული იქნა ბუღალტრული აღრიცხვის მასალები ექსელის ფორმატში, რომელიც არასრულყოფილია, კერძოდ არ არის წარმოდგენილი აღრიცხვის მასალები, რომლის საფუძველზეც განისაზღვრებოდა თითოეული საქონლის ჩამოწერა, ბუღალტერული აღრიცხვა არ არის წარმოებული აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად და არ არის დაცული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები. შესაბამისად, შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის შემოსავლების განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი და განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით ანალიზი. რადგან გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის გამოწერილი არსებითი რაოდენობის საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრებოდა პირის ფასნამატი, შემოწმებისას გამოყენებული იქნა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი და გავრცელებული იქნა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილ პროდუქციაზე. მიღებული შემოსავლები განაწილდა დეკლარირების პროპორციულად შესაბამის პერიოდებში და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად, აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ახსნა-განმარტების, ცნობების, საბანკო ამონაწერის შესწავლის და შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის ანალიზის, აგრეთვე არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლა, რომლის შედეგად დადგენილი განკარგვადი თანხების ნაშთები განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დარიცხული თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასაახდო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებულ იქნა არასრულყოფილი ბუღალტრული აღრიცხვის მასალები, ბუღალტრული აღრიცხვა არ იყო წარმოებული აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად და არ იყო დაცული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები, შესაბამისად, შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის შემოსავლების განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი.
ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყო გამოწერილი არსებითი რაოდენობის საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრებოდა პირის ფასნამატი, შემოწმებისას გამოყენებული იქნა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი და გავრცელებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილ პროდუქციაზე. მიღებული შემოსავლები განაწილდა დეკლარირების პროპორციულად შესაბამის პერიოდებში და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილი შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებზე, რომლის მიხედვით, ის არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფასნამატს და განმარტავს, რომ კომპანიის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე საქონლის გადაწერა ძირითად შემთხვევაში ხდებოდა 5-8%-იანი ფასნამატით, თუმცა ერთი კონკრეტული საქონლის ღირებულება 300%-ით აღემატებოდა დანარჩენი საქონლის ჯამურ ღირებულებას, აღნიშნულმა კი გამოიწვია საშუალო ფასნამატის გაზრდა 20%-მდე. შესაბამისად ითხოვს ურთიერთდამოკიდებულ პირებზე დოკუმენტურად გადაწერილ საქონელზე განსაზღვრული 20%-იანი ფასნამატის შემცირებას 5- 8%-მდე.
ამასთან, საჩივრის ზეპირ განხილვაზე გადასახადის გადამხდელმა მოითხოვა ფასნამატის განსაზღვრა უახლოესი შესყიდვის მიხედვით. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. გაშიფრული ინფორმაცია უახლოესი შეძენა/რეალიზაციის მითითებით. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ფასნამატის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. გაშიფრული ინფორმაცია უახლოესი შეძენა/რეალიზაციის მითითებით;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფასნამატს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მონაცემებით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყო გამოწერილი არსებითი რაოდენობის საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრებოდა პირის ფასნამატი, შემოწმებისას გამოყენებული იქნა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი და გავრცელებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილ პროდუქციაზე. მიღებული შემოსავლები განაწილდა დეკლარირების პროპორციულად შესაბამის პერიოდებში და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილი შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 12; 101; 154.