ბრძანება N 5365
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5365
20.03.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ---------- ;
იურ. მის.: ---------- )
2023 წლის 21 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 21 იანვრის №78287/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №006-602 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება ლიკვიდაციის თარიღამდე ---------- ში რეგისტრირებული კომპანიის ანგარიშსზე არსებული ზედმეტად გადარიცხული თანხის სესხად განხილვას. განმარტავს, რომ კომპანიის კუთვნილი უძრავი ქონება შეძენილ იქნა ---------- საელჩოს მიერ. მხარეებს შორის შეთანხების საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ქონების ღირებულება ჩარიცხულიყო ---------- საბანკო ანგარიშსზე. აცხდებს, რომ გაფორმებულია მინდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით ---------- ში რეგისტრირებული კომპანიის კუთვნილ ანგარიშსზე განთავსებული ფულადი სახსრები არ შეიძლება ჩაითვალოს სესხის გაცემად, რადგან აღნიშნული თანხები გამოიყენება მხოლოდ კომპანიის მიზნებისთვის და კომპანია თავად ახორციელებს ეფექტურ კონტროლს აღნიშნულ თანხებზე. კერძოდ, კომპანიას მოთხოვნისთანავე უნდა მიეცეს წვდომა საბანკო ანაგრიშსზე, უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ნასყიდობის ფასის გადმორიცხვა, მინდობის ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში ---------- ში რეგისტრირებული კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაურიცხოს კომპანიას ანგარიშსზე არსებული ნასყიდობის ფასის დარჩენილი თანხა. ასევე აღნიშნავს, რომ კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით საბანკო ანგარიშსზე განთავსებული თანხები არ არის კვალიფიცირებული სესხად ან მოთხოვნად.
2. გადამხდელი არ ეთანხმება ლიკვიდაციის მომენტისთვის ---------- ში რეგისტრირებული კომპანიის ანგარიშსზე ზედმეტად გადარიცხული თანხის დივიდენდად განხილვას. მიუთითებს, რომ 2022 წლის 7 ოქტომბრის მდგომარეობით ადგილი არ ჰქონია მოგების განაწილებას. აღნიშნავს, რომ არ არსებობს საკანონმდებლო ნორმა, რომელიც ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობისას ითვალისწინებს კომპანიის კუთვნილი აქტივების განაწილებას საგადასახადო ორგანოს მიერ. მიუთითებს ხარჯებზე, რომლის დაფარვაც უნდა განხორციელდეს კომპანიის აქტივებიდან. ასევე მიუთითებს 2022 წლის 28 ოქტომბრის წერილზე, რითაც გადამხდელმა მოითხოვა შემოწმების პერიოდის გახანგრძლივება, ვინაიდან აღნიშნული პერიოდისთვის კომპანიას გასანაწილებელი ჰქონდა დივიდენდი, გასაცემი ხელფასები და იჯარის თანხები. აცხადებს, რომ 2022 წლის ნოემბრის თვეში გაანაწილა დივიდენდი. გადამხდელი აგრეთვე არ ეთანხმება გადასახადების გაანგარიშების მიზნით გამოყენებულ ე.წ. აგროსვის მეთოდს. განმარტავს, რომ თუ შემმოწმებელი მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხის დივიდენდად განაწილებას უნდა ჩაითვალოს, რომ აღნიშნული თანხა მოიცავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით დადგენილ ყველა შესაბამის გადასახადს.
3. ქონების გადასახადის დარიცხვის ნაწილში გადამხდელი განმარტავს, რომ წარადგინა 2019-2021 წლების ქონების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციები (გაზრდილი ბაზით) მას შემდეგ, რაც მიიღო დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ. აცხადებს, რომ კომპანია გეგმავდა 2018 წლის ქონების გადასახადის დეკლარირებასაც, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გამო შეუძლებელი გახდა დეკლარაციის დაზუსტება. ასევე აცხადებს, რომ შემმოწმებლის მიერ 2019-2021 წლების ქონების გადასახადის დასაბეგრი ბაზის გაანგარიშებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება გაანგარიშებულია მხოლოდ კალენდრული წლის ბოლოსთვის უძრავი ქონების ღირებულების მიხედვით. აგრეთვე გადამხდელი მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე, შეცდომა/არცოდნაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
4. გადამხდელი ითხოვს უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის ჩათვლას. განმარტავს, რომ ვინაიდან არარეზიდენტისგან შეძენილი მომსახურება კომპანიის მიერ გამოიყენებოდა დასაბეგრი ან/და დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ოპერაციების განსახორციელებლად კომპანია უფლებამოსილი იყო მიეღო ჩათვლა შემოწმების საფუძველზე უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის ოდენობით უკუდაბეგვრის წესით დღგ-ის დარიცხვის შემდგომ პერიოდში. მიუთითებს, რომ ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია არ ითვალისწინებს შემოწმების შედეგად დარიცხული უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხის ჩათვლის მექანიზმს. აცხადებს, რომ უკუდაბეგვრის დღგ-ის დარიცხვა განხორციელდა შემოწმების მიერ, ხოლო დღგ-ის დეკლარაციის შეზღუდული ფუნქციონალის და ჩათვლის მექანიზმის არარსებობის გამო გადამხდელი კარგავს უფლებას მიიღოს დღგ-ის თანხის ჩათვლა.
ფაქტების აღწერა:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ოქტომბრის №25883 ბრძანების საფუძველზე შპს „----------“ (ს/ნ ----------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება - ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 20 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 23 დეკემბრის №32562 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-602 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 3 121 826 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 1 878 161 ლარი, ჯარიმა 944 056 ლარი და საურავი 299 609 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. შპს „----------“ 1997 წელს შეიძინა შენობა ქ. ---------- ში, სადაც ევროსტანდარტების შესაბამისად მოახდინა მთლიანი შენობის რეკონსტრუქცია. აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად სესხი აიღო ---------- ში რეგისტრირებული კომპანიისგან. შპს „----------“ ძირითადი საქმიანობა იყო შენობის იჯარით გაცემა. 2021 წლის სექტემბერში ---------- ის საელჩომ შეიძინა შპს „----------“-სგან ზემოაღნიშნული შენობა. ნასყიდობის ხელშეკრულება ითვალისწინებდა, რომ შპს „----------“ უნდა შეესრულებინა შენობის რეკონსტრუქცია (გამაგრებითი და სხვადასხვა სამუშაოები) ---------- სპეციალისტების მონიტორინგისა და დასკვნების შესაბამისად. ნასყიდობის ხელშერულების პირობების შესაბამისად რეალიზაციის თანხა ორ ეტაპად გადაირიცხა ---------- ში რეგისტრირებული კომპანიის ანგარიშზე, რითაც მოხდა შპს „----------“ სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის სრულად დაფარვა. ამასთანავე, ყველა ვალდებულების დაფარვის შემდეგ ზედამეტად დარჩა გადახდილი თანხა ---------- ში რეგისტრირებული კომპანიისთვის. აღნიშნული თანხები არ იქნა დაბრუნებული შპს „----------“-თვის ლკვიდაციის პერიოდის ბოლოსთვის. შემოწმებით დამუშავებული იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა, ასევე გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა, ბანკები და სხვა დოკუმეტაცია, რის შედეგეადაც დადგინა, რომ ვინაიდან ---------- ში რეგსტრირებული კომპანიის მიერ არ მომხდარა ზედმეტად ჩარიცხული თახის უკან დაბრუნება ლიკვიდაციის თარიღამდე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის თანხმად ჩაითვალა შპს „----------“ მიერ გაცემულ სესხად, ხოლო ლიკვიდაციის ბოლო თარიღისთვის 2022 წლის 7 ოქტომბრისთვის აღნიშნული თანხის უკან დაბრუნებად (ჩათვლა). პირი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. აგრეთვე შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 და 130-ე მუხლების თანახმად, ზემოაღნიშნული თანხა ლიკვიდაციის მომენტისთვის განაწილდა და დაიბეგრა მოგების გადასახადით და საშემოსალო გადასახადით. პირის ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
3. კომპანიას გააჩნია უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების აუდირებული შეფასება. ასევე 2018 წლის ქონების დაზუსტებული დეკლარაცია წარდგენილი აქვს 2021 წლის ოქტომბრის თვეში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, შემოწმების შედეგად 2018-2020 წლებში ზემოაღნიშნული შეფასების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე და 205- ე მუხლების მიხედვით, განხორციელდა შენობის ქონებით დასაბეგრი ბაზის გაზრდა. შედეგად გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
4. საჩივარში წარმოდგენილ მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არ არის.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის №ბს-854-846 (კ-16) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ შენობის რეკონსტრუქციისათვის აღებულ იქნა სესხი ---------- ში რესგისტრირებული კომპანიისგან. 2021 წლის სექტემბერში ---------- ის საელჩომ შეიძინა შპს „----------“-სგან ზემოაღნიშნული შენობა. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, რეალიზაციის თანხა ორ ეტაპად გადაირიცხა ---------- ში რეგისტრირებული კომპანიის ანგარიშზე, რითაც მოხდა შპს „----------“ სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის სრულად დაფარვა. ამასთანავე, ყველა ვალდებულების დაფარვის შემდეგ ზედმეტად დარჩა გადახდილი თანხა ---------- ში რეგისტრირებული კომპანიისთვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, ---------- ში რეგისტრირებული კომპანიის ანგარიშზე არსებული თანხით ხორციელდებოდა კომპანიის მიმდინარე ხარჯების დაფარვა საქართველოში, ასევე სამშენებლოსარემონტო სამუშაოების წარმოება, რასაც ადასტურებს კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, შემოწმებისთვის წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია და გადამხდელსა და ---------- ში რეგისტრირებულ კომპანიას შორის გაფორმებული მინდობის ხელშეკრულება. კერძოდ, აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ---------- ში რეგისტრირებული კომპანია კისრულობს ვალდებულებას მიღებული ნასყიდობის ფასიდან განახორციელოს სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიების ანგარიშსწორება და შესაბამისი ანგარიშგება კომპანიის წინაშე. ამასთან აღნიშნავს, რომ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩამტარებელი პირების უმრავლესობა ---------- ში რეგისტრირებული პირია, რაც ამარტივებდა გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას.
შემოსავლების სამსახური ასევე ეყრდნობა საქმეში არსებულ მტკიცებულებას, კერძოდ: მინდობის ხელშეკრულებას და იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ---------- ში რეგისტრირებული კომპანიის კუთვნილ ანგარიშსზე განთავსებული ფულადი სახსრები გამოიყენება მხოლოდ კომპანიის მიზნებისთვის და კომპანია თავად ახორციელებს ეფექტურ კონტროლს აღნიშნულ თანხებზე. ასევე, კომპანიას მოთხოვნისთანავე უნდა მიეცეს წვდომა საბანკო ანაგრიშსზე, უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ნასყიდობის ფასის გადმორიცხვა, მინდობის ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში ---------- ში რეგისტრირებული კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაურიცხოს კომპანიას ანგარიშსზე არსებული ნასყიდობის ფასის დარჩენილი თანხა. ამასთან, კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით საბანკო ანგარიშსზე განთავსებული თანხები არ არის კვალიფიცირებული სესხად ან მოთხოვნად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ---------- ში რეგისტრირებული კომპანიის ანგარიშსზე არსებული ზედმეტად გადარიცხული თანხის ლიკვიდაციის თარიღამდე სესხად კვალიფიკაცია არ არის დასაბუთებული და უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებით ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, ---------- ში რეგისტრირებული კომპანიის ანგარიშსზე გადარიცხული იქნა თანხა, რითაც განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ყველა ვალდებულების დაფარვა და ამასთან ზედამეტად დარჩა გადახდილი თანხა ---------- ში რეგისტრირებული კომპანიის ანგარიშსზე. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან ---------- ში რეგისტრირებული კომპანიის მიერ არ მომხდარა ზედმეტად ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება ლიკვიდაციის მომენტისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ ზემოაღნიშნული თანხის დივიდენდად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საჩივარში აღნიშნულ გარემოებაზე, რომ შემოწმებით 2019-2021 წლებზე ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაანგარიშებულია მხოლოდ კალენდარული წლის ბოლოსთვის უძრავი ქონების ღირებულების მიხედვით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს 2019-2021 წლებზე ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშების საკითხი, მისი შესაბამისობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებთან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამასთან, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ 2018 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეულია გადამხდელის მიერ დაშვებული შეცდომით, შესაბამისად, შპს ------ (ს/ნ ------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული ჯარიმისაგან.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს 2015 წლის 1 ივლისამდე მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია უკუდაბეგვრისას ბიუჯეტში დღგ-ის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 66-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად:
1. თანხის ბიუჯეტში გადახდისას, გადამხდელი საგადახდო დავალებაში მიუთითებს – „ უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ”. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული საგადასახადო აგენტის მიერ უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის მიზნით საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოწერის დამადასტურებელი დოკუმენტი ითვლება დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტად და, შესაბამისად ჩასათვლელი თანხა დადგენილი წესით აისახება საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოწერის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს შეტყობინება ითვლება უკუდაბეგვრის წესით დღგ-ის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტად და დღგ-ის გადამხდელს აძლევს დღგ-ის ჩათვლის უფლებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს 2015 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 84-ე ნაწილის თანახმად, 2015 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდებზე ჩათვლის დოკუმენტად განიხილება უკუდაბეგვრისას ან საქონლის დროებითი შემოტანისას ბიუჯეტში დღგ-ის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ უკუდაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხა, რომელიც იმავდროულად ჩათვლის მიღების საფუძველია.
2016 წლის 1 იანვრიდან მოქმედი ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 112-ე მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტების თანახმად:
15. 2015 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდებზე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული საგადასახადო აგენტის მიერ უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის მიზნით საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოწერის დამადასტურებელი დოკუმენტი ითვლება დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტად და, შესაბამისად ჩასათვლელი თანხა დადგენილი წესით აისახება საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოწერის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში.
16. 2015 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდებზე უკუდაბეგვრის სპეცბარათზე დარიცხული დღგ–ის დაფარვის მიზნით, საგადასახადო ორგანოს მიერ, ცალკეული გადასახადების (მათ შორის, დღგ-ის) მიხედვით არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის უკუდაბეგვრით გადასახდელი დღგ-ის გადახდის ანგარიშზე გადატანისას, გადამხდელისათვის გაგზავნილი შეტყობინება ითვლება უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტად და დღგ-ის გადამხდელს აძლევს დღგ-ის ჩათვლის უფლებას (უკუდაბეგვრის სპეცბარათზე თანხის გადატანის საანგარიშო პერიოდის მიხედვით).
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი ითხოვს უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის ჩათვლას. განმარტავს, რომ ვინაიდან არარეზიდენტისგან შეძენილი მომსახურება კომპანიის მიერ გამოიყენებოდა დასაბეგრი ან/და დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ოპერაციების განსახორციელებლად კომპანია უფლებამოსილია მიიღოს ჩათვლა. მიუთითებს, რომ ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია არ ითვალისწინებს შემოწმების შედეგად დარიცხული უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხის ჩათვლის მექანიზმს. აცხადებს, რომ უკუდაბეგვრის დღგ-ის დარიცხვა განხორციელდა შემოწმების მიერ, ხოლო დღგ-ის დეკლარაციის შეზღუდული ფუნქციონალის და ჩათვლის მექანიზმის არარსებობის გამო გადამხდელი კარგავს უფლებას მიიღოს დღგ-ის თანხის ჩათვლა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის აღიარებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა დადგენილი წესის შესაბამისად, წარმოადგინა განცხადება (№----------/21-11) შემოსავლების სამსახურში 2021 წლის 07 ივლისს, ხოლო შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2021 წლის 09 ივლისის წერილით გადასახადის გადამხდელს ეცნობა აღნიშნული თანხების აღიარების თაობაზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, გადასახადის გადამხდელის არგუმენტებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულია უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხა, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, უკუდაბეგვრის დღგ-ის ჩათვლის საკითხი შეისწავლოს ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საჩივარში მითითებული არგუმენტებისა და საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის (2018 წლის 20 დეკემბრის №----------21-15 და 2020 წლის 25 დეკემბრის №----------21-15) წერილების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებით, ---------- ში რეგისტრირებული კომპანიის ანგარიშზე არსებული ზედმეტად გადარიცხული თანხის ლიკვიდაციის თარიღამდე სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს 2019-2021 წლებზე ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშების საკითხი, მისი შესაბამისობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებთან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
ბ) შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს 2018 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის დარიცხული ჯარიმისაგან;
4. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, უკუდაბეგვრის დღგ-ის ჩათვლის საკითხი შეისწავლოს ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საჩივარში მითითებული არგუმენტებისა და საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის (2018 წლის 20 დეკემბრის №----------21-15 და 2020 წლის 25 დეკემბრის №----------21-15) წერილების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება ლიკვიდაციის თარიღამდე უცხოეთში რეგისტრირებული კომპანიის ანგარიშსზე არსებული ზედმეტად გადარიცხული თანხის სესხად განხილვას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება ლიკვიდაციის მომენტისთვის უცხოეთში რეგისტრირებული კომპანიის ანგარიშსზე ზედმეტად გადარიცხული თანხის დივიდენდად განხილვას.
3. გადამხდელი ითხოვ ქონების გადასახადის დარიცხვის ნაწილში სანქციისგან გათავისუფლებას.
4. გადამხდელი ითხოვს უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის ჩათვლას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. უცხოეთში რეგისტრირებული კომპანიის ანგარიშზე არსებული თანხით ხორციელდებოდა კომპანიის მიმდინარე ხარჯების დაფარვა საქართველოში, ასევე სამშენებლოსარემონტო სამუშაოების წარმოება, რასაც ადასტურებს კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, შემოწმებისთვის წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია და გადამხდელსა და უცხოეთში რეგისტრირებულ კომპანიას შორის გაფორმებული მინდობის ხელშეკრულება. კერძოდ, აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, უცხოეთში რეგისტრირებული კომპანია კისრულობს ვალდებულებას მიღებული ნასყიდობის ფასიდან განახორციელოს სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიების ანგარიშსწორება და შესაბამისი ანგარიშგება კომპანიის წინაშე. ამასთან აღნიშნავს, რომ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩამტარებელი პირების უმრავლესობა უცხოეთში რეგისტრირებული პირია, რაც ამარტივებდა გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას.
2. ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, უცხოეთში რეგისტრირებული კომპანიის ანგარიშსზე გადარიცხული იქნა თანხა, რითაც განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ყველა ვალდებულების დაფარვა და ამასთან ზედამეტად დარჩა გადახდილი თანხა უცხოეთში რეგისტრირებული კომპანიის ანგარიშსზე. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან უცხოეთში რეგისტრირებული კომპანიის მიერ არ მომხდარა ზედმეტად ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება ლიკვიდაციის მომენტისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ ზემოაღნიშნული თანხის დივიდენდად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა მართლზომიერია.
3. 2019-2021 წლებზე ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაანგარიშებულია მხოლოდ კალენდარული წლის ბოლოსთვის უძრავი ქონების ღირებულების მიხედვით.
4. საგადასახადო ორგანოს მიერ უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის აღიარებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა დადგენილი წესის შესაბამისად, წარმოადგინა განცხადება შემოსავლების სამსახურში 2021 წლის 07 ივლისს, ხოლო შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2021 წლის 09 ივლისის წერილით გადასახადის გადამხდელს ეცნობა აღნიშნული თანხების აღიარების თაობაზე.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უცხოეთში რეგისტრირებული კომპანიის ანგარიშსზე არსებული ზედმეტად გადარიცხული თანხის ლიკვიდაციის თარიღამდე სესხად კვალიფიკაცია არ არის დასაბუთებული და უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებით ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას. მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. მესამე სადავო საკითხთან მიმართვებით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს 2019-2021 წლებზე ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშების საკითხი, მისი შესაბამისობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებთან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული ჯარიმისაგან. მეოთხე სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულია უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხა, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, უკუდაბეგვრის დღგ-ის ჩათვლის საკითხი შეისწავლოს ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საჩივარში მითითებული არგუმენტებისა და საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის წერილების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 97(1 „ა“); 981(1); 982(3 „ზ“); 101(1); 130(1); 154(1 „ა“ „ზ“); 202(1); 205(2); 272; 275;