გადაწყვეტილება №26181/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26181/2/2025
14 იანვარი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,12.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------" -ის 17.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26181/2/2025).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მაისის №125-9 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 ოქტომბრის №23771 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 36 380,34 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 22 531
დღგ - 22 313
ქონების გადასახადი - 218
ჯარიმა - 9 768
საურავი - 4 081,34
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ბენზინითა და დიზელის მოტორული საწვავით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2022 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველი ნოემბრის ჩათვლით პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 28 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
კომპანიას არ ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და შესაბამისად, შეუძლებელი იყო რეალური საგადასახადო ვალდებულებების დადგენა, ვინაიდან საქონლის მოძრაობის აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამა „ორისში“ ხდებოდა ჯამურად, თვის ჭრილში. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული ბრუნვის 11%- ს შეადგენდა, ხოლო დეკლარირებული ფასნამატი (-2%)-ს. 2022 წელს, შემოწმებით დადგენილ და გადამხდელის დეკლარირებულ მონაცემებს შორის არსებითი სხვაობა არ გამოვლენილა, ხოლო 2023 და 2024 წლებში სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილ საქონელს მიენიჭა კატეგორიები (სულ 2 კატეგორია).
გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის, 2022 წელს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი განისაზღვრა 103 396 ლარის ოდენობით, 2023 წელს საწყისი ნაშთი შეადგენდა 82 412 ლარს, ხოლო საბოლოო ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის განისაზღვრა 102 592 ლარის ოდენობით. შემოწმების ფარგლებში, 2023 და 2024 წლებში დათვლილი იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება ცალკეულ კატეგორიებზე, ვინაიდან დოკუმენტური ფასნამატის იდენტიფიცირება ვერ განხორციელდა, აღნიშნულ რპთ-ზე გავრცელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე კონტროლის ღონისძიების, კერძოდ საკონტროლო შესყიდვის ფასნამატი. საბოლოოდ, დადგინდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მაისის №8800 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №125-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის №13453 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 24.07.2025 წლის 25461/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა დაბრუნებული საჩივარი, 2025 წლის 28 ოქტომბრის №23771 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საკითხი №1: არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება ფაქტობრივი გარემოებები:
1.1. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა ადგილობრივ ბაზარზე საწვავის შეძენა - რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო საწვავის რეალიზაციას ახდენდა ქ. "-------"-ში მდებარე ავტოგასამართი სადგურზე;
1.2. საგადასახადო შემოწმების პროცესში საწარმომ საგადასახადო ორგანოს წარუდგინა სააღრიცხვო რეესტრები (საბუღალტრო პროგრამის ასლი, ნავთობპროდუქტების აღრიცხვის ჟურნალი და სხვ.) და პირველადი დოკუმენტების ის ნაწილი, რომლებიც მოითხოვა შემმოწმებელმა;
1.3. საგადასახადო ორგანო არ დაეყრდნო საწარმოს მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილ ინფორმაციას და დოკუმენტებს და შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოახდინა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, საგ. კოდ.§73.5. საფუძველზე;
1.4. საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების დადგენის მიზნით საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას (საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით) საფუძვლად დაედო საგადასახადო ორგანოს შეფასება, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დაცვით, კერძოდ: კომპანია საქონლის მოძრაობას ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხავს ჯამურად თვის ჭრილში, რაც შეუძლებელს ხდის საგადასახადო ვალდებულების სისწორის შემოწმებას.
1.5. საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული/მისაღები ერთობლივი შემოსავალი საგადასახადო ორგანომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა შემდეგი წესით:
ა) საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საწვავის მთლიან ოდენობაზე (მ.შ. დოკუმენტურ რეალიზაციებზე) გავრცელდა საკონტროლო შესყიდვით დადგენილი ფასნამატი;
ბ) აღნიშნული ფასნამატი გავრცელდა ასევე საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ დოკუმენტურ ბრუნვებზე.
გ) საგადასახადო ორგანოს მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული საწარმოს მიერ დოკუმენტურ რეალიზაციებში დაფიქსირებული ფასნამატის ოდენობები.
იურიდიული დასაბუთება:
საწარმო მიიჩნევს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის საგადასახადო ვალდებულების დადგენის მიზნით საგადასახადო ორგანოს მიერ საგ. კოდ.§73.5.-ის გამოყენება იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემდეგი გარემოების გამო:
1.6. საგ. კოდ. §73.5. ადგენს წინაპირობებს, რა შემთხვევაში შეუძლია გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რომელთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს შემთხვევა, როცა „პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა“;
1.7. მოცემულ შემთხვევაში საწარმო საქონლის რაოდენობრივი მოძრაობის ყოველდღიურ აღრიცხვას აწარმოებდა ნავთობ-პროდუქტების აღრიცხვის ჟურნალში, ხოლო საქონლის რაოდენობრივი მოძრაობა ჯამურად (თვის ჭრილში) ისახებოდა საბუღალტრო პროგრამაში, რომელიც შესაბამისობაში იყო ნავთობპროდუქტების აღრიცხვის ჟურნალში გაკეთებულ ჩანაწერებთან.
1.8. საწარმოს ამონაგები (შემოსავლები) საბუღალტრო პროგრამაში აღირიცხებოდა ყოველდღიურ ჭრილში და მონაცემები სრულ შესაბამისობაშია ერთის მხრივ საკონტროლო სალარო აპარატების ფისკალურ მაჩვენებლებთან, ხოლო მეორეს მხრივ შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილ სარეალიზაციო დოკუმენტების (ნსაფ-ების) მონაცემებთან.
1.9. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ საწარმო შესამოწმებელ პერიოდში საკონტროლო- სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე (ისევე როგორც სხვა რაიმე სახის სამართალდარღვევაზე) დაჯარიმებული არ არის.
1.10. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემმოწმებელს ერთის მხრივ გააჩნდა ამონაგების თანხების ყოველდღიურ ჭრილში, ხოლო მეორეს მხრივ ნავთობ-პროდუქტების აღრიცხვის ჟურნალში გააჩნდა საქონლის რაოდენობრივი ჩამოწერების შესახებ ინფორმაცია ყოველდღიურ ჭრილში, ხოლო საბუღალტრო პროგრამაში საქონლის რაოდენობრივი და თანხობრივი ჩამოწერების შესახებ ინფორმაცია ყოველთვიურ ჭრილში.
1.11. შესაბამისად, იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის პროცესში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება.
საკითხი №2: არაპირდაპირი მეთოდის ფარგლებში გაანგარიშებული ფასნამატის გავრცელება დოკუმენტურ რეალიზაციაზე
1.12. საგადასახადო ორგანომ არაპირდაპირი მეთოდის ფარგლებში გაანგარიშებული ფასნამატი გაავრცელა არამარტო საცალო (არა დოკუმენტურ რეალიზაციაზე), საწარმოს მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ დოკუმენტურ რეალიზაციაზეც.
საწარმო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემდეგი გარემოების გამო:
1.13. დოკუმენტური რეალიზაციის შემთხვევაში სახეზეა ობიექტური ხასიათის მტკიცებულება ნსაფ-ი, რომელშიც მოცემული ინფორმაციის (საქონლის ღირებულების, რაოდენობის, სახეობის და სხვ.) სისწორეს ადასტურებს მესამე (ობიექტური) მხარე - საქონლის მყიდველი.
1.14. შესაბამისად, მანამ სანამ შესაბამისი მტკიცებულებით არ დადასტურდება, რომ პირველად დოკუმენტში მოცემული მონაცემები მანიპულირებულია და შემძენი წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს, ივარაუდება რომ პირველად დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია უტყუარია. შესაბამისად, შემმოწმებელს შემოწმების პროცესში უნდა განეხორციელებია დოკუმენტური რეალიზაციების გამიჯვნა არა დოკუმენტურისგან და საკონტროლო შესყიდვის ფასნამატი გაევრცელებინა მხოლოდ არადოკუმენტურ რეალიზაციაზე.
საკითხი №3: საკონტროლო შესყიდვის ფასნამატის არასწორი გაანგარიშება ფაქტობრივი გარემოებები:
1.15. არაპირდაპირი მეთოდის ფარგლებში საკონტროლო შესყიდვის ფასნამატის გაანგარიშებისას საგადასახადო ორგანომ არ გაითვალისწინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ფასნამატი განსაზღვრა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე.
იურიდიული დასაბუთება:
საწარმო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია საკონტროლო შესყიდვის ფასნამატის განსაზღვრის ნაწილშიც.
საკითხი 4 : არაპირდაპირი მეთოდის ფარგლებში გამოვლენილი სხვაობების მატერიალურობა ფაქტობრივი გარემოებები:
1.16. არაპირდაპირი მეთოდის ფარგლებში საკონტროლო შესყიდვის ფასნამატის გავრცელებით საწარმოს მთლიან რეალიზაციაზე გამოვლენილი სხვაობები საწარმოს მიერ დეკლარირებულ თანხებთან მიმართებაში არამატერიალურია.
იურიდიული დასაბუთება:
საწარმო მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის ცდომილების გათვალისწინებით არაპირდაპირი მეთოდის ფარგლებში საწარმოსათვის დამატებით დასარიცხი საგადასახადო ვალდებულება უნდა განისაზღვროს - 0 ლარით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება, ანაზღაურების სანაცვლოდ, სახელმწიფო ხელისუფლების/ მუნიციპალიტეტის ორგანოს გადაწყვეტილებით ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილია 24.11.2025 წლის №------- წერილი, სადაც სადავო საკითხთან დაკავშირებით აღნიშნულია შემდეგი:
მოხდა გადასახადის გადამხდელის მოწოდებული ინფორმაციის მათ შორის ბუღალტრული პროგრამისა და ჟურნალის დამუშავება, სადაც ოპერაციები იყო თვის ჭრილში ჯამურად მოცემული, შესაბამისად ვერ იშიფრებოდა თითოეული ოპერაცია სალარო აპარატის ჩეკების მიხედვით, ამასთანავე დეკლარირებული უარყოფითი ფასნამატის და საკონტროლო შესყიდვის შედეგად დაფიქსირებულ ფასნამატს შორის იყო არსებითი სხვაობა, შესაბამისად ზემოაღნიშნული გახდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი.
ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს დეკლარირებული აქვს (-2%) ფასნამატი, რომელიც საგრძნობლად განსხვავდება, როგორც იგივე ტერიტორიულ ერთეულზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების ფასნამატებთან, ასევე საკონტროლო შესყიდვით დაფიქსირებულ ფასნამატთან. ასევე შემოწმების მიერ მოხდა მთლიანი რპთ-სგან დოკუმენტური რეალიზაციის რპთ-ს ცალკე გამოყოფა, ხოლო დარჩენილ საცალო რეალიზაციის რპთ-ზე გავრცელდა საკონტროლო შესყიდვის ფასნამატი. დოკუმენტური რეალიზაციის დადგენა ვერ მოხერხდა, ვინაიდან გადამხდელს სპეც ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილი ჰქონდა კონკრეტული პერიოდის მიხედვით ჯამურად, რასაც ადასტურებს მყიდველისგან მიღებული ახსნა-განმარტება, რომ საწვავის შეძენა ხდებოდა ეტაპობრივად მაგრამ სპეც ანგარიშ-ფაქტურა იწერებოდა ჯამურად.
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ, მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა. საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია.
ამასთან მომჩივანი ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რითაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასახელებული არგუმენტების და შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის, დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
ამგვარად, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საწარმო მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის ცდომილების გათვალისწინებით არაპირდაპირი მეთოდის ფარგლებში საწარმოსათვის დამატებით დასარიცხი საგადასახადო ვალდებულება უნდა განისაზღვროს - 0 ლარით.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული ბრუნვის 11%- ს შეადგენდა, ხოლო დეკლარირებული ფასნამატი (-2%)-ს. 2022 წელს, შემოწმებით დადგენილ და გადამხდელის დეკლარირებულ მონაცემებს შორის არსებითი სხვაობა არ გამოვლენილა.
შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის, 2022 წელს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი განისაზღვრა 103 396 ლარის ოდენობით, 2023 წელს საწყისი ნაშთი შეადგენდა 82 412 ლარს, ხოლო საბოლოო ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის განისაზღვრა 102 592 ლარის ოდენობით. შემოწმების ფარგლებში, 2023 და 2024 წლებში დათვლილი იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება ცალკეულ კატეგორიებზე, ვინაიდან დოკუმენტური ფასნამატის იდენტიფიცირება ვერ განხორციელდა, აღნიშნულ რპთ-ზე გავრცელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე კონტროლის ღონისძიების, კერძოდ საკონტროლო შესყიდვის ფასნამატი. საბოლოოდ, დადგინდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. სსკ-ის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
75(5),159,160.