ბრძანება N 20576

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 19.09.2024
№ დოკუმენტი 20576
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20576

19 სექტემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------ის“ (ს/ნ --------------)

(ფაქტ. მის.: -----------------------;

იურ. მის.:-------------------------,---------------------------------------)

2024 წლის 23 და 30 იანვრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №95) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „--------ის“ (ს/ნ --------------) 2024 წლის 23 იანვრის №87059/1/2024 და 30 იანვრის №87302/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის №024-104 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის დამფუძნებლის მიმართ არსებული ვალდებულებების გაუთვალისწინებლობას/განულებას და დამფუძნებელზე დაბრუნებული თანხების ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შემოწმებამ იხელმძღვანელა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, კერძოდ, იმპორტის დეკლარაციით და საგადასახადო დოკუმენტებით. აცხადებს, რომ მხოლოდ აღნიშნული დოკუმენტაციით არ შემოიფარგლება საწარმოს რეალური ხარჯი. ითხოვს გონივრულ ვადას 2012-2019 წლებზე გაწეული ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოსადგენად, რომლებიც არ ფიქსირდება გადამხდელის ელექტრონულ პორტალზე. დამატებით აცხადებს, რომ 2012 წლიდან 2020 წლამდე პერიოდზე საწარმოს მიერ გაწეული ხარჯები აღემატება შემოსავალს, სხვაობის თანხა შეადგენს 265 598 ლარს, რომელიც შემოწმებას უნდა გაეთვალისწინებინა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 აპრილის №9255 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------ის“ (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 25 დეკემბრის №32743 ბრძანება და ამავე თარიღის №024-104 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 185 349 ლარი, მათ შორის, გადასახადი 115 026 ლარი, ჯარიმა 57 513 ლარი და საურავი 12 810 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 27 თებერვლის №4178 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------ის“ (ს/ნ --------------) საჩივრები.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 თებერვლის №4178 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 24 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები შეუმცირდა 8 230 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 26 ივლისის №024-56 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 თებერვლის №4178 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 16 აგვისტოს №22426/2/2024 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 თებერვლის №4178 ბრძანება და საჩივარი, საწვავის ღირებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრასთან დაკავშირებით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 აგვისტოს №22426/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოწმებისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს საბუღალტრო მონაცემებში შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდება დამფუძნებლის/დირექტორის მიმართ ვალდებულება 555 018 ლარი, პერიოდის ბოლოს 137 458 ლარი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, კაპიტალის შევსება მოხდა ფულადი ფორმით (მტკიცებულება არ წარმოუდგენია), ხოლო უშუალოდ შესამოწმებელ პერიოდში საწარმო სხვაობას 417 560 ლარს უხდის/უბრუნებს დამფუძნებელს/დირექტორს. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული ვალდებულების და შემდგომში ვალდებულებების შემცირების მიზნით გადახდილი თანხების მართლზომიერება, დამუშავებულ იქნა ძველი პერიოდის დეკლარირებული მონაცემები, რის საფუძველზეც ვერ დგინდება ნაშთად დაფიქსირებული ვალდებულებების კანონზომიერება. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, დამფუძნებელი/დირექტორისადმი გადახდილ თანხებს შეეცვალა ფორმა/შინაარსი და დაკვალიფიცირდა ხელფასად.

მომჩივანი 25.03.2024 წელს, 1.03.2024 წლის №22426/2/2024 საჩივრის დაზუსტების მიზნით წარმოადგენს exel-ის ფორმატში ცხრილს და განმარტავს, რომ აღნიშნულით დგინდება კომპანიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით განხორციელებული რეისები და დახარჯული საწვავების ოდენობა, რომლებზედაც არ არსებობს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და შესაბამისად აღნიშნული თანხა დაემატა სალაროს ფულის ნაშთს, ხოლო საწვავის ღირებულების დადგენის მიზნით ცხრილში არის მითითებული იმავე პერიოდში შეძენილი საწვავის ღირებულება. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარატამენტს საწვავის ღირებულების 75%-ის გათვალისწინება.

მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივნის მიერ ზემოთ მითითებულ გარემოებაზე, კერძოდ, საწვავის ღირებულების არაპირდაპირი მეთოდით სალაროს ფულის ნაშთის განსაზღვრის საკითხზე შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი აღნიშნულ საკითხზე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს საბუღალტრო მონაცემებში შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდება დამფუძნებლის/დირექტორის მიმართ ვალდებულება 555 018 ლარი, პერიოდის ბოლოს 137 458 ლარი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, კაპიტალის შევსება მოხდა ფულადი ფორმით (მტკიცებულება არ წარმოუდგენია), ხოლო უშუალოდ შესამოწმებელ პერიოდში შპს „-------ი“ სხვაობას 417 560 ლარს უხდის/უბრუნებს დამფუძნებელს/დირექტორს. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული ვალდებულების და შემდგომში ვალდებულებების შემცირების მიზნით გადახდილი თანხების მართლზომიერება, დამუშავებულ იქნა ძველი პერიოდის დეკლარირებული მონაცემები, რის საფუძველზეც ვერ დგინდება ნაშთად დაფიქსირებული ვალდებულებების კანონზომიერება. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, დამფუძნებელი/დირექტორისადმი გადახდილ თანხებს შეეცვალა ფორმა/შინაარსი და დაკვალიფიცირდა ხელფასად, შესაბამისად, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში, ნაწილ მძღოლებზე გაცემული იქნა სამივლინებო თანხები ჯამში 27 546 ლარი, რომელიც ასევე დაკვალიფიცირდა ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე, 73-ე, 81-ე მუხლების შესაბამისად, დამფუძნებლ/დირექტორზე გაცემული თანხები/თანხის ნაწილი და მძღოლებზე გადახდილი სამივლინებო თანხები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. კომპანიას დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.

2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნორმის ფარგლებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს, გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივრებში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ შემოწმებამ იხელმძღვანელა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, კერძოდ, იმპორტის დეკლარაციით და საგადასახადო დოკუმენტებით, მაგრამ მხოლოდ აღნიშნული დოკუმენტაციით არ შემოიფარგლება საწარმოს რეალური ხარჯი. ითხოვს გონივრულ ვადას 2012-2019 წლებზე გაწეული ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოსადგენად, რომლებიც არ ფიქსირდება გადამხდელის ელექტრონულ პორტალზე. დამატებით აცხადებს, რომ 2012 წლიდან 2020 წლამდე პერიოდზე საწარმოს მიერ გაწეული ხარჯები აღემატება შემოსავალს, სხვაობის თანხა შეადგენს 265 598 ლარს, რომელიც შემოწმებას უნდა გაეთვალისწინებინა.

აგრეთვე, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 აგვისტოს №22426/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებაზე, რომ მომჩივანმა საჩივრის დაზუსტების მიზნით წარადგინა exel-ის ფორმატში ცხრილი და განმარტა, რომ აღნიშნულით დგინდება კომპანიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით განხორციელებული რეისები და დახარჯული საწვავების ოდენობა, რომლებზედაც არ არსებობს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და შესაბამისად, აღნიშნული თანხა დაემატა სალაროს ფულის ნაშთს, ხოლო საწვავის ღირებულების დადგენის მიზნით ცხრილში არის მითითებული იმავე პერიოდში შეძენილი საწვავის ღირებულება. მომჩივანი ითხოვს საწვავის ღირებულების 75%-ის ხარჯად გათვალისწინებას.

ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ხარჯები განსაზღვროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (მ.შ ცალკეული მარკის სატრანსპორტო საშუალების საწვავის ხარჯვის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით) და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------ის“ (ს/ნ --------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ხარჯები განსაზღვროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (მ.შ ცალკეული მარკის სატრანსპორტო საშუალების საწვავის ხარჯვის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით) და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის დამფუძნებლის მიმართ არსებული ვალდებულებების გაუთვალისწინებლობას/განულებას და დამფუძნებელზე დაბრუნებული თანხების ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ითხოვს გონივრულ ვადას 2012-2019 წლებზე გაწეული ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოსადგენად, რომლებიც არ ფიქსირდება გადამხდელის ელექტრონულ პორტალზე. დამატებით აცხადებს, რომ 2012 წლიდან 2020 წლამდე პერიოდზე საწარმოს მიერ გაწეული ხარჯები აღემატება შემოსავალს, სხვაობის თანხა შეადგენს 265 598 ლარს, რომელიც შემოწმებას უნდა გაეთვალისწინებინა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №9255 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №32743 ბრძანება და №024-104 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 185 349 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №4178 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივრები.

შემოსავლების სამსახურის №4178 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები შეუმცირდა 8 230 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №024-56 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახურის №4178 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის №22426/2/2024 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №4178 ბრძანება და საჩივარი, საწვავის ღირებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრასთან დაკავშირებით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ხარჯები განსაზღვროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (მ.შ ცალკეული მარკის სატრანსპორტო საშუალების საწვავის ხარჯვის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით) და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“ ); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“) ;