გადაწყვეტილება №24802/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24802/2/2025
17 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,28.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "-------"-ის 20.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24802/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33864 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 ივნისის №081-143 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 იანვრის №915 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 272 182,42 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 161 747
ჯარიმა - 53 969
საურავი - 56 466,42
პროცედურული გარემოებები/ფაქტების აღწერა
მეწარმის საქმიანობაა სარესტორნო მომსახურება. გარდა სარესტორნო მომსახურებისა, შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ბინების შეძენა-რეალიზაცია ყიდვა-გამოსყიდვის უფლებით.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 სექტემბრის შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. მეწარმის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილ იქნა მის მიერ რესტორანში წარმოებული კერძების კალკულაციები, სადაც დაფიქსირებული ჰქონდა აგრეთვე მზა პროდუქციის სარეალიზაციო ფასები, გარდა ამისა გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი იყო შესყიდვის აქტები და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თანხობრივი ნაშთი.
გადასახადის გადამხდელს, 2021 წლის ივლისის თვეში უფიქსირდებოდა ბინის (ს/კ "--------") რეალიზაცია გამოსყიდვის უფლებით საერთო თანხით 135 160 ლარის ოდენობით, რომელიც მის მიერ არ იყო გამოსყიდული და საკუთრების უფლება გადავიდა ახალ მესაკუთრეზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, მეწარმის მიერ სასაქონლო ზედნადებებითა და შესყიდვის აქტებით შეძენილი საქონლით, თავად გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კალკულაციების შესაბამისად, წარმოებულ იქნა მზა პროდუქცია (კერძები), რომელზეც სარეალიზაციო თანხად ჩაითვალა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული სარეალიზაციო ფასები. გარდა ზემოაღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელს შეძენილი ჰქონდა ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, რომლებიც ჩაითვალა რეალიზებულად აუდირებული ფასნამატით (არ ფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მეწარმის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის სავალდებულო თარიღად, დადგინდა 2021 წლის 20 ივლისი. ამ თარიღიდან გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავლები დაიბეგრა დღგ-ით. ხოლო, დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 11 ოქტომბრის №25185 ბრძანება და ამავე თარიღის №081-251 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33864 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხთან დაკავშირებით, სარესტორნო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33864 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 18 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 20 ივნისის №081-143 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა კვლავ შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17810 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 29.11.2024 წლის №24098/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი, რომელიც 2025 წლის 30 იანვრის №915 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე,გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტში მის მიერ წარდგენილია შემდეგი მტკიცებულებები:
- მომჩივნის მიერ გაანალიზებულ იქნა მთელი შემოწმების პერიოდში შეძენილი სასაქონლო მარაგები სახეების მიხედვით;
- რეალიზებული სასაქონლო მარაგები სახეები მიხედვით;
- მზა პროდუქციის დასამზადებლად შეძენილი სასაქონლო მარაგები და ამ მონაცემების შესაბამისად შეადგინეს ცხრილები, სადაც გაანგარიშებულია შეძენილი სასაქონლო მარაგების შესაბამისად დამზადებული და რეალიზებული მზა პროდუქცია თვეების შესაბამისად.
ცხრილებში სარეალიზაციო ფასები გამოყენებულია მომხმარებელზე საჯაროდ შეთავაზებული ფასები, იმ კალკულაციების შესაბამისად, რომელიც წარდგენილი ჰქონდა აუდიტორზე.
შემოსავლების სამსახურის მიერ შედგენილ 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დამატებით დარიცხულ გადასახადების გაანგარიშების ცხრილის შესაბამისად, ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 1 079 379 ლარს, დამატებით დარიცხული დღგ - 194 288 ლარს.
შემოსავლების სამსახურის მიერ გადასახადის გადამხდელისთვის გაგზავნილი ცხრილის მონაცემების შესაბამისად განსაზღვრეს დამატებით დასაბეგრი ერთობლივი შემოსავალი 1 079 378 ლარი, ჩანს თუ რამდენი კგ. ყველი და ხორცი აქვს შეძენილი შესყიდვის აქტებით. მის მიერ წარმოდგენილ მზა პროდუქციის წარმოების და რეალიზაციის ცხრილებშიც სწორედ ამდენი რაოდენობის ნედლეულის ბაზაზე აქვს გაანგარიშებული ერთობლივი შემოსავალი. ეს ცხრილი ნათლად ადასტურებს, რომ შემმოწმებლებს არ შეუდარებიათ შეძენილი და რეალიზებული სასაქონლო მარაგებისა და ნედლეულის რაოდენობები.
აუდიტორების მიერ წარმოდგენილ ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრული ცხრილის მიხედვით შეუძლებელია განსაზღვრო თუ რა პერიოდში რომელი ფასები გამოიყენეს ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრის დროს.
მომჩივანმა 2021 წლის იანვარში დაიწყო საზ. კვების მომსახურება და არა სარესტორნო მომსახურება. მომჩივანი მომსახურებას ეწეოდა ბათუმში, ტბელ აბუსერიძის №33/35 - ში განთავსებულ საზ. კვების ობიექტში, ე.წ. ქართულ პაბში. ობიექტი ფაქტიურად წარმოადგენდა ტიპიურ სახინკლეს, სადაც ძირითადად ამზადებდა შემდეგ კერძებს ხინკალს, ქაბაბს, მწვადს და ხაჭაპურს. შემოწმების მთელი პერიოდის განმავლობაში კერძების ფასები იცვლებოდა, რადგანაც ამ პერიოდში იყო პანდემია. კერძებზე ფასების ზრდას განაპირობებდა ასევე ნედლეულის ფასების ცვლილება, ინფლაცია და სხვა ფაქტორები.
საქართველოს ეროვნული სტატისტიკის მონაცემებით ფასების ინფლაციის დონე შეადგენს 2021 წელს - 109.60 %, 2022 წელს - 111,90 % და 2023 წლის ფასების ინფლაციის დონე შეადგენდა 2.5 % -ს. თუ გაითვალიწინებს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებს 2021 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი შეადგენს 24 ( 9.60 + 11.90 +2.5) % -ს. მიაჩნია, რომ ამაზე მეტი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლებელია, მით უმეტეს, რომ მეწარმეები ინფლაციის პროცესს საკუთარ თავზე ყოველდღიურად გრძნობენ და ფასებსაც შესაბამისად ცვლიან. როცა სახელმწიფო სამსახური ასაჯაროებს ასეთ ინფორმაციას, მასზე ეჭვის გამოთქმა, რომ ეს არ არის სწორი, ფიქრობს უსაფუძვლოა.
ამასთან მის მიერ რეალიზაციის ცხრილებში ნაჩვენები ფასები აღებულია მომჩივნის მიერ პაბში გამოყენებული ფასების შესაბამისად, რომლებიც ჰქონდა ჩაწერილი მენიუში, რომლის მიხედვით იხდიდნენ კლიენტები თანხებს.
შეძენილი ნედლეულის - საქონლის ხორცის და ღორის ხორცის რაოდენობის შესაბამისად, წარმოდგენილი კალკულაციების გათვალიწინებით გაანგარიშებული იქნა წარმოებული კერძების რაოდენობა. კერძების რაოდენობის განსაზღვრის დროს შეძენილი ნედლეულის თარიღების შესაბამისად განახორციელა მისი რეალიზაციაც, რადგანაც დროში მათი გადანაწილება შეუძლებელი იყო. ხინკლის დამზადების პროცესში გამოყენებული აქვს საქონლის ფილე 80 – 82 % და ღორის ფილე 18 – 20 %, ქაბაბის დამზადების პროცესში გამოყენებული აქვს საქონლის ფილე 85 – 87 % და ღორის ფილე 13 – 15 %. ღორის ძვლიანი ხორცი მთლიანად და ღორის ფილეს ნაწილი გამოყენებული აქვს მწვადის დამზადებაზე, საქონლის ძვლიანი ხორცი მთლიანად გამოყენებული აქვს ხაშლამის დამზადებაზე. წარმოებული კერძების რაოდენობის გაანგარიშების შემდეგ იმ პერიოდში არსებული ფასების შესაბამისად მოახდინა რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების რაოდენობის განსაზღვრა თვეების მიხედვით. ამავე პრინციპით მოახდინა ელ. ზედნადებებით შეძენილი საქონლის რეალიზაციის მოცულობის განსაზღვრაც.
ამ შემთხვევაში რეალიზაციის მოცულობაში არ გაითვალისწინა პირადი მოხმარებისათვის შეძენილი საქონლის (ელ. ზედნადებებში მითითებული ტრანსპორტირების ადგილის მიხედვით) და საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი.
ამ მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლების მიხედვით დღგ -ის დასაბეგრი ბრუნვა მთელ პერიოდზე შეადგენს 776 265 ლარს, ნაცვლად შემოწმების მასალებით დარიცხული 1 079 379 ლარისა, ხოლო დარიცხული დღგ - 121 954 ლარს, ნაცვლად შემოწმების მასალებით დარიცხული 194 288 ლარისა.
შემმოწმებლებმა ისე ზერელედ თქვეს უარი დამატებით დარიცხული დღგ -ის შემცირებაზე დასკვნით, რომ არც ერთი ფაქტობრივი გარემოებაც კი არ მოუყვანიათ, თუ რომელ პერიოდში არ იქნა სწორად გაანგარიშებული, ან რომელი სახეობის სასაქონლო მარაგები არ იყო სწორად, ან რა პერიოდში არ იყო სწორად ცხრილებში მოცემული რაოდენობები, ან რა ოდენობის ცდომილებას იწვევდა ეს რაოდენობები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შემმოწმებლებს არც კი შეუმოწმებიათ მომჩივნის მიერ წარდგენილი ცხრილები, ისე თქვეს უარი არასწორად, დამატებით დარიცხული დღგ-ის გადაანგარიშებაზე.
შეძენილი ნედლეულის - საქონლის ხორცის და ღორის ხორცის რაოდენობის შესაბამისად, წარმოდგენილი კალკულაციების გათვალიწინებით გაანგარიშებული იქნა წარმოებული კერძების რაოდენობა. კერძების რაოდენობის განსაზღვრის დროს შეძენილი ნედლეულის თარიღების შესაბამისად განახორციელა მისი რეალიზაციაც, რადგანაც დროში მათი გადანაწილება შეუძლებელი იყო. ხინკლის დამზადების პროცესში გამოყენებული აქვს საქონლის ფილე 80 – 82 % და ღორის ფილე 18 – 20 %, ქაბაბის დამზადების პროცესში გამოყენებული აქვს საქონლის ფილე 85 – 87 % და ღორის ფილე 13 – 15 %. ღორის ძვლიანი ხორცი მთლიანად და ღორის ფილეს ნაწილი გამოყენებული აქვს მწვადის დამზადებაზე, საქონლის ძვლიანი ხორცი მთლიანად გამოყენებული აქვს ხაშლამის დამზადებაზე. წარმოებული კერძების რაოდენობის გაანგარიშების შემდეგ იმ პერიოდში არსებული ფასების შესაბამისად მოახდინა რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების რაოდენობის განსაზღვრა თვეების მიხედვით. ამავე პრინციპით მოახდინე ელ. ზედნადებებით შეძენილი საქონლის რეალიზაციის მოცულობის განსაზღვრაც. ამ შემთხვევაში რეალიზაციის მოცულობაში არ გაითვალისწინა პირადი მოხმარებისათვის შეძენილი საქონლის (ელ. ზედნადებებში მითითებული ტრანსპორტირების ადგილის მიხედვით) და საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი.
ამ მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლების მიხედვით დღგ -ის დასაბეგრი ბრუნვა მთელ პერიოდზე შეადგენს 776 265 ლარს, ნაცვლად შემოწმების მასალებით დარიცხული 1079 379 ლარისა, ხოლო დარიცხული დღგ - 121 954 ლარს, ნაცვლად შემოწმების მასალებით დარიცხული 194 288 ლარისა.
ითხოვს გათვალისწინებას: მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების, ფაქტობრივ გარემოებებზე დაფუძნებული არგუმენტები და პროდუქციის რეალიზაციიდან ფაქტიურად მიღებული შემოსავლები, რომელთა გაანგარიშება ეფუძნება შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირებზე წარდგენილ დოკუმენტაციას, კალკულაციებს და ი.მ "-------"-ის მიერ წარმოდგენილ მენიუს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33864 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სარესტორნო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33864 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 18 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელმა განსაზღვრულ დროში წარადგინა გაანგარიშების ცხრილები (ექსელის ფორმატში), თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენდა საკმარის მტკიცებულებას საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესამცირებლად. მომჩივნის მიერ წარდგენილ ცხრილში არასრულად იყო ასახული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენები, კერძოდ, არასრულად იყო შეყვანილი შესყიდვის აქტებით შეძენილი საქონლის რაოდენობა და ღირებულება. ამასთან, არც სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თანხები არ ემთხვეოდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ მონაცემებს. შესაბამისად, რადგანაც გადასახადის გადამხდელს შეძენები არასრულად ჰქონდა ასახული ცხრილში, წარმოებით უფრო ნაკლებ შემოსავალს მიიღებდა, ვიდრე შემოწმებით არის დადგენილი. ასევე, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი ჰქონდა მზა პროდუქციის სარეალიზაციო ფასები, რომლებიც შემოწმებამ გამოიყენა, თუმცა გადაანგარიშების პროცესში წარმოდგენილი ექსელის ცხრილით, ერთსა და იმავე მზა პროდუქციაზე სხვადასხვა პერიოდებში, სხვადასხვა სარეალიზაციო ფასები ფიქსირდებოდა და აღნიშნული ფასების ნამდვილობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება გადასახადის გადამხდელს არც შემოწმებისათვის წარუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკმარისი მტკიცებულებების არ ქონის გამო, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
საჩივარში აღნიშნულია, რომ მომჩივანს და დავით ბარამიძის შორის 2021 წლის 20 ივლისს გაფორმებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. მესამე მუხლის თანახმად "-------"-ს ბინის გამოსყიდვის უფლება ჰქონდა 2022 წლის 20 იანვრის ჩათვლით. აუდიტორებმა არ გაითვალისწინეს ფაქტობრივი გარემოება და ამ ფაქტების გათვალისწინებით არ მოახდინეს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვადის სწორად განსაზღვრა და დამატებით არასწორად დაარიცხეს დღგ.
დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრასთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33864 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33864 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების, ფაქტობრივ გარემოებებზე დაფუძნებული არგუმენტების და პროდუქციის რეალიზაციიდან ფაქტიურად მიღებული შემოსავლების გათვალისწინებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. მეწარმის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილ იქნა მის მიერ რესტორანში წარმოებული კერძების კალკულაციები, სადაც დაფიქსირებული ჰქონდა აგრეთვე მზა პროდუქციის სარეალიზაციო ფასები, გარდა ამისა გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი იყო შესყიდვის აქტები და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თანხობრივი ნაშთი.
გადამხდელს, 2021 წლის ივლისის თვეში უფიქსირდებოდა ბინის რეალიზაცია გამოსყიდვის უფლებით საერთო თანხით 135 160 ლარის ოდენობით, რომელიც მის მიერ არ იყო გამოსყიდული და საკუთრების უფლება გადავიდა ახალ მესაკუთრეზე.
სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, მეწარმის მიერ სასაქონლო ზედნადებებითა და შესყიდვის აქტებით შეძენილი საქონლით, თავად გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კალკულაციების შესაბამისად, წარმოებულ იქნა მზა პროდუქცია, რომელზეც სარეალიზაციო თანხად ჩაითვალა გადამხდელის მიერ მოწოდებული სარეალიზაციო ფასები. გარდა ზემოაღნიშნულისა, გადამხდელს შეძენილი ჰქონდა ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, რომლებიც ჩაითვალა რეალიზებულად აუდირებული ფასნამატით.
მეწარმის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის სავალდებულო თარიღად, დადგინდა 2021 წლის 20 ივლისი. ამ თარიღიდან გადამხდელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავლები დაიბეგრა დღგ-ით. ხოლო, დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33864 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
304(21).