გადაწყვეტილება №97812/1/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.12.2025
№ დოკუმენტი 97812/1/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№97812/1/2025

16 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 4.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №97812/1/2025).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა დღგ-ის ნაწილში.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 3.06.2025 წლის №001-89 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.08.2025 წლის №18479 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 239 425,83 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 133 187,4

ჯარიმა - 64 250,42

საურავი - 41 988,01

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 14.03.2025 წლამდე პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 14.03.2014 წელს, დღგ-ის გადამხდელად - 15.08.2022 წელს. შესამოწმებელ პერიოდში შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების, პოსტერმინალის, საკონტროლო-სალარო აპარატის და საბანკო ამონაწერის მონაცემებით გადასახადის გადამხდელის შემოსავალმა 2022 წლის 9 აპრილს გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს. შესაბამისად, მეწარმეს ამ თარიღიდან წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.

გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშდა საგადასახადო ორგანოს ხელთარსებული მონაცემების მიხედვით. საგადასახადო კოდექსის 165-ე და 159-ე მუხლების გათვალისწინებით, მეწარმეს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე და 275- ე მუხლებით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.06.2025 წლის №001-89 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.08.2025 წლის №18479 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 174-ე, 175-ე, 176-ე და 180-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანებაზე, რომლითაც ცვლილება შევიდა „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში და განმარტავს, რომ არაკვალიფიციური დღგ-ის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას, თუ იდენტიფიცირდება მიღებული (დასადასტურებელი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც მითითებული დასაბეგრი ოპერაციის პერიოდი (თვე) მოიცვა საგადასახადო შემოწმებამ, დასაშვებია, გადასახადის გადამხდელს მიეცეს უფლება დაადასტუროს შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და დღგ-ის ჩათვლისთვის დადგენილი წესის შესაბამისად განხორციელდეს დღგ-ის ჩათვლა.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო თავის მხრივ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე და 282-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების შედეგად დარიცხულია დღგ, თუმცა აქვს ანგარიშ-ფაქტურები, რომლებსაც ვერ ადასტურებს, რადგან აქვს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. ითხოვს მიეცეს უფლება, რომ დაადასტუროს ანგარიშ-ფაქტურები. შემოსავლების სამსახურმა არ დაუკმაყოფილა მოთხოვნა, ანგარიშ-ფაქტურების დადასტურებასთან დაკავშირებით.

აქვს მომწოდებლის მიერ გამოგზავნილი ანგარიშ-ფაქტურები, რის საფუძველზეც აქვს ჩასათვლელი დღგ, ასევე არ არის გათვალისწინებული თხოვნა საურავთან და ჯარიმასთან დაკავშირებით. ითხოვს ჯარიმის და საურავის მოხსნას, ხოლო ძირ თანხას გადაიხდის.

6.10.2025 წლის დაზუსტებულ საჩივარში მომჩივანი მიუთითებს, რომ სრულად შეაჩერა ფუნქციონირება მიმდინარე წელს, ყველა პრობლემასთან ერთად კომპანიაში ბოლო პერიოდის პრობლემების ფონზე იჩინა არაერთმა გაუთვალისწინებელმა მოვლენამ თავი, მათ შორის ბუღალტრის უშუალო დაუდევრობამ და შესაბამისმა უყურადღებობამ (საგადასახადო შემოწმების შესახებ, გაიგო მას შემდეგ, რაც დაგროვდა დავალიანება ბიუჯეტის წინაშე და საბანკო ანგარიშებზე წარედგინა ინკასო), ამიტომ 2025 წლის 1 ოქტომბრიდან შეიცვალა მოქმედი ბუღალტერი, ასევე სრულად გამოსწორდა და შეიცვალა ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის წარმოებაც, განხორციელდა მომწოდებლებთან კომუნიკაცია, გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები და გაკეთებულ იქნა შესაბამისი ურთიერთშედარებები.

ზემოაღნიშნული შესწავლის და დოკუმენტური ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა საკითხები, რომლის გათვალისწინებით უნდა შემცირდეს დარიცხული გადასახადები, კერძოდ შესამოწმებელ პერიოდზე:

1) შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე ფიქსირდება მიღებული (დადასტურებული) ჩაუთვლელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დღგ-ის თანხით 2 277 ლარის ოდენობით (დანართი №1).

2) შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე 6 ოქტომბრის მდგომარეობით ფიქსირდება მიღებული (დაუდასტურებული) ჩაუთვლელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დღგ-ის თანხით 38 896 ლარის ოდენობით (დანართი №2).

3) შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე ფიქსირდება მიღებული სასაქონლო ზედნადებები (ტრანსპორტირებით, ქვეზედნადები, ტრანსპორტირების გარეშე) 2 620 ლარის ოდენობით, რომლებზეც უკვე შედგა მოლაპარაკება მომწოდებელ მხარესთან და ასევე გამოიწერება კუთვნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (დანართი №3, №4, №5). შესყიდვა სრულად ხდება ადგილობრივი მომწოდებლისგან სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მეშვეობით.

4) იდენტური თანხები (პოსტერმინალის, საკონტროლო-სალარო აპარატის და საბანკო ამონაწერის მონაცემებით) შემმოწმებლისთვის არასათანადო და არასრული ინფორმაციის მიწოდებით წარმოშობილი გაურკვევლობის გამო გატარებულია ორჯერ, რამაც განაპირობა საგადასახადო ვალდებულებების გაზრდა და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვადის არასწორად განსაზღვრა.

5) საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებულ შემოსავალში გათვალისწინებულია სალარო აპარატით და საბანკო პოსტერმინალით მიღებული შემოსავლები, რომელსაც გამოკლებული არ აქვს უკან დაბრუნებული თანხები, მიღებულ დასაბეგრ ბრუნვაში მონაწილეობს პირადი გადარიცხვები, ხელფასის სახით მიღებული ანაზღაურება და პირადი ჩარიცხვები (შემოწმების სამუშაო ცხრილი არ არის ხელმისაწვდომი, შესაძლოა გაგზავნილი იყოს იმ პერიოდის ბუღალტერთან და სამწუხაროდ კონტაქტი აღარ არის იმ პირთან).

6) შემოწმებით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი დაკორექტირებულ იქნა (მათ შორის გასათვალისწინებელია ზემოთ აღნიშნული გარემოებები, რეგისტრაციის მომენტში არსებული ნაშთებზე ჩათვლის მიღების გარემოება და ბრუნვების დაზუსტების საკითხი), რაც შეამცირებს აქტით დარიცხულ საგადასახადო ვალდებულებებს. დღეის მდგომარეობით საქმიანობა გაჩერებულია, არ ფუნქციონირებს სხვადასხვა პრობლემის გამო (მათ შორის შიდა პრობლემების, ბუღალტრის უყურადღებობის და დაუდევრობის გამო, რაც გამოწვეული იყო ნდობით), მიზანი არ არის ვალდებულების დატოვება სახელმწიფოს მიმართ, შესაბამისად ზემოთ ჩამოთვლილი ობიექტური და სამართლიანი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს.

7) ყოველთვის პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ საგადასახადო ვალდებულებებს და მიზნად არ ისახავდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის, საგადასახადო ვალდებულებებისათვის თავის არიდებას, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ შემოწმების დაწყებამდე, ნებაყოფლობით მიმართა საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაზე, რის შემდეგაც იხდიდა გადასახადებს. ხოლო, 2022 წლის პერიოდში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის თავის არიდება არ მომხდარა განზრახ ქმედებებით, არამედ შეცდომით/არ ცოდნით, გამოუცდელობით, კერძოდ, არასრულად აღირიცხა 12 უწყვეტი თვის შემოსავლები და შესაბამისად არ იცოდა, რომ უნდა დარეგისტრირებულიყო დღგ-ის გადამხდელად (ბუღალტრის მიერ ასევე არ იყო მიღებული, დადასტურებული ანგარიშფაქტურები ჩათვლილი, ამასთან მიღებული ანგარიშ-ფაქტურები ასევე არ იყო დადასტურებული თითქმის არცერთი).

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, როგორც კეთილსინდისიერ მეწარმე ეპატიოს დაკისრებული სანქციები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება. ასევე საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს, საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ, ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ, საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგის ჩათვლის მიღების საფუძველია, ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა, ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 15.08.2022 წელს. შესამოწმებელ პერიოდში შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემების, პოსტერმინალის, საკონტროლო-სალარო აპარატის და საბანკო ამონაწერის მონაცემებით 2022 წლის 9 აპრილიდან მომჩივნის შემოსავალი აჭარბებს 100 000 ლარიან ზღვარს. შესაბამისად, მეწარმეს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2022 წლის 9 აპრილს.

მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ ითხოვს ანგარიშ-ფაქტურების გამომწერებს მიეცეს დამატებითი ვადა, რათა გამოწერონ ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო მომჩივანს მიეცეს შესაძლებლობა ჩაითვალოს აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის თანხა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით, ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 15.08.2025 წლის №18479 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, როგორც კეთილსინდისიერ მეწარმეს ეპატიოს დაკისრებული სანქციები. ყოველთვის პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ საგადასახადო ვალდებულებებს და მიზნად არ ისახავდა საგადასახადო ვალდებულებებისათვის თავის არიდებას, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ შემოწმების დაწყებამდე, ნებაყოფლობით მიმართა საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაზე, რის შემდეგაც იხდიდა გადასახადებს.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.