ბრძანება N 17616
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17616
20 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
"------" (პ/ნ "------")
(მის.:"------")
2023 წლის 30 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა "------"-ის (პ/ნ "------") №111720/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივნისის №EL213076 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის პოზიცია:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო ოქმს და განმარტავს, რომ 2023 წლის 13 ივნისს "-----" -დან საქართველოში შემოსვლისას დაადეკლარირა 280 ღერი სიგარეტი „Winston“, მაგრამ არ იცოდა, რომ ვალდებული იყო დაედეკლარირებინა შემოტანილი სიგარეტის სრული ოდენობა, რომლის შესახებაც არავის გაუფრთხილებია და არც მებაჟე-ოფიცერმა გაითვალისწინა მისი ახსნა-განმარტებები. ასევე მიუთითებს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია გამოუცდელობით და კანონმდებლობის უცოდინრობით.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 13 ივნისს, საბაჟო გამშვები პუნქტი „------“ კონტროლის ზონაში "------" -ის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე "------" (პ/ნ "------"). უფლებამოსილი მებაჟეოფიცრის მიერ მოხდა მისი შეჩერება და ზეპირი გამოკითხვა. დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მოქალაქემ განაცხადა, რომ ჰქონდა მხოლოდ 280 ღერი სიგარეტი „WINSTON“. გამოკითხვის პროცესი ასახულია სამხრე ვიდეოკამერაზე.
ეჭვის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოქალაქის ფიზიკური და მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების თაობაზე. ხელბარგის დათვალიერების შედეგად დამატებით აღმოჩენილ იქნა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე, კერძოდ: სიგარეტი „WINSTON“ – 320 ღერი (16 კოლოფი), რომელიც დამალული ჰქონდა ბარგში, საკვები პროდუქტების შეფუთვებში და ხელჩანთის ჯიბეებში. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი“.
ვინაიდან ფიზიკური პირი "------"-ის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი საქონლის რაოდენობა აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობას და არ იყო შესრულებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი საქონლის დეკლარირების ვალდებულება, ასევე, ადგილი ჰქონდა განმეორებით შემოტანის ფაქტს, საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 13 ივნისს შედგენილ იქნა №EL213076 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა.
სანქციის სახით ჩამორთმეულ არადეკლარირებულ საქონელზე სიგარეტი „WINSTON“ –320 ღერი (16 კოლოფი), შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №69601087725 ოქმი, ჩამორთმეული საქონელი (დალუქული "-------" საბაჟო ლუქით) განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტი „------- -ის “ ადმინისტრაციულ შენობაში.
ამასთანავე, რადგან მოცემულ შემთხვევაში ასევე არ იყო შესრულებული აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკით ნიშანდების ვალდებულება და ჩადენილი იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა (მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია და გადაზიდვა), საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 13 ივნისს შედგენილ იქნა №AL044803 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და თანდართულ მასალებთან ერთად გადაგზავნილ იქნა "-----" -ის რაიონულ სასამართლოში.
"------"-მ 2023 წლის 7 ივნისს დეკლარირებულ სიგარეტზე ისარგებლა საგადასახადო კოდექსის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით, შესაბამისად, 2023 წლის 13 ივნისს დეკლარირებული სიგარეტის ნაწილზე - 280 ღერიდან 200 ღერზე - ვერ გავრცელდებოდა ზემოაღნიშნული შეღავათი, რადგან მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა 30 კალენდარული დღის განმავლობაში სიგარეტის მეორედ (მეხუთე დღეს) შემოტანის ფაქტს. შესაბამისად, №69601/6304 „აქციზური მარკის გარეშე ან დადგენილი წესის დარღვევით ნიშანდებული აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ჩამორთმევის ოქმი“-ს საფუძველზე ჩამორთმეული იქნა 280 ღერი სიგარეტი „WINSTON“.
"------"-ს 2022 წლის იანვრის თვიდან დღეის მდგომარეობით უფიქსირდება საზღვრის კვეთის 390 (გასვლა/შემოსვლა) ფაქტი. მასვე, 2020 – 2023 წლებში უფიქსირდება აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის შემოტანის ფაქტები, კერძოდ: სხვადასხვა დასახელების სიგარეტის შემოტანის 10 (ათი) ფაქტი, რა დროსაც მასზე გავრცელდა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი (09/02/2020; 15/10/2021; 21/11/2021; 26/02/2022; 16/04/2022; 18/05/2022; 07/09/2022; 01/12/2022; 07/02/2023; 07/06/2023) და სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლიანი სასმელის შემოტანის 5 (ხუთი) ფაქტი, რა დროსაც მასზე გავრცელდა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი (27/01/2022; 31/08/2022; 04/10/2022; 17/12/2022; 09/05/2023).
გარდა აღნიშნულისა 2013 – 2023 წლებში უფიქსირდება საყოფაცხოვრებო საქონლის შემოტანის 19 ფაქტი (22/01/2013; 27/12/2013; 03/02/2014; 15/04/2014; 13/09/2014; 27/03/2015; 31/10/2016; 08/08/2018; 03/11/2018; 12/12/2018; 11/02/2019; 09/02/2020; 12/01/2022; 08/04/2022; 10/05/2022; 31/08/2022; 01/11/2022; 25/02/2023; 16/06/2023).
სამართალდარმღვევ პირს 2019 - 2023 წლებში უფიქსირდება აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის - სიგარეტის შემოტანის 9 (ცხრა) ფაქტი და „აქციზური მარკის გარეშე ან დადგენილი წესის დარღვევით ნიშანდებული აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ჩამორთმევის ოქმი“-ს საფუძველზე ჩამორთმეული იქნა 2700 ღერი (135 კოლოფი) სიგარეტი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები.
ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია, მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა, თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა არადეკლარირებული სიგარეტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (168-ე მუხლის მე-3 ნაწილი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად სადავო ოქმით დაკისრებული სანქცია (ჯარიმა და საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა) მართლზომიერია.
საგულისხმოა ასევე, რომ მომჩივანი ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე. ამასთან უფიქსირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისა და საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის ფაქტები თამბაქოს ნაწარმზე. შესაბამისად, მისთვის სრულყოფილად იყო ცნობილი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და საგადასახადო შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურები. ამასთან, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო მის მიერ გადაადგილებული საქონლის დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1."------"-ის (პ/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო ოქმს.
გადამხდელი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი საქონლის რაოდენობა აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობას და არ იყო შესრულებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი საქონლის დეკლარირების ვალდებულება, ასევე, ადგილი ჰქონდა განმეორებით შემოტანის ფაქტს, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
163,168(3)