ბრძანება N 20375

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.09.2026
№ დოკუმენტი 20375
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20375

16 სექტემბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს„-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 3 და 18 აგვისტოს საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 აგვისტოს (ოქმი №75) და 3 სექტემბრის (ოქმი №78) სხდომებზე განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ------) 2026 წლის 3 აგვისტოს №103854/1/2026 და 18 აგვისტოს №104112/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 30 ივნისის №081-135 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს, მომსახურების გამწევ პირებზე გადახდილი თანხების ხარჯში გათვალისწინებას. მიუთითებს, რომ შეუძლია წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 11 მაისის №10336 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----“ (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის პირველი მაისიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 26 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 30 ივნისის №14480 ბრძანება და ამავე თარიღის №---- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 233 522 ლარი, მათ შორის, გადასახადი 148 848 ლარი, ჯარიმა 74 424 ლარი, საურავი 10 250 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „----“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2010 წლის 9 აგვისტოს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2026 წლის 18 მარტს. საწარმოს საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგეს სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში მუნიციპალიტეტის ---- გამგეობა) ტერიტორიაზე ავარიული ხეების მოჭრა, სხვლა-ფორმირება, დამუშავება და გატანის მომსახურება. გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარმოუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან (წარმოდგენილი აქვს მხოლოდ ერთი ბანკიდან ცნობა ანგარიშების შესახებ). სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 2 მოგებული ტენდერი. აღნიშნული ტენდერების ფარგლებში მიღებული აქვს თანხები, რომლებიც არ აქვს დაბეგრილი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 18 მაისის №10981 ბრძანების საფუძველზე, საწარმოს კუთვნილ ობიექტში ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგადაც, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 (ნული) ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად შემმოწმებლების მიერ მოხდა კომპანიის ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი. კომპანიას არ აქვს განაწილებული დივიდენდი და არ აქვს გაცემული ხელფასი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს უფიქსირდება უძრავი ფულის ნაშთი. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილი შემოსავლის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა 2 მოგებული ტენდერი. აღნიშნული ტენდერების ფარგლებში კი მიღებული ჰქონდა თანხები, რომლებიც არ იყო დეკლარირებული. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად, შემმოწმებლების მიერ მოხდა კომპანიის ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილი შემოსავლის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, მომსახურების გამწევ პირებზე გადახდილი თანხების ხარჯებში გათვალისწინების მოთხოვნასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, კერძოდ, გათვალისწინებულ იქნა სპეციალური საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურები, ასევე მიღებული სასაქონლო ზედნადებები და ბიუჯეტში გადახდილი თანხები. ამასთან, შემოწმება მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს სხვა დამატებითი დოკუმენტაცია არ წარუდგენია, მათ შორის არც ინდივიდუალური მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებები.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ითხოვს, მომსახურების გამწევ პირებზე გადახდილი თანხების ხარჯში გათვალისწინებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი დარეგისტრირდა 2010 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2026 წლის მარტში. საწარმო ეწევა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში ავარიული ხეების მოჭრის, დამუშავებისა და გატანის მომსახურებას. შემოწმებისას გადამხდელმა არ წარმოადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და არ ითანამშრომლა შემმოწმებლებთან, წარმოდგენილი ჰქონდა მხოლოდ ერთი ბანკის ცნობა.

დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას მოგებული ჰქონდა 2 ტენდერი, საიდანაც მიღებული თანხები დაუბეგრავი დარჩა. სალაროს შემოწმებამ ნაღდი ფულის ნაშთი 0 ლარის ოდენობით დაადგინა. ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზით გამოვლინდა, რომ კომპანიას არ ჰქონდა განაწილებული დივიდენდი და გაცემული ხელფასი, ხოლო პერიოდის ბოლოს დაფიქსირდა შემოსავლის სხვაობა, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, რის შედეგადაც პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9);101;154;105;