ბრძანება N 8837

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.04.2024
№ დოკუმენტი 8837
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8837

16 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 18 და 28 აპრილის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 მარტის და 4 აპრილის სხდომებზე (ოქმი №33 და №36) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 18 აპრილის №80421/1/2023 და 28 აპრილის №80631/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 მარტის №007-58 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

2023 წლის 18 და 28 აპრილს წარმოდგენილი საჩივრებით გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

2024 წლის 28 მარტის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე, საქმის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განაცხადა, შემდეგი:

● არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ დაასაბუთა თუ რატომ არ იძლეოდა საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია (საბანკო ამონაწერი და საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში დაცული ინფორმაცია) დაბეგვრის ობიექტის დადგენის შესაძლებლობას. ასევე, მომჩივნისთვის გაუგებარია, რომელი საწარმოს ფასნამატი იქნა გამოყენებული და რატომ არის უფრო სანდო, ვიდრე თვითონ შესამოწმებელი საწარმოს ინფორმაცია. ამასთან, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის არასწორი განსაზღვრა, თავისთავად წარმოშობს არასწორ დარიცხვას საშემოსავლო გადასახადში. დამატებით მიუთითებს, რომ შესამოწმებელი პერიოდი ემთხევა პანდემიას, როცა ხელფასები თანამშრომლებზეც ვერ გაიცემოდა და საწარმო იძულებული გახდა ქონების ნაწილი დაეთმო ბანკისათვის სესხის სანაცვლოდ, ხოლო ნაწილი იძულებით აუქციონზე გაიყიდა აუდიტორული კომპანიის ვალის დაფარვის მიზნით. ამდენად, გადამხდელი განმარტავს, რომ ასეთ ვითარებაში საწარმოს მიერ დირექტორზე არაკუთვნილი ხელფასის გაცემა გონივრულ საფუძველს მოკლებულია.

● არ ეთანხმება იმპორტირებულ საქონელსა და უცხოელ მომწოდებლებზე საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხულ თანხებს შორის გამოვლენილი სხვაობის თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვას და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ აღნიშნული სხვაობა არის მომწოდებლის მიმართ არსებული დავალიანება. ამასთან, საკანონმდებლო ნორმები არ ავალდებულებს, რომ მომწოდებლის მიმართ დავალიანების ფაქტი დასტურდებოდეს რაიმე მტკიცებულებებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 იანვრის №155 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 7 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 21 მარტის №5565 ბრძანება და ამავე თარიღის №007-58 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა სულ 672 912 ლარი, მათ შორის გადასახადი 399 952 ლარი, ჯარიმა 200 056 ლარი და საურავი 72 904 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. ვინაიდან საჩივრებში არ იყო მითითებული კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომელსაც ემყარებოდა პირის მიერ შემოწმების შედეგებზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 მაისის №10577 ბრძანებით საჩივრები დარჩა განუხილველი. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 27 ივლისის №19732/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 მაისის №10577 ბრძანება და საჩივრები ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა არსებითად განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები და 2023 წლის 2 ოქტომბრის №24188 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 20 მარტის №21269/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 ოქტომბრის №24188 ბრძანება და საჩივრები, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 20 მარტის №21269/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომლითაც სადავოდ ხდის საგადასახადო შემოწმების აქტში და შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 ოქტომბრის №24188 ბრძანებაში დაფიქსირებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს. შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების და დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია/მტკიცებულებების, შესწავლა/გამოკვლევა არ მომხდარა, ვინაიდან, მომჩივანმა მხოლოდ დავის განხილვის ამ ეტაპზე წარმოადგინა არგუმენტები და მტკიცებულებები, ამრიგად, შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია მომჩივნის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე და მტკიცებულებებზე, რომლის თანახმად, განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს არგუმენტები და დასკვნები დაუსაბუთებელია, არ შეესაბამება მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.”

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

● შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქმიანობაა სხვადასხვა სახის სამშენებლო-სარემონტო საღებავების, ლაქების, გამხსნელებისა და ანალოგიური პროდუქციის, ასევე წებო-ცემენტის წარმოება, რაზეც საწარმოს, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, იმპორტირებული აქვს სხვადასხვა სახის ნედლეული და დამხმარე მასალა, ხოლო მიღებული პროდუქცია რეალიზებული აქვს ადგილობრივ ბაზარზე. შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარადგინა მხოლოდ საბანკო ამონაწერი, თუმცა ვერ წარადგინა ბუღალტრული პროგრამა და რეალიზებული პროდუქციის სახეობებისა და თვითღირებულების ამსახველი რაიმე სახის დოკუმენტაცია/მასალები. ასევე, გადამხდელმა ვერ წარადგინა კალკულაციის (წარმოების პროცესის) ამსახველი დოკუმენტაცია/მასალები. შესაბამისად, ვინაიდან წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტებით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში მიღებულ და რეალიზებულ სასაქონლო მარაგებზე გავრცელდა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს აუდირებული ფასნამატი, რამაც შეადგინა საშუალოდ 18.66%. შედეგად, შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შესამოწმებელ პერიოდზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ფულადი ნაკადების ანალიზი, რის შედეგადაც განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა სალაროში. კერძოდ, შემოწმების მიერ დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების მიხედვით განისაზღვრა მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, რომელსაც გამოაკლდა შეძენილი სასაქონლო მარაგების ღირებულება, სხვა გაწეული ხარჯი, გადახდილი ხელფასები, სხვა მომსახურების თანხები, გადახდილი გადასახადები და ბანკის სესხზე გადახდილი პროცენტები, ხოლო ნაშთად დარჩენილი თანხა (714 839 ლარი), შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე, 291-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმა.

●შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში სულ იმპორტირებული ჰქონდა 731 047 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, ხოლო საბანკო ამონაწერების მიხედვით უცხოელ მომწოდებლებზე სულ გადარიცხული ჰქონდა 396 533 ლარის ექვივალენტი აშშ დოლარი. ვინაიდან გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის ვერ იქნა წარდგენილი აღრიცხვის ამსახველი ვერანაირი მასალა/დოკუმენტაცია, (ბუღალტრული პროგრამა, დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ ცნობები, შედარების აქტები და სხვა) შემოწმების მიერ სხვაობის თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა კუთვნილი გადასახადით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

● დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას ვერ წარუდგინა ბუღალტრული პროგრამა და რეალიზებული პროდუქციის სახეობებისა და თვითღირებულების ამსახველი რაიმე სახის დოკუმენტაცია/მასალები. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს არ წარუდგენია კალკულაციის (წარმოების პროცესის) ამსახველი დოკუმენტაცია/მასალები.

● საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული ჰქონდა 731 047 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური მარაგები, ხოლო საბანკო ამონაწერების მიხედვით უცხოელ მომწოდებლებზე გადარიცხული ჰქონდა 396 533 ლარის ექვივალენტი აშშ დოლარი.

საქმის ზეპირი განხილვისას, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ აუდიტორული კომპანია არ აწვდის საწარმოს ბუღალტრულ პროგრამას, რის გამოც ვერ შეძლო აუდიტის დეპარტამენტისთვის დოკუმენტაცია/მტკიცებულებების მიწოდება. აღნიშნულის თაობაზე, საწარმოს დამფუძნებელმა 2024 წლის 4 აპრილს (რეგ. №57776/21) წარმოადგინა განცხადება, რომელშიც მიუთითა, რომ საქართველოს ფოსტისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიმართა შპს „-------“ და მოითხოვა ბუღალტრული დოკუმენტაცია, თუმცა აუდიტორული კომპანიისგან მიღებულ პასუხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს წარმოდგენილი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტმა მიმართა შპს „-------“ (ს/ნ -------) და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოითხოვა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდებზე შპს „-------“ სამეურნეო ოპერაციების ამსახველი ყველა სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის ბუღალტრული პროგრამის ასლი. აღნიშნული წერილის პასუხად, შპს „-------“ განცხადებაში განმარტა, რომ შპს „-------“ და შპს „-------“ შორის თანამშრომლობა დასრულდა 2021 წლის დეკემბერში, რის გამოც აუდიტის დეპარტამენტის წერილით მოთხოვნილ სრულ პერიოდთან კომპანიას შეხება არ ჰქონია. ამასთან, თანამშრომლობის პერიოდში შპს „-------“ წარმომადგენელი მუშაობდა შპს „-------“ ოფისში და ადგილზე ამუშავებდა პირველად დოკუმენტაციას. შესაბამისად, შპს „-------“ სამეურნეო ოპერაციების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შპს „-------“ არ ინახებოდა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში მიღებულ და რეალიზებულ სასაქონლო მარაგებზე ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა, მართლზომიერია. ამასთან, შემოწმების მიერ დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების მიხედვით განსაზღვრულ ფულად სახსრებსა და გადამხდელის მიერ გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა კანონმდებლობის შესაბამისია. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ იმპორტირებულ საქონელსა და გადარიცხულ თანხას შორის გამოვლენილი სხვაობის თანხა ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხს და მისი მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია.

ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს; იმპორტირებულ საქონელსა და უცხოელ მომწოდებლებზე საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხულ თანხებს შორის გამოვლენილი სხვაობის თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვას და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 იანვრის №155 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 მაისის №10577 ბრძანებით საჩივრები დარჩა განუხილველი. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 27 ივლისის №19732/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 მაისის №10577 ბრძანება და საჩივრები ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა არსებითად განიხილა საჩივრები და 2023 წლის 2 ოქტომბრის №24188 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 20 მარტის №21269/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 ოქტომბრის №24188 ბრძანება და საჩივრები, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 982(3-ზ) 101; 154; 159; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადი კოდექსი - 160; 161