გადაწყვეტილება №21441/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 05.02.2024
№ დოკუმენტი 21441/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21441/2/2023

05 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 27.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (№21441/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2023 წლის №083-21 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27763 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 547 346.9 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 315 932

დღგ - 166 241

მოგების გადასახადი - 115 961

საშემოსავლო გადასახადი - 33 586

ქონების გადასახადი - 144

ჯარიმა - 156 955

საურავი - 74 459,9

 

ფაქტების აღწერა

გადამხდელის საქმიანობაა ---------- სამშენებლო მასალებით, სანტექნიკით და სხვა საყოფაცხოვრებო საშუალებებით საცალო ვაჭრობა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 26.06.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 22.03.2023 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. გადამხდელის განმარტებით ტექნიკური ხარვეზის გამო წაიშალა პროგრამა „ორისი“, რომლის აღდგენაც შემოწმების მიმდინარეობისას ვერ მოხერხდა.

გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმების პროცესში გადამხდელი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობისთვის.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით და მიღებული და გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების ურთიერთკავშირით, გამოვლინდა დოკუმენტური ფასნამატი საქონლის კატეგორიების მიხედვით (საშუალოდ 31%), რომელიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა დეკლარირებულ მაჩვენებელს. იმავდროულად გადამხდელის მიმართ განხორციელდა მიმდინარე კონტროლის პროცედურა, კერძოდ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და რპთ-ის დადგენის მიზნებისთვის შემოწმებამ იხელმძღვანელა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ნაშთის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიის შემოსავლები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, საქონლის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, გავრცელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე.

აღნიშნულმა ასევე გამოიწვია განკარგვადი თანხის გაზრდა, რაც ჩაითვალა საწარმოს მიერ დამფუძნებელზე განაწილებულ დივიდენდად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

შემოწმების აქტის საფუძველზე, 20.07.2023 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №17679 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 20.07.2023 წლის №083-21 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 17.08.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.11.2023 წლის №27763 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. გადამხდელის განმარტებით მათ წაეშალათ პროგრამა „ორისი“, რომლის აღდგენაც შემოწმების მიმდინარეობისას ვერ მოახერხეს. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით, მიღებული და გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების ურთიერთკავშირით გამოვლინდა დოკუმენტური ფასნამატი კატეგორიების მიხედვით, საშუალოდ 31%, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა დეკლარირებულ მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ გადამხდელის მიმართ განხორციელდა მიმდინარე კონტროლის პროცედურა, კერძოდ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და რპთ-ის დადგენის მიზნებისთვის შემოწმებამ იხელმძღვანელა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ნაშთის ოდენობით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებამ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომპანიის შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წერილობით განუმარტა, რომ პროგრამა „ორისის“ აღდგენის შემთხვევაშიც ვერ ასახავდა რეალიზაციის ნაწილში იმაზე ზუსტ ინფორმაციას, რაც მისსავე გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში იყო დაფიქსირებული. გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული დასახელება უმეტეს შემთხვევაში არ ედრებოდა ზუსტი დასახელებით შეძენის დოკუმენტში დაფიქსირებული საქონლის დასახელებას. შემოწმებით მაქსიმალურად იქნა მისადაგებული დასახლებები მიღებულსა და გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში. ამასთან, შეძენის პერიოდების და ფასის მიხედვით დადგინდა ფასნამატი რამდენიმე საქონელზე შესაბამისი კატეგორიების მიხედვით. ხოლო, იმ საქონელზე, რომელზეც ზუსტი ფასნამატი ვერ დადგინდა მიესადაგა მსგავსი საქონლის ფასნამატი, ასევე, იმ კატეგორიაზე, რომელიც მსგავს საქონელშიც არ ჯდებოდა გავრცელდა საშუალო ფასნამატი. საშუალო ფასნამატის გაანგარიშებაში მონაწილეობა არ მიუღია ისეთი წვრილმანი საქონლის ფასებს, რომლებზეც ზოგადად მაღალი ფასნამატი იყო. გარდა ამისა, თუ საქონლის შეძენის ღირებულება ერთ ლარზე ნაკლებს შეადგენდა, მიესადაგა ასეთი მცირეფასიანი საქონლის საშუალო ფასნამატი. ასეთი სახით გამოანგარიშებული ფასნამატით და 2023 წლის სმფ-ების ინვენტარიზაციით გამოვლენილი ნაშთების სხვაობით დადგინდა კომპანიის შემოსავალი.

ასევე, მიღებული განკარგვადი თანხა გადასახადის გადამხდელის განმარტებით დაიბეგრა დივიდენდად.

ამასთან, გადასახადის გადამხდელთან 2023 წლის 22 მარტს ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციით გამოვლინდა 238 954 ლარის ოდენობის ფაქტობრივი ნაშთი, საბაზრო ღირებულებით.

შემოწმებით დადგენილსა და ინვენტარიზაციით გამოანგარიშებულ საქონლის ნაშთს შორის გამოვლინდა სხვაობა 188 451 ლარის ოდენობით, რაზეც გავრცელდა ფასნამატი. კერძოდ, მთლიანი თანხა გადანაწილდა რპთ-ში არსებული საქონლის ჯგუფების პროპორციულად და მიესადაგა შესაბამისი ჯგუფის ფასნამატები ასეთი სახით მიღებული თანხით გაიზარდა გადასახადის გადამხდელის შემოსავალი პერიოდების შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ, საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება შესაბამისი კატეგორიების მიხედვით. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ და გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს დამფუძნებელზე განაწილებულ დივიდენდად განხილვა კანონშესაბამისია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შესაბამისი კვალიფიციური ექსპერტის მიერ შესწავლილი იქნა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების საგადასახადო შემოწმების აქტები - შპს „----------“ დაკავშირებით, რომლის საფუძვლებს არ დაეთანხმა „----------“ ექსპერტი და შეადგინა 2023 წლის 10 აგვისტოს №33 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 თებერვლის ბრძანებების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა შპს „----------“ კამერალური შემოწმება საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და მეწარმის შემოსავლების გაანგარიშებულ იქნა - არაპირდაპირი მეთოდით, რადგან ტექნიკური ხარვეზის გამო ორგანიზაციის ბუღალტერს წაეშალა ორისის პროგრამაში არსებული საბუღალტრო მონაცემები, ვინაიდან შემოწმების პროცესში შემმოწმებლებს საზოგადოებამ ვერ წარუდგინა პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია - გადამხდელის შესამოწმებელი პერიოდი დეკლარირებული ფასნამატი განისაზღვრა 31 %-ით, შესაბამისად გაიზარდა გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი. გადამხდელი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად ძირითადი გადასახადის 50 %-ით.

ექსპერტიზით დადგენილ იქნა, რომ: აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნული დარიცხული გადასახადი - სავარაუდოა, რის გამოც საბუღალტრო ექსპერტიზას მისი გაზიარება არ შეუძლია.

შპს „----------“ ხელმძღვანელობის მიერ მას (რწმუნებულს) წარედგინა და შემდეგ, მის მიერ საბუღალტრო ექსპერტიზას წარედგინა შპს „----------“ მიერ რეალიზებულ პროდუქციაზე ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი. საბუღალტრო ექსპერტიზაზე დასმული კითხვებიდან გამომდინარე, თუკი 2020 წლის ივლისიდან 2023 წლების თებერვლის ჩათვლით პერიოდში შპს „----------“ მიერ რეალიზებულ საქონელზე ფასნამატი განისაზღვრება რეალიზაციისას: 17% -ით, ასეთ შემთხვევაში რა ოდენობით ძირითადი გადასახადი და ჯარიმა დაერიცხება შპს „----------“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, საბუღალტრო ექსპერტიზამ გაიანგარიშა გადასახადის ოდენობა 17 % - ით, ასეთ შემთხვევაში რა ოდენობით ძირითადი გადასახადი და ჯარიმა დაერიცხება შპს „----------“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, საბუღალტრო ექსპერტიზამ გაიანგარიშა გადასახადის ოდენობა 17 % რეალიზებული დანარიცხის გათვალისწინებით და შემცირებულმა გადასახადმა შეადგინა სულ 282 899 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი: 188 485 ლარი და ჯარიმა:94414 ლარი.

საბუღალტრო ექსპერტიზა მიიჩნევს, რომ: ამ გაანგარიშების მონაცემები - არ არის საბოლოო ჭეშმარიტება, რადგან ეს ციფრიც სავარაუდოა.

ექსპერტიზამ ადგილზე მისვლით შეამოწმა შპს „----------“ ბუღალტრული აღრიცხვის მდგომარეობა, ხელმძღვანელობისა და ბუღალტრის - გამოკითხვით დადგინდა რომ: საზოგადოებას დაწყებული აქვს და დიდი ნაწილი დოკუმენტებისა უკვე შეტანილი აქვს საბუღალტრო პროგრამა - ორის-ში, რომლის დასრულების შემდეგ საგადასახადო ორგანოს (აუდიტის დეპარტამენტს), დავების განხილვის საბჭოს, საგადასახადო კოდექსის: 299-ე მუხლით) საშუალება ექნება გადასახადი გადაიანგარიშოს და დაარიცხოს - არა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, არამედ: პირდაპირი მეთოდის გამოყენებით, დაზუსტებული მონაცემებიდან გამომდინარე, არც უთუოდ - სწორი და ობიექტური მონაცემები იქნება.

ექსპერტიზა დარწმუნდა, რომ: მასალებში ასახულია ყველა არსებითის საკითხი, რაც დაკავშირებულია შპს „----------“-ს, როგორც ბუღალტრული, ასევე საგადასახადო აღრიცხვის ელემენტებთან. აუდიტის პროცესში ასევე საგადასახადო აღრიცხვის ელემენტებთან. აუდიტის პროცესში ასევე გამოიკვეთა მნიშვნელოვანი გარემოება - წარმოდგენილი მასალები მთელ რიგ შემთხვევებში საშუალებას იძლევა შემოსავლები და ხარჯები აღირიცხოს - პირდაპირი მეთოდების გამოყენებით ნაცვლად არაპირდაპირი მეთოდებისა.

აღნიშნულიდან გმომდინარე - შემოსავლების სამსახურში გასაჩივრდა - ზემოაღნიშნული:

1. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის: 30.06.2023 წლის №819 საგადასახადო შემოწმების აქტი;

2. 20.07.2023 წლის საგადასახადო მოთხოვნა №083-21;

3. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის: 20.07.2023 წლის №17679 ბრძანება.

შემოსავლების სამსახურის დავის განმხილველმა უწყებამ 13.11.2023 წლის №27763 ბრძანებით არ გაიზიარა მათი საჩივრის საფუძვლები და არ დააკმაყოფილა საჩივარი, ვინაიდან თითქოსდა - არ იყო ნაწარმოები საბუღალტრო აღრიცხვის და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა; სინამდვილეში მოხდა ორგანიზაციის - ორისის პროგრამაში საბუღალტრო მონაცემების ტექნიკურად დაზიანება და წაშლა.

ამჟამად ორგანიზაციის ბუღალტერმა უკვე დაასრულა საბუღალტრო დოკუმენტაციის დედნებზე დაყრდნობით შპს „----------“ ორისის მონაცემების - სრული აღდგენა და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს უკვე შეუძლია ობიექტური შემოწმების ჩატარება და გადაანგარიშების განხორციელება

ამდენად „----------“-ის ექსპერტიზის დასკვნით აუცილებელია შპს „----------“ 2020 წლის 26 ივნისიდან 2023 წლის პირველ მარტამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადების - გადაანგარიშება, რომელიც განხორციელებულია: შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის - არაპირდაპირი მეტოდით. მასალები შემდგომი გადაანგარიშების მიზნით უნდა დაბრუნდეს საგადასახადო სიტემას, შესაბამისი ორგანოების მიერ შემოსავლების და ხარჯების - პირდაპირი მეთოდების გაანგარიშებისთვის, შემოწმების პროცესში უნდა გაითვალისწინონ შპს „----------“ ორისი პროგრამაში მითითებული მასალები და მონაცემები და ამის შემდეგ უნდა მოხდეს - გადასახადების დარიცხვა.

ამდენად აუცილებელია მოხდეს შესაბამისი - გადაანგარიშება შემმოწმებლების მიერ ორგანიზაციაში - განმეორებით ადგილზე მისვლით, რასაც ითვალისწინებს - გასვლითი საგადასახადო შემოწმება და განხორციელდეს შემოწმების აქტის ციფრობრივი მონაცემების ობიექტური, სამართლიანი კორექტირება.

ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს, საგადასახადო კოდექსის: 299-ე მუხლის პირველი, მეორე მეოთხე ნაწილების, ასევე ამავე კოდექსის 300-ე, 302-ე და 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი:

1. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის №819 საგადასახადო შემოწმების აქტი.

2. 20.07.2023 წლის საგადასახადო მოთხოვნა №082-21.

3. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2023 წლის №17679 ბრძანება.

4. შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27763 ბრძანება.

მომჩივანი ითხოვს დაევალოს შემოსავლების სამსახურს განახორციელოს ხელახალი გადაანგარიშება ბრძანებაში, საგადასახადო მოთხოვნაში და შემოწმების აქტში მითითებული ციფრობრივი მონაცემების კორექტირება „აუდიტ ექსპერტი -96“-ის 10.08.2023 წლის აგვისტოს №33 ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27763 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. გადამხდელის განმარტებით მათ წაეშალათ პროგრამა „ორისი“, რომლის აღდგენაც შემოწმების მიმდინარეობისას ვერ მოახერხეს. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით, მიღებული და გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების ურთიერთკავშირით გამოვლინდა დოკუმენტური ფასნამატი კატეგორიების მიხედვით, საშუალოდ 31%, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა დეკლარირებულ მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ გადამხდელის მიმართ განხორციელდა მიმდინარე კონტროლის პროცედურა, კერძოდ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და რპთ-ის დადგენის მიზნებისთვის შემოწმებამ იხელმძღვანელა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ნაშთის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5).