ბრძანება N 30620
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 30620
06 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----- -ის “ (ს/ნ "-----")
(მის.:"-----")
2023 წლის 27 ოქტომბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №120) განიხილა შპს „---- -ს“ (ს/ნ "-----") №84434/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №006-492 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი
ბრუნვის გაზრდას შპს N1-ის მიერ ჩარიცხული თანხის საფუძველზე.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შპს N2-ისგან შეძენილ მომსახურებაზე
დღგ-ის ჩათვლილი თანხის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აპრილის №7697 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის (ს/ნ "-----" ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 17 იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 6 ოქტომბრის №24750 ბრძანება და №006-492 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 463 883 ლარი, მათ შორის, გადასახადი 238 045 ლარი, ჯარიმა 118 107 ლარი, საურავი 107 731 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. მოჩივანის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს გზებისა და ავტობანების მშენებლობა. კომპანია მუშაობს ძირითადად ქვეკონტრაქტორად ხელშეკრულებების საფუძველზე, გარკვეული ტიპის სამუშაოებს უსრულებენ ქვეკონტრაქტორები. კომპანიას უფიქსირდება როგორც შესრულებული სამუშაოები, ასევე, მიღებული სამუშაოები და მასალები ერთიდაიგივე კომპანიებთან. ბუღალტრულად ახდენს დებიტორული და კრედიტორული გატარებების გადახურვას. თუმცა, ზოგ შემთხვევაში ხდება კრედიტორის მიერ ჩარიცხული თანხების კრედიტში გატარება (ვალდებულების გაზრდა) ისე, რომ არ ხდება გაწეულ მომსახურებაზე/მასალაზე ფაქტურის გამოწერა - შემოსავლად აღიარება. კერძოდ, შპს „----- -ს “ 2022 წლის სექტემბერში მომჩივანისთვის აქვს გადმორიცხული 45 000 ლარი, საფუძვლით „ბეტონის საფასური“, რომელიც არ არის დღგ-ით დაბეგრილი. შემოწმებით გაზრდილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
2. კომპანია მუშაობს ძირითადად ქვეკონტრაქტორად ხელშეკრულებების საფუძველზე, სატენდერო ხელშეკრულებით შესრულებული აქვს ერთი სამუშაო ობიექტი. სამუშაოებს ასრულებს საკუთარი ძალებით, იჯარით აქვს აღებული ტექნიკა და სამშენებლო მანქანები, ასევე, გარკვეული ტიპის სამუშაოებს უსრულებენ ქვეკონტრაქტორებიც. 2020-2021 წლებში კომპანიას უფიქსირდება შპს „------“-ისგან შეძენილი მომსახურება (რეციკლერით მომსახურება), რაზეც გამოწერილია საფ-ები ჯამურად 574 308 ლარზე, რისი კუთვნილი დღგ-ის თანხაც, 87 606 ლარი, ჩათვლილი აქვს შესაბამის პერიოდებში. აღსანიშნავია, რომ შესწავლილ იქნა ზემოხსენებული კრედიტორი, რომელსაც არ უფიქსირდება აღნიშნული ტიპის ტექნიკა არც საკუთრებაში და არც იჯარით აღება იმ პერიოდში, როდესაც შპს N3-ს გაუწია მომსახურება, არც თანამშრომლები, რომლებიც გასწევდნენ მსგავს მომსახურებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რეციკლერით მომსახურების მიღება შპს „-------“- ისაგან არ დასტურდება. შემოწმებით გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად არ ექვემდებარება ჩათვლას. შედეგად შემცირებულ იქნა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ფიქსირდება აღნიშნულ მომსახურებაზე თანხების გადახდა სრულად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე4 ნაწილით აღნიშნული თანხებიც არ იქნა ჩათვლილი შესაბამის კომპანიაზე გადახდილად. შემოწმებით, კომპანიის ფულად სახსრებზე პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებულად ჩაითვალა 574 308 ლარი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად ჩაითვალა ხელფასად. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სადავო საკითხებთან მიმართებაში, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, კერძოდ:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ 2022 წლის სექტემბრის თვეში შპს „----- -ს “ მოჩივანს მიმართ გააჩნდა დებიტორული დავალიანება 28 440 ლარი. შპს „---- -ს მიერ“ ჩარიცხული იქნა 45 000 ლარი, შესაბამისად, ავანსად დასაბეგრი თანხა არის 16 560 ლარი. აუდიტორი შეცდომაში იქნა შეყვანილი არასწორი ბუღალტრული გატარებების გამო.
მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს „-------“-ის მიერ ნამდვილად განხორციელდა სამუშაოები რეციკლირების დანადგარის გამოყენებით, წინააღმდეგ შემთხვევაში კონკრეტული გზის რეაბილიტაციის სამუშაოები სატენდერო პირობების გათვალისწინებით ვერ შესრულდებოდა. აღნიშნული რეციკლირების აპარატი ლიზინგის კომპანიას ხელშეკრულების საფუძველზე ჰქონდა კანონიერი მფლობელობის ფარგლებში გადაცემული (საჩივრის დანართად წარმოდგენილია ლიზინგის ხელშეკრულება).
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, საქმეში არსებული ფაქტორბივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივრის დანართად წარმოდგენილი) და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----- -ს “ (ს/ნ "-----" ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივრის დანართად წარმოდგენილი) და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ბრუნვის გაზრდას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ჩათვლილი თანხის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.ერთ-ერთ საწარმოს წლის მომჩივანისთვის აქვს გადმორიცხული თანხა საფუძვლით „ბეტონის საფასური“, რომელიც არ არის დღგ-ით დაბეგრილი. შემოწმებით გაზრდილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა
2. კომპანიას უფიქსირდება ერთ-ერთი საწარმოსგან შეძენილი მომსახურება , რაზეც გამოწერილია საფ-ები,რისი კუთვნილი დღგ-ის თანხაც,ჩათვლილი აქვს შესაბამის პერიოდებში.შემოწმებით გაანალიზდა,რომ გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხა არ ექვემდებარება ჩათვლას.შედეგად შემცირებულ იქნა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.კომპანიის ფულად სახსრებზე პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებულად ჩაითვალა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად ჩაითვალა ხელფასად. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),101,154,163,164,173,174,175,176.