ბრძანება N 32977

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.12.2023
№ დოკუმენტი 32977
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 32977

26 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 11 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 და 21 დეკემბრის სხდომებზე (ოქმები №130 და №132) განიხილა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 11 ნოემბრის №84876/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ოქტომბრის №023-23 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. განმარტავს, რომ შემმოწმებლების მხრიდან სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითი ხასიათის გარემოებები, არ მომხდარა ბუღალტრული ჩანაწერების და სხვა პირველადი დოკუმენტების ნახვა, დასაბუთებული არ არის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები და გამოყენებული მეთოდები არ გამომდინარეობს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობიდან. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლზე და განმარტავს, რომ შემმოწმებლების მიერ დასახელებული და წარმოდგენილი არ არის შესადარი კომპანია, ასევე შესაბამისი დოკუმენტაცია (ოქმი ან სხვა დოკუმენტი), რომელიც დაადგენდა რეალურ სურათს. განმარტავს, რომ დავის პროცესში წარმოადგენს საბუღალტრო ჩანაწერებს და სხვა პირველად დოკუმენტებს, რომლის საფუძველზეც მნიშვნელოვნად დაკორექტირდება დარიცხული თანხები. მიიჩნევს, რომ წარდგენილი მონაცემებით მიუხედავად მცირე ხარვეზებისა, შესაძლებელია კონტროლის გავრცელება ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობაზე და დასასრულზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის №12314 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 31 მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 12 ოქტომბრის №25401 ბრძანება და 13 ოქტომბრის №023-23 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 843 219 ლარი, მათ შორის, გადასახადი 497 103 ლარი, ჯარიმა 233 297 ლარი, საურავი 112 819 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელს გასხვისებული აქვს უძრავი ქონება შენობა-ნაგებობებით (ს/კ ----------). ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნასყიდობის საგნის ღირებულებად მითითებულია 400 ლარი, მაგრამ უძრავი ქონება მიწოდებულია იპოთეკის ვალდებულებასთან ერთად. უძრავი ქონების მიწოდება ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. ამასთან, დასაბეგრ ღირებულებად (დღგ-ის ჩათვლით) აღებულ იქნა შემდგომში აღნიშნული ქონების აუქციონზე გაყიდვისას დაფიქსირებული ფასი - 26 086.50 ლარი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 გადასახადის გადამხდელს წარდგენილი არ აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები. შემოწმების მიერ გამოვლინდა ისეთი სახის შემოსავლები, რომლებიც არ იბეგრება სპეციალური რეჟიმით და ექვემდებარება ასახვას წლიური დეკლარაციების ერთობლივ შემოსავლებში, მ.შ.: 1) შემოსავლები უძრავი ქონების და ტექნიკის იჯარიდან; 2) უძრავი ქონების (ს/კ ----------; ს/კ ----------) რეალიზაციის შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავალი (შეძენის და სარეალიზაციო ფასების განსაზღვრისას შემოწმებამ ისარგებლა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ ბაზებში დაცული მონაცემებით/დოკუმენტებით). შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ხოლო, მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 2023 წლის 14 დეკემბერსა და 21 დეკემბერს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვებზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლი მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:

ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას.

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბერის N 415 დადგენილების დანართი N5-ით განსაზღვრულია შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ ითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში, კერძოდ:

1. ქონების იჯარით/უძრავი ქონების ქირით გაცემა.

2. სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი.

5. ნამეტი შემოსავალი, რომელიც მიღებულია შემდეგი ქონების რეალიზაციით...

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს გასხვისებული აქვს უძრავი ქონება, მათ შორის შენობა-ნაგებობებით, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნასყიდობის საგნის ღირებულებად მითითებულია 400 ლარი. აღნიშნული უძრავი ქონება მიწოდებულია იპოთეკის ვალდებულებასთან ერთად. შემოწმების მიერ დასაბეგრ ღირებულებად (დღგ-ის ჩათვლით) აღებულ იქნა შემდგომში აღნიშნული ქონების აუქციონზე გაყიდვისას დაფიქსირებული ფასი - 26 086.50 ლარი. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილი არ აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები. შემოწმების მიერ გამოვლინდა ისეთი სახის შემოსავლები, რომლებიც არ იბეგრება სპეციალური რეჟიმით და ექვემდებარება ასახვას წლიური დეკლარაციების ერთობლივ შემოსავლებში, მ.შ.: შემოსავლები უძრავი ქონების და ტექნიკის იჯარიდან და უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავალი.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება შემდეგი: შემოწმების პროცესში არაპირდაპირი მეთოდი გამოყენებულია მხოლოდ უძრავი ქონების მიწოდების ღირებულების შეფასებისას. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით ცნობილი გახდა, რომ გადამხდელს გასხვისებული ჰქონდა ორი უძრავი ქონება (ს/კ ----------და ს/კ ----------). ნასყიდობის ხელშეკრულებებში ნასყიდობის ღირებულებებად მითითებული იყო 400 და 300 ლარი, მაგრამ მიწოდება განხორციელდა იპოთეკის ვალდებულებებთან ერთად. მოცემულ შემთხვევაში ერთობლივ შემოსავალში/დასაბეგრ ღირებულებად აღებულ იქნა შემდგომში აღნიშნული ქონების აუქციონზე გაყიდვისას დაფიქსირებული ფასები. ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულ სხვა თემებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით: არადეკლარირებული შემოსავლები/ბრუნვები გამოვლინდა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი დოკუმენტების (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების), საბანკო ანგარიშის ამონაწერების, აგრეთვე, შემოწმების მიერ სახელმწიფო ტენდერების ელექტრონული ბაზებიდან მოძიებული ამავე პირის მონაწილეობით გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებების საფუძველზე.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით მართლზომიერად განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელს გასხვისებული აქვს უძრავი ქონება, მათ შორის შენობა-ნაგებობებით, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნასყიდობის საგნის ღირებულებად მითითებულია 400 ლარი. აღნიშნული უძრავი ქონება მიწოდებულია იპოთეკის ვალდებულებასთან ერთად. შემოწმების მიერ დასაბეგრ ღირებულებად (დღგ-ის ჩათვლით) აღებულ იქნა შემდგომში აღნიშნული ქონების აუქციონზე გაყიდვისას დაფიქსირებული ფასი - 26 086.50 ლარი. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილი არ აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები. შემოწმების მიერ გამოვლინდა ისეთი სახის შემოსავლები, რომლებიც არ იბეგრება სპეციალური რეჟიმით და ექვემდებარება ასახვას წლიური დეკლარაციების ერთობლივ შემოსავლებში, მ.შ.: შემოსავლები უძრავი ქონების და ტექნიკის იჯარიდან და უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავალი. გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება შემდეგი: შემოწმების პროცესში არაპირდაპირი მეთოდი გამოყენებულია მხოლოდ უძრავი ქონების მიწოდების ღირებულების შეფასებისას. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით ცნობილი გახდა, რომ გადამხდელს გასხვისებული ჰქონდა ორი უძრავი ქონება. ნასყიდობის ხელშეკრულებებში ნასყიდობის ღირებულებებად მითითებული იყო 400 და 300 ლარი, მაგრამ მიწოდება განხორციელდა იპოთეკის ვალდებულებებთან ერთად. მოცემულ შემთხვევაში ერთობლივ შემოსავალში/დასაბეგრ ღირებულებად აღებულ იქნა შემდგომში აღნიშნული ქონების აუქციონზე გაყიდვისას დაფიქსირებული ფასები. ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულ სხვა თემებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით: არადეკლარირებული შემოსავლები/ბრუნვები გამოვლინდა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი დოკუმენტების (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების), საბანკო ანგარიშის ამონაწერების, აგრეთვე, შემოწმების მიერ სახელმწიფო ტენდერების ელექტრონული ბაზებიდან მოძიებული ამავე პირის მონაწილეობით გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებების საფუძველზე.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 102(1„ბ“); 159(1„ა“); 160(1); 275.