გადაწყვეტილება №19305/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19305/2/2023
11.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 3.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19305/2/2023).
დავის საგანი:
სასაქონლო ზედნადებებით მიღებული სამშენებლო მასალების რეალიზებულად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №065-31 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 21.03.2023 წლის №5560 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 93 895 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 48 971
დღგ - 27 530
საშემოსავლო გადასახადი - 21 391
ქონების გადასახადი - 50
ჯარიმა - 29 276
საურავი -15 648
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 20.04.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივანს ელექტრონული დოკუმენტებით შეძენილი აქვს სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალები, ასევე მიღებული აქვს მომსახურებები. მიღებული სასაქონლო ზედნადებების ნაწილს დასრულების ადგილი უფიქსირდება ---------- მუნიციპალიტეტის სოფლები, რომელზეც დოკუმენტურად შესრულებული/შესასრულებელი სამუშაოები არ უფიქსირდება.
საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტაციით ვერ ხერხდება დაბეგვრის ობიექტის ზუსტად დადგენა და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, ელექტრონული ზედნადებებით მიღებული სამშენებლო მასალები, რომელთა დასრულების ადგილზე დოკუმენტურად ვერ დასტურდება შესრულებული/შესასრულებელი სამუშაოები ჩაითვალა რეალიზებულად, აღნიშნული საქონლის ღირებულება დაემატა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შესაბამის პერიოდებში, ხოლო მიღებული შემოსავლით გაიზარდა 2019 და 2020 წლების ერთობლივი შემოსავალი და 2020 და 2021 წლების (როდესაც გადამხდელს ჰქონდა მინიჭებული მცირე ბიზნესის სტატუსი) მცირე ბიზნესის ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №065-31 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 21.03.2023 წლის №5560 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველი ნაწილზე, მე-80 მუხლის პირველი ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 90-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, 93-ე მუხლის 11 ნაწილზე, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელის მიერ ელექტრონული დოკუმენტებით შეძენილი სამშენებლო მასალების უმრავლესობა გამოყენებულია პერიოდების მიხედვით შესრულებული ან შესასრულებელი ტენდერებისთვის. რიგ შემთხვევებში სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილი მითითებულია არასწორად, რის გამოც ვერ იდენტიფიცირდება შესრულებულ/შესასრულებელ ტენდერებთან.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, შეძენილი მასალების ნაწილი გამოყენებული აქვს ---------- ში გადამხდელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე კომერციული ფართების მშენებლობისთვის, რომელიც დასრულების შემდეგ გამოყენებული იქნება ეკონომიკურ საქმიანობაში.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საკუთარი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
სასაქონლო ზედნადებით შეძენილი მასალების უდიდესი უმრავლესობა (დაახლოებით 90%) გამოყენებულია პერიოდების მიხედვით შესრულებულ ან/და შესასრულებელი ტენდერებისათვის. რაც შეეხება შეძენილი საქონლის დანარჩენ რაოდენობას, გამოყენებულია ---------- ში, მომჩივნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებარე კომერციული ფართების მშენებლობისათვის, რომელიც დასრულების შემდგომ გამოყენებული იქნება ეკონომიკურ საქმიანობაში, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში (მშენებლობა ახლაც მიმდინარეობს). მთელ რიგ სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილი მითითებულია არასწორად, რის გამოც არ ედრება შესრულებულ ან/და შესასრულებელ ტენდერებს. აღნიშნული არის მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი, რომელსაც, სამწუხაროდ, არ მიაქცია თავის დროზე ყურადღება და გამოიყენა ტენდერებში. არ ვაჭრობს სამშენებლო მასალებით და არც არასდროს გაუყიდია. შეუძლია წარმოადგინოს მშენებლობის დამადასტურებელი ფოტომასალა და სხვა დოკუმენტები (მაგ. პროექტი და ა.შ.).
არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 21.03.2023 წლის №5560 ბრძანებას და ითხოვს, გათვალისწინებულ იქნას მისი არგუმენტები და შემცირდეს აქტით ზედმეტად დარიცხული თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 2021 წლამდე მოქმედი რედაქციის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.
,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:
ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;
ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5-ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;
გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.
დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, რა დროსაც შესწავლილ იქნა მომჩივნის მიერ შეძენილი საქონლის მოძრაობა და შეძენის სასაქონლო ზედნადებებში მითითებული სამშენებლო მასალები, რომელზეც დასრულების ადგილი არ იყო ტენდერით განსაზღვრული სამშენებლო/სარეაბილიტაციო ობიექტი, ჩაითვალა რეალიზებულად.
გადასახადის გადამხდელის განმარტებით, სასაქონლო ზედნადებით შეძენილი მასალების უდიდესი უმრავლესობა (დაახლოებით 90%) გამოყენებულია პერიოდების მიხედვით შესრულებულ ან/და შესასრულებელი ტენდერებისათვის. რაც შეეხება შეძენილი საქონლის დანარჩენ რაოდენობას, გამოყენებულია საჩხერეში, სოფელ გორისაში, მომჩივნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებარე კომერციული ფართების მშენებლობისათვის, რომელიც დასრულების შემდგომ გამოყენებული იქნება ეკონომიკურ საქმიანობაში, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში.
შემოსავლების სამსახურის 21.03.2023 წლის №5560 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საკუთარი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 21.03.2023 წლის №5560 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სასაქონლო ზედნადებებით მიღებული სამშენებლო მასალების რეალიზებულად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, რა დროსაც შესწავლილ იქნა მომჩივნის მიერ შეძენილი საქონლის მოძრაობა და შეძენის სასაქონლო ზედნადებებში მითითებული სამშენებლო მასალები, რომელზეც დასრულების ადგილი არ იყო ტენდერით განსაზღვრული სამშენებლო/სარეაბილიტაციო ობიექტი, ჩაითვალა რეალიზებულად. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, სასაქონლო ზედნადებით შეძენილი მასალების უდიდესი უმრავლესობა (დაახლოებით 90%) გამოყენებულია პერიოდების მიხედვით შესრულებულ ან/და შესასრულებელი ტენდერებისათვის. რაც შეეხება შეძენილი საქონლის დანარჩენ რაოდენობას, გამოყენებულია, მომჩივნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებარე კომერციული ფართების მშენებლობისათვის, რომელიც დასრულების შემდგომ გამოყენებული იქნება ეკონომიკურ საქმიანობაში, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 102(1„ა“); 159; 163(1, 2); 164(1); 275.