ბრძანება N 935
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 935
30 იანვარი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 5 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 23 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2025 წლის 5 იანვრის №93589/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 დეკემბრის №006-502 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, დადგენილ ფასნამატს და აღნიშნულის შესაბამისად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შემოწმებამ გამოიყენა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს აუდირებული ფასნამატი, თუმცა გადამხდელისთვის უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის იდენტური, რა ხარისხის საქონელს ყიდის და ა.შ. მიუთითებს, რომ შემმოწმებლისგან აღნიშნული ინფორმაცია ვერ მიიღო, იმ მიზეზით, რომ ეს ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას, რაც არასწორად მიაჩნია. ამასთან, აცხადებს, რომ არ არსებობდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი, კერძოდ, საქონლის რეალიზაციას არ ახდენს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, საქონლის ჩამოწერას ახორციელებს დღის ჭრილში, შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვა მოწესრიგებული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასევე, აღნიშნავს, რომ პარალელურად ჩატარდა სხვა საწარმოს საგადასახადო შემოწმება, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით და რომელსაც შემოწმებით განესაზღვრა ფასნამატი 26%-ის ოდენობით, შესაბამისად, გაუგებარია რატომ გავრცელდა აღნიშნულ კომპანიაზე 26%-იანი ფასნამატი, ხოლო მომჩივანზე 58%. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს საჩივარზე დანართის სახით წარმოდგენილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით და ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ივლისის №15618 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 17 მარტიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 9 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 12 დეკემბრის №26233 ბრძანება და 13 დეკემბრის №006-502 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 169 055 ლარი, მათ შორის, გადასახადი 657 549 ლარი, ჯარიმა 328 775 ლარი, საურავი 182 731 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
● შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდში ჯამურად შეადგენდა 2 131 219 ლარს. საწარმო ახორციელებს ტანსაცმლისა და აქსესუარების იმპორტს ჩინეთიდან, ხოლო მათი რეალიზაცია ხდება -------. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. კომპანია დაჯარიმდა ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას შეძენილი აქვს 2 284 336 ლარის ღირებულების საქონელი (აღნიშნულ თანხაში გათვალისწინებულია საბაჟო დეკლარაციაში დაფიქსირებული ღირებულება და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინვოისების თანხა, რომელიც მთლიანი საქონლის მოცულობის მნიშვნელოვან წილს შეადგენს). გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიას სმფ-ების ნაშთი არ გააჩნია, ხოლო რეალიზებული საქონლის 99%-ზე მეტი წარმოადგენს არადოკუმენტურს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი (58%). შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დაბეგვრას დაქვემდებარებული საქონლის მიწოდების ბრუნვა და გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
● კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილია გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციები ნულოვანი დეკლარაციები. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. გადასახადის გადამხდელმა ზეპირსიტყვიერად განმარტა, რომ საწარმოს არ გააჩნია დებიტორულ/კრედიტორული დავალიანება. საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის, ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშება შემოწმებამ განახორციელა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების გამოყენებით. შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელს დაუფიქსირდა დიდი ოდენობით არაგონივრული ნაშთი, რომლისთვისაც საწარმოს შესაბამისი კვალიფიკაცია არ ჰქონდა მინიჭებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის გამოვლენილი განკარგვადი თანხა, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების საფუძველზე, განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით 2025 წლის 23 იანვარს 12:00 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიას სმფ-ების ნაშთი არ გააჩნია, ხოლო რეალიზებული საქონლის 99%-ზე მეტი წარმოადგენს არადოკუმენტურს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი (58%). შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა, რომლის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელს დაუფიქსირდა დიდი ოდენობით არაგონივრული ნაშთი, რომელიც პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოსთვის საგადასახადო შემოწმების შედეგად 26%-იანი ფასნამატის გავრცელებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად ირკვევა, რომ მომჩივნის საგადასახადო შემოწმებისას გამოყენებულ იქნა სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის აუდირებული საცალო ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 58%. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული პოზიცია შეუსაბამოა შემოწმების მიერ დადგენილ გარემოებებთან, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა, ხოლო საჩივარში დაფიქსირებული ფასნამატი მიეკუთვნება საბითუმოდ მოვაჭრე საწარმოს ფასნამატს.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, დადგენილ ფასნამატს და აღნიშნულის შესაბამისად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიას სმფ-ების ნაშთი არ გააჩნია, ხოლო რეალიზებული საქონლის 99%-ზე მეტი წარმოადგენს არადოკუმენტურს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი. შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა, რომლის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელს დაუფიქსირდა დიდი ოდენობით არაგონივრული ნაშთი, რომელიც პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159