ბრძანება N 14640

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.06.2026
№ დოკუმენტი 14640
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 14640

30 ივნისი 2026

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

(მის.: „-------“)

2026 წლის 18 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 25 ივნისის სხდომაზე (ოქმი №56) განიხილა შპს „------“ (ს/ნ „------“) 2026 წლის 18 ივნისის №102962/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 29 მაისის №001-105 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფასნამატს. განმარტავს, რომ პროდუქციას ყიდის ბითუმად და რეალური ფასნამატი მერყეობს 5-10%-ის ფარგლებში. ასევე, მიუთითებს, რომ საქონლის შეძენის თანხა სრულად აქვს გადახდილი, ამასთან, არ ჰყავს დებიტორები და კრედიტორები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 მარტის №6353 და 22 აპრილის №8811 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“ (ს/ნ „------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის 17 სექტემბრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 27 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 29 მაისის №11766 ბრძანება და ამავე თარიღის №001-105 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 270 104 ლარი, მათ შორის, გადასახადი 175 563 ლარი, ჯარიმა 87 781 ლარი, საურავი 6 760 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „------“ დაფუძნებულია 2025 წლის 17 სექტემბერს. საწარმოს დამფუძნებელსა და დირექტორს წარმოადგენს ფ/პ „------“, ხოლო საქმიანობის საგანს წარმოადგენს ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობა ჭურჭლითა და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკით. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს იმპორტირებული აქვს 846 212 ლარის პროდუქცია. პირის დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 9 243 ლარს, ხოლო ბიუჯეტში გადახდილი თანხების ჯამი შეადგენს 152 004 ლარს. შემოწმების პროცესში მოთხოვნილი დოკუმენტაცია საწარმოს მიერ არასრულყოფილად არის წარმოდგენილი, რის გამოც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, №189680 ოქმის საფუძველზე დაჯარიმდა 400 ლარის ოდენობით. 2026 წლის 26 მარტის №6656 ბრძანების საფუძველზე საწარმოში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება სმფ-ების ნაშთი საბაზრო ღირებულებით 49 737 ლარის ოდენობით, დღგ-ის გარეშე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, საწარმოს მიერ იმპორტირებულ საქონელზე გავრცელდა სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი. შედეგად, გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 1 213 390 ლარით. ამასთან, ამავე მეთოდის გამოყენებით საწარმოში ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც დარჩენილი ფულადი სახსრების ნაშთი, 536 046 ლარი (გროსი) ჩაითვალა დირექტორზე, ფ/პ „------“-ზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, 159-ე, 163-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 2026 წლის 25 ივნისს 13:45 საათზე გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის 26 მარტის №6656 ბრძანების საფუძველზე საწარმოში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა სმფ-ების ნაშთი საბაზრო ღირებულებით 49 737 ლარის ოდენობით. ამასთან, შემოწმების მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია პირის მიერ არასრულყოფილად იქნა წარდგენილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, საწარმოს მიერ იმპორტირებულ საქონელზე გავრცელდა სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი. შედეგად, გაიზარდა გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, ამავე მეთოდის გამოყენებით საწარმოში ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც გამოვლენილი ფულადი სახსრების ნაშთი, რაც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

იმის გათვალისწინებით, რომ შემოწმებისათვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“ (ს/ნ „------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფასნამატს.

ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმო დაფუძნებულია 2025 წლის 17 სექტემბერს. საწარმოს დამფუძნებელსა და დირექტორს წარმოადგენს ფ/პ,ხოლო საქმიანობის საგანს ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობა.შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს იმპორტირებული აქვს 846 212 ლარის პროდუქცია. პირის დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 9 243 ლარს, ხოლო ბიუჯეტში გადახდილი თანხების ჯამი შეადგენს 152 004 ლარს.შემოწმების პროცესში მოთხოვნილი დოკუმენტაცია საწარმოს მიერ არასრულყოფილად არის წარმოდგენილი, რის გამოც სსკ-ის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,ოქმის საფუძველზე გადამხდელი დაჯარიმდა 400 ლარის ოდენობით.ასევე,საწარმოში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა, რის შედეგადაც გადამხდელს უფიქსირდება სმფ-ების ნაშთი საბაზრო ღირებულებით,დღგ-ის გარეშე.

შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.შედეგად, გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა.ამასთან,საწარმოში ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც დარჩენილი ფულადი სახსრების ნაშთი, ჩაითვალა დირექტორზე, გაცემულ ხელფასად. შედეგად, სსკ-ის 136-ე, 73-ე, 159-ე, 163-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),101,154,163,164.