გადაწყვეტილება №27362/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.06.2026
№ დოკუმენტი 27362/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27362/2/2026

19 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 18.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27362/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 7.10.2025 წლის №21579 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

დარიცხული თანხა: 901 717,61 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 500 452,73

დღგ - 292 183,2

მოგების გადასახადი - 24 788,83

საშემოსავლო გადასახადი - 183 480,7

ჯარიმა - 255 001,32

საურავი - 146 263,56

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის, საბანკოს ამონაწერების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური გვერდის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით (გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და სასაქონლო ზედნადებების ანალიზით) დადგინდა, რომ 2022 და 2024 წლებში სარემონტო მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავალი აღემატება კომპანიის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. აგრეთვე, 2022 წლის თებერვალში გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულია ბინა, რომელიც არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. გამოვლენილი სხვაობით დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

საწარმოს დამატებით განესაზღვრა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა 4 357 ლარის (1 924 ლარი ჩათვლა ადგილობრივი შეძენებზე და 2 430 ლარი 2022 წლის თებერვლის იმპორტზე გადახდილი დღგ) ოდენობით. ამასთან, 2022-2024 წლებში გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის შემცირებული 2 150 ლარის დღგ-ის ჩათვლა კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით.

2022 წლის მარტის თვეში შპს „-------“ სალაროდან ------- შიდა სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად გაცემულია ავანსის თანხა 370 000 ლარის ოდენობით. შპს „-------“ მიერ გამოწერილია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რაც დაბეგრილია 2022 წლის მარტის და აპრილის თვის დღგის ყოველთვიურ დეკლარაციებში, ხოლო ამავე პერიოდში ჩათვლილია შპს „-------“ მიერ. შპს „-------“ საქმიანობა არ უფიქსირდება 2022 წლის ივნისის შემდეგ (2025 წელს გარდაცვლილია დირექტორი), შესაბამისად, არ არის შესრულებული აღნიშნული სარემონტო სამუშაოები. შპს „-------“ მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია აღნიშნულ ოპერაციაზე (მომსახურების განხორციელების მოთხოვნა, სარჩელი სასამართლოში, ახსნა-განმარტება მომსახურების ვადაში შეუსრულებლობის შესახებ, სხვა სახის დოკუმენტაცია). საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების შესაბამისად, გაიზარდა ჩასათვლელი თანხა 2 207 ლარის ოდენობით, ამასთან, შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და 179-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ოპერაცია არ გახორციელდა, შპს „-------“ განხორციელებული ოპერაცია ჩაითვალა კორექტირებულად და შემცირდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული ჩათვლა 56 440 ლარის ოდენობით.

შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას შორის. კერძოდ, საბანკო ამონაწერებით დგინდება, რომ 2022-2024 წლებში დირექტორის მიერ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე საწარმოს ფულადი სახსრებით შეძენილია საწვავი, საკვები, მედიკამენტები და გადახდილია თანხები, თუმცა არ არის წარმოდგენილი ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტები. დირექტორის მიერ სავაჭრო ობიექტებზე გადახდილი თანხები საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

2024 წელს ------- და -------სესხის სახით გაცემულია 140 470 ლარი. შემოწმების პერიოდში არ არის მიღებული პროცენტის თანხა. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 2024 წელს გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. ამასთანავე, გაანგარიშდა აღნიშნული სესხის პროცენტის თანხა (20%), რომელიც საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაკვალიფიცირდა სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს სრულყოფილად ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, კერძოდ, პროექტების მიხედვით არ აქვს ჩამოწერილი შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. ამასთან, 2022-2025 წლებში შესრულებულია 2 477 324 ლარის სარემონტო სამუშაოები, ამავე პერიოდში შეძენილია 2 803 056 ლარის საქონელი და 1 845 385 ლარის რემონტის მომსახურება. საწარმოს კერძო შეკვეთების ფარგლებში სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები განხორციელებული აქვს გარკვეული ხელშეკრულებების მიხედვით განსაზღვრულ კონკრეტულ ობიექტებზე/მისამართებზე. საწარმოს მიერ შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაწილი, სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მონაცემებით, (კერძოდ: ტრანსპორტირების დასრულების ადგილის მიხედვით) გადატანილი აქვს ისეთ მისამართებზე, რომლებზეც პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად საწარმო არ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას. საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაწილი, რომელთა ტრანსპორტირების დასრულების ადგილი არ შეესაბამება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილს, შემოწმების შედეგად განხილულ იქნა მომსახურების მიწოდებად გადასახადის გადამხდელის მიერ სხვადასხვა პროექტებიდან მიღებული შემოსავლის და ამ მისამართებზე მიწოდებული სმფ-ით (რპთ) გაანგარიშებული ფასნამატით (საშუალოდ 20%).

ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს მოწესრიგებულ ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საწარმოს მიერ მიღებული ნაღდი ფულის დასათვლელად გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ბიუჯეტში გადახდილი თანხების ოდენობა), ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, საბაჟო დოკუმენტაცია, მიღება-ჩაბარების აქტები). 2022-2024 წლების შემოწმების მიერ დადგენილმა (გაზრდილმა) დღგ-ით დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა სულ 6 077 068 ლარი, ხოლო გაწეული ხარჯი განისაზღვრა წარმოდგენილი დოკუმენტების, აგრეთვე საბანკო ამონაწერის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, გადახდილი თანხების გათვალისწინებით. შემოწმების მიერ განისაზღვრა საწარმოში ნაშთად არსებული განკარგვადი თანხა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნაგანმარტებით, საწარმოს სალაროს ნაშთი არ გააჩნია. შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხა საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101- ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, თითოეული საანგარიშო პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგების და საშემოსავლო გადასახადები და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №086-26 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.10.2025 წლის №21579 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ფორმა 2-ები და მიღება-ჩაბარების აქტები);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 7.10.2025 წლის №21579 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 10.02.2026 წლის დასკვნის საფუძველზე, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 67 479 ლარი, მათ შორის, გადასახადი 48 978 ლარი, ჯარიმა 18 501 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 11.02.2026 წლის №086-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსხურში. შემოსავლების სამსახურის 4.05.2026 წლის №9695 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო დარიცხვები შემოწმების მიერ დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის არასწორად გაზრდამ გამოიწვია. მეხუთე საკითხის (დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის) დაზუსტების შემთხვევაში მნიშვნელოვნად შემცირდება სალაროში ფულის დანაკლისი; შემოწმების მიერ (1182061-212771) 969290 ლარი მიჩნეული იქნა სალაროს დანაკლისად (იხ. საკითხი 5), მაშინ როცა ამ ნაწილში - დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი უნდა შემცირებულიყო ნულამდე, და არც საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი არ იარსებებდა და სადავო დარიცხვებიც ამ ნაწილში ნულამდე უნდა შემცირებულიყო.

აღნიშნულის ნაცვლად შემოწმების მიერ დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის დღგ-ის თანხის შემცირებით მიღებული თანხა ჩაითვალა სალაროს დანაკლისად და ამ საფუძვლით დარიცხული იქნა სადავო თანხები ამ ნაწილში, რაც არასწორია. იმის გამო რომ არასწორად ეთქვა უარი გადამხდელს დღგ-თ დაბეგვრის ობიექტის შემცირების ნაწილში (საკითხი #5), შესაბამისად არც სადავო საკითხში (საკითხი №6) არ მოხდა სადავო დარიცხვების შემცირება. ფულის დანაკლისი გაზრდილია დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის არასწორად გაზრდის გამო, ამიტომ დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის (საკითხი 5) შემცირებასთან ერთად უნდა შემცირდეს სალაროში ფულის დანაკლისი, შესაბამისად, შემცირდება ამ ნაწილში გასაჩივრებულ აქტებში მითითებული სადავო დარიცხვებიც (იხ. სალაროს მოძრაობის მასალები - თან ერთვის).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 7.10.2025 წლის №21579 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ფორმა 2-ები და მიღება-ჩაბარების აქტები);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 7.10.2025 წლის №21579 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 10.02.2026 წლის დასკვნის საფუძველზე, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 67 479 ლარი, მათ შორის, გადასახადი 48 978 ლარი, ჯარიმა 18 501 ლარი.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი: შემოწმების მიერ სადავო საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ პერიოდში შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაზრდილია მხოლოდ სხვა მისამართებზე მიწოდებული სმფ-ის რეალიზაციის თანხით. გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა ემთხვევა საბუღალტრო პროგრამა ორისში ასახულს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშების ცხრილი ცალკეული ობიექტების მიხედვით განხორციელებული პროექტების შესაბამისად და დადგინდა, რომ 2022 წლის აპრილის და 2023 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდებში გადასახადის გადამხდელს არასწორად ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნულ თვეებში არ განხორციელებულა თანხის ჩარიცხვა, ხოლო ეა------- და ეა------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გაინაშთა ადრე ჩარიცხული თანხები. წარმოდგენილი დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად, შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და განკარგვადი თანხა.

გადასახადის გადამხდელმა წარადგინა შპს „-------“, შპს „-------“, შპს „-------“, შპს „-------“, შპს „-------“ ------- მიერ ხელმოწერილი ფორმა 2-ები, აგრეთვე, სამშენებლო მასალების ჩამოწერის აქტები. შპს „-------“ მეორე მხრიდან სამუშაოს შესრულება და მიღება-ჩაბარების აქტი არ არის დადასტურებული. ამასთან, წარმოდგენილი ფორმა 2-ებით ჩამოწერილი მასალების ღირებულება აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი სმფ-ის ოდენობას. დავის ეტაპზე წარდგენილი (საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებების შესწავლით არ გამოიკვეთა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების სათანადო საფუძველი. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით პირველი და მე-5 სადავო საკითხების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდა შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხის შემცირება.

საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა მიმდინარე პროექტებისთვის შეძენილი მასალების რეალიზება, ვინაიდან აღნიშნული მასალები ზედნადებების მიხედვით სხვა მისამართებზეა მიტანილი. ტექნიკურად ზედნადების გამოწერის დროს დაშვებულია შეცდომა და არასწორადაა მითითებული მისამართი.

მომჩივანს დავის წარმოების ეტაპზე არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შემოსავლების სამსახურის 7.10.2025 წლის №21579 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 7.10.2025 წლის №21579 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ სადავო საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ პერიოდში შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაზრდილია მხოლოდ სხვა მისამართებზე მიწოდებული სმფ-ის რეალიზაციის თანხით. გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა ემთხვევა საბუღალტრო პროგრამა ორისში ასახულს. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშების ცხრილი ცალკეული ობიექტების მიხედვით განხორციელებული პროექტების შესაბამისად და დადგინდა, რომ 2022 წლის აპრილის და 2023 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდებში გადასახადის გადამხდელს არასწორად ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნულ თვეებში არ განხორციელებულა თანხის ჩარიცხვა, ხოლო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გაინაშთა ადრე ჩარიცხული თანხები. წარმოდგენილი დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად, შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და განკარგვადი თანხა.

საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა მიმდინარე პროექტებისთვის შეძენილი მასალების რეალიზება, ვინაიდან აღნიშნული მასალები ზედნადებების მიხედვით სხვა მისამართებზეა მიტანილი. ტექნიკურად ზედნადების გამოწერის დროს დაშვებულია შეცდომა და არასწორადაა მითითებული მისამართი. მომჩივანს დავის წარმოების ეტაპზე არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შემოსავლების სამსახურის 7.10.2025 წლის №21579 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)