გადაწყვეტილება №22636/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12.08.2024
№ დოკუმენტი 22636/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22636/2/2024

12 აგვისტო 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------------ე (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -----ის 21.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №22636/2/2024; №22654/2/2024).

 

დავის საგანი:

1. სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელი პირებისთვის გაწეული მომსახურების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად მიჩნევა და დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრის მართლზომიერება;

2. ქონების გადასახადის გაანგარიშების მართლზომიერება;

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2023 წლის №006-641 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 7.03.2024 წლის №5068 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 767 412,95 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 436 394

დღგ - 293 373

საშემოსავლო გადასახადი - 142 781

ქონების გადასახადი - 240

ჯარიმა - 153 016

საურავი - 178 002,95

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.05.2023 წლამდე პერიოდი.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2023 წლის №006-641 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 7.03.2024 წლის №5068 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (საჩივარი №22636/2/2024). მომჩივნის მიერ 22.03.2024 წელს წარმოდგენილია დაზუსტებული საჩივარი (№22654/2/2024).

 

სადავო საკითხები:

1. სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელი პირებისთვის გაწეული მომსახურების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად მიჩნევა და დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ----ის სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №---- საქმეზე. ი/მ ------ძე (ს/ნ ----) გადამხდელად რეგისტრირებული იყო 2021 წლის 15 დეკემბრიდან, ხოლო 2022 წლის პირველი იანვრიდან მინიჭებული აქვს მცირე მეწარმის სტატუსი. გადამხდელი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფერო განსაზღვრული არ არის. საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების და გადამხდელის საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ ი/მ ------ძე ახორციელებდა სხვადასხვა მარკეტინგული მომსახურების (მათ შორის „სტრიმინგის“ მომსახურების) გაწევას კერძო კომპანიებთან. შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, მესამე მხარეებისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია და მასალები ი/მ ------ძის მიერ გაწეულ მომსახურებებთან/ანაზღაურებულ თანხებთან (მათ შორის „სტრიმინგის მომსახურების“ ნაწილში) დაკავშირებით. მესამე მხარეებისგან მოწოდებული ინფორმაციების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების/ინვოისების და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ ი/მ -------ძე ხელშეკრულებების საფუძველზე (ხელშეკრულება სარეკლამო მომსახურების გაწევის თაობაზე; „სტრიმინგის“ მომსახურების ხელშეკრულება) „სტრიმინგის“ მომსახურებას უწევს სისტემურელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელ პირებს.

„სტრიმინგი“ გულისხმობს დამკვეთების (სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელი პირები) საკუთრებაში არსებული სავაჭრო ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით (მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მოზიდვა) „სტრიმინგის“ გრაფიკის შესაბამისად, ე.წ. „ლაივ სტრიმის“ განხორციელებას (სლოტ თამაშების პირდაპირი ეთერით ტრანსლირება). მოთამაშეს დამკვეთის ვებგვერდზე რეგისტრირებულ სათამაშო ანგარიშზე, დამკვეთის მიერ ერიცხებოდა გარკვეული თანხა სათამაშოდ. აღნიშნული თანხა წარმოადგენდა სტრიმერის თამაშობის მოწყობისათვის საჭირო სახსრებს, რის განკარგვასაც სტრიმერი ახდენდა მის მიერ შერჩეულ სლოტ თამაშებში. გარდა სტრიმინგით გაწეული მომსახურებისა ფიზიკური პირი სხვადასხვა კერძო კომპანიებს უწევდა მარკეტინგულ და სარეკლამო მომსახურებებს. აღნიშნულ ნაწილში პირის მიერ წარმოდგენილი იყო მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები (არასრულყოფილად), 2020 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო 2021 წლის დეკლარაცია ნულოვანია.

საგადასახადო კოდექსის 159-ე, 164-ე და 165-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განსაზღვრული იქნა მეწარმის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი მომსახურების, მათ შორის „სტრიმინგის“ მომსახურების გაწევის შედეგად დასაბეგრი ოპერაციების (სისტემურელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელი პირებისგან მიღებული თანხები, რაც შემოწმებამ განიხილა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად) თანხა, ამასთან მესამე მხარეებისგან მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზით დადგინდა, რომ შპს „------თან“ (ს/ნ ------) არსებული ხელშეკრულების შესაბამისად მომსახურების გაწევა ხდებოდა 2019 წლის ივლისიდან 2020 წლის ივლისამდე პერიოდში, რომლის შედეგად ანაზღაურებული თანხა 2020 წლის იანვრამდე უკვე აჭარბებდა 100 000 ლარს, შედეგად გადასახადის გადამხდელს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან, 2020 წლის პირველი იანვრიდან. მეწარმეს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

მესამე მხარეებისგან მოწოდებული ინფორმაციის, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების/ინვოისების და გადამხდელის საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განსხვავდებოდა შემოწმებით დადგენილისაგან. საგადასახადო კოდექსის მე-100 და 90-ე მუხლების გათვალისწინებით პირს წარმოეშვა საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გადამხდელს დაერიცხა გადასახადი (როგორც წლიური, ასევე ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადი) და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-9, მე-16, 491 , 79-ე, მე-80, მე100, 102-ე, 90-ე, 93-ე მუხლებზე, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლზე,საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე, 160-ე, 161-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 168-ე, 43-ე მუხლებზე და შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების მიერ, მესამე მხარეებისგან გამოთხოვილი ინფორმაციის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების/ინვოისების და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ ი/მ ------ძეს ხელშეკრულებების საფუძველზე (ხელშეკრულება სარეკლამო მომსახურების გაწევის თაობაზე; „სტრიმინგის“ მომსახურების ხელშეკრულება) „სტრიმინგის“ მომსახურებას უწევდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელ პირებს. „სტრიმინგი“ გულისხმობს დამკვეთების საკუთრებაში არსებული სავაჭრო ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით (მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მოზიდვა) სტრიმინგის გრაფიკის შესაბამისად, „ლაივ სტრიმის“ განხორციელებას (სლოტ თამაშების პირდაპირი ეთერით ტრანსლირება). მოთამაშეს დამკვეთის ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ სათამაშო ანგარიშზე, დამკვეთის მიერ ერიცხებოდა გარკვეული თანხა სათამაშოდ. აღნიშნული თანხა წარმოადგენდა „სტრიმერის“ თამაშობის მოწყობისათვის საჭირო სახსრებს, რის განკარგვასაც „სტრიმერი“ ახდენს მის მიერ შერჩეულ სლოტ თამაშებში. შესაბამისად, შემოწმების შედეგად მეწარმის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი მომსახურების, მათ შორის „სტრიმინგის“ მომსახურების გაწევის შედეგად დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხები განისაზღვრა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელი პირებისგან სათამაშოდ მიღებული თანხების ოდენობით. ამასთან, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან საგადასახადო შემოწმების მიერ დადგენილი და გადამხდელის მიერ დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, პირს წარმოეშვა საშემოსავლო გადასახადის (როგორც წლიური, ასევე, ყოველთვიური) დამატებით გადახდის ვალდებულება.

შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს შემდეგი სახის ოპერაციას, კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელი პირის მიერ ჩარიცხული თანხის სანაცვლოდ ფიზიკურ პირს ეკისრება გარკვეული სახის მოქმედების შესრულება და ამ მოქმედების შესრულება ხდება ფიზიკური პირის მხრიდან „სტრიმერის“ თამაშობის მოწყობით. შესაბამისად, სახეზეა მომსახურების გაწევა, რაც კანონმდებლობის მიხედვით წარმოადგენს დასაბეგრ ოპერაციას.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით საგადასახადო ორგანომ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განსაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან - 1.01.2020 წლიდან, ანუ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა (100 000 ლარიანი ზღვარი) დაადგინა (გაიანგარიშა) ხანდაზმული პერიოდიდან.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის და მის შესაბამისად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განსაზღვროს 1.01.2020 წლიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხიდან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ი/მ ------ძე 2021 წლის 15 დეკემბრიდან რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ. ხოლო 2022 წლის იანვრიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. შესამოწმებელ პერიოდში დღგის გადამხდელად არ იყო რეგისტრირებული. საქმიანობის სფერო - მარკეტინგული მომსახურება. ი/მ -------ძე რეგისტრაციიდან კეთილსინდისიერად ასრულებდა სსკ-ით გათვალისწინებულ ყველა საგადასახადო ვალდებულებას.

სტრიმინგისთვის ფიზიკური პირის სათამაშო ბარათზე ჩარიცხული ბალანსის მეწარმის ერთობლივ შემოსავალში ჩართვა მოკლებულია სამართლებრივ არგუმენტებს. სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელი პირის მიერ სათამაშო ბარათზე სათამაშოდ დარიცხული ბალანსი არ წარმოადგენს მომსახურების ანაზღაურებას და არ უნდა დაკვალიფიცირდეს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლად. ის სრულად იხარჯება გრაფიკის შესაბამისად სლოტ თამაშების პირდაპირი ეთერით ტრანსლირების დროს და განკუთვნილია სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელი პირების საკუთრებაში არსებული სავაჭრო ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და მოზიდვისთვის. აღნიშნული ბალანსის განკარგვის უფლება მოთამაშეებს ხელშეკრულების შესაბამისად არ ჰქონდათ.

იმ შემთხვევაში თუკი არ მოხდება ზემოთ მოცემული საკითხის დაკმაყოფილება და ი/მ ------ძის მიერ „სტრიმინგის“ განხორციელება მაინც დაკვალიფიცირდება დასაბეგრ ოპერაციებად, მაშინ უფრო დეტალურად უნდა განისაზღვროს დასაბეგრი ბაზა. კერძოდ, -----ძის მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებად შესაძლოა ჩაითვალოს მის მიერ საბანკო ანგარიშზე გადატანილი თანხები, რისი ოდენობაც მკაცრად განსაზღვრულია ხელშეკრულების შესაბამისად თითოეული ხელშეკრულებით და არა სათამაშოდ ჩარიცხული ბალანსი. მაგალითად, -----ძეს სისტემურ-ელექტრონული თამაშობის განმახორციელებელი პირების მიერ სათამაშო ბარათზე სათამაშოდ დარიცხული ბალანსი ერიცხება ყოველთვის იმაზე მეტი, ვიდრე მას მოგების შედეგად გატანის უფლება აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლიმიტების შესაბამისად. შემოწმების შედეგად კი შემოსავლად მიჩნეულია სათამაშო ბარათზე დარიცხული თანხები, რაც ჩართული იქნა ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგრა დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით. შესაბამისად, არ ვეთანხმებით შემოწმების მიერ სათამაშო ანგარიშზე განთავსებული სტრიმინგისთვის განკუთვნილი ბალანსის ერთობლივ შემოსავალში ჩართვას და დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვას.

იმ პერიოდში რა პერიოდზეც შემოწმებამ დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განუსაზღვრა ------ძეს, ის არ იყო რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად. გადამხდელად დარეგისტრირებამდე სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ორ კომპანიაში ხელშეკრულებით, საიდანაც მიღებული შემოსავლები შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებად. აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქმიანობა, მიუხედავად ხელშეკრულების სახელწოდებისა, უთანაბრდება შრომით საქმიანობას, დასაქმებულს ევალებოდა კვირაში 6 დღე, 2 საათიანი სამუშაო გრაფიკით პირდაპირი ჩართვების ტრანსლირება მოეხდინა. ანაზღაურების გადამხდელი კომპანიები ვალდებულები იყვნენ განეხორციელებინათ განაცემის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან სსკ-ის 154-ე მუხლის შესაბამისად. სწორედ ამ განაცემების ეკონომიკურ საქმიანობად დაკვალიფიცირებამ გამოიწვია -------ძის დღგ-ის რეგისტრაციის დადგომის ვალდებულება, რაც არამართლზომიერია.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 7 მარტის №5068 ბრძანებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ, საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ (რაზეც, ჯერ კიდევ არ გამოცემულა კორექტირებული საგადასახდო მოთხოვნა და აუდიტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გაანგარიშებაზე) რასაც არ ვეთანხმებით. ვითხოვთ ჩვენს მიერ საჩივარში დასმული ყველა საკითხის სრულად შესწავლას და შესწავლის შედეგად სრულად შემცირებას არამართლზომიერად დარიცხული გადასახადების. ზემოთხსენებული არგუმენტებზე დაყრდნობით, სსკ-ის 298-ე მუხლის საფუძველზე, სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობის და მიუკერძოებლობის პრინციპიდან გამომდინარე ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ უნდა მოახდინოს, №006-641 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების გადაანგარიშება, ასევე გთხოვთ რომ საჩივარი გადამხდელის წარმომადგენლის გარეშე არ განიხილოთ.

გადამხდელად დარეგისტრირებამდე სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ორ კომპანიაში ხელშეკრულებით, საიდანაც მიღებული შემოსავლები შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებად. აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქმიანობა, ისევე როგორც შემდგომ პერიოდში სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელი პირებთან თანამშრომლობა, მიუხედავად ხელშეკრულების სახელწოდებისა, უთანაბრდება შრომით საქმიანობას, დასაქმებულს ევალებოდა კვირაში 6 დღე, 2 საათიანი სამუშაო გრაფიკით პირდაპირი ჩართვების ტრანსლირება მოეხდინა. შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდზე --------ძის მიერ განხორციელდა მტკიცებულების დოკუმენტის შევსება იმის განსასაზღვრად აღნიშნულ კომპანიებთან თანამშრომლობა წარმოადგენდა დაქირავებით მუშაობას თუ მომსახურების გაწევას, რის შედეგადაც გამოიკვეთა რომ მათთან თანამშრომლობა დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად, შესაბამისად ანაზღაურების გადამხდელი კომპანიები ვალდებულები იყვნენ განეხორციელებინათ განაცემის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან სსკ-ის 154-ე მუხლის შესაბამისად.

მომჩივანი 22.03.2024 წელს წარმოდგენილ დაზუსტებულ საჩივარში (№22654/2/2024) მიუთითებს, რომ სტრიმინგისთვის ფიზიკური პირის სათამაშო ბარათზე ჩარიცხული ბალანსის მეწარმის ერთობლივ შემოსავალში ჩართვა მოკლებულია სამართლებრივ არგუმენტებს. სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელი პირის მიერ სათამაშო ბარათზე სათამაშოდ დარიცხული ბალანსი არ წარმოადგენს მომსახურების ანაზღაურებას და არ უნდა დაკვალიფიცირდეს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლად. ის სრულად იხარჯება გრაფიკის შესაბამისად სლოტ თამაშების პირდაპირი ეთერით ტრანსლირების დროს და განკუთვნილია სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელი პირების საკუთრებაში არსებული სავაჭრო ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და მოზიდვისთვის. აღნიშნული ბალანსის განკარგვის უფლება მოთამაშეებს ხელშეკრულების შესაბამისად არ ჰქონდათ. იმ შემთხვევაში თუკი არ მოხდება ზემოთ მოცემული საკითხის დაკმაყოფილება და ი/მ -------ძის მიერ სტრიმინგის განხორციელება მაინც დაკვალიფიცირდება დასაბეგრ ოპერაციებად, მაშინ უფრო დეტალურად უნდა განისაზღვროს დასაბეგრი ბაზა. კერძოდ, ------ძის მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებად შესაძლოა ჩაითვალოს მის მიერ საბანკო ანგარიშზე გადატანილი თანხები, რისი ოდენობაც მკაცრად განსაზღვრულია ხელშეკრულების შესაბამისად თითოეული ხელშეკრულებით და არა სათამაშოდ ჩარიცხული ბალანსი. მაგალითად, -------ძეს სისტემურ-ელექტრონული თამაშობის განმახორციელებელი პირების მიერ სათამაშო ბარათზე სათამაშოდ დარიცხული ბალანსი ერიცხება ყოველთვის იმაზე მეტი, ვიდრე მას მოგების შედეგად გატანის უფლება აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლიმიტების შესაბამისად. შემოწმების შედეგად კი შემოსავლად მიჩნეულია სათამაშო ბარათზე დარიცხული თანხები, რაც ჩართული იქნა ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგრა დღგ-თი და საშემოსავლო გადასახადით. შესაბამისად, არასწორია შემოწმების მიერ სათამაშო ანგარიშზე განთავსებული სტრიმინგისთვის განკუთვნილი ბალანსის ერთობლივ შემოსავალში ჩართვა და დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ იმ პერიოდში რა პერიოდზეც შემოწმებამ დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განუსაზღვრა -----ძეს, ის არ იყო რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად. გადამხდელად დარეგისტრირებამდე სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ორ კომპანიაში ხელშეკრულებით, საიდანაც მიღებული შემოსავლები შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებად. აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქმიანობა, ისევე როგორც შემდგომ პერიოდში სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელი პირებთან თანამშრომლობა, მიუხედავად ხელშეკრულების სახელწოდებისა, უთანაბრდება შრომით საქმიანობას, დასაქმებულს ევალებოდა კვირაში 6 დღე, 2 საათიანი სამუშაო გრაფიკით პირდაპირი ჩართვების ტრანსლირება მოეხდინა. შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდზე -----ძის მიერ განხორციელდა მტკიცებულების დოკუმენტის შევსება იმის განსასაზღვრად აღნიშნულ კომპანიებთან თანამშრომლობა წარმოადგენდა დაქირავებით მუშაობას თუ მომსახურების გაწევას, რის შედეგადაც გამოიკვეთა რომ მათთან თანამშრომლობა დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად, შესაბამისად ანაზღაურების გადამხდელი კომპანიები ვალდებულები იყვნენ განეხორციელებინათ განაცემის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან სსკ-ის 154-ე მუხლის შესაბამისად. სწორედ ამ განაცემების ეკონომიკურ საქმიანობად დაკვალიფიცირებამ გამოიწვია ------ძის დღგის რეგისტრაციის დადგომის ვალდებულება, რაც არამართლზომიერია. ზემოთ განხილული თემის განხილვის შედეგად უნდა მოხდეს ქონების გადასახადის მიზნებისათვის შემოსავლის გადაანგარიშება. ი/მ ------ძის მიზანი არ არის გადასახადებისგან თავის არიდება, თანხის დარიცხვა ძირითადად გამოწვეულია შეცდომით და არცოდნით, აღნიშნულიდან გამომდინარე სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ითხოვს შეუმცირდეს გადაანგარიშების შემდეგ დარჩენილი სანქციები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევად განიხილება პირის მიერ სხვა პირისთვის მისივე ნებით, კომპენსაციის სანაცვლოდ ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:

ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;

ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;

გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლების განმარტებით, სტრიმინგისთვის ფიზიკური პირის სათამაშო ბარათზე ჩარიცხული ბალანსის მეწარმის ერთობლივ შემოსავალში ჩართვა მოკლებულია სამართლებრივ არგუმენტებს. სათამაშო ბარათზე სათამაშოდ დარიცხული ბალანსი არ წარმოადგენს მომსახურების ანაზღაურებას და არ უნდა დაკვალიფიცირდეს ეკონომიკურ საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლად. სათამაშოდ დარიცხული ბალანსი სრულად იხარჯება გრაფიკის შესაბამისად სლოტ თამაშების პირდაპირი ეთერით ტრანსლირების დროს და აღნიშნული ბალანსის განკარგვის უფლება მოთამაშეს ხელშეკრულების შესაბამისად არ ჰქონდა, მოთამაშე იღებდა კონკრეტულ ანაზღაურებას. ამასთან, ინფორმირებული იყო, რომ კომპანია ადეკლარირებდა და იხდიდა ამ ოპერაციის შედეგად კანონმდებლობით განსაზღვრულ გადასახადს. მხარეებს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება გავს შრომით ურთიერთობას, რადგან შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდზე შეავსეს ე.წ. კითხვარი და მიღებული შედეგით მხარეებს შორის ურთიერთობა დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად. იმ შემთხვევაში თუკი არ მოხდება ზემოთ მოცემული საკითხის დაკმაყოფილება და „სტრიმინგის“ განხორციელება მაინც დაკვალიფიცირდება ეკონომიკურ საქმიანობად, მაშინ უფრო დეტალურად უნდა განისაზღვროს დასაბეგრი ბრუნვა. კერძოდ,გაწეული მომსახურების სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებად შესაძლოა ჩაითვალოს მის მიერ საბანკო ანგარიშზე გადატანილი თანხები, რისი ოდენობაც მკაცრად განსაზღვრულია ხელშეკრულების შესაბამისად და არა სათამაშოდ ჩარიცხული ბალანსი. ხელშეკრულებაში ასევე გაწერილია რა ხდება მოგების და წაგების დროს, ასევე, კვირაში რამდენი დღე უნდა ეთამაშა, დღეში რამდენი საათი. ხელშეკრულების ვადა განსაზღვრულია 10 თვით და ამავე ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული ლიმიტით თვეში 90 000 ლარზე მეტი არ უნდა გაეტანა (გადაეტანა საბანკო ანგარიშზე) და ზუსტად მის მიერ ასეთი სახით გატანილი თანხა 10 თვეში შეადგენს 900 000 ლარს, იმ პირობებში როდესაც კომპანიის მიერ ბალანსზე სათამაშოდ ჩარიცხულია 1 000 000 ლარზე მეტი. ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებასაც, რომ აღნიშნული თანხა გამოაქვს, როგორც მოთამაშეს ანუ მოგებული თანხიდან უკავდება გატანის საკომისიო. ამიტომ გაცნობიერებული ჰქონდა, რომ გადასახადი რაც ეკუთვნოდა სრულად იყო გადახდილი კომპანიის მიერ და გაუცნობირებლად თუ განახორციელა ქმედება უნდა ჩაითვალოს საპატიოდ.

მომჩივნის არგუმენტებზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლების განმარტებით, ხელშეკრულებაში ცალსახად მითითებულია, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა მომსახურების გაწევის ოპერაციაა. შემოწმების პროცესში მოხდა კითხვარის შევსება და დაკვალიფიცირდა მომსახურების გაწევად, რაც შეეხება საჩივრისთვის დართულ შევსებულ კითხვარს არასწორად არის (გაცემული პასუხები) აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები. რაც შეეხება, დასაბეგრ თანხას საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა მისაღები საკომპენსაციო თანხა, კერძოდ, ბალანსზე ჩარიცხული თანხა რის სანაცვლოდაც მოხდა მომსახურების გაწევა.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო ადგენს, რომ კომპანია მის ვებგვერდზე რეგისტრირებული მოთამაშის სათამაშო ანგარიშზე სათამაშოდ დებს გარკვეულ თანხას და აღნიშნული თანხა წარმოადგენს სტრიმერის თამაშის მოწყობისთვის აუცილებელ სახსრებს, რომელსაც სტრიმერი განკარგავს მის მიერ შერჩეულ სლოტ თამაშებში (აღნიშნული თანხის გამოყენება მკაცრად არის განსაზღვრული მხოლოდ თამაშებში გამოსაყენებლად). გაწეული მომსახურების სანაცვლოდ სტრიმერს შეუძლია გაანაღდოს თამაშების შედეგად მოგებული თანხა ხელშეკრულებით განსაზღვრული ლიმიტების შესაბამისად. ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის მიერ მიწოდებული სტრიმინგის სერვისი, რაც გულისხმობდა ლაივ სტრიმის განხორციელებას (სლოტ თამაშების პირდაპირი ეთერით ტრანსლირება), მომხმარებლების მოზიდვისა და კომპანიის საქმიანობის ხელშეწყობისთვის, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლით წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. ხოლო, რაც შეეხება, დასაბეგრ თანხას საშემოსავლო და დღგ-ის მიზნებისათვის, აღნიშნული უნდა გაანგარიშდეს მომსახურების გამწევი პირის მიერ მომსახურების გაწევის შედეგად ფაქტობრივად მიღებული თანხიდან.

ამდენად, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ მიწოდებული სტრიმინგის სერვისისთვის მიღებული კომპენსაცია წარმოადგენს მომსახურების გაწევის შედეგად მიღებულ ანაზღაურებას, რა დროსაც საშემოსავლო გადასახადის და დღგ-ის მიზნებისათვის მიღებულ შემოსავალს/დასაბეგრ თანხას წარმოადგენს მომსახურების გამწევი პირის მიერ მომსახურების გაწევის შედეგად ფაქტობრივად მიღებული თანხა. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, აღნიშნულის შესაბამისად მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

2. ქონების გადასახადის გაანგარიშების მართლზომიერება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

ი/მ -------ეს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საკუთრებაში უძრავი/მოძრავი დასაბეგრი ქონება. მეწარმის მიერ შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციების მიხედვით, დასაბეგრი ქონების ღირებულება დეკლარირებული აქვს 0 (ნული) ლარი. შემოწმებით შესწავლილ იქნა პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები. საგადასახადო კოდექსის 201-ე და 205-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა გადამხდელის საკუთრებაში რიცხული დასაბეგრი ქონების ღირებულება. შედეგად საზოგადოებას დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე, 205-ე და 43-ე მუხლებზე.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში საკუთრებაში უფიქსირდებოდა დასაბეგრი ქონება. გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით, დასაბეგრი ქონების ღირებულება დეკლარირებული ჰქონდა 0 (ნული) ლარი. პირს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ზემოთ განხილული თემის განხილვის შედეგად გთხოვთ მოახდინოთ ქონების გადასახადის მიზნებისათვის შემოსავლის გადაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის, ამ მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ:

ა) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, გარდა ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან;

გ) დარიცხული ხელფასი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ქონების გადასახადის ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გაითვალისწინოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად გაანგარიშებული დასაბეგრი შემოსავალი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ქონების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით 81 493 ლარი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 71 524 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2023 წლის №006-641 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 178 002,95 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე, 282-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ი/მ ------ის მიზანი არ არის გადასახადებისგან თავის არიდება, თანხის დარიცხვა ძირითადად გამოწვეულია შეცდომით და არცოდნით, აღნიშნულიდან გამომდინარე სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ითხოვს შემცირდეს გადაანგარიშების შემდეგ დარჩენილი სანქციები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან დღგ-ის ნაწილში სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით. იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, უნდა გათავისუფლდეს დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 7.03.2024 წლის №5068 ბრძანება;

3. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან;

4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელი პირებისთვის გაწეული მომსახურების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად მიჩნევა და დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრის მართლზომიერება;

2. ქონების გადასახადის გაანგარიშების მართლზომიერება;

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.05.2023 წლამდე პერიოდი.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №006-641 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №5068 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ მიწოდებული სტრიმინგის სერვისისთვის მიღებული კომპენსაცია წარმოადგენს მომსახურების გაწევის შედეგად მიღებულ ანაზღაურებას, რა დროსაც საშემოსავლო გადასახადის და დღგ-ის მიზნებისათვის მიღებულ შემოსავალს/დასაბეგრ თანხას წარმოადგენს მომსახურების გამწევი პირის მიერ მომსახურების გაწევის შედეგად ფაქტობრივად მიღებული თანხა. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, აღნიშნულის შესაბამისად მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ხოლო,ქონების გადასახადის ნაწილში სადავო საკითხის საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გაითვალისწინოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად გაანგარიშებული დასაბეგრი შემოსავალი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ქონების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან,მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, უნდა გათავისუფლდეს დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 88(3); 90(1,3); 100(1); 102(1„ა“); 159(1„ა“); 163(1,2); 164(1); 168(1); 202(5.6); 269(7) ; 282(1);