გადაწყვეტილება №24378/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.02.2025
№ დოკუმენტი 24378/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24378/2/2024

06 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 2.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24378/2/2024).

 

დავის საგანი:

საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2024 წლის №024-45 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.10.2024 წლის №22605 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 526 420,84 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 330 471

დღგ - 84 403

საშემოსავლო გადასახადი - 246 068

ჯარიმა - 164 085

საურავი - 31 864,84

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 24.06.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 13.05.2022 წლიდან 23.04.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს შემოწმების ფარგლებში საგადასახადო ორგანოსთვის არ წარმოუდგენია ბუღალტრული პროგრამა და აღრიცხვა-ანგარიშგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ასევე, საბანკო ამონაწერები და ცნობები ანგარიშების შესახებ.

კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გამოწერილი აქვს 2 სასაქონლო ზედნადები 3 280 ლარის ოდენობის საქონელზე. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში მის მიერ იმპორტის გზით შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 1 453 678 ლარი. საწარმოს, წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით, დეკლარირებული აქვს ჯამში 1 388 636 ლარის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით არ დგინდება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომპანიის დოკუმენტური ფასნამატი. ამასთან, არ არის ცნობილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის არსებობის შესახებ. გადასახადის გადამხდელს 2023 წლის აპრილის თვის შემდგომ პერიოდზე არ უფიქსირდება იმპორტის საბაჟო დეკლარაციების გზით საქონლის შემოტანა, ასევე, დოკუმენტურად არ ფიქსირდება საქონლის ადგილობრივი შეძენა.

აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასი, მსგავს დასახელებისა და იდენტური სარეალიზაციო ბაზარზე არსებული საქონლის ფასნამატები შესაბამის ჯგუფებად, რომლის მიხედვით საშუალო ფასნამატმა შეადგინა 53,27%. აღნიშნულის გათვალისწინებით, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში დეკლარირებული მონაცემების პროპორციულად.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და საარქივო სამსახურის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიის მიერ იმპორტის გზით შემოტანილი საქონლის რეალიზაციის შედეგად განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლები, შემცირდა დოკუმენტური დანახარჯებით, ხოლო იმპორტირებული საქონლის ღირებულებების ნაწილში არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება, ჩეკი, ქვითარი და ა.შ) შემოწმების ფარგლებში არ წარმოდგენილა, ორგანიზაციას საბანკო ამონაწერებით არ უფიქსირდება იმპორტის გზით შემოტანილი საქონლის ღირებულების გადახდა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ იძებნება მონაცემები ფულადი სახსრების გატანასთან დაკავშირებული დეკლარაციების შესახებ. არ წარმოუდგენია არარეზიდენტ კომპანიასთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები და კრედიტორული დავალიანების არსებობა/არარსებობის შესახებ ინფორმაცია. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული საქონლის უსასყიდლოდ მიღების ან/და მისთვის დავალიანების პატიების ფაქტი დადგენილი არ არის, შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად, კომპანიის მიერ იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად და აღნიშნული ოდენობა გათვალისწინებულ იქნა ფულადი საშუალებების გამოანგარიშების ნაწილში.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით განისაზღვრა ფულადი საშუალების ნაშთი საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის. შემოწმების პროცესში კომპანიას არ წარუდგენია რაიმე სახის ინფორმაცია დებიტორული/კრედიტორული ნაშთისა და სალაროში ფულადი საშუალების ნაშთის შესახებ. ვინაიდან დადგენილი ფულადი საშუალების ნაშთის სალაროში არსებობის ან ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი არ დგინდება, აღნიშნული ფულადი ნაშთი განისაზღვრა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. კომპანიას განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2024 წლის №024-45 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.10.2024 წლის №22605 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია ბუღალტრული პროგრამა, აღრიცხვა-ანგარიშგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ასევე, საბანკო ამონაწერები და ცნობები ანგარიშების შესახებ. შესაბამისად, შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, განსაზღვრა აუდირებული ფასი, მსგავსი დასახელებისა და იდენტურ სარეალიზაციო ბაზარზე არსებული საქონლის ფასნამატები დააჯგუფა შესაბამის ჯგუფებად, რომლის მიხედვით საშუალო ფასნამატმა შეადგინა 53,27% და განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში დეკლარირებული მონაცემების პროპორციულად. ამასთან, შემოწმებით ჩატარდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რომლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს საბანკო ამონაწერებით არ უფიქსირდება იმპორტის გზით შემოტანილი საქონლის ღირებულების გადახდა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ იძებნება ინფორმაცია ფულადი სახსრების გატანასთან დაკავშირებული სავალუტო დეკლარაციების შესახებ. ასევე, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია არარეზიდენტ კომპანიასთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები და კრედიტორული დავალიანების არსებობა/არარსებობის შესახებ ინფორმაცია. შედეგად, კომპანიის მიერ იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო გაანგარიშებული ფულის ნაშთი ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, აუდირებული ფასნამატის გამოყენება, კერძოდ, მსგავსი დასახელებისა და იდენტურ სარეალიზაციო ბაზარზე არსებული საქონლის ფასნამატების დაჯგუფება შესაბამის ჯგუფებად და საშუალო ფასნამატის გაანგარიშება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ხოლო, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის საქმიანობაა საბითუმო და საცალო ვაჭრობა ქალის, ბავშვისა და მამაკაცის ტანსაცმლით. შესამოწმებელ პერიოდში ჩინეთიდან და თურქეთიდან შემოაქვს საქონელი, პროდუქციაზე ფასნამატი განსაზღვრულია საბითუმო და საცალო პოზიციაზე 5-10% ოდენობით. საქონლის რეალიზაცია ხდება ბითუმად, შესაბამისად, რეალიზებული საქონლის ფასნამატი საბაზრო პირობებიდან გამომდინარე დაბალია საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე, ასევე ზემოთაღნიშნული ფასნამატი გამოწვეულია არსებული კონკურენციით.

არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. საქმიანობიდან გამომდინარე არ არის გათვალისწინებული შემდეგი გარემოებები: 1. არასწორად არის გამოთვლილი ფასნამატის პროცენტი (არ არის გათვალისწინებული/შედარებითი მეთოდით რეალიზებული პროდუქციის სასაქონლო ზედნადებები); 2. არასწორად არის გამოთვლილი ფასნამატის პროცენტი (არ არის გათვალისწინებული ქრონომეტრაჟი); 3. იმპორტირებულ საქონელზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ჩეკები, გადახდის ქვითრები და სხვა) წარმოადგინეს.

გამოვლენილი საქონლის რეალიზაციის თანხით გაიზარდა მისაღები შემოსავალი. დღგ-ის ჭრილში შემოწმებით მიღებული დამატებით დასაბეგრი შემოსავალი გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვების პროპორციულად, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი, რომელიც შესაბამის პერიოდში დაიბეგრა საზოგადოების დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გამოწერილი აქვს 2 სასაქონლო ზედნადები 3 280 ლარის ოდენობის საქონელზე. ამასთან, მომჩივნის მიერ იმპორტის გზით შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება მეტია დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაზე. არ დგინდება შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში კომპანიის დოკუმენტური ფასნამატი. უცნობია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ოდენობა. გადასახადის გადამხდელს 2023 წლის აპრილის თვის შემდგომ პერიოდზე არ უფიქსირდება იმპორტის ოპერაციები. დოკუმენტურად არ ფიქსირდება საქონლის ადგილობრივი შეძენა.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივანთან მიმდინარე კონტროლის პროცედურებიდან ერთ შემთხვევაში განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზება, ხოლო ინვენტარიზაციის ჩატარება ვერ მოხერხდა. დოკუმენტური რეალიზაცია მთლიან რეალიზაციაში იყო მცირე რაოდენობით და დოკუმენტური ფასნამატი არ იქნა გამოყენებული.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართზლომიერია და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად.

საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის გაანგარიშება ცხრილის სახით), რომლითაც დადგინდებოდა შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს შემოწმების ფარგლებში საგადასახადო ორგანოსთვის არ წარმოუდგენია ბუღალტრული პროგრამა და აღრიცხვა-ანგარიშგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ასევე, საბანკო ამონაწერები და ცნობები ანგარიშების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასი, მსგავს დასახელებისა და იდენტური სარეალიზაციო ბაზარზე არსებული საქონლის ფასნამატები შესაბამის ჯგუფებად. აღნიშნულის გათვალისწინებით, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში დეკლარირებული მონაცემების პროპორციულად.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და საარქივო სამსახურის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიის მიერ იმპორტის გზით შემოტანილი საქონლის რეალიზაციის შედეგად განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

კომპანიის მიერ იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად და აღნიშნული ოდენობა გათვალისწინებულ იქნა ფულადი საშუალებების გამოანგარიშების ნაწილში.

განისაზღვრა ფულადი საშუალების ნაშთი საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის. ვინაიდან დადგენილი ფულადი საშუალების ნაშთის სალაროში არსებობის ან ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი არ დგინდება, აღნიშნული ფულადი ნაშთი განისაზღვრა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის გაანგარიშება ცხრილის სახით), რომლითაც დადგინდებოდა შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159;