გადაწყვეტილება №22019/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.05.2024
№ დოკუმენტი 22019/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22019/2/2024

22 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 17.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22019/2/2024).

 

დავის საგანი:

1. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფასნამატით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

3. განკარგვადი თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა;

4. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის დაკისრების მართლზომიერება;

5. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 18.10.2023 წლის №006-527 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33928 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 188 493 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 113 241

დღგ - 47 946

მოგების გადასახადი - 1 234

საშემოსავლო გადასახადი - 64 061

ჯარიმა - 58 008

საურავი - 17 244

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა საცალო ვაჭრობა სპორტული ფეხსაცმლითა და ტანსაცმლით ----------ში.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.05.2023 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 9 ივნისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 18.10.2023 წლის №25769 ბრძანება და №006-527 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33928 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

1. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ დანართი №8-ით გაანგარიშებული იმპორტის საბაჟო რეჟიმით შეძენილი საქონლის ღირებულების 25% დაკვალიფიცირება საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33928 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფასნამატით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 12 მარტს, ხოლო 2020 წლის 30 იანვრიდან წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელს. საქონლის შეძენა ხორციელდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ---------- და ---------- იმპორტის გზით. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეძენილია სულ 570 741 ლარის (დღგ-ის გარეშე) ღირებულების პროდუქცია. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ივნისის №12894 ბრძანების საფუძველზე საწარმოში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგად აღრიცხული საქონლის ნაშთის საბაზრო ღირებულებამ (დღგ-ის ჩათვლით), 2023 წლის 9 ივნისის მდგომარეობით, შეადგინა 295 121 ლარი, ხოლო გადამხდელის მიერ აღნიშნულ საქონელზე განსაზღვრულმა თვითღირებულებამ კი 104 454 ლარი.

გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში წარმოდგენილი აქვს საბანკო ამონაწერები და ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, თუმცა წარმოდგენილი საქონლის მოძრაობის ამსახველი ჩანაწერები სრულყოფილი ფორმით ნაწარმოები არ არის, კერძოდ, საქონლის ჩამოწერა განხორციელებულია ყოველდღიურად, ხოლო შესაბამისი შემოსავალი აღრიცხულია ყოველთვიურად და თითოეული ოპერაციის ჭრილში დაბეგვრის ობიექტის დადგენა ვერ მოხერხდა. არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ეკონომიკურ ოპერაციებზე ნაწარმოები არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, ამასთანავე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია საქონლის რეალიზაციას ახორციელებდა ძირითადი დოკუმენტის გარეშე, ხოლო დღგ-ის დეკლარაციებში არასრულად იყო აღრიცხული კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები (კერძოდ, სმფ-ის ინვენტარიზაციამდე საანგარიშო პერიოდებში გადამხდელს დეკლარირებული აქვს 1 056 602 ლარის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა, როცა შესამოწმებელი პერიოდის სმფ-ის საწყისი ნაშთი შეადგენს 10 931 ლარს, მის მიერ შეძენილია 596 741 ლარის სმფ-ები, ინვენტარიზაციის ნაშთად აღრიცხულია სულ 104 454 ლარის თვითღირებულების სმფ-ები. ინვენტარიზაციით დადგენილმა საშუალო ფასნამატმა კი შეადგინა 139%). შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის ნაწილში განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება საქონლის კატეგორიების მიხედვით, რომელთაც განესაზღვრა ინვენტარიზაციის ფასნამატი და გაანგარიშდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი. აღნიშნული შემოსავალი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, რის საფუძველზეც გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი და განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.

იმპორტირებული საქონლის თვითღირებულების განსაზღვრასთან მიმართებით, გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ შემოწმების მიერ იმპორტირებული საქონლის თვითღირებულება განისაზღვრა კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა გაიზიარა აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია და მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებლები აღნიშნავენ, რომ: „აღნიშნული საკითხი ცნობილია გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლისათვის, თუმცა ამ ეტაპისათვის წერილობითი პოზიცია წარმოდგენილი არ არის“. რაც არ შეესაბამება სიმართლეს, კერძოდ: მისთვის მიდგომის შესახებ გახდა ცნობილი შემმოწმებლების მიერ ელექტრონული ფოსტით მიღებული შეტყობინების შემდეგ, სადაც აღნიშნული მიდგომა პირველად გააჟღერეს და არავითარი განმარტება დარიცხვის გაანგარიშების შესახებ არ იყო ცნობილი, მხოლოდ მისი მოთხოვნის შემდეგ წარუდგინეს გაანგარიშების ელექტრონული „ექსელის“ ცხრილები, სადაც დაშვებული იყო სხვადასხვა სახის შეცდომა, რაც შეატყობინეს შემმოწმებლებს. ამის შემდეგ მრავალგზის შევთავაზეთ მონაწილეობა მიეღო, როგორც დისტანციურად ისე მათთან ვიზიტით, მათთვის მოსახერხებელ დროს, გაანგარიშების სიზუსტის დადგენაში, ამისათვის მიეწოდებინა შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და პოზიცია წარედგინა მათთვის სასურველ ფორმატში - წერილობით თუ ზეპირად. მიუხედავად მრავალი მცდელობისა საბოლოოდ დაიწერა შემოწმების აქტი გაუგებარი გაანგარიშებების საფუძველზე, რის შესახებაც კვლავ შევატყობინეთ შემმოწმებელს და კვლავ გაუგზავნეს დარიცხვის გაანგარიშების ექსელის ცხრილი, სადაც სამწუხაროდ კვლავ არის მრავალი სახის ინფორმაციული და ტექნიკური შეცდომა.

მაგალითად:

2023 წლის ივნისის თვის ბრუნვა ნაცვლად 22 258 ლარისა არის აღებული 12 778 ლარი.

იმპორტირებული მაისურების თვითღირებულებაში არ არის გათვალისწინებული დამატებითი ხარჯები, მაგ.: მივლინების, საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული ხარჯები: სატერმინალო მომსახურება, დეკლარირების (იხ. დანართი გაანგარიშება). ფასნამატის, საშუალო შეწონილი პროცენტის გაანგარიშებისას ცხრილებში არის რიგი შეუსაბამობები. კატეგორიებად დაყოფილი საქონლის ფასნამატის გაანგარიშებები შეუსაბამოა რეალურთან.

აღსანიშნავია, რომ საწარმოში შემოწმების დაწყებამდე და მის პერიოდში ჩატარდა საკონტროლო შესყიდვები, რის შედეგადაც შესაბამისი დარღვევები არ დაფიქსირებულა და შემმოწმებლებს გასაყიდი ფასის კორექტირების საფუძველი არ მისცემია. არც საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კორექტირების საფუძველი არ დამდგარა შემოწმებისას.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ივნისის №12894 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად აღრიცხული საქონლის ნაშთის საბაზრო ღირებულებამ 9.06.23 წლის მდგომარეობით 295 121 ლარი, ხოლო გადამხდელის მიერ აღნიშნულ საქონელზე განსაზღვრულმა თვითღირებულებამ - 104 454 ლარი. ხსენებული მონაცემები, განსაკუთრებით თვითღირებულების ნაწილში საჭიროებს დაზუსტებას, მაგ.: მაისურების თვითღირებულებაში სააქციო მაისურების ნაწილია ჩართული სხვა პარტიის ნაცვლად. აგრეთვე საქონლის კატეგორიებად დანაწილების პრინციპიც გაუგებარია, შესაბამისად მათი ფასნამატის სხვა საქონელზე გავრცელების გაანგარიშების პრინციპიც.

ითხოვს მიეცეს საშუალება, რათა შემმოწმებლებს წარუდგინოს ახლად მოპოვებული, დოკუმენტაცია და მტკიცებულებები, რაც მის მიერ წარდგენილ არგუმენტებს მეტად გაამყარებს და ხსენებული საკითხი, თავიდან შესწავლის მიზნით, დაბრუნდეს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში გადასაანგარიშებლად.

გამოხატავს სრულ მზადყოფნას გადაანგარიშების პროცესში აუდიტორებისათვის შესაბამისი სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებაში, მზად არის ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს ხსენებულ პროცესს.

მომჩივანმა 26.02.2024 წელს წარმოადგინა №22380/2/2024 დაზუსტებული საჩივარი, სადაც განმარტავს, რომ პირველი და მნიშვნელოვანი გარემოებაა, კატეგორიულად არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებული ღირებულების გადასახადში შესრულებულ გაანგარიშებას, სადაც გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკვანძო საკითხი:

• ინვენტარიზაციის მასალების დამუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია უშუალოდ საქონლის მცოდნეს, ფაქტიური ნაშთი შეძენის დოკუმენტთან დააკავშირა ბუღალტერმა თავისი შეხედულებებიდან, ან მიახლოებითი დასახელებიდან გამომდინარე, რამაც გარკვეულ პოზიციებზე გამოიწვია შეცდომა. ზემოაღნიშნული შეცდომა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფასნამატის და თავის მხრივ დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაზე. ითხოვს ზემოაღნიშნული საკითხი ხელახლა იქნეს შესწავლილი უშუალო მონაწილეობით და მხედველობაში იქნეს მიღებული უშუალოდ საქონლის მცოდნის მიერ დაკავშირებული სახეობები.

• აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა ინვენტარიზაციის მასალებით და იგი გაავრცელა სრულ საანგარიშო პერიოდზე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას და შემოსავლების სამსახურის მიდგომას ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 2020-2021 წლები არის პანდემიის პერიოდი, რომელმაც მნიშვნელოვნად დაასახიჩრა სურათი ეკონომიკურ აქტივობებში. ითხოვს ზემოაღნიშნული საკითხის ხელახალ შესწავლას. აუდიტის დეპარტამენტის მიეცეს პირდაპირი მითითება, რომ ინვენტარიზაციის ფასნამატი გამოყენებულ იქნება იმ საანგარიშო პერიოდზე, რომელშიც ჩატარდა უშუალოდ სმფ-ების ინვენტარიზაცია და მის მომიჯნავე პერიოდზე, დანარჩენ პერიოდზე გამოყენებულ იქნეს დოკუმენტური ან შესადარისი ინფორმაცია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლომატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

შემოწმებისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში წარდგენილი აქვს საბანკო ამონაწერები და ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, თუმცა წარდგენილი საქონლის მოძრაობის ამსახველი ჩანაწერები სრულყოფილი ფორმით ნაწარმოები არ არის, კერძოდ, საქონლის ჩამოწერა განხორციელებულია ყოველდღიურად, ხოლო შესაბამისი შემოსავალი აღრიცხულია ყოველთვიურად და თითოეული ოპერაციის ჭრილში დაბეგვრის ობიექტის დადგენა ვერ მოხერხდა. არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ეკონომიკურ ოპერაციებზე ნაწარმოები არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, ამასთანავე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია საქონლის რეალიზაციას ახორციელებდა ძირითადი დოკუმენტის გარეშე, ხოლო დღგ-ის დეკლარაციებში არასრულად იყო აღრიცხული კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები (კერძოდ, სმფ-ის ინვენტარიზაციამდე საანგარიშო პერიოდებში გადამხდელს დეკლარირებული აქვს 1 056 602 ლარის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა, როცა შესამოწმებელი პერიოდის სმფ-ის საწყისი ნაშთი შეადგენს 10 931 ლარს, მის მიერ შეძენილია 596 741 ლარის სმფ-ები, ინვენტარიზაციის ნაშთად აღრიცხულია სულ 104 454 ლარის თვითღირებულების სმფები. ინვენტარიზაციით დადგენილმა საშუალო ფასნამატმა კი შეადგინა 139%). საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის ნაწილში განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება საქონლის კატეგორიების მიხედვით, რომელთაც განესაზღვრა ინვენტარიზაციის ფასნამატი და გაანგარიშებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი. აღნიშნული შემოსავალი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წელს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილი - 139%-იანი ფასნამატი გაავრცელა სრულ საანგარიშო პერიოდზე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას და შემოსავლების სამსახურის მიდგომას ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 2020-2021 წლები არის პანდემიის პერიოდი, რომელმაც მნიშვნელოვნად დაასახიჩრა სურათი ეკონომიკურ აქტივობებში. მართალია კომპანიას დოკუმენტური ფასნამატი არ აქვს, ითხოვს მსგავსი/ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული გადასახადის გადამხდელის ფასნამატის გავრცელებას. ამასთან, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილი დანაკლისი, შემოწმებით ჩათვლილია შესაბამისი პერიოდების მიხედვით მიწოდებად (რეალიზაცია), იმ დროს როცა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე გამოვლენისათვის დაჯარიმებულია საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით. მიაჩნია, რომ ასეთ პირობებში, აუდიტის დეპარტამენტმა უნდა გამოიყენოს იგივე მიდგომა და საგადასახადო კოდექსის 286- ე მუხლის მე-4 ნაწილის მსგავსად, საქონლის დანაკლისისათვის უნდა გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილი და აღნიშნულის გათვალისწინებით დაეკისროს ჯარიმა, არ უნდა ჩაითვალოს საქონლის მიწოდებად რაც, სადავო შემთხვევაშია გამოყენებული.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების უფრო ზუსტი მეთოდით განსაზღვრისათვის, შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს იმსჯელოს მსგავსი/ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის ფასნამატის მომჩივანზე გავრცელების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილ საქონლის დანაკლისზე (მიწოდებად ჩათვლის ნაცვლად) საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

2. სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელი 2020 წლის 30 იანვრიდან წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელს. საქონლის შეძენა ხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ---------- და ---------- იმპორტის გზით. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეძენილია სულ 570 741 (დღგ-ს გარეშე) ლარის ღირებულების პროდუქცია. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილი აქვს ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, თუმცა წარდგენილი საქონლის მოძრაობის ამსახველი ჩანაწერები სრულყოფილი ფორმით ნაწარმოები არ არის, კერძოდ, საქონლის ჩამოწერა განხორციელებულია ყოველდღიურად, ხოლო შესაბამისი შემოსავალი აღრიცხულია ყოველთვიურად და თითოეული ოპერაციის ჭრილში დაბეგვრის ობიექტის დადგენა ვერ ხერხდება. შემოწმების პროცესში წარდგენილია, ასევე საბანკო ამონაწერები. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 101-ე მუხლის მიხედვით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გაანგარიშდა კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, რა დროსაც გათვალისწინებულ იქნა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია გაწეული ხარჯების შესახებ, ასევე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა ბუღალტრული პროგრამის თანახმად, 5 091 ლარის ოდენობით. გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მოქმედ დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე პირველი ნაწილით და 154-ე პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების არასწორი გაანგარიშების საფუძველზე, შესაბამისად არასწორად მოხდა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის გაანგარიშება და თანხების დამატებით დარიცხვა.

ამის გარდა გაანგარიშებებში არ არის გათვალისწინებული ერთ-ერთი საბანკო ანგარიში და მასზე განთავსებული ფულადი ნაშთი 78 716,89 ლარის ოდენობით. საქვეანგარიშოდ გატანილი თანხა 25 600 ლარი, რომლითაც მოხდა კრედიტორული დავალიანების დაფარვა. ცხრილების მიხედვით საწყის ნაშთებში გაორმაგებულად არის შეყვანილი 2023 წლის მაისისა და ივნისის ბრუნვა, რამაც აგრეთვე გავლენა იქონია სალაროს ნაშთის გაანგარიშებაზე. (იხ. დანართი), ამასთან ურთავს დირექტორის განცხადებას „შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს“ დანართის სახით.

ითხოვს მიეცეს საშუალება, რათა შემმოწმებლებს წარუდგინოს ახლად მოპოვებული, დოკუმენტაცია და მტკიცებულებები, რაც მის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს მეტად გაამყარებს და ხსენებული საკითხი, თავიდან შესწავლის მიზნით, დაბრუნდეს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში გადასაანგარიშებლად.

გამოხატავს სრულ მზადყოფნას გადაანგარიშების პროცესში აუდიტორებისათვის შესაბამისი სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებაში, მზად არის ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს ხსენებულ პროცესს.

მომჩივანმა 26.02.2024 წელს წარმოადგინა №22380/2/2024 დაზუსტებული საჩივარი, სადაც განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია, ასევე ის გარემოება, რომ 2023 წლის 29 დეკემბრის №332968 ბრძანებით გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სალაროში არსებულ ნაშთთან მიმართებით, გადამხდელმა მოთხოვნა გათვალისწინებულიყო საბანკო ანგარიშზე პერიოდის ბოლოს არსებული ნაშთი, რომელიც არ იყო გათვალისწინებული ვირტუალური ნაშთის გაანგარიშებისას. ზემოაღნიშნული ბრძანების მსჯელობის ნაწილში მიეთითა აღნიშნული საკითხი, მაგრამ სარეზოლუციო ნაწილში ზოგადი ჩანაწერი არის გაკეთებული.

რადგან აუდიტის დეპარტამენტმა დავის პროცესში აღიარა, რომ საბანკო ანგარიშზე არსებულ ნაშთს არ მიუღია მონაწილეობა სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას, ნაცვლად ბრძანებაში არსებული ჩანაწერისა, ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს მიეცეს კონკრეტული დავალება, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულებულ გაანგარიშებაში, ასახულ იქნეს საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთის დადებითი ან უარყოფითი სალდო. თუ აღნიშნული სალდო გავლენას იქონიებს სალაროს ნაშთის გაანგარიშებაზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდეს საკითხის გადაანგარიშება.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციის შემთხვევაში მზადყოფნას გამოთქვამს წარმოდგენილ იქნეს რეკომენდაციის გათვალისწინებით გაცემული გონივრული მტკიცებულები, რომელიც დაადასტურებს გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერებას ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33928 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33928 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

3. განკარგვადი თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა

ფაქტების აღწერა

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არ ყოფილა იმპორტის საბაჟო რეჟიმით შეძენილი საქონლის ღირებულების არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.

„სააღრიცხვო დოკუმენტაციის არარსებობისას, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული განკარგვადი თანხების დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების (დანართი №8) საფუძველზე იმ დანახარჯების 75%, რომლებიც დასტურდებოდა საბაჟო დეკლარაციებითა და ინვოისებით, ჩაითვალა გადახდილად, ხოლო დარჩენილი ნაწილი, საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, - შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მოქმედ საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ დანართი №8-ით გაანგარიშებული იმპორტის საბაჟო რეჟიმით შეძენილი საქონლის ღირებულების 25% დაკვალიფიცირება საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებლებმა იხელმძღვანელეს შესაბამისი მეთოდური მითითებით, რაც არ ნიშნავს, რომ სხვა დანახარჯები, როგორიცაა მაგ. მივლინების, საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული ხარჯები, (სატერმინალო მომსახურება, დეკლარირების) არ დაემატოს საქონლის თვითღირებულებას და შესაბამისად გაიზარდოს იგი (იხ. დანართი გაანგარიშება).

ითხოვს მიეცეს საშუალება, რათა შემმოწმებლებს წარუდგინოს ახლად მოპოვებული, დოკუმენტაცია და მტკიცებულებები, რაც მის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს მეტად გაამყარებს და ხსენებული საკითხი, თავიდან შესწავლის მიზნით, დაბრუნდეს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში გადასაანგარიშებლად.

გამოხატავს სრულ მზადყოფნას გადაანგარიშების პროცესში აუდიტორებისათვის შესაბამისი სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებაში, მზად არის ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს ხსენებულ პროცესს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33928 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ დანართი N8-ით გაანგარიშებული იმპორტის საბაჟო რეჟიმით შეძენილი საქონლის ღირებულების 25% დაკვალიფიცირება საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33928 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

4. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის დაკისრების მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ივნისის №12894 ბრძანების საფუძველზე კომპანიაში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად აღრიცხული საქონლის ნაშთის საბაზრო ღირებულებამ დღგ-ის ჩათვლით შეადგინა 295 121 ლარი, ხოლო გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულებამ კი 3 471 ლარი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლით, მე-8 მუხლის 22- ე ნაწილით, 72-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ივნისის №12894 ბრძანების საფუძველზე კომპანიაში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე გამოვლენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 3 471 ლარი, რის საფუძველზეც დაერიცხა კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა.

მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული სანქცია არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა გაიზიარა აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია და მიაჩნია, რომ შემოწმებით შეფარდებული ჯარიმა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტის მიხედვით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისას გამოვლინდა გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე არსებული საქონელი. ხსენებული საქონელი არის შეძენილი ფიზიკური პირისაგან საკომისიო წესით შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე (იხ. დანართი). აღნიშნულის შესახებ ეცნობა შემმოწმებლებს, ვინაიდან მათ შეძენის დოკუმენტი (ზედნადები, ა/ფ) ვერ მოიძიეს გადასახადის გადამხდელის ვებ პორტალზე. მიუხედავად ამისა აქტში აისახა ხსენებული ჩანაწერით.

ითხოვს მიეცეს საშუალება, რათა შემმოწმებლებს წარუდგინოს ახლად მოპოვებული, დოკუმენტაცია და მტკიცებულებები, რაც მის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს მეტად გაამყარებს და ხსენებული საკითხი, თავიდან შესწავლის მიზნით, დაბრუნდეს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში გადასაანგარიშებლად.

გამოხატავს სრულ მზადყოფნას გადაანგარიშების პროცესში აუდიტორებისათვის შესაბამისი სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებაში, მზად არის ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს ხსენებულ პროცესს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა - იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ივნისის №12894 ბრძანების საფუძველზე კომპანიაში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად აღრიცხული საქონლის ნაშთის საბაზრო ღირებულებამ დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 295 121 ლარი, ხოლო გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე გამოვლენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულებამ კი 3 471 ლარი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით განსაზღვრული ჯარიმა.

მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს ამ ნაწილში სანქციის დარიცხვის არამართებულობაზე.

ვინაიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ ფაქტიურ და შემოწმებისას დადგენილ ბუღალტრულ ნაშთებს შორის გამოვლინდა აღურიცხველი და პირველადი დოკუმენტების გარეშე საქონელი, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისათვის საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის დაკისრება მართებულია.

 

5. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 18.10.2023 წლის №006-527 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 58 008 ლარი და საურავი - 17 244 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას არ ჰქონია მიზნად გადასახადების დამალვა და წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს მრავალი წლის განმავლობაში. მის ქმედებებში არ შეინიშნება კრიმინალის ელემენტები და ბოროტი განზრახვა, რაც ნაკარნახევია მისი აქტიური და წარმატებული ეკონომიკური საქმიანობით.

მოითხოვს, აღნიშნული დარიცხვა, რომელიც გამოწვეულია ადამიანური ფაქტორით, შეცდომით/არცოდნით, ჩაგვითვალოთ საპატიოდ, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 7-ე ნაწილის გათვალისწინებით და მოეხსნას დამატებით დაკისრებული ჯარიმა-საურავი.

მომჩივანი განმარტავს, რომ დავის განმხილველ ორგანოს ყურადღება უნდა მიაქციოს, იმ გარემოებაზე, რომ ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავი).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33928 ბრძანება;

3. საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფასნამატით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

3. განკარგვადი თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა;

4. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის დაკისრების მართლზომიერება;

5. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში წარდგენილი აქვს საბანკო ამონაწერები და ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, თუმცა წარდგენილი საქონლის მოძრაობის ამსახველი ჩანაწერები სრულყოფილი ფორმით ნაწარმოები არ არის, კერძოდ, საქონლის ჩამოწერა განხორციელებულია ყოველდღიურად, ხოლო შესაბამისი შემოსავალი აღრიცხულია ყოველთვიურად და თითოეული ოპერაციის ჭრილში დაბეგვრის ობიექტის დადგენა ვერ მოხერხდა. არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ეკონომიკურ ოპერაციებზე ნაწარმოები არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, ამასთანავე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია საქონლის რეალიზაციას ახორციელებდა ძირითადი დოკუმენტის გარეშე, ხოლო დღგ-ის დეკლარაციებში არასრულად იყო აღრიცხული კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები (კერძოდ, სმფ-ის ინვენტარიზაციამდე საანგარიშო პერიოდებში გადამხდელს დეკლარირებული აქვს 1 056 602 ლარის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა, როცა შესამოწმებელი პერიოდის სმფ-ის საწყისი ნაშთი შეადგენს 10 931 ლარს, მის მიერ შეძენილია 596 741 ლარის სმფ-ები, ინვენტარიზაციის ნაშთად აღრიცხულია სულ 104 454 ლარის თვითღირებულების სმფები. ინვენტარიზაციით დადგენილმა საშუალო ფასნამატმა კი შეადგინა 139%). საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის ნაწილში განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება საქონლის კატეგორიების მიხედვით, რომელთაც განესაზღვრა ინვენტარიზაციის ფასნამატი და გაანგარიშებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი. აღნიშნული შემოსავალი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში.

2. გადასახადის გადამხდელი 2020 წლის 30 იანვრიდან წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელს. საქონლის შეძენა ხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე მპორტის გზით. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეძენილია სულ 570 741 (დღგ-ს გარეშე) ლარის ღირებულების პროდუქცია. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილი აქვს ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, თუმცა წარდგენილი საქონლის მოძრაობის ამსახველი ჩანაწერები სრულყოფილი ფორმით ნაწარმოები არ არის, კერძოდ, საქონლის ჩამოწერა განხორციელებულია ყოველდღიურად, ხოლო შესაბამისი შემოსავალი აღრიცხულია ყოველთვიურად და თითოეული ოპერაციის ჭრილში დაბეგვრის ობიექტის დადგენა ვერ ხერხდება. შემოწმების პროცესში წარდგენილია, ასევე საბანკო ამონაწერები. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 101-ე მუხლის მიხედვით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გაანგარიშდა კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, რა დროსაც გათვალისწინებულ იქნა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია გაწეული ხარჯების შესახებ, ასევე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა ბუღალტრული პროგრამის თანახმად, 5 091 ლარის ოდენობით. გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მოქმედ დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

3. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არ ყოფილა იმპორტის საბაჟო რეჟიმით შეძენილი საქონლის ღირებულების არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. „სააღრიცხვო დოკუმენტაციის არარსებობისას, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული განკარგვადი თანხების დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების (დანართი №8) საფუძველზე იმ დანახარჯების 75%, რომლებიც დასტურდებოდა საბაჟო დეკლარაციებითა და ინვოისებით, ჩაითვალა გადახდილად, ხოლო დარჩენილი ნაწილი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მოქმედ საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად.

4. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ივნისის №12894 ბრძანების საფუძველზე კომპანიაში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად აღრიცხული საქონლის ნაშთის საბაზრო ღირებულებამ დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 295 121 ლარი, ხოლო გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე გამოვლენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულებამ კი 3 471 ლარი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით განსაზღვრული ჯარიმა.

5. შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ საკითხთან დაკავშირებით, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების უფრო ზუსტი მეთოდით განსაზღვრისათვის, შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს იმსჯელოს მსგავსი/ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის ფასნამატის მომჩივანზე გავრცელების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილ საქონლის დანაკლისზე (მიწოდებად ჩათვლის ნაცვლად) საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს. მეორე საკითხთან დაკავშირებით, არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. მესამე საკითხთან დაკავშირებით, არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. მეოთხე საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ ფაქტიურ და შემოწმებისას დადგენილ ბუღალტრულ ნაშთებს შორის გამოვლინდა აღურიცხველი და პირველადი დოკუმენტების გარეშე საქონელი, მომჩივნისათვის საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის დაკისრება მართებულია. მეხუთე საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3 „ზ“); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 275; 286(4,9).