გადაწყვეტილება №23287/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.10.2024
№ დოკუმენტი 23287/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№23287/2/2024

10 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,19.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ -ს 14.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23287/2/2024).

 

დავის საგანი:

საგადასახადო დავის განახლება ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2020 წლის №225-8 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 6.08.2020 წლის №22916 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 473 435 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 250 333

დღგ - 135 163

მიწაზე (სასოფლო) ქონების გადასახადი - 5 760

მოგების გადასახადი - 661

საშემოსავლო გადასახადი - 101 936

ქონების გადასახადი - 6 813

ჯარიმა - 125 526

საურავი - 97 576

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 26.06.2020 წლის აქტით შემოწმებულია 1.01.2017 წლიდან 25.11.2019 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია, არ წარადგინა ბუღალტრული პროგრამა და არ ითანამშრომლა საგადასახადო ორგანოსთან. შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და პირველადი დოკუმენტების ანალიზით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2019 წელს იმპორტირებული აქვს დიდი რაოდენობით თურქული პემზა და ფაქტობრივი მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები არ უფიქსირდება. აღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩაითვალა რეალიზებულად შეძენის თვეების პროპორციულად. გადასახადის გადამხდელს ასევე დაბეგრილი არ აქვს მიღებული ავანსები და არ იშიფრება ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული თანხები (265 073,6 ლარი). საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის გათვალისწინებით, დაკორექტირდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს საბანკო ანგარიშებიდან 2017 წელს პერიოდულად ხდება დაქირავებულ ფიზიკურ პირზე თანხის გადარიცხვა. გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა სააღრიცხვო დოკუმენტაცია, არ ითანამშრომლა საგადასახადო ორგანოსთან და თანხის განკარგვის შესაბამისი განმარტების წარუდგენლობისთვის აღნიშნული თანხა ჩაითვალა შესაბამის პერიოდებში დასაქმებულზე გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2020 წლის №225-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.08.2020 წლის №22916 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 22.04.2021 წლის №11000/2/2020 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანმა 21.05.2024 წელს (№83443/21-11) და 12.06.2024 წელს (№97549/21) წარადგინა საჩივრები შემოსავლების სამსახურში, რაც საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2020 წლის №225-8 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო დავის განახლების მოთხოვნის ნაწილში, გამოეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი შემოწმების დროს არ თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან, ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში არის განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და წარმოდგენილი არ აქვს შესაბამისი არგუმენტაცია/მტკიცებულებები. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტმა ჩატარებული კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს და მომჩივანს ერიცხება დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ. საქმისწარმოების მასალებიდან გამომდინარე აუდიტის დეპარტამენტს ორ დასკვნაში გამოყენებული აქვს ერთიდაიგივე ფაქტობრივი გარემოებები და ერთიდაიგივე მტკიცებულებები, რის გამოც 2-ჯერ დაერიცხა 2 კომპანიას ერთიდაიგივე თანხა გადასახდელად. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიზანი იყო და არის სწორად შეეფასებინა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც თუ დადგინდებოდა, რომ გადასახადის გადამხდელს აქვს თანხა გადასახდელი იგი გადაიხდიდა, მაგრამ 2-ჯერ დარიცხული დავალიანების ფარგლებში ფიზიკურად შეუძლებელია გაირკვეს თუ რა დავალიანებაზეა საუბარი, სწორედ ამიტომ ითხოვს საქმისწარმოების განახლებას, როგორც მომჩივანს, ასევე შპს „-------“-ის საქმეზე.

მომჩივანი 12.06.2024 წლის №97549/21 დაზუსტებულ საჩივარში მიუთითებს, რომ მომჩივანი ასაჩივრებს აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტს, 26.12.2019 წლის საგადასახადო შემოწმების შუალედურ აქტს და 26.06.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტს (გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ), რადგან არ ეთანხმება ზემოხსენებული საგადასახადო შემოწმების აქტით საწარმოსთვის დარიცხულ თანხებს და მიიჩნევს მათ უკანონოდ, შემდეგი გარემოებების გამო:

- საწარმოში ჩატარებული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს მიერ იურიდიულად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, რასაც შედეგად მოჰყვა საგადასახადო ორგანოს მიერ საწარმოსთვის იურიდიულად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად დიდი ოდენობის საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა.

საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. საგადასახადო ორგანომ შემოწმების პროცესში, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი, მაშინ, როცა არ არსებობს ხსენებული მუხლის გამოყენების წინაპირობები, კერძოდ საწარმოს გააჩნია სრულყოფილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების გარეშე განესაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები და ამასთან, საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი წესითა და ფორმით. შესაბამისად, არ არსებობდა საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოსაყენებლად საჭირო წინაპირობები.

საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში აუდიტის დეპარტამენტმა სულ სხვა კომპანიის მონაცემებზე დაყრდნობით მოახდინა კომპანიაზე იმ გადასახადების დარიცხვა, რომელიც არც კი არსებობს, შესაბამისად სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით.

საგადასახადო ორგანომ განაცემი იურიდიულად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია დირექტორის ხელფასად და დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით, რასაც შედეგად მოჰყვა საგადასახადო ორგანოს მიერ საწარმოსათვის იურიდიულად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად დიდი ოდენობის საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა.

აუდიტის დეპარტამენტი ჩატარებული შემოწმების შედეგად, ყოვლად გაუგებრად ახდენს გადასახადების დარიცხვას ისე, რომ სხვა კომპანიის მონაცემებს იყენებს, უფრო მეტიც აუდიტის დეპარტამენტს ისეთი ციფრები მოაქვს შემოწმების აქტში, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, შესაბამისად სახეზეა შესაძლო გადაცდომაც კი აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლის. შემოწმების აქტში ასევე ვკითხულობთ, რომ საწარმოს დირექტორს პოზიცია არ წარუდგენია, მაგრამ ახლა სვამს კითხვას: ვინმემ ჰკითხა ინფორმაციის მოწოდების თაობაზე? ან რა ფორმით ეცნობა?

ითხოვს საკითხზე ჩაინიშნოს ზეპირი განხილვა, ვინაიდან საბჭოს დეტალურად სურს წარუდგინოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელზეც მომჩივანი მხარე ამყარებს მოთხოვნებს. არასწორმა დარიცხვამ უკვე გამოიწვია გადასახადის გადამხდელისათვის მატერიალური ზიანის მიყენება.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

საქმის გარემოებების და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოდგენს ისეთ გარემოებებს ან მტკიცებულებებს, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეიძლებოდა სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომლის წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო დავის განახლების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს საკითხზე ჩაინიშნოს ზეპირი განხილვა, ვინაიდან საბჭოს დეტალურად სურს წარუდგინოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელზეც მომჩივანი მხარე ამყარებს მოთხოვნებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის გათვალისწინებით, დაკორექტირდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს საბანკო ანგარიშებიდან 2017 წელს პერიოდულად ხდება დაქირავებულ ფიზიკურ პირზე თანხის გადარიცხვა. გადამხდელმა არ წარადგინა სააღრიცხვო დოკუმენტაცია, არ ითანამშრომლა საგადასახადო ორგანოსთან და თანხის განკარგვის შესაბამისი განმარტების წარუდგენლობისთვის აღნიშნული თანხა ჩაითვალა შესაბამის პერიოდებში დასაქმებულზე გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო დავის განახლების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

299(7).