ბრძანება N 17801

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.07.2023
№ დოკუმენტი 17801
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრაგადასახადის გადამხდელიდაბეგვრის ობიექტიგაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არისხელფასის სახით მიღებული შემოსავლებიშემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპებიგადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესიდღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებისაქონლის მიწოდებადაბეგვრის დრო საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასდასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი

📄 სრული ტექსტი

N 17801

21.07. 2023

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------- ---------“-ის (ს/ნ --------------)

(ფაქტ. მის.: ---------------------------------;

იურ. მის.:-----------------------------------)

2023 წლის 28 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 ივლისის სხდომაზე (ოქმი №71) განიხილა შპს „-------- ---------“-ის (ს/ნ --------------) 2023 წლის 28 ივნისის №81974/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის №006-220 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას ბეტონის წარმოების განსაზღვრის ნაწილში და აღნიშნულის შესაბამისად დარიცხულ თანხებს, კერძოდ, დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადებს. გადამხდელი არ იზიარებს შემოწმების პოზიციას, რომ გადამხდელს არ აქვს ბუღალტერია ნაწარმოები და აცხადებს, რომ ახორციელებს სრულყოფილ ბუღალტრულ აღრიცხვას პროგრამა ორისში, სადაც ჩანს საქონლის, ნედლეულის და მასალების აღრიცხვა. მიუთითებს, რომ ბუღალტრული აღრიცხვა სრულად შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, არ ეთანხმება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის გამოყენებას ბეტონის წარმოების ნორმებთან დაკავშირებით. აცხადებს, რომ მათ აქვთ დაწესებული თავიანთი ნორმები, რაც საბუღალტრო პროგრამაში არის ასახული, რომლის მიხედვითაც ხდება ბეტონის წარმოება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს მის გაუქმებას.

2. არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ აღნიშნული გადასახადის დარიცხვა არის უსაფუძვლო.

3. გადამხდელი არ ეთანხმება ჩამოწერილი საწვავის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, ჩათვლილი დღგის თანხის გაუქმებას და მოგების გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ განხორციელებულია ბეტონის, საშენი მასალების გადაზიდვა (4 232 რეისი) ძირითადად სოფელი --------დან თბილისის მიმართულებით და აღნიშნულ გადაზიდვებზე მოხდა კომპანიის მიერ შეძენილი საწვავის გამოყენება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივლისის №17828 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------- ---------“-ის (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 24 ივლისიდან 2022 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 2 ივნისის №12282 ბრძანება და ამავე თარიღის №006-220 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 304 745 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 170 970 ლარი, ჯარიმა 84 990 ლარი და საურავი 48 785 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

„1. კომპანიის საქმიანობის სფეროს სარეგისტრაციო დოკუმენტების მიხედვით წარმოადგენს ბეტონის წარმოება და ღორღიანი და ქვიშოვანი კარიერების დამუშავება. კერძოდ, ქალაქ -----ში ახდენს ბეტონის წარმოებას და რეალიზაციას, ასევე----სის მუნიციპალიტეტში, სოფელ -----ში აღებული აქვს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია. აღებული ლიცენზიის ფარგლებში ახდენს ბალასტის მოპოვებას და სხვადასხვა ნედლეულის წარმოებას (ქვიშა, ღორღი, კენჭი, ლამი). შესამოწმებელ პერიოდში კომპანია ახორციელებს, როგორც მოპოვებული ნედლეულის რეალიზაციას, ასევე მოპოვებულ ნედლეულს იყენებს საკუთარი ბეტონის წარმოებისთვის. შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული პროგრამის მიხედვით (ორისი), კომპანიას უფიქსირდება სასაქონლო მატერიალური-ფასეულობების არარეალური ნაშთები (ცემენტი, ბეტონი), ხოლო ბეტონის საწარმოებლად ჩამოწერს არარეალური რაოდენობის ნედლეულს (ცემენტი). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, ვინაიდან, კომპანიას ბუღალტრულ პროგრამაში უფიქსირდება სმფ-ების არარეალური ნაშთები და ბეტონის საწარმოებლად ჩამოწერს არარეალურ ნედლეულს (ცემენტი), ასევე გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არის ორჯერ დაჯარიმებული ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისათვის, შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გაანგარიშებულ იქნა კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი ცემენტის რაოდენობა და თუ რა რაოდენობის ცემენტი დაჭირდებოდა ბეტონის წარმოებისთვის. ბეტონის საწარმოებლად შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული გადამხდელის კალკულაციები, რომელიც თანხვედრაშია (იმავე ტერიტორიულ ერთეულზე) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებულ საინჟინრო დასკვნასთან (ბეტონის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის კალკულაციებთან დაკავშირებით). ცემენტის საბოლოო ნაშთად გამოყენებულ იქნა შემოწმებით დადგენილი ცემენტის ნაშთი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობებისა და შემოწმებით განსაზღვრული გამოსავლიანობის გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარმოებული მზა ბეტონის რაოდენობა, რომელიც აღემატება გადამხდელის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის მოცულობას. შემოწმების მიერ მზა ბეტონის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა თუ რომელი მარკის და რა რაოდენობის ბეტონი იქნა რეალიზებული და სმფ-ები წარმოებაში ჩართულ იქნა რეალიზებული ბეტონის სახეობების პროპორციულად. შემოწმებით დამატებით გამოვლენილი მზა პროდუქცია ჩაითვალა რეალიზებულად გადამხდელის დოკუმენტურად დადასტურებული ფასით. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, აგრეთვე შემოწმებით დამატებით გამოვლენილი შემოსავალი განხილულ იქნა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმა.

2. საწარმოს სააღრიცხვო და დეკლარირებული მონაცემების ანალიზით ირკვევა, რომ საწარმოს აქვს ძირითადი საშუალებები, კერძოდ: ბეტონის საწარმოო დანადგარები, ოფისის აღჭურვილობა და სხვა. აღრიცხული ძირითადი საშუალებები საწარმოს სრულად არ აქვს დაბეგრილი ქონების გადასახადით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა ქონების გადასახადი და საქართველო საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

3. საწარმოს ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილი აქვს 492 985 ლარის (201 311 ლიტრი) საწვავი, ძირითადად დიზელი (200 890 ლიტრი), რაზეც ჩათვლილია დღგ 75 207 ლარი. შსს-დან მოწოდებული ინფორმაციით შპს „-------- ---------“-ს შესამოწმებელ პერიოდში რეგისტრირებული არ აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალება. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში პერიოდულად იჯარით აქვს აღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადამხდელის სხვა ინფორმაცია-დოკუმენტაციის მონაცემების ანალიზით, საწვავზე გაწეული ხარჯი არსებითად შეუსაბამოა საწარმოს მიერ განხორციელებულ ოპერაციებთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საწვავის ჩამოწერებით კომპანია იჯარით აღებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ჩამოწერს არარეალურ საწვავს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 97-ე და 175-ე მუხლების მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობაში/დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენებული საწვავის მოცულობის განსაზღვრის მიზნით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ იქნა საწარმოს საწვავის ხარჯი, იჯარით სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების განხორციელებული რეისების და ტიპის მიხედვით. გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა არაეკონომიკურ ხარჯად და შესაბამისი საქონელი/საწვავი მიჩნეულ იქნა, რომ არ არის გამოყენებული დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში. ამ ნაწილში გაუქმდა მიღებული ჩათვლები, საწარმოს დაერიცხა დღგ, ხოლო ხარჯები რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან დაიბეგრა მოგების გადასახადით. საწარმოს დაერიცხა გადასახადები და შესაბამისი ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების,პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, ვინაიდან კომპანიას ბუღალტრულ პროგრამაში უფიქსირდება სმფ-ების არარეალური ნაშთები და ბეტონის საწარმოებლად ჩამოწერს არარეალურ ნედლეულს (ცემენტი), ასევე გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არის ორჯერ დაჯარიმებული ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისათვის, შემოწმებამ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და შემოწმებით განსაზღვრული გამოსავლიანობის გათვალისწინებით გაანგარიშდა საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარმოებული მზა ბეტონის რაოდენობა, რომელიც აღემატებოდა გადამხდელის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის მოცულობას. შემოწმების მიერ დამატებით გამოვლენილი მზა პროდუქცია ჩაითვალა რეალიზებულად გადამხდელის დოკუმენტურად დადასტურებული ფასით. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აგრეთვე, შემოწმებით დამატებით გამოვლენილი შემოსავალი განხილულ იქნა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. აღსანიშნავია, რომ შემოწმების მიერ მზა ბეტონის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა თუ რომელი მარკის და რა რაოდენობის ბეტონი იქნა რეალიზებული და სმფ-ები წარმოებაში ჩართულ იქნა რეალიზებული ბეტონის სახეობების პროპორციულად. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ბეტონის საწარმოებლად შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული გადამხდელის კალკულაციები, რომელიც თანხვედრაშია (იმავე ტერიტორიულ ერთეულზე) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებულ საინჟინრო დასკვნასთან (ბეტონის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის კალკულაციებთან დაკავშირებით).

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს აქვს ძირითადი საშუალებები, კერძოდ: ბეტონის საწარმოო დანადგარები, ოფისის აღჭურვილობა და სხვა, რომლებიც სრულად არ აქვს დაბეგრილი ქონების გადასახადით. შესაბამისად, შემოწმების მიერ გაანგარიშდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რის შედეგადაც გადამხდელს დამატებით დაერიცხა ქონების გადასახადი.

ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში რეგისტრირებული არ აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალება და შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში პერიოდულად იჯარით აქვს აღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები. შემოწმების მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში/დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენებული საწვავის მოცულობის განსაზღვრის მიზნით, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ იქნა საწარმოს საწვავის ხარჯები, იჯარით სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების განხორციელებული რეისების და ტიპის მიხედვით. ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია-დოკუმენტაციის მონაცემების ანალიზით საწარმოს მიერ საწვავზე გაწეული ხარჯი არსებითად შეუსაბამოა საწარმოს მიერ განხორციელებულ ოპერაციებთან, გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა არაეკონომიკურ ხარჯად და მიჩნეულ იქნა, რომ შესაბამისი საქონელი/საწვავი არ იყო გამოყენებული დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საწარმოს მიერ შეძენილი საწვავის ნაწილის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა და ამ საფუძვლით მოგების გადასახადით დაბეგვრა, ასევე, ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1.შპს „-------- ---------“-ის (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს მის გაუქმებას.

2. არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას.

3. გადამხდელი არ ეთანხმება ჩამოწერილი საწვავის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №17828 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №12282 ბრძანება და ამავე თარიღის №006-220 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა გადასახადი , ჯარიმა საურავი .კერძოდ:

1.საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, ვინაიდან, კომპანიას ბუღალტრულ პროგრამაში უფიქსირდება სმფ-ების არარეალური ნაშთები და ბეტონის საწარმოებლად ჩამოწერს არარეალურ ნედლეულს (ცემენტი), ასევე გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არის ორჯერ დაჯარიმებული ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისათვის, შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

აგრეთვე შემოწმებით დამატებით გამოვლენილი შემოსავალი განხილულ იქნა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმა.

2.აწარმოს სააღრიცხვო და დეკლარირებული მონაცემების ანალიზით ირკვევა,აღრიცხული ძირითადი საშუალებები საწარმოს სრულად არ აქვს დაბეგრილი ქონების გადასახადით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა ქონების გადასახადი და საქართველო საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

3.საწარმოს ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილი აქვს საწვავი, რაზეც ჩათვლილია დღგ .საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 97-ე და 175-ე მუხლების მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობაში/დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენებული საწვავის მოცულობის განსაზღვრის მიზნით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ იქნა საწარმოს საწვავის ხარჯი, იჯარით სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების განხორციელებული რეისების და ტიპის მიხედვით. გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა არაეკონომიკურ ხარჯად და შესაბამისი საქონელი/საწვავი მიჩნეულ იქნა, რომ არ არის გამოყენებული დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში. ამ ნაწილში გაუქმდა მიღებული ჩათვლები, საწარმოს დაერიცხა დღგ, ხოლო ხარჯები რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან დაიბეგრა მოგების გადასახადით. საწარმოს დაერიცხა გადასახადები და შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი სამივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:2(2); 43(4); 49(1 „ე“); 61(3); 73(4, 5 „ა“, 9 „ბ“); 96( „ა“); 97(1 „ბ“); 982(1 „ბ“ ); 101(1);136(3); 154(1 „ა“); 158(1); 159(1 „ა“ და ,,ბ“); 160( „ა“); 161(1 „ა“„ა.ბ.დ“, 2); 163(1,2); 164(1); 173(1); 174(1, 2 „ა.ა“, 3); 175-(1 „ა“ );201(1„ა.ა“); 202(1); 205(2); 272; 275;302(2,6);