გადაწყვეტილება №20482/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20482/2/2023
14 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: სს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს „----------“ 4.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20482/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22975 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №006-32 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13938 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 349 480,66 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 161 574
მოგების გადასახადი - 118 136
საშემოსავლო გადასახადი - 43 438
ჯარიმა - 80 787
საურავი - 107 119,66
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 6.03.2018 წლიდან 1.01.2019 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის №006-1051 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22975 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს არარეზიდენტ იურიდიულ პირებზე გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22975 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ მომხდარა შესაბამისი მასალების წარდგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ აქტით დარიცხული თანხები არარეზიდენტ იურიდიულ პირებზე გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის ნაწილში არ დაექვემდებარა კორექტირებას.
აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №006-32 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13938 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადაანგარიშების პროცესში საქმის ირგვლივ დამატებითი ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად საწარმოს დაევალა დამატებითი დოკუმენტების/ინფორმაციის წარმოდგენა, ჩატარდა ადგილზე გასაუბრებაც და დაევალა არარეზიდენტ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების წარმოდგენა. გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა შესაბამისი მასალების წარმოდგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია დაფუძნდა 6.03.2018 წელს, თუმცა ამ პერიოდში მას არ ჰქონდა საბროკერო საქმიანობის ლიცენზია, ვინაიდან აღნიშნული სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა, რომელიც პირდაპირ დაარეგულირებდა საბროკერო საქმიანობას, შესაბამისმა ორგანომ, საქართველოს ეროვნული ბანკმა მიიღო 14.06.2018 წელს (ბრძანება №107/04) და 5.07.2018 წელს (ბრძანება №145/04), რომლის შემუშავებაშიც კომპანია აქტიურად იყო ჩართული. პარალელურად კი კომპანიამ დაიწყო საბროკერო საქმიანობის განსახორციელებლად შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადება, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე 4.04.2018 წელს კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა ისეთ ორგანიზაციასთან, როგორიც არის ----------. ამ ხელშეკრულების მიხედვით, „----------“-ს წარსულში სს „----------“ უნდა გაეწია მომსახურება და ყოფილიყო კომპანიის სავაჭრო პლატფორმის (----------) და ლიკვიდურობის პროვაიდერი, რაც ცხადია პირდაპირ კავშირშია კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან. შესაბამისად, ამ ხელშეკრულებისა და არსებული ინვოისების საფუძველზე კომპანიამ ნამდვილად გადარიცხა თანხები ზემოაღნიშნულ კომპანიასთან. ხელშეკრულების მიხედვით, ერთი მხრივ „----------“-ს და მეორე მხრივ სს „----------“ (ს/ნ ----------) მოვალეობები განსაზღვრულია შემდეგნაირად:
1. წინამდებარე ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.1 პუნქტის მიხედვით, კომპანია „----------“- ს კომპანიისთვის უნდა გაეწია საბროკერო მომსახურება, რაც გულისხმობს, რომ კომპანიას შეეძლებოდა ესარგებლა სავაჭრო პლატფორმა „----------“-ით, რომელიც სს „----------“ (წარსულში სს ----------) და მის კლიენტებს მიცემდა საშუალება სავალუტო ბაზარზე (----------) გაეხსნათ და დაეხურათ პოზიციები;
2. ამავე ხელშეკრულების, პირველი მუხლის 1.2 პუნქტის მიხედვით კომპანია „----------“-მ სს „----------“ (წარსულში სს ----------) მიანიჭა პარტნიორის, ე.წ ----------, რაც ამავე ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის მიხედვით გულისხმობს, რომ პარტნიორს ანუ სს „----------“ ეძლეოდა უფლება გამოეყენებინა კომპანია „----------“-ს ტექნოლოგიები სერვისები საკუთარი სახელით, რაც მსოფლიო მასშტაბით, საბროკერო საქმიანობის კუთხით მიღებული საერთაშორისო პრაქტიკაა;
3. წინამდებარე ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მკაფიოდ არის მითითებული, რომ ასეთ შემთხვევაში პარტნიორს, კომპანია „----------“-სთვის მაინც უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესაბამისი ანაზღაურება, რაც თავის მხრივ გამორიცხავს საკომისიოს სახით გადარიცხული თანხების უკან დაბრუნებას, ხოლო თანხის დაბრუნების შემთხვევაში კი თანხა უნდა დაბრუნებულიყო ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე, კომპანიას 2018 წელს, გარდა სს ----------, არ გააჩნდა სხვა ბანკში ანგარიშები, რასაც ადასტურებს საბანკო ამონაწერები და მათში მითითებული თარიღები.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოგზავნილი 7.07.2018 წლის №---------- შეტყობინების მიხედვით, კომპანიას აეკრძალა „----------“-სთან ზემოაღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობა, რადგანაც ის რეგისტრირებული იყო მაღალი რისკის სტატუსის მქონე ქვეყანაში. ამ შეტყობინების შესაბამისად, კომპანია იძულებული გახდა შეეწყვიტა „----------o“-სთან სახელშეკრულებო ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების საფასური უკვე გადახდილი იყო. რადგან ხელშეკრულების შეწყვეტა არ მომხდარა „----------“-ს მიზეზით, ამის გამო კომპანიამ ვერ მოახერხა გადახდილი თანხების უკან დაბრუნება. გარდა ამისა, ხელშეკრულება გაფორმდა 4.04.2018 წელს, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №107/04 ბრძანება „მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიების დამატებითი რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ მიღებული იყო 14.06.2018 წელს, აღნიშნული ბრძანება ეხება მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიების დამატებითი რეგულირების წესს, ხოლო ამავე ბრძანების მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით პლატფორმის პროვაიდერი ანუ ლიკვიდურობის მომწოდებელი არის უცხოური ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ლიცენზირებულია „განვითარებული ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 19.02.2010 წლის №16/01 ბრძანებით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მიერ და რომელიც კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით აძლევს სავაჭრო პლატფორმით სარგებლობის უფლებას. გარდა ამისა, საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული/დამტკიცებული იყო 5.07.2018 წლის №145/04 ბრძანებით.
გარდა ამისა, აღნიშნული საკითხის შესწავლის პერიოდში, აუდიტის დეპარტამენტის თხოვნით, კომპანიამ 12.12.2022 წელს „----------“-ს შესაბამის დეპარტამენტს მიმართა თხოვნით, რათა მათ კომპანიისთვის გამოეგზავნათ ოფიციალური განმარტება იმისა, თუ რა სახის მომსახურება უნდა გაეწიათ მათ კომპანიისთვის, მოხდა თუ არა გადარიცხული თანხებით რაიმეს გადახდა და მოხდა თუ არა აღნიშნული თანხების დაბრუნება კომპანიისთვის, სამწუხაროდ „----------“-ს იურიდიული დეპარტამენტის ცნობით, მოხდა ბელიზში რეგისტრირებული კომპანიის ლიკვიდაცია 2020 წელს, ხოლო 13.12.2022 წელს აუდიტორების მიეწოდათ აღნიშნული ინფორმაცია და ლიკვიდაციის შესახებ ცნობა/სერთიფიკატი, თუმცა დამატებითი ინფორმაციის შესახებ მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტისგან არ ყოფილა მიღებული.
ყოველივე აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, იმის გამო, რომ საბროკერო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა შემუშავდა კომპანიის დაარსებიდან რამდენიმე თვის დაგვიანებით, იმის გამო, რომ მარეგულირებელმა ორგანომ მოითხოვა კომპანია „----------“-სთან ურთიერთობის შეწყვეტა, რითაც კომპანია დაზარალდა, შემმოწმებელმა ამ კომპანიასთან გადარიცხული თანხები ვერ დაუკავშირა ეკონომიკურ საქმიანობას და მოახდინა აღნიშნული თანხების (ზარალის) მოგების გადასახადით დაბეგვრა, დაარიცხა მას ჯარიმები და საურავები, მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა პირდაპირ მოიცავდა საბროკერო საქმიანობას, რაც 2018 წელს ნამდვილად იყო კომპანიის ეკონომიკური საქმიანობა.
რაც შეეხება ----------ს (----------™), აღნიშნული კომპანია მოქმედებს 2012 წლიდან, რომელიც დაინტერესებულ პირს წვდომას აძლევს დაახლოებით 50 მსოფლიო ბაზარზე. 2018 წელს კომპანიამ ნამდვილად გადარიცხა თანხა 6 500 აშშ დოლარის ოდენობით, რათა აღნიშნულ პროვაიდერთან მომხდარიყო სავაჭრო ანგარიშის გახსნა და მისი პლატფორმის ათვისება, რათა შემდგომ მომხდარიყო აღნიშნული პლატფორმის გამოყენება და მოთხოვნის შესაბამისად კლიენტებისთვის მისი შეთავაზება. საქართველოს კანონმდებლობა საბროკერო კომპანიებს არ ავალდებულებს მხოლოდ ერთი კონკრეტული პლატფორმით სარგებლობასა და ასევე, არ ზღუდავს კომპანიებს ჰყავდეთ რამდენიმე პროვაიდერი. ასევე, არც საგადასახადო კოდექსში გვხდება კონკრეტული მუხლი, რომელიც პირდაპირ მიგვითითებს სავაჭრო პლატფორმით სარგებლობისა და ლიკვიდურობის მომწოდებელთან გადარიცხული თანხების დაბეგვრას. შესაბამისად, თუ სავაჭრო პლატფორმა და ლიკვიდურობის მომწოდებელი და მათთან დაკავშირებული ხარჯი ან/და მათთან გადარიცხული დეპოზიტი არ არის საბროკერო საქმიანობასთან დაკავშირებული, მაშინ რა შეიძლება ვუწოდოთ საბროკერო საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯს? ასევე, თუ საბროკერო კომპანიას არ შეუძლია ისარგებლოს ზემოაღნიშნული ლიკვიდურობის მომწოდებლების მომსახურებით, მაშინ რა სახის ორგანიზაცია/კომპანია შეგვიძლია დავასახელოთ ისეთად, რომლის ეკონომიკური საქმიანობა პირდაპირ დაკავშირებული იქნება ასეთი ტიპის ლიკვიდურობის მომწოდებლების მომსახურებასთან?
ყოველივე აქედან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მომხდა აღნიშნული საკითხების დეტალური გამოკვლევა, ვინაიდან აღნიშნული გამოწვეული იყო არა კომპანიის ნებით, არამედ ახალი კანონმდებლობის შემოღებით და მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნით, აერჩია კომპანიას სხვა პროვაიდერი.
გარდა ამისა, საბროკერო საქმიანობის პროდუქტი და მასთან დაკავშირებული ხარჯები, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია საბროკერო კომპანიების ეკონომიკურ საქმიანობასთან შემმოწმებელმა ვერ დაუკავშირა კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას. შესაბამისად, კომპანია არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვს აღნიშნულ ნაწილში გადასახადის თანხის, ჯარიმისა და საურავის სრულად მოხსნას.
იმისდა მიუხედავად, თუ რა ნაწილში ან რა მოცულობით იქნება გათვალისწინებული საჩივრის კონტრარგუმენტაცია, კომპანიას სრულად უნდა მოეხსნას დარიცხული ჯარიმები და საურავები საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მონიჭებული უფლების შესაბამისად, რადგან დარიცხვები ძირითადად გამოწვეულია ბიზნესის სირთულით, ბუღალტრული შეცდომებით/არცოდნით და გადასახადის გადამხდელს გადასახადებისგან თავის არიდება მიზნად არ ჰქონია. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;
გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22975 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს არარეზიდენტ იურიდიულ პირებზე გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ მომხდარა შესაბამისი მასალების წარდგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13938 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22975 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები. შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22975 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს არარეზიდენტ იურიდიულ პირებზე გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ მომხდარა შესაბამისი მასალების წარდგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(1„ბ“); 983(1).