ბრძანება N 18826
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18826
15 აგვისტო 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------- -ის “ (ს/ნ "-------" )
(ფაქტ. მის.:"-------")
2024 წლის 13 მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 8 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №86) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 31 ივლისის №23339/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „------- -ის “ (ს/ნ "-------") №89604/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 აპრილის №002-58 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
მომჩივანი არ ეთანხმება სალაროს განკარგვადი თანხის ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. ამასთან, არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საქონლის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის მხოლოდ 75%-ის ანაზღაურებულად მიჩნევასთან მიმართებით განმარტავს, რომ შემოწმებისათვის წარდგენილი ჰქონდა ცნობები იმის შესახებ, რომ კომპანიას მომწოდებლების მიმართ დავალიანება არ გააჩნდა და აღნიშნავს, რომ შეუძლია წარმოადგინოს ცნობები იმ სახით, რა სახითაც მისაღები იქნება აუდიტის დეპარტამენტისათვის.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 დეკემბრის №31170 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ -ის “ (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 4 ნოემბრიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 29 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 10 აპრილის №7914 ბრძანება და ამავე თარიღის №002-58 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 37 485 ლარი, მათ შორის გადასახადი 23 797 ლარი, ჯარიმა 11 899 ლარი და საურავი 1 789 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 28 მაისის №12280 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 31 ივლისის №23339/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 28 მაისის №12280 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 31 ივლისის №23339/2/2024 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია:
მომჩივანი არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საქონლის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის მხოლოდ 75%-ის ანაზღაურებულად მიჩნევასთან მიმართებით განმარტავს, რომ აუდიტისთვის წარდგენილი ჰქონდა მომწოდებლების ცნობები იმის შესახებ, რომ კომპანიას დავალიანება არ გააჩნდა და აღნიშნავს, რომ შეუძლია წარმოადგინოს ცნობები იმ სახით, რა სახითაც მისაღები იქნება აუდიტის დეპარტამენტისათვის.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა წყლის გამაცხელებლების იმპორტი ჩინეთიდან, დახერხილი ხის მასალის იმპორტი რუსეთიდან და შემდგომ მათი საბითუმო რეალიზაცია. შემოწმების მიერ მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ცხრილი, კერძოდ შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა კომპანიის მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია, ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს სმფ-ების ნაშთი არ გააჩნდა. ხოლო, გადახდილ თანხებში საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებული საინვოისო ღირებულება ტრანსპორტირების გათვალისწინებით, გარდა რუსეთიდან იმპორტირებული საქონლისა, ვინაიდან გადამხდელის მიერ არ იყო წარმოდგენილი შეძენილი საქონლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და აგრეთვე საბანკო ამონაწერები. ხარჯისთვის გამოყენებული იქნა 0256 მანუალი და ინვოისით შეძენილი საქონლის ღირებულების 75%, ადგილობრივი შეძენები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, გაცემული ხელფასები, სსიპ-გან მიღებული მომსახურებები და სხვა. შემოწმების მიერ, განკარგვადი თანხა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ მომზადდა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობის ცხრილი. კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა კომპანიის მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია, ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს სმფ-ების ნაშთი არ გააჩნდა, ხოლო, გადახდილ თანხებში - საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებული საინვოისო ღირებულება ტრანსპორტირების გათვალისწინებით, გარდა რუსეთიდან იმპორტირებული საქონლისა, ვინაიდან გადამხდელის მიერ არ იყო წარმოდგენილი შეძენილი საქონლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და საბანკო ამონაწერები. ხარჯისთვის გამოყენებული იქნა 0256 მანუალი და ინვოისით შეძენილი საქონლის ღირებულების 75%, ადგილობრივი შეძენები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, გაცემული ხელფასები, სსიპ-გან მიღებული მომსახურებები და სხვა. შემოწმების მიერ, განკარგვადი თანხა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომ შემოწმებისათვის წარდგენილი ჰქონდა ცნობები მომწოდებლების მიმართ დავალიანების არ ქონის შესახებ და ასევე, შეუძლია წარმოადგინოს ცნობები იმ სახით, რა სახითაც მისაღები იქნება აუდიტის დეპარტამენტისათვის.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------- -ის “ (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება სალაროს განკარგვადი თანხის ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ცხრილი, კერძოდ შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა კომპანიის მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია, ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს სმფ-ების ნაშთი არ გააჩნდა. ხოლო, გადახდილ თანხებში საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებული საინვოისო ღირებულება ტრანსპორტირების გათვალისწინებით, გარდა რუსეთიდან იმპორტირებული საქონლისა, ვინაიდან გადამხდელის მიერ არ იყო წარმოდგენილი შეძენილი საქონლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და აგრეთვე საბანკო ამონაწერები.შემოწმების მიერ, განკარგვადი თანხა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9),101,105,154.