ბრძანება N 6286
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6286
02 აპრილი 2025
ბრძანება
ი/მ "--------"-ს (ს/ნ "--------")
(ფაქტ. მის.: "--------")
2024 წლის 27 ნოემბრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 თებერვლის, 7 და 20 მარტის სხდომებზე (ოქმი №17; №19; №21) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ი/მ "--------"-ს (ს/ნ "--------") 2024 წლის 27 ნოემბრის №93055/1/2024 და №93056/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი ნოემბრის №249-30 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით, მათ შორის შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს. აცხადებს, რომ საქონლის რეალიზაციას ახორციელებს უმეტესად დოკუმენტით და შესამოწმებელ პერიოდში არცერთხელ არ არის დაჯარიმებული საქონლის უსაბუთო ტრანსპორტირებისთვის ან საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე. აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს გაანგარიშებისთვის გამოყენებული აქვს ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი (56%), ამასთან, ინვენტარიზაციისას დაფიქსირებულია საცალო ფასები მთელს საქონლის ასორტიმენტზე და მეწარმის ბრუნვის გათვალისწინებით, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში 12 000 000 ლარზე მეტია, მისი მიჩნევა საცალოდ მოვაჭრე ობიექტად არასწორი და არამართებულია. აღნიშნავს, რომ დოკუმენტური რეალიზაციის ფასები წლების მიხედვით მერყეობს 16%-დან 22%-მდე, რომელიც მეწარმის სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე რეალურად ასახავს მის მახასიათებლებს. გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული, კერძოდ, წარდგენილი დოკუმენტური შეძენა-რეალიზაციის ცხრილიდან არ იქნა გათვალისწინებული მნიშვნელოვანი წილი, რამაც გავლენა მოახდინა საბოლოო შედეგებზე. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ 2020 წლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შეადგენს 2 463 477 ლარს, რომელზეც დასკვნის ეტაპზე 2020 წლის საანგარიშო პერიოდში დადგენილი ფასნამატის (33,07%) გავრცელების შემთხვევაში ერთობლივმა შემოსავალმა და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ უნდა შეადგინოს 3 278 148.84 ლარი, ხოლო 2021 წლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შეადგენს 3 302 588 ლარს, რომელზეც დასკვნის ეტაპზე 2021 წლის საანგარიშო პერიოდში დადგენილი ფასნამატის (48,12%) გავრცელების შემთხვევაში ერთობლივმა შემოსავალმა და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ უნდა შეადგინოს 4 891 793.34 ლარი, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დასკვნაში მითითებული ციფრი მნიშვნელოვნად განსხვავდება რპთ-ზე ფასნამატის გავრცელებით მიღებული ციფრისაგან, რაც უპირობოდ საჭიროებს დაზუსტებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33868 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ "--------"-ს (ს/ნ "--------") საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ "--------"-ს (ს/ნ "--------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, 2020-2021 წლების ფასნამატის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრის მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33868 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 30 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 491 717 ლარი, მათ შორის, გადასახადი 327 808 ლარი, ჯარიმა 163 909 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის პირველი ნოემბრის №249-30 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 4 დეკემბრის №25458 ბრძანებით ი/მ "--------"-ს (ს/ნ "--------") საჩივრები არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2025 წლის 11 თებერვლის №24488/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 დეკემბრის №25458 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 11 თებერვლის №24488/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება, არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელმა წარმოადგინა 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდზე იმპორტირებული საქონლის თვითღირებულებების გაანგარიშების ცხრილი იმპორტის დეკლარაციების შესაბამისად, ასევე აღნიშნული ცხრილებისა და დოკუმენტური რეალიზაციის გამოყენებით შედგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილები. შემოწმების მიერ განხორციელდა წარმოდგენილი ცხრილების შესწავლა და ანალიზი, რის შედეგადაც დაკორექტირდა 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში შემოწმებით გამოყენებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი 55.78%-იანი ფასნამატი, კერძოდ, აღნიშნულ პერიოდებზე შემოსავლის გაანგარიშებისათვის გამოყენებულ იქნა გადამხდელის მიერ გაანგარიშებული ფასნამატი 2020 წელს-33.07%, ხოლო 2021 წელს-48.12%. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.
გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელს არ წარმოუდგენია საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების შესახებ მტკიცებულებები, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელებულა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.
2. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.
3. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდის იმპორტირებული საქონლის თვითღირებულებების გაანგარიშების ცხრილი იმპორტის დეკლარაციების შესაბამისად, ასევე აღნიშნული ცხრილებისა და დოკუმენტური რეალიზაციის გამოყენებით შედგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილები. შემოწმების მიერ განხორციელდა წარმოდგენილი ცხრილების შესწავლა/ანალიზი, რის შედეგადაც 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე შემოსავლის გაანგარიშებისათვის გამოყენებულ იქნა გადამხდელის მიერ გაანგარიშებული ფასნამატი 2020 წელს-33.07%, ხოლო 2021 წელს-48.12%. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას. ხოლო, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებთან დაკავშირებით, გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი არგუმენტების შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რის გამოც, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება აღსრულებულია.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში მითითებულ და საქმის ზეპირი განხილვისას წარმოდგენილ პოზიციაზე, რომ შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნაში წარმოდგენილია საშემოსავლო გადასახადის წლიური გაანგარიშებები, სადაც მითითებულია საანგარიშო პერიოდის საწყისი ნაშთი, საქონლის შეძენა და საბოლოო ნაშთები, შემოწმებით დადგენილ სმფ-ების ნაშთებს შორის სხვაობა განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად, თუმცა შემოწმების მიერ არ იქნა დაკორექტირებული დეკლარირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთები, რაც გავლენას ახდენს გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრაზე.
შემოსავლების სამსახური ასევე ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 13 მარტის №4631 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "--------"-ს სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. აღნიშნული ინვენტარიზაციის ფარგლებში განხორციელდა გადამხდელთან არსებული სმფ-ს ნაშთის დათვლა. გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციასა და ფაქტობრივად დადგენილ სმფ-ს ნაშთებს შორის სხვაობამ შეადგინა 611 715 ლარი, რომელიც განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდებში რეალიზებულად დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების დაზუსტების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირების საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად და აღნიშნულის საფუძველზე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ "--------"-ს (ს/ნ "--------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირების საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად და აღნიშნულის საფუძველზე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით, მათ შორის შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელმა წარმოადგინა 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდზე იმპორტირებული საქონლის თვითღირებულებების გაანგარიშების ცხრილი იმპორტის დეკლარაციების შესაბამისად, ასევე აღნიშნული ცხრილებისა და დოკუმენტური რეალიზაციის გამოყენებით შედგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილები. შემოწმების მიერ განხორციელდა წარმოდგენილი ცხრილების შესწავლა და ანალიზი, რის შედეგადაც დაკორექტირდა 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში შემოწმებით გამოყენებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი 55.78%-იანი ფასნამატი, კერძოდ, აღნიშნულ პერიოდებზე შემოსავლის გაანგარიშებისათვის გამოყენებულ იქნა გადამხდელის მიერ გაანგარიშებული ფასნამატი 2020 წელს-33.07%, ხოლო 2021 წელს-48.12%.საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელს არ წარმოუდგენია საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების შესახებ მტკიცებულებები, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელებულა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების დაზუსტების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირების საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად და აღნიშნულის საფუძველზე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5),145.