ბრძანება N 25798

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.11.2025
№ დოკუმენტი 25798
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25798

25 ნოემბერი 2025

ბრძანება

შპს ,,-------“ (ს/ნ ,,-------“)

(მის.: ,,-------“)

2025 წლის 11 სექტემბრის, 16 ოქტომბრის და 5 ნოემბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 და 20 ნოემბრის სხდომებზე (ოქმები №92 და №96) განიხილა შპს ,,------“ (ს/ნ ,,------“) 2025 წლის 11 სექტემბრის №97929/1/2025, 16 ოქტომბრის №98371/1/2025 და 5 ნოემბრის №98668/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 სექტემბრის №007-247 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება, გაწეული სამშენებლო მომსახურების ფარგლებში, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. აცხადებს, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებს არ უფიქსირდებათ სხვა შემოსავლები და ხელშეკრულებებში მითითებული პირობები ასევე დამახასიათებელია შრომითი ხელშეკრულებისთვის ვერ დაადასტურებს მხარეთა ნების გამოხატვის ფორმისა და მისი შინაარსის შეუსაბამობას და კვალიფიკაციის შეცვლის საჭიროებას. სამეურნეო ოპერაციისთვის კვალიფიკაციის შეცვლა არ გულისხმობს საგადასახადო ორგანოსთვის თვითნებური შეფასებების უფლებამოსილების მინიჭებას. სამეურნეო ოპერაციისთვის კვალიფიკაციის შეცვლა უნდა იყოს გონივრული და შესაბამისად, დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების საფუძველზე. ამდენად, საგადასახადო ორგანო შპს ,,-------“ მიერ განხორციელებული ოპერაციისთვის კვალიფიკაციის განსაზღვრისას ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა არსებული მტკიცებულებები სრულყოფილად.

განმარტავს, რომ ,,-------“ , ,,-------“ და ,,-------“ არიან კომპანიის დაქირავებული თანამშრომლები, რომელთა მიმართაც კომპანიის მიერ გაფორმებულია უვადო შრომითი ხელშეკრულებები, ისინი კომპანიისთვის წარმოადგენენ სანდო და შეუცვლელ კადრებს. აცხადებს, რომ პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა დამატებით განეხორციელებინათ ეკონომიკური საქმიანობა, რომლისთვისაც მიიღეს მცირე ბიზნესის სტატუსი. კომპანიამ, მათი კეთილსინდისიერების გათვალისწინებით, მათთან დადო შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულებები, რაც კანონით აკრძალული არ არის და არ წარმოადგენს დარღვევას. ყველა ოპერაცია განხორციელდა გამჭვირვალედ — შესაბამისი გადასახადების გადახდით, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებითა და დოკუმენტურად დადასტურებული ფორმით. განმარტავს, რომ მომსახურების ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფუნქციები მკაფიოდ იყო გამიჯნული შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებებისგან. ასევე განმარტავს, შემოსავლების სამსახურში წარდგენილ მომსახურების ყველა ხელშეკრულებაში მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ შემსრულებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს დამკვეთის (კომპანიის) მასალებითა და კომპანიის მიერ მითითებულ ობიექტზე, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ შეაფასა სათანადოდ და ფაქტობრივად უგულებელყო ხელშეკრულების შინაარსი, რაც ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს — საქმის გარემოებების სრულად და ობიექტურად გამოკვლევის ვალდებულებას.

ასევე აცხადებს, ნაწილობრივ დადასტურებულია, რომ გარკვეულ პერიოდში ზემოაღნიშნულ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს მართლაც ჰქონდათ მომსახურების გაწევის შემთხვევები სხვა პირების მიმართ, რაც ასახულია მათივე ახსნა-განმარტებებში, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნული გარემოება უგულებელყო და არ შეაფასა დოკუმენტურად.

შესაბამისად, ,,--------“-მა, ,,--------“-მა და,,--------“-მ, მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების შემდეგ, სრულიად კანონიერად განახორციელეს საქმიანობა აღნიშნული რეჟიმის ფარგლებში. მათ ჰქონდათ შესაბამისი რესურსი და დრო, რომ საკუთარი პროფესიული უნარებიდან გამომდინარე შეესრულებინათ დაკისრებული სამუშაოები პირადად. ამდენად, საგადასახადო ორგანო შპს ,,------“ მიერ განხორციელებული ოპერაციისთვის კვალიფიკაციის განსაზღვრისას ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა არსებული მტკიცებულებები სრულყოფილად. მიუთითებს საჩივარზე დანართის სახით წარმოდგენილ მომსახურების ხელშეკრულებებსა და მიღება-ჩაბარების აქტებზე და ითხოვს დარიცხული თანხების მოხსნას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მაისის №8812 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,--------“ (ს/ნ ,,--------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 დეკემბრის №25884 ბრძანებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 2 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 9 სექტემბრის №19745 ბრძანება და ამავე თარიღის №007-247 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 261 595 ლარი, მათ შორის, გადასახადი 145 659 ლარი, ჯარიმა 73 652 ლარი, საურავი 42 284 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შპს ,,-------“ (ს/ნ ,,--------“) ეკონომიკურ საქმიანობას შესამოწმებელ პერიოდში სრულად წარმოადგენს სახელმწიფო ტენდერებით განსაზღვრული სამშენებლო მომსახურების გაწევა. შემოწმების პროცესში დამუშავდა გასს-ის ბაზებში არსებული ინფორმაცია, დეტალურად მოხდა ყველა ტენდერის და გადამხდელის მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა. საწარმოს სახელმწიფო ტენდერებიდან მიღებული შემოსავლის 100% ერიცხება საბანკო ანგარიშზე.გადამხდელის წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით გამოვლინდა, რომ კომპანიას უფიქსირდება თანხების გადარიცხვა ფიზიკურ პირებთან, დანიშნულებით "მომსახურების ხელშეკრულება"/"მიღება-ჩაბარება". აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფიზიკური პირები წარმოადგენენ ასევე შპს ,,------- -ის “ დაქირავებულ პირებს, რომლებიც ზემოთხსენებული ჩარიცხვების გარდა ასევე იღებენ ხელფასს, რომელსაც კომპანია აკავებს გადახდის წყაროსთან. აღნიშნული პირები არიან:

 ,,-------“(პ/ნ ,,-------“), რომელსაც მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა 01.02.2022 წელს. აღნიშნული პირი გასს-ის ბაზებში არსებული ინფორმაციით შპს ,,------“ დასაქმებულია 2015 წლის დეკემბრის თვიდან. 2020 წლის მარტიდან დღემდე ხელფასს იღებს მხოლოდ აღნიშნული საწარმოდან. მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების შემდგომ, საწარმოდან ჩარიცხული თანხები შეადგენს 429 710 ლარს, ხოლო ამავე საწარმოდან მასზე გაცემულია ხელფასი 153 610 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). აღნიშნულ ფიზიკურ პირს არ უფიქსირდება რაიმე სახის მასალების/სამუშაო ინვენტარის შეძენა და არასდროს არ ყოლია დაქირავებული პირები. აღსანიშნავია, რომ როგორც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს მიღებული და დეკლარირებული აქვს მხოლოდ ის თანხები, რაც შპს ,,------- - სგან“ მიიღო.

 ,,-------“ (პ/ნ ,,-------“), რომელსაც მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა 01.04.2024 წელს. აღნიშნული პირი გასს-ის ბაზებში არსებული ინფორმაციით შპს ,,-------“ დასაქმებულია 2016 წლის აპრილის თვიდან. მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების შემდგომ, საწარმოდან ჩარიცხული თანხები შეადგენს 117 600 ლარს, ხოლო ამავე საწარმოდან მასზე გაცემულია ხელფასი 106 670 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). აღნიშნულ ფიზიკურ პირს არ უფიქსირდება რაიმე სახის მასალების/სამუშაო ინვენტარის შეძენა და არასდროს არ ყოლია დაქირავებული პირები. 04.2022-03.2024 საანგარიშო პერიოდებში ,,-------“ განაცემებში ფიქსირდება როგორც შპს ,,------- - ის “ დასაქმებული პირი. ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის რეგისტრაციის შემდგომ აღარ ხდება თანხების გადახდის წყაროსთან დაკავება და შემოსავალი ერიცხება როგორც მცირე მეწარმეს. ხოლო 02.2025-03.2025 საანგარიშო პერიოდებში მასზე გადარიცხული თანხები ფიქსირდება განაცემებში როგორც "ხელფასი".

 ,,-------“ (პ/ნ ,,-------“), რომელსაც მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა 01.04.2024 წელს. აღნიშნული პირი გასს-ის ბაზებში არსებული ინფორმაციით შპს ,,-------“ დასაქმებულია 2018 წლის სექტემბრის თვიდან. ამ პერიოდში იგი სხვა საწარმოში დასაქმებული არ ყოფილა. მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების შემდგომ, საწარმოდან ჩარიცხული თანხები შეადგენს 19 915 ლარს, ხოლო ამავე საწარმოდან მასზე გაცემულია ხელფასი 91 230 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). აღნიშნულ ფიზიკურ პირს არ უფიქსირდება რაიმე სახის მასალების/სამუშაო ინვენტარის შეძენა და არასდროს არ ყოლია დაქირავებული პირები.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აღნიშნული ფიზიკური პირები შპს ,,----- - სთვის“ ასრულებენ ერთიდაიგივე სამუშაოს, როგორც მცირე ბიზნესის სტატუსის შემთხვევაში, ისე შპს ,,------“ დასაქმებული პირის შემთხვევაში.

შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 81-ე, მე-12, 101-ე და 154-ე მუხლებით.

იმის გათვალისწინებით, რომ ,,------“-ს, ,,------“-ს და ,,------“-ს არ უფიქსირდებათ რაიმე სახის დანახარჯები, მათ შორის ხელფასების გაცემა, ხელსაწყოებისა და სასაქონლო-მატერიალური მარაგების შეძენა და შესამოწმებელ პერიოდში, ასევე წინა პერიოდში სხვა პირებს არ უწევენ ანალოგიურ/მსგავს მომსახურებას, შემოწმებით შპს ,,------ -სთვის“ მომსახურების გაწევისთვის მიღებული თანხები დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, შემოწმებით, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, კომპანიას უფიქსირდება თანხების გადარიცხვა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებთან (,,-------“, ,,-------“, ,,-------“, დანიშნულებით "მომსახურების ხელშეკრულება"/"მიღება-ჩაბარება"), რომლებიც ასევე წარმოადგენენ საწარმოს დაქირავებულ პირებს და ზემოთხსენებული ჩარიცხვების გარდა ასევე იღებენ ხელფასს, რომელსაც კომპანია აკავებს გადახდის წყაროსთან. აღნიშნულ ფიზიკურ პირებს არ უფიქსირდებათ რაიმე სახის მასალების/სამუშაო ინვენტარის შეძენა და არასდროს არ ყოლიათ დაქირავებული პირები. აღნიშნული პირები შპს ,,----- - სთვის“ ასრულებენ ერთიდაიგივე სამუშაოს, როგორც მცირე ბიზნესის სტატუსის შემთხვევაში, ისე შპს ,,----- - ის“ დასაქმებული პირის შემთხვევაში. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და იმის გათვალისწინებით, რომ ,,------“-ს, ,,------“-ს და ,,------“-ს არ უფიქსირდებათ რაიმე სახის დანახარჯები, მათ შორის ხელფასების გაცემა, ხელსაწყოებისა და სასაქონლო-მატერიალური მარაგების შეძენა და შესამოწმებელ პერიოდში, ასევე წინა პერიოდში, სხვა პირებს არ უწევენ ანალოგიურ/მსგავს მომსახურებას, შპს ,,----- - სთვის“ მომსახურების გაწევისთვის მიღებული თანხები დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

გადამხდელის არგუმენტებთან, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ გაწეული სამშენებლო მომსახურებისთვის გადახდილი თანხების გაცემულ ხელფასად გადაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით, შემოსავლებს სამსახური განმარტავს, რომ გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის, საგადასახადო კანონმდებლობა დაქირავებით მუშაობისა და მომსახურების გაწევის შემთხვევებში ითვალისწინებს განსხვავებული საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობას, რისი დადგენაც შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსებული „კითხვარი სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ” კითხვარით, რაც მოიცავს კრიტერიუმების ჩამონათვალს, რომელთა საშუალებითაც ხდება დაქირავებით მუშაობისა და მომსახურების გაწევის გამიჯვნა. ამდენად, აღნიშნული კითხვარის მიზანს წარმოადგენს სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი შრომითი ურთიერთობის სახის სწორად დადგენა.

ამასთან, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, მათ შორის საჩივრების ზეპირ განხილვაზე გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტებების, ასევე მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების-,,-------“-სა და ,,-------“-ის ახსნა-განმარტებების და იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება ,,------“-სა და ,,------“-ს დამოუკიდებლად არ განუხორციელებიათ, ამასთან ამ პირების მიერ არ ფიქსირდება ხელფასის სახით განაცემის გაცემა და შესაბამისად დაბეგვრა, ხოლო ,,------“-თან დაკავშირებით კი არ არის წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები, აგრეთვე აღნიშნული პირები, გადამხდელის განმარტებითაც, წარმოადგენენ საწარმოს დაქირავებულ თანამშრომლებს, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული ოპერაცია თავისი შინაარსით წარმოადგენდა არა მომსახურების გაწევას, არამედ დაქირავებით მუშაობას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს ,,--------“ (ს/ნ ,,--------“) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება, გაწეული სამშენებლო მომსახურების ფარგლებში, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობას შესამოწმებელ პერიოდში სრულად წარმოადგენს სახელმწიფო ტენდერებით განსაზღვრული სამშენებლო მომსახურების გაწევა. საწარმოს სახელმწიფო ტენდერებიდან მიღებული შემოსავლის 100% ერიცხება საბანკო ანგარიშზე.კომპანიას უფიქსირდება თანხების გადარიცხვა ფიზიკურ პირებთან.აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფიზიკური პირები წარმოადგენენ ასევე საწარმოს დაქირავებულ პირებს, რომლებიც ჩარიცხვების გარდა ასევე იღებენ ხელფასს, რომელსაც კომპანია აკავებს გადახდის წყაროსთან.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აღნიშნული ფიზიკური პირები საწარმოსთვის ასრულებენ ერთიდაიგივე სამუშაოს, როგორც მცირე ბიზნესის სტატუსის შემთხვევაში, ისე საწარმოს დასაქმებული პირის შემთხვევაში.ფიზიკურ პირებს არ უფიქსირდებათ რაიმე სახის დანახარჯები, მათ შორის ხელფასების გაცემა, ხელსაწყოებისა და სასაქონლო-მატერიალური მარაგების შეძენა და შესამოწმებელ პერიოდში, ასევე წინა პერიოდში სხვა პირებს არ უწევენ ანალოგიურ/მსგავს მომსახურებას, შემოწმებით მომსახურების გაწევისთვის მიღებული თანხები დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, შემოწმებით, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),101,154.