ბრძანება N 3824

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.03.2025
№ დოკუმენტი 3824
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3824

05 მარტი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“-ს (ს/ნ ----------------)

(მის.: ------------------------------)

2025 წლის 13 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №15) განიხილა შპს „------“-ს (ს/ნ ----------------) 2025 წლის 13 თებერვლის №94159/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №056-79 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებეს დღგ-ის ნაწილში და განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას სრულად არ არის გათვალისწინებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთაგანაც ერთი საერთოდ გასაუქმებელია, აღნიშნულს კი გავლენა ექნებოდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრაზე.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აცხადებს, რომ დარიცხული გადასახადები არ შეესაბამება რელურ მოცემულობას.

გადასახადის გადამხდელისთვის გაუგებარია რატომ მოიცვა შემოწმებამ 2024 წლის 15 თებერვლიდან პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდი, როდესაც ბრძანებით შემოწმება მხოლოდ 2024 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის განსაზღვრაზე იყო დანიშნული. ამასთან, არ ეთანხმება შემოწმების ჩატარებას მისი მონაწილეობის გარეშე. აცხადებს, რომ ჰქონდა პარალელური დათვლები, რომელთან შედარებითაც არარეალურად დიდი თანხებია განსაზღვრული შემოწმების მიერ. განმარტავს, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლია დამატებით წარმოადგინოს ინფორმაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 7 ივნისის №13541 და 2024 წლის 29 ივლისის №17624 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“-ს (ს/ნ ----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 15 თებერვლიდან 2024 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 26 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 30 დეკემბრის №27650 ბრძანება და ამავე თარიღის №056-79 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 336 209 ლარი, მათ შორის, გადასახადი 209 713 ლარი, ჯარიმა 104 784 ლარი, საურავი 21 712 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს „-----“-ს საქმიანობის სახეს წარმოადგენს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოება, შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება მომსახურების გაწევა შპს „------“-ისთვის (ს/ნ ----------------), რომელზედაც გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. საგადასახადო დოკუმენტაციის შესწავლის მიხედვით დადგინდა, რომ კომპანიას სრულად არ აქვს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახული მიღებული შემოსავალი. ასევე, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს მიღებული აქვს იმაზე მეტი თანხა ვიდრე გამოწერილი დოკუმენტებიდან ჩანს. შემოწმების მიხედვით აღნიშნული თანხა 1614 ლარი დაიბეგრა დღგ-ით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 1601 მუხლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს წარმოდგენილი აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციები ნულოვანი ფორმით, ხოლო წარმოდგენილ საბანკო ამონაწერში ფიქსირდება ხელფასის სახით განაცემები. შემოწმებით ასევე განხორციელდა მიღებული შემოსავლების და ხარჯების შეპირისპირება, ფულადი მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას უფიქსირდება მომსახურების გაწევა, რომელზეც გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. საგადასახადო დოკუმენტაციის შესწავლის მიხედვით დადგინდა, რომ კომპანიას სრულად არ აქვს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახული მიღებული შემოსავალი. ასევე, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების შემოწმების შედეგად კი დადგინდა, რომ მიღებული აქვს იმაზე მეტი თანხა ვიდრე დოკუმენტებია გამოწერილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და გადასახადის გადამხდელისთვის საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას წარდგენილი აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციები ნულოვანი ფორმით, ხოლო წარდგენილ საბანკო ამონაწერში ფიქსირდება ხელფასის სახით განაცემები. ასევე, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად,მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“-ს (ს/ნ ----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის და დღგ-ის ნაწილებში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აცხადებს, რომ დარიცხული გადასახადები არ შეესაბამება რელურ მოცემულობას. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №13541 და №17624 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 15 თებერვლიდან 2024 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №27650 ბრძანება და №056-79 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 336 209 ლარი, მათ შორის, გადასახადი 209 713 ლარი, ჯარიმა 104 784 ლარი, საურავი 21 712 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება მომსახურების გაწევა , რომელზედაც გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. საგადასახადო დოკუმენტაციის შესწავლის მიხედვით დადგინდა, რომ კომპანიას სრულად არ აქვს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახული მიღებული შემოსავალი. ასევე, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს მიღებული აქვს იმაზე მეტი თანხა ვიდრე გამოწერილი დოკუმენტებიდან ჩანს. შემოწმების მიხედვით აღნიშნული თანხა დაიბეგრა დღგ-ით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 1601 მუხლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

ასევე,შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს წარმოდგენილი აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციები ნულოვანი ფორმით, ხოლო წარმოდგენილ საბანკო ამონაწერში ფიქსირდება ხელფასის სახით განაცემები. შემოწმებით ასევე განხორციელდა მიღებული შემოსავლების და ხარჯების შეპირისპირება, ფულადი მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1 და მე-2) ; 164(1); 180(1);