გადაწყვეტილება №25648/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25648/2/2025
01 ოქტომბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: -----------ძე (ს/ნ -----------------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -----------ძის 14.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25648/2/2025).
დავის საგანი:
ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის (სიგარეტი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 5.09.2024 წლის №------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 ივლისის №16554 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.
ფაქტების აღწერა
2024 წლის 5 სექტემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----ის“ კონტროლის ზონაში ---------ის მხრიდან შემოსულ მომჩივანს აღმოაჩნდა არადეკლარირებული საქონელი, სიგარეტი „-----“ – 120 ღერი (6 კოლოფი) და სიგარეტი „-----“ – 200 ღერი (10 კოლოფი), რომელიც მოთავსებული ჰქონდა ნაწილი სხეულზე ფეხის არეში და ნაწილი საკვები პროდუქტების შეფუთვაში. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი №----/-----” და 2024 წლის 5 სექტემბრის №----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა.
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 ივლისის N16554 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 27-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აცხადებს, რომ იმყოფებოდა ------ში. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა 2 ბლოკი სიგარეტი. არ იყო ინფორმირებული დასაშვები რაოდენობის თაობაზე. არ აქვს არანაირი შემწეობა, რომ გადაიხადოს ჯარიმა. ცხოვრობს ქირით, სოციალურის იმედად. ჰყავს პატარა ბავშვი. ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას და მასზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების თაობაზე“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა, თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებით გათვალისწინებული ჯამურად 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი არ არის.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 20.08.2025 წლის №-----21-10 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრის მიერ საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, მოხდა მომჩივნის შეჩერება. ეჭვის საფუძველზე განხორციელდა მისი დათვალიერება და დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, უარი განაცხადა. მას ეცნობა დათვალიერების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და მიეცა წინადადება დამალული საქონლის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ნებაყოფლობით გადაცემის შესახებ. დათვალიერებისას აღმოჩნდა არადეკლარირებული აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე, კერძოდ: სიგარეტი „-----“ – 120 ღერი (6 კოლოფი) და სიგარეტი „-----“ – 200 ღერი (10 კოლოფი), რომელიც დამალული ჰქონდა ნაწილი სხეულზე ფეხის არეში და ნაწილი საკვები პროდუქტების შეფუთვაში. მომჩივანს უფიქსირდება საზღვრის კვეთის მრავალი ფაქტი.
2023-2025 წლებში უფიქსირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“ „დ.ბ“ „დ.გ“ „დ.გ1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის 7 ფაქტი კვების პროდუქტზე, საყოფაცხოვრებო საქონელზე, თამბაქოს ნაწარმზე (13 ფაქტი), მასვე უფიქსირდება აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის - სიგარეტის დეკლარირებისა და შემოტანის 7 ფაქტი - -/09/2023; -/10/2023; -/12/2023; -/01/2025; -/02/2025; -/03/2025; -/04/2025, რა დროსაც ჩამორთმეული იქნა 1980 ღერი (99 კოლოფი) სიგარეტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის არგუმენტი, რომ არ იყო ინფორმირებული დასაშვები რაოდენობის თაობაზე საფუძველს მოკლებულია.
საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 11 სექტემბრის №20160 ბრძანებით -------ძის (პ/ნ -------) მიმართ 2024 წლის 5 სექტემბერს შედგენილ №------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში გასწორდა ტექნიკური შეცდომა და მე-6 გრაფაში („შეფარდებული საბაჟო სანქცია“) მითითებული სანქცია 1000 ლარი შეიცვალა სანქციით: ჯარიმა 1000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანს აღნიშნული საქონლის ნაწილი დამალული ჰქონდა სხეულზე, ხოლო ნაწილი განთავსებული იყო საკვები პროდუქტების შეფუთვაში.
საბჭო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შერჩევისას, გაითვალისწინა თითოეული ის გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის განზრახულობაზე, სამართალდარღვევის საზოგადოებრივ საშიშროებასა და უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის (სიგარეტი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოსულ მომჩივანს აღმოაჩნდა არადეკლარირებული საქონელი, სიგარეტები(16 კოლოფი), რომელიც მოთავსებული ჰქონდა ნაწილი სხეულზე ფეხის არეში და ნაწილი საკვები პროდუქტების შეფუთვაში. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა.
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის N16554 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168(3);
აევე,საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 199( „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“);