ბრძანება N 2823

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.02.2026
№ დოკუმენტი 2823
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2823

10 თებერვალი 2026

ბრძანება

შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)

(ფაქტ. მის.: „-------“)

2025 წლის 11 აგვისტოს საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 11 დეკემბრის (ოქმი №103), 19 დეკემბრის (ოქმი №106), 24 დეკემბრის (ოქმი №107) და 2026 წლის 5 თებერვლის (ოქმი №11), სხდომებზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 25 ნოემბრის №26095/2/2025 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) 2025 წლის 11 აგვისტოს №97475/1/2025 და №97476/1/2025, ასევე, შემოსავლების სამსახურში დამატებით წარმოდგენილი 2025 წლის 18 დეკემბრის №99459/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივლისის №007-160 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია რომელ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვა, რადგან შემოწმებისთვის წარდგენილი პროგრამა დეტალურად ასახავდა მისი ეკონომიკური საქმიანობის შედეგებს, თუმცა შემოწმების პროცესის გასამარტივებლად და დეტალური ინფორმაციის მისაწოდებლად მათ მიერ მომზადდა დამატებითი მასალები, რაც ასევე მიეწოდა შემოწმებაზე პასუხისმგებელ პირს. მისი განმარტებით, კომპანიას რომ გააჩნია მოწესრიგებული ბუღალტერია ამაზე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებიც მეტყველებს.

ამასთან მიუთითებს, რომ 2022 წლის რამდენიმე თვეში დღგ-ის დეკლარაციაში ასახულია ფაქტობრივ დასაბეგრ ბრუნვაზე მეტი ოდენობა, რასთან დაკავშირებითაც ეცნობა აუდიტორს. განმარტავს, რომ აღნიშნული ჩანს პროგრამაშიც და შემოწმებას მიეწოდა ცალკე ექსელში დამუშავებული დეკლარირებული მონაცემების შესადარისი ინფორმაცია.

გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა კომპანიის დამფუძნებლის სესხი, რომელიც ნაშთის სახით გადმოდის ხანდაზმული პერიოდიდან. მიუთითებს, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც მიწოდებულ იქნა შემოწმებისთვის.

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიას გააჩნია 535 165 ლარის ოდენობით გასანაწილებელი დივიდენდი. აქედან გამომდინარე ითხოვს, შემოწმების მიერ გამოვლენილი არაგონივრული ფულის ნაშთის განაწილებულ დივიდენდად გადაკვალიფიცირებას, ნაცვლად დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად განხილვისა, შესაბამისად მხოლოდ 5%-ით დაბეგვრას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 თებერვლის №2787 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 8 ივლისის №15435 ბრძანება და 9 ივლისის №007-160 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 114 976 ლარი, მათ შორის, გადასახადი 60 082 ლარი, ჯარიმა 49 655 ლარი, საურავი 5 239 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2025 წლის 7 ოქტომბრის №21588 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2025 წლის 25 ნოემბრის №26095/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 7 ოქტომბრის №21588 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 25 ნოემბრის №26095/2/2025 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი:

„მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობა. სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ძირითადი ნაწილის შესყიდვა ხორციელდება იმპორტის გზით, უცხოელ მომწოდებლისგან. ასევე უფიქსირდება ადგილობრივი შესყიდვით. შპს „------“-ის შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული აღრიცხვა, ახსნა-განმრტებები, საბანკო ამონაწერები და სხვა ინფორმაცია. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის წარმოების დროს სრულყოფილად არ არის დაცული საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი მოთხოვნები, შემოწმება ნაწილობრივ დაეყრდნო ბუღალტრულ პროგრამას, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციებს და სხვა. შემოწმებით განხორციელდა ფულის მოძრაობის ანალიზი, მიღებულ შემოსავლებს გამოაკლდა ყველა დადასტურებული ხარჯი, რომელის მიხედვით დადგინდა განკარგვადი ფულადი სახსრები. ასევე მეთოდური მითითების მიხედვით განხორციელდა სალაროს გონივრული ნაშთის ოდენობის განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც დადგინდა სალაროს გონვრული ნაშთი 32 510 ლარის ოდენობით. სხვაობა განკარგვად ფულად სახსრებს და გონივრულ ნაშთს შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე და 154-ე მუხლებისა და მეთოდური მითითების მიხედვით დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ფულად სარგებლად. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან, დღგ-ის დეკლარაციებში ფაქტობრივ დასაბეგრ ბრუნვაზე მეტის დეკლარირებასთან, დამფუძნებლის სესხის გაუთვალისწინებლობასთან და დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად განხილული თანხის განაწილებულ დივიდენდად გადაკვალიფიცირების მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მოწოდებულ ინფორმაციაზე, კერძოდ:

 არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან და დღგ-ის ბრუნვებთან დაკავშირებით ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით დღგ დაექვემდებარა შემცირებას 39 228 ლარის ოდენობით, კერძოდ, საწარმოს დამატებით მიეცა დღგ-ის ჩათვლა. რაც შეეხება დღგ-ის ბრუნვას, იმის მიუხედავად რომ ბრუნვები არ დაკორექტირებულა (არ გაზრდილა), შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, რადგან საწარმოს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით და განხორციელებული საქონლის მოძრაობის ანალიზით გაირკვა, რომ დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი (127%) მნიშვნელოვნად აღემატებოდა საცალო რეალიზაციის ფასნამატს (97%), თუმცა რადგან ჯამური (დეკლარირებული) ფასნამატი მოვიდა შესაბამისობაში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის ფასნამატთან დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვები არ დაკორექტირებულა, ხოლო გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილი არგუმენტი, რომ დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვები რიგ თვეებში იყო შესამცირებელი უსაფუძვლოა, რამეთუ აღნიშნული შემცირება კიდევ უფრო გაზრდიდა სხვაობას დოკუმენტურ და არადოკუმენტურ ფასნამატებს შორის, ასევე გამოიწვევდა დეკლარირებული ჯამური ფასნამატის შემცირებას, რაც საფუძვლად დაედებოდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების ფასნამატის გავრცელებას არადოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულებაზე, შედეგად კი დასაბეგრი ბრუნვები გაიზრდებოდა.

 დამფუძნებლის სესხთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ კომპანიის ხანდაზმულ პერიოდს ჩაუტარდა ანალიზი (ფულის მოძრაობის თვალსაზრისით), რომლის შედეგადაც გათვალისწინებულ იქნა წინა პერიოდიდან გადმოსული კომპანიის დამფუძნებლის სესხი, 274 247 ლარის ოდენობით. აღნიშნულთან დაკავშირებით ცხრილის სახით გაანგარიშება მიეწოდა გადასახადის გადამხდელს.

 დირექტორზე გაცემული ფულადი სარგებლის განაწილებულ დივიდენდად გადაკვალიფიცირების მოთხოვნასთან დაკავშირებით, წინა საანგარიშო პერიოდის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა 2016 წლამდე წარმოშობილი მოგების ნაშთი, შესაბამისად შემოწმების მიერ არ ჩაითვალა განაწილებულ დივიდენდად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობა. სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ძირითადი ნაწილის შესყიდვა ხორციელდება იმპორტის გზით, უცხოელ მომწოდებლისგან. ასევე უფიქსირდება ადგილობრივი შესყიდვით.შემოწმებით დადგინდა სალაროს გონვრული ნაშთი 32 510 ლარის ოდენობით. სხვაობა განკარგვად ფულად სახსრებს და გონივრულ ნაშთს შორის სსკ-ის 73-ე და 154-ე მუხლებისა და მეთოდური მითითების მიხედვით დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ფულად სარგებლად. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),101,154.