ბრძანება N 15591

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.07.2026
№ დოკუმენტი 15591
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15591

13 ივლისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“-ის (ს/ნ -----) (მის.: ----- )

2026 წლის 13 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 25 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი N 56) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ ----- ) N 102843/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 20 მაისის N 232-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს. აგრეთვე, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და განმარტავს, რომ სმფ-ების სრულად რეალიზებულად განხილვა არასწორია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 25 მარტის N 6522 და 11 მაისის N 10503 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“-ის (ს/ნ ----- ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის 3 სექტემრბიდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის 2026 წლის 27 მარტის ჩათვლით და სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის მიზნებისათვის 2026 წლის 26 მარტის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 14 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2026 წლის 20 მაისის N 11170 ბრძანება და ამავე თარიღის N 232-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 501 872 ლარი, მათ შორის გადასახადი 311 995 ლარი, ჯარიმა 175 680 ლარი და საურავი 14 197 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს იმპორტული ტექსტილით, ჭურჭლითა და საყოფაცხოვრებო ელ. ტექნიკით ვაჭრობა. იმპორტი ხორციელდება -----. შემოწმების ფარგლებში წარმოდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერები. შემოწმებისთვის არ წარმოდგენილა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ან/და სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია. გადასახადის გადამხდელის ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით შემოწმების მიერ შეძენილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობები დაყოფილ იქნა 4 კატეგორიად (ტექსტილი, ჭურჭელი, ელ. ტექნიკა და „სხვადასხვა“). ტექსტილის კატეგორიაზე გამოყენებულ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო დანარჩენ კატეგორიებზე აუდირებული ფასნამატი. „სხვადასხვა“ კატეგორიაზე გავრცელდა საშუალო ფასნამატი. კომპანიაში ჩატარებულია როგორც სმფ-ის, ასევე, ფულადი სახსრების ინვენტარიზაცია. 2026 წლის 30 მარტის მდგომარეობით, სმფ-ის ნაშთმა შეადგინა 514 ლარი საბაზრო ღირებულებით, ხოლო ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. შედეგად კომპანიას დაუდგინდა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად 2025 წლის 30 ნოემბერი. ასევე, დადგენილი შემოსავალი, შეპირისპირებულ იქნა კომპანიის მიერ გაწეულ დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებთან და დადგინდა განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა კომაპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე; 136-ე, 158-ე, 159-ე; 165-ე; 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართვლოს საგადასახადო კოდექსის 275; 282-ე მუხლების შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2026 წლის 25 ივნისს, 11:40 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას;

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, შპს„----“-ის (ს/ნ ----- ) საქმიანობას წარმოადგენს იმპორტული ტექსტილით, ჭურჭლით და საყოფაცხოვრებო ელ. ტექნიკით ვაჭრობა. იმპორტი ხორციელდება ჩინეთიდან. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების ფარგლებში წარმოდგინა მხოლოდ საბანკო ამონაწერები. შპს„-----“-ის (ს/ნ ----- ) ბიუჯეტის მიმართ ვალდებულების განსაზღვრის მიზნით შემოწმების მიერ საქონელი დაყოფილ იქნა 4 კატეგორიად, კერძოდ ტექსტილი - რაზეც ფასნამატი გავრცელდა 28%, ჭურჭელი - რაზეც ფასნამატი გავრცელდა 56%, ელ. ტექნიკა - რაზეც ფასნამატი გავრცელდა 32% და სხვადასხვა - რაზეც ფასნამატი გავრცელდა 38%. ტექსტილზე გამოყენებულ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო დანარჩენ კატეგორიებზე აუდირებული ფასნამატი. სხვადასხვას კატეგორიაზე გავრცელდა საშუალო ფასნამატი. კომპანიაში ჩატარებულია როგორც სასაქონლო მატერიალური ფასეულებების, ასევე ფულადი სახსრების ინვენტარიზაცია. 2026 წლის 30 მარტის მდგომარეობით, სმფ-ის ნაშთმა შეადგინა 514 ლარი საბაზრო ღირებულებით, ხოლო ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ან/და სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რამაც შემოწმებისთვის შეუძლებელი გახადა დაბეგვრის ობიექტის დადგენა შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, კატეგორიებად დაყოფილ საქონელზე, გაევრცელებინა შესაბამისი ფასნამატები, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში.

ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----“-ის (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება განსაზღვრულ ფასნამატს და დარიცხულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგად გამოვლინდა დარღვევები, რის საფუძველზეც დაერიცხა გადასახადი, ჯარიმა და საურავი.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275; 282; 165; 101; 154;.