გადაწყვეტილება №27428/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.06.2026
№ დოკუმენტი 27428/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27428/2/2026

24 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ,,-----" (ს/ნ ----- )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 04.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,-----" ს/ნ ----- 27.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27428/2/2026).

 

დავის საგანი:

სანებართვო პირობების დარღვევისთვის შეფარდებული ჯარიმის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 15 აპრილის N EL312567 სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 20 მაისის N 11147 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა: 6 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა:

2026 წლის 9 აპრილს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ გავლით N ----- სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოში შემოტანილ იქნა სხვადასხვა მიმღების კუთვნილი სხვადასხვა დასახელების საქონელი. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე და მასში განთავსებულ საქონელზე დარეგისტრირდა N -----/----- აღრიცხვის მოწმობა.

ზემოაღნიშნული საქონელი მომჩივნის საბაჟო საწყობში გამოცხადდა 2026 წლის 13 აპრილს, თუმცა მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება საბაჟო საწყობის მიერ განხორციელდა 2026 წლის 14 აპრილს 08:47 საათზე.

გადასახადის გადამხდელს საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის განმეორებით დარღვევის (წინა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი N EL312187) გამო, 2026 წლის 15 აპრილის N EL312567 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 20 მაისის N 11147 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ (დანართი N 3) ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტზე, ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-9 ნაწილზე, ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-2 ნაწილზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

2026 წლის 05 მაისს შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში წარადგინეს საჩივარი N 102182/1/2026. საჩივრის შინაარსი იყო შემდეგი: „როგორც ცნობილია, კომპანიას აქვს საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა და ეწევა ნებართვით გათვალისწინებულ საქმიანობას ----- (საკადასტრო კოდი: ----- ). ოქმიდან ირკვევა, რომ: საბაჟო საწყობმა ----- ვერ შეასრულა საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობა - აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებულ სატრანსპორტო საშუალებაზე დამოწმების დღის - 13.04.2026 წლის 24 საათამდე გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება.

სადავო ოქმში კონკრეტულად არ არის მითითებული, თუ რომელი კანონმდებლობის ან რომელი პირობის დარღვევაზეა საუბარი, თუმცა ვარაუდობს, რომ საუბარია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს ბრძანება N 257-ზე: საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე, რომლის მიხედვითაც: დანართი N 3 ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ .

მუხლი 10. საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება.

1. დანიშნულების ადგილზე საქონლის წარდგენა დასტურდება:

ა) საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის, „ოქროს სიის“ მონაწილის საწყობის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის მფლობელი ეკონომიკური ოპერატორის საწყობის (კუთვნილი საქონლის შემთხვევაში) ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ – მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). საბაჟო საწყობი, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი, „ოქროს სიის“ მონაწილე, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, მოწმობის დამოწმების დღის 24 საათამდე, „eCustoms“-ში ელექტრონულად დაადასტუროს გამოცხადება;.

რეგულაცია არის ბუნდოვანი და საჭიროებს უფრო ნათლად გაწერას, რათა მეწარმეს ჰქონდეს შესაბამისი რისკების გათვლის შესაძლებლობა. რეგულაცია უნდა იყოს განჭვრეტადი და არ უნდა იყოს დამოკიდებული ვიღაცის შეხედულებაზე და განმარტებაზე. ასევე მეწარმემ ნათლად უნდა იცოდეს, რეგულირების, აკრძალვის თუ დაწესებული ვალდებულების მიზანი. კონკრეტული მიზანი არ იკვეთება მითითებული ნორმებიდან. საბაჟო კოდექსის მუხლი 176-ე სანქციას უწესებს შემდეგ პირს და შემდეგ დარღვევაზე: „საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა“. პირველ რიგში ბუნდოვანია, თუ ვინ არის „საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი“ ან რა არის ამ პუნქტის „საქმიანობა“ და „კონკრეტულად რა არის „სანებართვო პირობები“.

წარმოადგენს საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელ პირს, ხოლო ამ მუხლში დამრღვევი სუბიექტია „საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი“. ასევე იმისათვის, რომ გავიგოთ, რა არის სანებართვო პირობები, ამისათვის უნდა მოვიშველიოთ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილება - საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე.

მუხლი 2.

ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

გ) სანებართვო პირობები – „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ან/და ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას;

მუხლი 8.

საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:

ა) დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები;

ბ) საბაჟო საწყობის საქმიანობის განხორციელება დაიწყოს არაუგვიანეს ნებართვის მიღებიდან 12 თვის განმავლობაში და დაწყებული საქმიანობა არ შეაჩეროს უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში;

გ) ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას;

დ) მოაწყოს საბაჟო საწყობი ისე, რომ გამოირიცხოს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების შემოტანა ან/და გატანა კონტროლის გვერდის ავლით და დაიცვას საბაჟო საწყობში შენახვის სათანადო პირობები;

ე) გადატვირთვის ოპერაციების განხორციელებამდე შეამოწმოს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობა და მათი რეკვიზიტები თანმხლები დოკუმენტების მიხედვით, ხოლო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დარღვევის (მათ შორის, მოხსნა/მოცილების) ან/და მათი რეკვიზიტების თანმხლებ დოკუმენტებთან შეუსაბამობის ფაქტის დაფიქსირებისთანავე, შესაბამისი შეტყობინება დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საბაჟო ორგანოს, ამასთან არ განახორციელოს გადატვირთვის ოპერაციები და იმოქმედოს საბაჟო ორგანოს მითითების შესაბამისად;

ვ) საბაჟო საწყობში საქონლის (შესაბამის სათავსში განთავსებული საყარი და თხევადი საქონლის გარდა) შენახვა უზრუნველყოს ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი იდენტიფიცირება საქონლის მფლობელის ან/და სასაქონლო პარტიის შესაბამისად;

ზ) დაიცვას საბაჟო საწყობში შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, გამორიცხოს დაბინძურების ყველა პოტენციური წყაროს არსებობა, სურსათის, ფიტოსანიტარიულ ან/და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ან სხვა სპეციფიკური საქონლის შენახვის შემთხვევაში – უზრუნველყოს აღნიშნული საქონლის სხვა პროდუქტებისაგან განცალკევებულ ადგილზე შენახვა და შენახვისათვის საჭირო სათანადო პირობების დაცვა;

თ) საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას;

ი) საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს უსასყიდლოდ გამოუყოს საბაჟო კონტროლის პროცედურებისათვის აუცილებელი სათავსი, მოწყობილობები და კავშირგაბმულობის საშუალებები;

კ) საბაჟო საწყობის, აგრეთვე მის ტერიტორიაზე არსებული სათავსის (სათავსში განთავსებული სათავსების გარდა) შესასვლელი და გასასვლელი აღჭურვილი ჰქონდეს გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით. გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით უწყვეტად უნდა ფიქსირდებოდეს (უნდა იძლეოდეს ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას დღე-ღამის განმავლობაში) ნებართვის მფლობელის მიერ სათავსოსთვის მინიჭებული ნომერი, სათავსის შესასვლელი ან/და გასასვლელი, იმ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი საბაჟო საწყობის შემთხვევაში, გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით უნდა ფიქსირდებოდეს: საბაჟო საწყობის შესასვლელში ან/და გასასვლელში გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილი და საბაჟო კონტროლის ზონაში შემავალი და გამავალი – ნავთობპროდუქტების გამტარი მილსადენ(ებ)ის დამცავი (ჩამკეტი და გამშვები) მოწყობილობები;

ლ) საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე საქონლის (სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 ან/და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომელთა შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან/და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელებისა და ნახევრადმისაბმელების გარდა) დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების, გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილი იმგვარად ჰქონდეს აღჭურვილი გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით, რომ აღნიშნული ადგილები უწყვეტად ფიქსირდებოდეს (იძლეოდეს ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას დღე-ღამის განმავლობაში). ამასთან, ტერიტორიულად განცალკევებული შენობა-ნაგებობისაგან (მათ შორის, საყარი ან/და თხევადი საქონლის შესანახი სათავსი და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა) შემდგარ საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, გადატვირთვის ოპერაციების რეალურად განხორციელების ადგილიდან საბაჟო საწყობის ტერიტორიამდე არსებული ტერიტორიაც ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მუდმივი (უწყვეტი) ვიდეოკონტროლით;

მ) ამ მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განხორციელებული ვიდეოჩანაწერები შეინახოს 6 თვის განმავლობაში და, მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს საბაჟო ორგანოს. მონაცემების (ინფორმაციის) ამოღება შესაძლებელი უნდა იყოს DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით avi, vcv ან mp4 ფორმატის ფაილებში. ვიდეოჩანაწერები უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს კონკრეტული თარიღის ან/და კონკრეტული საათის შესაბამისი ვიდეოჩანაწერის ნახვა. ვიდეოჩაწერის შეწყვეტის (ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო) შემთხვევაში, ნებართვის მფლობელმა საბაჟო ორგანოს უნდა გაუგზავნოს შესაბამისი შეტყობინება ვიდეოჩაწერის შეწყვეტის ფაქტის დადგომისთანავე ელექტრონულად ავტომატურ რეჟიმში, ხოლო აღნიშნულის და, მასთან ერთად, ვიდეოჩაწერის სავარაუდო აღდგენის ვადის შესახებ შეტყობინება სხვა საშუალებით, ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა და იმოქმედოს საბაჟო ორგანოს მითითებისამებრ. ამასთან, შეტყობინება დამატებით უნდა შეიცავდეს: საბაჟო საწყობის დანიშნულების ადგილის კოდს, სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალების ნომერს, ვიდეოჩაწერის შეწყვეტის თარიღსა და დროს. ვიდეოჩაწერის აღდგენისას, შესაბამისი ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ნებართვის მფლობელმა აღნიშნულზე ასევე უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს – საბაჟო საწყობის დანიშნულების ადგილის კოდის, სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალების ნომრის, ვიდეო ჩაწერის აღდგენის თარიღისა და დროის მითითებით;

ნ) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილი ჰქონდეს გარანტიით;

ო) საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთისა და შენობა - ნაგებობის სარგებლობის ექსკლუზიური უფლების დამადასტურებელი (იჯარა, უზუფრუქტი და სხვ.) ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, ნებართვის გამცემს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს აღნიშნული ხელშეკრულება (რომლის მოქმედების ვადაც უნდა უზრუნველყოფდეს საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთისა და შენობა - ნაგებობის სარგებლობის ექსკლუზიურ უფლებას ნებართვის მოქმედების პერიოდში) და მხარის საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ნებართვის გამცემს;

პ) საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში განახორციელოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ნიშანდება იდენტიფიკაციის საშუალებებით, დადგენილი წესის შესაბამისად;

ჟ) გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ან/და გენმოდიფიცირებული პროდუქტის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ფიტოსანიტარიულ ან/და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შენახვის შემთხვევაში, გამოყოს სპეციალური სათავსი, რომელშიც დაცულია შესაბამისი კონტროლის განხორციელებისათვის აუცილებელი პირობები, ხოლო ასეთი სათავსის არარსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მხოლოდ იმ საქონლის შენახვა, რომელზეც დასრულებულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ან/და გენმოდიფიცირებული პროდუქტის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობისა და ფიტოსანიტარიული/ვეტერინარული კონტროლის პროცედურები;

რ) გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;

ს) სახიფათო საქონლის ან ისეთი საქონლის შენახვის შემთხვევაში, რომელმაც შესაძლებელია დააზიანოს/გააფუჭოს სხვა საქონელი ან რომელიც სხვა მიზეზის გამო მოითხოვს შენახვის სპეციალურ პირობებს, უზრუნველყოს სათანადოდ აღჭურვილი სათავსის არსებობა;

ტ) შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის საბაჟო საწყობში გადამუშავების შემთხვევაში, გააჩნდეს საქონლის გადამუშავებისათვის შესაბამისი საწარმოო კომპლექსი;

უ) იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში მიღებისას გარეგნული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა საქონლის დაზიანების ან გაფუჭების ფაქტი, ან საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და მათზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების მონაცემების აღრიცხვის მოწმობაში ან ზოგადი დეკლარირების სხვა ფორმაში ასახულ მონაცემებთან შეუსაბამობა, დარღვეულია იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა ან მოხსნილია/მოცილებულია იდენტიფიკაციის საშუალება, ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს (არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საბაჟო ორგანოს და იმოქმედოს მისი მითითებისამებრ;

ფ) აწარმოოს საბაჟო საწყობში არსებული საქონლის ნაშთების აღრიცხვა ამ ინსტრუქციის N 5 დანართის შესაბამისად და წელიწადში ორჯერ, შესაბამისი ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ან ელექტრონულ მატარებლებზე ჩაწერილი, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით წარუდგინოს საბაჟო ორგანოს შემდეგი პერიოდულობით:

ფ.ა) ყოველი წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული ნაშთების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს არაუგვიანეს 20 იანვრისა;

ფ.ბ) ყოველი წლის 1 ივლისის მდგომარეობით არსებული ნაშთების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს არაუგვიანეს 20 ივლისისა;

ფ1) აწარმოოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული (მათ შორის, საქართველოში რეგისტრირებული) ან საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704,8705 ან/და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომელთა შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან/და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელებისა და ნახევრადმისაბმელების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადის ამოწურვამდე საბაჟო საწყობში შეტანისა და საბაჟო საწყობიდან გატანის აღრიცხვა და ინფორმაციის მიწოდება საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული ფორმითა და წესით;

ქ) უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება - მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.

სავარაუდოდ საუბარია სწორედ ამ უკანასკნელ „ქ“ ქვეპუნქტის ზოგად ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც ყველა წვრილმანი დარღვევაც კი, რომელიც არანაირი ზიანს არ იწვევს და შედეგობრივად არც არაფერს „აფუჭებს“, იწვევს დასანქცირებას საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით. მუხლით, რომელზეც ზემოთ აღნიშნა, რომ გაუგებარია, თუ რომელი სუბიექტის მიმართ და ვისზე ვრცელდება მისი მოქმედება.

მათ აღნიშნული დადასტურება მოახდინეს პირველივე შესაძლებლობაზე - 15 აპრილს. აღნიშნული გამოწვეული იყო იმით, რომ 13 აპრილს, როდესაც შემოვიდა სატრანსპორტო საშუალება, იყო აღდგომის დღესასწაულები და საბაჟო საწყობი არ მუშაობდა სრული დატვირთვით. გულისხმობს იმ თანამშრომლებს, ვინც ელექტრონულად ახდენს დადასტურებას. აღნიშნულ არაფერი ზიანი არ გამოუწვევია. არც ტვირთი დაზიანებულა, არც განადგურებულა. ზუსტად ისეთივე ხელუხლებელ მდგომარეობაში იქნა შენახული, როგორც შემოვიდა. ამ ყველაფერს აკონტროლებს უამრავი ვიდეო კამერა, რომელიც დამონტაჟებულია საწყობის ტეროტორიაზე ნებისმიერი სადავოობისას შესაძლებელია დეტალების ნახვა. ამასთან, მომჩივნისთვის, როგორც საბაჟო საწყობისათვის, ასევე გაუგებარია ზემოაღნიშნული გამოცხადების დღის 24 საათამდე ელექტრონულად დადასტურების ასე მკაცრ ჩარჩოებში მოქცევის მიზანი.

აღნიშნული დარღვევა არ უნდა ითვალისწინებდეს რაიმე სანქციას მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე. სადავო ოქმი არ ეფუძნება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასა და მის მიზნებს, რის გამოც უნდა მოხდეს მისი ბათილობა. ამასთან, ითხოვს საქმეზე დაინიშნოს ზეპირი განხილვა, რამეთუ სურს მისი პოზიციის ზეპირად დაფიქსირება და ასევე საბჭოს პოზიციის სრულყოფილად მოსმენა.

მიუხედავად იმისა, რომ მოითხოვეს საჩივრის ზეპირ სხდომაზე, მომჩივნის მონაწილეობით განხილვის დანიშვნა, რათა აეხსნა რეალური პრობლემა და უფრო სრულყოფილად გადმოეცა პოზიცია, ამა წლის 20 მაისს ელექტრონულად მიიღეს ბრძანება N 11147, რომლითაც გაიგეს, რომ არ გაითვალისწინეს მისი პოზიცია და მომჩივნის მონაწილეობის გარეშე განიხილეს საჩივარი. ის, თუ მაგალითად რატომ იყო მისი დასწრება აუცილებელი, ამაზე ქვემოთ.

მიღებული და აწ უკვე სადავო ბრძანებიდან ირკვევა, რომ თურმე მისი არგუმენტაცია ყოფილა მხოლოდ შემდეგი:

„მომჩივნის არგუმენტაცია: საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალება საწყობში გამოცხადდა 13 აპრილს, ხოლო ელექტრონულად დამოწმება მოხდა 15 აპრილს, რადგან იყო აღდგომის დღესასწაული და საბაჟო საწყობი არ მუშაობდა სრული დატვირთვით, არ მუშაობდნენ ის თანამშრომლები, რომლებიც ახდენდნენ გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებას. მომჩივნისთვის გაუგებარია, საბაჟო საწყობისთვის, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი 24 საათიანი ვადის მკაცრად დაცვა და რატომ ითვალისწინებს აღნიშნული ვადის დარღვევა სანქციას. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის ბათილად ცნობას.“

თურმე, ტყუილად წერდნენ საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლში არსებულ ბუნდოვნებაზე. სულ ტყუილად ასაბუთებდნენ, რომ თვითონ მუხლის დისპოზიცია იმდენად ბუნდოვანია (მექანიკური შეცდომის, წინადადების გაუმართაობის თუ ა.შ.), რომ დამრღვევი სუბიექტიც კი არ იკითხება. სანაცვლოდ, საჩივრის განმხილველმა ბრძანებაში მოიყვანა 176-ე მუხლის ისეთი რედაქცია, რომელიც თავად კოდექსში არ წერია. ეს მხოლოდ მისი განმარტებაა, თუ როგორ უნდა ეწეროს კოდექსში, თუმცა არ წერია და ის, რაც არ წერია, არ შეიძლება მეწარმეს/მოქალაქეს მოეთხოვოს მისი დაცვა.

სადავო ბრძანებაში განმხილველმა დაწერა, რომ 176-ე მუხლი, თურმე ასე წერია კოდექსში: „ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. მე-2 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით“.

რეალურად, არც ერთი პუნქტი, არ შეესაბამება კოდექსის რედაქციას. ნაცვლად იმისა, რომ მათ აეღოთ პასუხისმგებლობა და ესაუბრათ კოდექსის ტექსტში არსებულ შეცდომაზე, ხარვეზზე ან მსგავსზე, ამას ამჯობინეს თავიანთი შინაარსის გადმოცემა და ფაქტიურად დაწერეს, ასე უნდა ეწეროს კოდესშიო. აქვე ადასტურებს, რომ ისე რომ ეწეროს კოდექსში, როგორც ამას ბრძანების დამწერი გადმოსცემს, მაშინ მათ ეს შედავება ვერ გვექნებოდა.

მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის და არა მარტო ამ აქტის, საჯაროდ ხელმისაწვდომი და სანდო ვერსია მოიძებნება www.rs.ge -ზე და ასევე საკანომდებლო მაცნეში. იხ. სქრინები ორივე წყაროდან და შეადარეთ ბრძანების დამწერის ვერსიას: www.rs.ge www.matsne.gov.ge უდავოა, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა განზრახ აარიდა თავი მის შედავებას ნორმის ბუნდოვნებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევდა მისი მომჩივნის სასარგებლოდ გაგება, ამიტომ განზრახ გადმოეცა კოდექსის შეცვლილი, უკვე გასწორებული და ნათელი ვერსია, რაც არ წერია თავად სახელმძღვანელო აქტში. ამ საკითხის გვერდის ავლა არათუ მისი მოთხოვნის შედეგად, არამედ მათი ზოგადი ვალდებულებაც კი იყო, თუმცა... ფაქტია, რომ ეს არ არის ისეთი შეცდომა, რომელიც ბუნდოვნებას, ორაზროვნებას არ იწვევს და ამაზე საჩივრის მე-2 გვერდზეც ეწერა. ამისათვის სქოლიოც კი ჰქონდა საჩივარში გაკეთებული საგანგებოდ, თუმცა... თუმცა მომჩივანის შედავების გრაფაშიც კი არ მოახვედრეს იგი....ასევე, კეთილსინდისიერი გადამხდელის ჭრილში, არასწორად იქნა გათვალისწინებული ის პოზიცია, რაც ბოლოში ეწერა აღდგომის დღეებთან დაკავშირებით. თუ ჩაითვლებოდა, რომ ნორმა ნათელია და საბაჟო საწყობს ეხება ცალსახად, მაშინ ეს ფაქტი, რომელსაც სადავოდ არ ხდიდნენ, მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული, თუმცა..

ითხოვს, საქმეზე დაინიშნოს ზეპირი განხილვა, რამეთუ სურს მისი პოზიციის ზეპირად დაფიქსირება და ასევე საბჭოს პოზიციის სრულყოფილად მოსმენა, რადგან საკითხი ეხება მისი საქმიანობის ყოველდღიურობას და აუცილებელია ყველაფერი იყოს ნათელი, შესრულებადი და მოქნილი.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 3) მე10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დანიშნულების ადგილზე საქონლის წარდგენა დასტურდება: საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის, „ოქროს სიის“ მონაწილის საწყობის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის მფლობელი ეკონომიკური ოპერატორის საწყობის (კუთვნილი საქონლის შემთხვევაში) ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ – მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). საბაჟო საწყობი, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი, „ოქროს სიის“ მონაწილე, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, მოწმობის დამოწმების დღის 24 საათამდე, „eCustoms“-ში ელექტრონულად დაადასტუროს გამოცხადება;

საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა – იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის:

ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია;

ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა);

გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა - ნაგებობა და ტერიტორია;

დ) ლაბორატორიული კვლევის მიზნით აიღოს საქონლის სინჯი ან/და ნიმუში;

ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი;

ვ) მოახდინოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციის საშუალების გამოყენებით ნიშანდება;

ზ) განახორციელოს კონტროლისადმი დაქვემდებარებული მიწოდება; თ) განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი;

ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილი 01.06.2026 ივნისის N ----- წერილის მიხედვით ირკვევა, რომ 2026 წლის 9 აპრილს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ გავლით N ----- სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოში შემოტანილ იქნა სხვადასხვა მიმღების კუთვნილი სხვადასხვა დასახელების საქონელი. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე და მასში განთავსებულ საქონელზე დარეგისტრირდა N ----- აღრიცხვის მოწმობა.

ზემოაღნიშნული საქონელი გადასახადის გადამხდელის საბაჟო საწყობში გამოცხადდა 2026 წლის 13 აპრილს, თუმცა მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება საბაჟო საწყობის მიერ განხორციელდა 2026 წლის 14 აპრილს 08:47 საათზე.

საბაჟო კონტროლი არ შემოიფარგლება მხოლოდ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებით და ის ასევე მოიცავს ელექტრონულ ზედამხედველობასა და მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემებში ინფორმაციის დროულ აღრიცხვას. მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში ელექტრონული დადასტურება კი წარმოადგენს საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის პროცესის აუცილებელ ნაწილს, რათა საბაჟო ორგანოს, როგორც საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოს, რეალურ დროში ჰქონდეს ინფორმაცია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერი გადაადგილებისა და ადგილმდებარეობის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ საბაჟო საწყობმა ვერ შესრულა საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობა - აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებულ სატრანსპორტო საშუალებაზე და მასში განთავსებული საქონლის დამოწმების დღის (13.04.2026) 24 საათამდე გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება, რითაც დაირღვა საბაჟო საწყობის საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილი პირობა. გამომდინარე აქედან, საბაჟო ორგანოს ქმედება, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმის შეფარდების თაობაზე მართებულია და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

სანებართვო პირობების დარღვევისთვის შეფარდებული ჯარიმის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ კომპანიის მიერ საქონელი საბაჟო საწყობში დროულად იყო წარმოდგენილი, თუმცა მისი ელექტრონული დადასტურება მოგვიანებით განხორციელდა. აღნიშნული გარემოება შეფასდა განმეორებით დარღვევად, რის საფუძველზეც მომჩივანს დაეკისრა ფულადი სანქცია. მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდა, ხოლო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დავის განხილვა გაგრძელდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

საბჭომ მიიჩნია, რომ საბაჟო ორგანოს ქმედება ჯარიმის შეფარდების თაობაზე მართებულია და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 27; 127(3); 163(1); 176(1;2);.