ბრძანება N 27757

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 13.11.2023
№ დოკუმენტი 27757
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27757

13 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------ - ის“ (ს/ნ "------")

(მის.:"------" )

2023 წლის 13 სექტემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №111) განიხილა შპს „------ - ის “ (ს/ნ "------") 2023 წლის 13 სექტემბრის №83599/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ივლისის №007-204 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და აცხადებს, რომ 2020 წლის დეკემბრის თვეში კომპანიის მიერ განხორციელდა 2017-2020 წლების ბრუნვების ერთიანი დაბეგვრა, რაც თავისთავად არ წარმოადგენს მოცემული შესამოწმებელი პერიოდის (2020-2023წ.) ბრუნვას.

2. მომჩივანი არ ეთანხმება ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაბეგვრას და ე.წ. „აგროსვას“. აცხადებს, რომ შემოწმების აქტში დაფიქსირებული მონაცემი 490 386 ლარი, არ შეესაბამება რეალურ სალაროს ნაშთს. გადამხდელი მიუთითებს ხარჯების კალკულაციაზე და აცხადებს, რომ წარმოსადგენია დამატებით შესყიდვის აქტები, რომელიც გასათვალისწინებელია ხარჯებში.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 აპრილის №9252 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------- ის “ (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი მაისიდან 2023 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ივლისის №18451 ბრძანება და ამავე თარიღის №007-204 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 175 556 ლარი, მათ შორის, გადასახადი 110 750 ლარი, ჯარიმა 58 967 ლარი და საურავი 5 839 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. პირველად დოკუმეტებსა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე (საბანკო ანგარიშების ამონაწერები, შესყიდვების აქტები, მიღება-ჩაბარების აქტები) დაყრდნობით საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ საანგარიშო პერიოდში დღგ-ის ჩასათვლელმა თანხამ შეადგინა ჯამში 71 233 ლარი, ნაცვლად 72 033 ლარისა, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში დღგ-თ დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 198 523 ლარი, ნაცვლად დეკლარირებული 1 132 653 ლარისა. გამოვლენილ სხვაობაზე პირს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადი და ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა;

2. „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) გათვალისწინებით დადგინდა, რომ ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით (შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის) 2023 წლის მარტის თვის ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 490 927.51 ლარს, ხოლო გონივრული ნაშთი - 541.45 ლარს. შემოწმებით გამოვლენილი არაგონვრული ნაშთი 490 386 ლარის ოდენობით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის მთლიანად ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. კომპანიას დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში დღგ-ის ჩასათვლელმა თანხებმა შეადგინა ჯამში 71 233 ლარი, ნაცვლად 72 033 ლარისა, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში დღგ-თ დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 198 523 ლარი, ნაცვლად დეკლარირებული 1 132 653 ლარისა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შპს „------- - ის “ შესამოწმებელი პერიოდისათვის არ წარმოუდგენია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა წინა პერიოდში დაბეგრილი ოპერაციების გამიჯვნა შესამოწმებელი პერიოდიდან. შემოწმებამ გააანალიზა როგორც გადამხდელის მიერ გამოწერილი დოკუმენტები (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები), ასევე, საბანკო ამონაწერი. გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების საერთო ბრუნვას (942 436 ლარი) დაემატა ის საბანკო ოპერაციები, რომლებზეც არ იყო გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (95 678 ლარი), ასევე, ტერმინალით ჩარიცხული თანხები (160 409 ლარი) და აღნიშნულის შესაბამისად იქნა მიღებული დასაბეგრი ბრუნვა (1 198 523 ლარი).

საჩივრის განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ წინა საგადასახადო შემოწმება მოიცავდა 2017 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდს, ხოლო 2023 წლის 28 აპრილის №9252 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი მაისიდან 2023 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდებს. წინა საგადასახადო შემოწმებით დაიბეგრა ავანსის სახით მიღებული თანხები, ხოლო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილი არ იყო და გამოწერილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში. შესაბამისად, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ერთსა და იმავე ოპერაციის დაბეგვრას როგორც წინა, ასევე, 2023 წლის 28 აპრილის №9252 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმებით გამოვლენილი არაგონივრული ნაშთი 490 386 ლარის ოდენობით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის მთლიანად ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ დარიცხვა განხორციელდა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ დანართი №9-ის მიხედვით. რაც შეეხება ხარჯებს, შემოწმების მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე განსაზღვრული თანხა მეტია გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იგივე მაჩვენებელზე. გაცემული ხელფასების მონაცემი შეიცავს დაკავებულ საშემოსავლო გადასახადსაც, რაც შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა ბიუჯეტში გადასახდელი თანხების ნაწილში. შესყიდვის აქტების მონაცემის გაანგარიშებისას გადამხდელს გათვალისწინებული აქვს 2023 წლის აპრილის თვის თანხაც (946 ლარი), რაც არ წარმოადგენს შესამოწმებელ პერიოდს. ამასთან, სრულად იქნა გათვალისწინებული გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი პერიოდის შესყიდვის აქტები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებით გამოვლენილი არაგონივრული ნაშთის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სალაროს ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ოდენობის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს სალაროს ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------ -ის “ (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.

2. მომჩივანი არ ეთანხმება ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაბეგვრას და ე.წ. „აგროსვას“.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. საანგარიშო პერიოდში დღგ-ის ჩასათვლელმა თანხამ შეადგინა ჯამში 71 233 ლარი, ნაცვლად 72 033 ლარისა, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში დღგ-თ დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 198 523 ლარი, ნაცვლად დეკლარირებული 1 132 653 ლარისა. გამოვლენილ სხვაობაზე პირს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა;

2.შემოწმებით გამოვლენილი არაგონვრული ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის მთლიანად ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. კომპანიას დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სალაროს ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ოდენობის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება . ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს სალაროს ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),101,136,154,159,160,161,163,164,174,175,176.

„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ დანართი №9.