გადაწყვეტილება №20751/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20751/2/2023
06 დეკემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------------ 4.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20751/2/2023).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა;
3. დირექტორზე გაცემული თანხების სესხად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №041-69 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.08.2023 წლის №20108 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 078 779 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 969 852
დღგ - 423 206
მოგების გადასახადი - 422 762
საშემოსავლო გადასახადი - 123 884
ჯარიმა - 604 073
საურავი - 504 854
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა რკინის კარსა და მოაჯირებში გამოსაყენებელი მეტალის კონსტრუქციებითა და მეტალის პროფილებით ვაჭრობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2021 წლამდე პერიოდის, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, საგადასახადო შემოწმება.
შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №33579 ბრძანება და №041-69 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.08.2023 წლის №20108 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის სანოტარო წესით დადასტურებული მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების და პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 15.08.2023 წლის №20108 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს საქონელი უმრავლეს შემთხვევაში შემოტანილი აქვს იმპორტის რეჟიმით, თუმცა უფიქსირდება ადგილობრივ ბაზარზე შეძენაც. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა თითქმის სრულად ხდება წონით, ხოლო რეალიზაცია ხორციელდება რიგ შემთხვევებში ცალობით, რიგ შემთხვევებში მეტრობით. გადასახადის გადამხდელის განმარტებით აღრიცხვა არ ხდება პროგრამულად და რეალიზებული საქონლის ჩამოწერა ხორციელდება ფასნამატით.
2019 წელს გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემების მიხედვით ფასნამატი შეადგენს 15%-ს, 2020-2021 წლებში 25%-ს, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი აღნიშნული ფასნამატის დოკუმენტურად დადასტურებული გაანგარიშება.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, კომპანიის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, წარდგენილი კატალოგების და საჯაროდ გამოქვეყნებული (ვებ-გვერდი ---------) ინფორმაციის დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ თითოეულ ნაკეთობას მინიჭებული აქვს სპეციალური კოდი, რომელიც მითითებულია კატალოგში და რეალიზაციაზე გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში. შემოწმების მიერ დაკავშირებული იქნა კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქციის წონა სახეობების მიხედვით. დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციიდან იდენტიფიცირებულ იქნა დაახლოებით 750 სახეობის საქონლის ერთეულის წონა. ამასთან, შესყიდვის დოკუმენტების შესწავლის შედეგად განისაზღვრა ერთი კილოგრამი ლითონის ნაკეთობებისა და პროფილების თვითღირებულება. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება დაიყო კატეგორიებად და გავრცელდა დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატი.
შემოწმების შედეგად, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე, დადგენილ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვასა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემს შორის გამოვლენილი სხვაობით გაიზარდა დღგ-ის ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 159- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვარის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 309-ე მუხლის 112-ე ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომ ფასნამატის გაანგარიშებისას შემოწმების მიერ ორნამენტიანი პროფილები მიკუთვნებულია ორნამენტებს და ვინაიდან, ორნამენტის ფასი უფრო მაღალია, პროფილზეც დამატებითი თანხა არასწორად არის დარიცხული, შემოწმებით დადგენილ გარემოებასა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ გადასახადის გადამხდელი აღრიცხვას არ ახორციელებდა პროგრამულად და საქონლის ჩამოწერას ახდენდა ფასნამატით. შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო საქონლის მოძრაობისა და დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შედეგად, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ფასნამატის განსაზღვრის მიზნებისთვის, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
1. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის 5-ე ნაწილზე და აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის აღნიშნული ნორმის დეტალურად განხილვის შედეგად, საგადასახადო ორგანოს არანაირი კანონიერი საფუძველი არ გააჩნდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისთვის, ვინაიდან:
ა) სრულად გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია და სწორედ სააღრიცხვო დოკუმენტაციის არასწორი მანიპულირების შედეგად მოხდა გადასახადების დარიცხვა. ამასთან, წარდგენილი აქვს წლიური ანგარიშგებები (2020-2021 წლები) „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სამსახურში“. შემოწმების აქტში მოყვანილი არგუმენტი, რომ აღრიცხვა არ ხდება პროგრამულად და ფასნამატის გაანგარიშების წარდგენა ვერ მოახერხა გადასახადის გადამხდელმა შემმოწმებლებისთვის, არ უნდა ჩაითვალოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლად;
ბ.ა) არ არსებობს პირის აქტივების დაუსაბუთებელი ზრდის რაიმე ფაქტი, რაზედაც შემოწმებაც არ აპელირებს;
ბ.ბ) გაწეული დანახარჯები სრულად დასტურდება დოკუმენტურად, ნებისმიერი დანახარჯზე არსებობს დოკუმენტური მტკიცებულებები (პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, საბაჟო დეკლარაცია ან სხვ), ხოლო პირადი მოხმარებისთვის გაწეული ხარჯები ფაქტიურად არ არსებობს, რომელიც გადასახადის გადამხდელის სახელით არის გაწეული, რასაც ასევე შემოწმებაც არ ხდის სადავოდ;
ბ.გ) შესამოწმებელ პერიოდში, მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, დაჯარიმებულია სასაქონლო-ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტზე მხოლოდ ერთხელ, რაც გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით, ხოლო მეორე ფაქტად შემოწმებას არგუმენტად მოჰყავს საბაჟო დეკლარაციაში საქონლის ღირებულების შემცირებისთვის გადასახადის გადამხდელის დაჯარიმების ფაქტი, რაც არ განეკუთვნება მიმდინარე კონტროლის ღონისძიებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული დარიცხვები უნდა გაუქმდეს;
2. შემოწმების მასალების ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ შესყიდული პროდუქცია დაყოფილია 3 კატეგორიად (ორნამენტი, პროფილი და სხვა) და არაპირდაპირი მეთოდით მიღებული ფასნამატი გავრცელებულია თითოეულ სახეობის პროდუქციის თვითღირებულებაზე. ფასნამატის გავრცელება მოხდა წლის მანძილზე ჯამურად მთლიან რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე და არ იქნა გათვალისწინებული დოკუმენტური რეალიზაცია თვეების ჭრილში. აღნიშნულმა გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების არასწორად გაანგარიშება, ვინაიდან:
ა) შემოწმების აქტის მიხედვით პროდუქცია დაყოფილია 3 კატეგორიად (პროფილი, ორნამენტი და სხვა), თუმცა აღსანიშნავია, რომ არასწორად არის განსაზღვრული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება თითოეული კატეგორიის მიხედვით. ე.წ ორნამენტიანი პროფილები მიკუთვნებული არის ორნამენტების ჯგუფს და რადგან ორნამენტზე ფასნამატი უფრო მაღალია ვიდრე პროფილებზე, იწვევს დამატებით თანხების არასწორად დარიცხვას;
ბ) საქონლის შეძენა ხორციელდებოდა, როგორც იმპორტის გზით, ასევე ადგილობრივ ბაზარზე. ადგილობრივ ბაზარზე შეძენილ საქონელზე გავრცელებულია ერთი კილოგრამი იმპორტირებული საქონლის ფასი, რასაც არ ეთანხმება და ითხოვს, ისეთ საქონელზე, რომელზეც დოკუმენტური ფასნამატის მოძიება ვერ ხერხდება, მოხდეს ინვენტარიზაციის ფასნამატის გავრცელება;
დ) გამოყენებული ფასნამატი გამოანგარიშებულია გადასახადის გადამხდელის პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომელიც გავრცელდა წლის მანძილზე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. კომპანიის გაანგარიშებით კი მნიშვნელოვანი სხვაობებია ფასნამატის გამოანგარიშებისას. ამასთან, შემმოწმებელი აღნიშნავს, რომ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, ფინანსთა სამინისტროს ერთიანი ელექტრონული ბაზების, წარდგენილი კატალოგებისა და საჯაროდ გამოქვეყნებული (ვებ-გვერდი ----------) ინფორმაციის დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ თითოეულ ნაკეთობას მინიჭებული აქვს სპეციალური კოდი, რომელიც მითითებულია კატალოგში და რეალიზაციაზე გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში. შემოწმების მიერ დაკავშირებულ იქნა კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქციის წონა სახეობების მიხედვით. დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციიდან იდენტიფიცირებულ იქნა დაახლოებით 750 სახეობის საქონლის ერთეულის წონა. შემოწმების აქტის მიხედვით, წონების შესახებ მიღებული ინფორმაცია ეყრდნობა კატალოგის და საიტზე არსებულ ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ კატალოგები პერიოდულად იცვლებოდა, რაც დასტურდება კატალოგების იმპორტის დეკლარაციებით თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში კატალოგში არსებული მონაცემები არ შეესაბამებოდა იმავე პერიოდის კატალოგის მონაცემებს. აღსანიშნავია, რომ საქონლის იმპორტი ხორციელდება, როგორც ირანის, ასევე ----------- რესპუბლიკიდან, შემმოწმებლების მიერ ფასნამატის განსაზღვრისთვის გამოყენებული კატალოგი მოიცავს მხოლოდ ირანიდან იმპორტირებულ საქონელს, შესაბამისად, ითხოვს ფასნამატის გაანგარიშების ცხრილის დაზუსტებას (მათ, შორის ტექნიკური შეცდომების დაზუსტებას) და ფასნამატის გავრცელებას მხოლოდ კონკრეტულ საქონელზე, რომელიც ფიქსირდება რეალიზაციის დოკუმენტებში, ხოლო დარჩენილ საქონელზე (მათ შორის ისეთზე, რომელზეც არ არსებობს კატალოგი) მოხდეს ინვენტარიზაციის დროს გამოვლენილი ფასნამატის გავრცელება;
ე) არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავალი სრულადაა დაბეგრილი დღგ-ით და არ არის გათვალისწინებული ექსპორტის თანხები, რომელიც არ ექვემდებარება დაბეგვრას დღგ-ით;
ვ) კონკრეტულ პოზიციებზე შემოწმებისთვის წარდგენილია საქონლის წონის შესახებ ინფორმაციები, მათ შორის კატალოგის მონაცემები და მომწოდებელი კომპანიის კატალოგი, რაც არ არის გათვალისწინებული, რაც ასევე იწვევს დამატებით თანხების დარიცხვას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხული გადასახადის თანხების შემცირებას. მიიჩნევს, რომ არ არსებობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი, შესაბამისად უნდა გაუქმდეს ამ კუთხით დარიცხვა. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება მათი მოთხოვნის გაზიარება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების თაობაზე, ითხოვს მოხდეს საკითხის უკან დაბრუნება თავიდან შესწავლის მიზნით, ვინაიდან როგორც აღნიშნა ზემოთ, არსებობს მთელი რიგი უზუსტობები აქტში, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს შემოწმების შედეგებზე, შესაბამისად, წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, ითხოვს რეალური ფასნამატის დადგენას საქონლის სახეობების მიხედვით და არა ისე, რომ ამხელა რაოდენობის და სხვადასხვა დასახელების საქონელი გაიყო სამ ჯგუფად. ხოლო, იმ საქონელზე რომელზედაც ვერ ხერხდება რეალიზაციის და შესყიდვის ზუსტი იდენტიფიცირება და შესაბამისად ზუსტი ფასნამატის დადგენა, გავრცელდეს ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი აღრიცხვას არ ახორციელებდა პროგრამულად და საქონლის ჩამოწერა ხდებოდა ფასნამატით. შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ შეუძლებლად მიიჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაციით საქონლის მოძრაობისა და დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკმარისი საფუძველი არსებობდა გადასახადის გადამხდელის რეალური შემოსავლების და კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულიყო არაპირდაპირი მეთოდი.
საბჭო მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია. ამასთან, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით, სწორედ მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, ფასნამატის განსაზღვრის მიზნებისთვის გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება), შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში ასევე მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა
ფაქტების აღწერა
კომპანიის მიერ შემოსავლის მიღება და ხარჯების გაწევა ხორციელდება როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა და სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი გაანგარიშება. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 30 დეკემბრის №42109 ბრძანებით განსაზღვრული დანართი №9-ის შესაბამისად, გაანგარიშდა კომპანიის არაგონივრული ნაშთი. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით დადგენილი ხარჯების გათვალისწინებით, დათვლილი იქნა სალაროს ნაშთი. ასევე, გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდამდე საწესდებო კაპიტალში განხორციელებული დამფუძნებლის შენატანი, რომლითაც შემცირდა სალაროს ნაშთი. გონივრული ნაშთი განისაზღვრა საკასო ხარჯისა და საკასო შემოსავლის 10%- ის ოდენობით (საკასო შემოსავლად მიჩნეულ იქნა შესაბამის თვეებში საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკების ჯამის 10%, ხოლო საკასო ხარჯი - წარდგენილი ურთიერთშედარების აქტების საფუძველზე არსებული მონაცემების 10%). შემოწმების მიერ, სალაროს არაგონოვრული ნაშთი განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, გაცემული უპროცენტო სესხიდან წარმოშობილი სარგებლის თანხა ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და ყოველთვიური სარგებლის თანხა დაიბეგრა როგორც ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების, ასევე 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სამართლებრივი საფუძვლები მითითებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომ არაგონივრული ნაშთის ნაწილი წარმოადგენს კომპანიის მიერ გაცემულ ხელფასებს, მათ შორის კოვიდპანდემიის პერიოდში, რომელზეც ითხოვს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით განსაზღვრული შეღავათით სარგებლობას და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის სანოტარო წესით დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი მტკიცებულებების და პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
გაცემულია თანხები დირექტორზე, შესაბამისი სარგებლის მითითებით. დირექტორის მიერ ხდებოდა სხვადასხვა ვალდებულებების გადახდა, ხოლო ის თანხები, რაც პირადი საჭიროებებისთვის გამოიყენებოდა, გაცემულია მასზე სესხად შესაბამისი პროცენტის დარიცხვით. აღნიშნულის შესახებ აქტშიც არის მითითებული. თანხების ნაწილი გაცემულია ხელფასად, ხოლო ნაწილი სხვა საწარმოზე სესხად. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში სარგებლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა არამართლზომიერია.
დირექტორზე გაცემულ პროცენტიანი სესხის უპროცენტო სესხად განხილვა და სარგებლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა არამართლზომიერია. ასევე თანხების ნაწილი, რომელიც გასესხებულია სხვა საწარმოსთვის, არ წარმოადგენს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს და შესაბამისად, მათზე დარიცხული პროცენტი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს.
თანხების ნაწილი გაცემულია ხელფასად, მათ შორის კოვიდის პერიოდში, შესაბამისად, ითხოვს ის ნაწილი, რაც ხელფასადაა გაცემული დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით, ხოლო გაცემული თანხების ნაწილზე გამოყენებული იქნეს შეღავათი საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილის შესაბამისად.
არაპირდაპირი მეთოდით ნამეტი თანხის დადგენის შემთხვევაში, აღნიშნული ჩაითვალოს არა ხელფასად გაცემულად, არამედ როგორც დამფუძნებლის მიმართ გაცემული სესხი და ვალდებულების დაფარვა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვარის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლის მიღება და ხარჯების გაწევა ხორციელდება როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა და სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი გაანგარიშება. შემოწმებით გაანგარიშდა სალაროს არაგონივრული ნაშთი, რომელიც განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, გაცემული უპროცენტო სესხიდან წარმოშობილი სარგებლის თანხა ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და ყოველთვიური სარგებლის თანხა დაიბეგრა როგორც ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი.
ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის სანოტარო წესით დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების და პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სადავო საკითხის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია.
3. დირექტორზე გაცემული თანხების სესხად განხილვა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ დირექტორს კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან გატანილი აქვს
1 268 960 ლარი სესხის დანიშნულებით. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილია დირექტორთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულება 700 000 ლარის კრედიტის/სესხის გაცემაზე. აღნიშნული თანხა (700 000 ლარი) კომპანიის მიერ დეკლარირებულია, როგორც ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი და დაბეგრილია მოგების გადასახადით, ხოლო 568 960 ლარის (1 268 960-700 000) დეკლარირება არ არის განხორციელებული. გაცემული სესხი დაბრუნებული არ არის. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სამართლებრივი საფუძვლები დაფიქსირებულია პირველი სადავო საკითხის ნაწილში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ დირექტორს კომპანიის საბანკო ანგარიშიდან სესხის სახით გატანილი აქვს 1 268 960 ლარი, რომლის ნაწილზე კომპანიას არ განუხორციელებია საგადასახადო ვალდებულებების შესრულება. დირექტორის მიერ აღნიშნული სესხის თანხა დაბრუნებული არ არის, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, წარდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები სადავო საკითხის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დაფიქსირებულია მე-2 სადავო საკითხის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
შემოწმებით დადგენილია, რომ დირექტორს კომპანიის საბანკო ანგარიშიდან სესხის სახით გატანილი აქვს 1 268 960 ლარი, რომლის ნაწილზე კომპანიას არ განუხორციელებია საგადასახადო ვალდებულებების შესრულება. დირექტორის მიერ აღნიშნული სესხის თანხა დაბრუნებული არ არის.
მომჩივანი არ ეთანხმება დირექტორზე გაცემული თანხების სესხად განხილვას. აღნიშნავს, რომ ამ თანხებით დაფარული იყო სხვადასხვა ვალდებულებები. მიიჩნევს, რომ დირექტორზე გაცემულ პროცენტიანი სესხის უპროცენტო სესხად განხილვა და სარგებლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა არამართლზომიერია.
მომჩივანს შემოსავლების სამსახურში დავის წარმოების პროცესშიც არ წარუდგენია და არც ამჟამად არ წარმოადგენს მისი არგუმენტების შესაბამის მტკიცებულებას, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა;
3. დირექტორზე გაცემული თანხების სესხად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
1.გადასახადის გადამხდელს საქონელი უმრავლეს შემთხვევაში შემოტანილი აქვს იმპორტის რეჟიმით, თუმცა უფიქსირდება ადგილობრივ ბაზარზე შეძენაც. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა თითქმის სრულად ხდება წონით, ხოლო რეალიზაცია ხორციელდება რიგ შემთხვევებში ცალობით, რიგ შემთხვევებში მეტრობით. გადასახადის გადამხდელის განმარტებით აღრიცხვა არ ხდება პროგრამულად და რეალიზებული საქონლის ჩამოწერა ხორციელდება ფასნამატით. 2019 წელს გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემების მიხედვით ფასნამატი შეადგენს 15%-ს, 2020-2021 წლებში 25%-ს, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი აღნიშნული ფასნამატის დოკუმენტურად დადასტურებული გაანგარიშება.კომპანიის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
2.კომპანიის მიერ შემოსავლის მიღება და ხარჯების გაწევა ხორციელდება როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა და სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი გაანგარიშება. შემოწმების მიერ, სალაროს არაგონოვრული ნაშთი განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, გაცემული უპროცენტო სესხიდან წარმოშობილი სარგებლის თანხა ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და ყოველთვიური სარგებლის თანხა დაიბეგრა როგორც ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა.
3.დირექტორს, კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან გატანილი აქვს 1 268 960 ლარი, სესხის დანიშნულებით.გადამხდელის მიერ კომპანიის მიერ დეკლარირებულია, როგორც ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი და დაბეგრილია მოგების გადასახადით 700 000 ლარის ფარგლებში.ხოლო 568 960 ლარი დეკლარირება არ არის განხორციელებული.გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა .
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5,9);161(1);159(1);163(1);164(1);982(3ზ);101(1);154