ბრძანება N 19740
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19740
03 სექტემბერი 2024
ბრძანება
შპს „------- -ს “ (ს/ნ "-------")
(მის.: "-------")
2024 წლის 6 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №89) განიხილა შპს „------ -ს “ (ს/ნ "-------") 2024 წლის 6 აგვისტოს №91264/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 მაისის №006-226 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ გამოსაქვით ხარჯებში არ არის გათვალისწინებული აღებულ სესხზე დარიცხული/გადახდილი პროცენტის ხარჯი სრულად. აცხადებს, რომ ვინაიდან კომპანიის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი იყო საინკასო დავალება, რიგ შემთხვევებში ძირი და პროცენტის ხარჯი გადახდილია ანგარიშვალდებული პირის მიერ, რაც დასტურდება ბანკის მიერ წარმოდგენილი სესხის დაფარვის გრაფიკით.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს ანგარიშიდან გატანილი ფულადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ როგორც წინა საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, მოწოდებული ფულის მოძრაობის გაანგარიშების ცხრილების მიხედვით გამოქვითვას დაქვემდებარებულ ხარჯებში არ არის გათვალისწინებული აღებულ სესხზე დარიცხული/გადახდილი პროცენტის ხარჯი სრულად. შესაბამისად, გადამხდელს მიაჩნია, რომ საწარმოს დირექტორზე გაცემული თანხა უნდა შემცირდეს როგორც სესხის, ასევე, სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან (ფორმა №2-ები) დაკავშირებული ხარჯების შესაბამისად
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 აპრილის №7613 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------- -ს “ (ს/ნ "-------") საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 16 მაისს აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 27 მაისის №12158 ბრძანება და ამავე თარიღის №006–226 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 371 582 ლარი, მათ შორის გადასახადი 209 872 ლარი, ჯარიმა 114 598 ლარი და საურავი 47 112 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
1. შპს „------- “ საქმიანობაა ტენდერების საფუძველზე თბილისის ზოოლოგიური პარკისთვის სამშენებლო მომსახურების გაწევა. კომპანია დღეის მდგომარეობით აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას. კომპანიამ შემოწმების პროცესში წარმოადგინა ბუღალტერია, რომელიც არასრულყოფილია, რადგან დგინდება რიგი უზუსტობები შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებთან, მესამე პირებისგან გამოთხოვილ ინფორმაციებსა და გადამხდელის მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებთან, ამიტომ აღნიშნული ბუღალტერიის გამოყენებით შეუძლებელია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. აქედან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებისა და საგადასახადო ორგანოს ხელთ არსებული სხვა ინფორმაციის საფუძველზე. შემოწმებამ მოიკვლია გადასახადის გადამხდელის დებიტორული და კრედიტორული დავალიანება, ამასთან, ხარჯებში გაითვალისწინა შეძენილი საქონელი და მომსახურებები, სესხის პროცენტი, ლიზინგი, ბანკის საკომისიო, გაცემული ხელფასები და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა, 549 757 ლარის ოდენობით, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ თანხად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
2. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების საფუძველზე დადგინდა, რომ საწარმოს იმჟამინდელი დირექტორის "-------"- ის მიერ კომპანიის ანგარიშიდან ფიქსირდებოდა თანხის გატანა, 334 730 ლარის ოდენობით. დირექტორის მიერ საწარმოდან გატანილ თანხაზე გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ხელშეკრულება ან სხვა რაიმე დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრებოდა თანხის გატანის მიზნობრიობა ან დადგინდებოდა თანხის სესხად გაცემის ფაქტი განსაზღვრული პროცენტით. ასევე, საბანკო ანგარიშის ამონაწერით დადგინდა, რომ ანგარიშვალდებულ პირთა მიერ კომპანიაში დაბრუნებულია, ჯამურად 111 872 ლარი, ხოლო მათ შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა დაუბრუნებელ თანხად, რაც დასტურდება იმითაც, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის შედეგების თანახმად, სალაროში ფულის ნაშთი არ ფიქსირდებოდა. აქედან გამომდინარე, კომპანიის ანგარიშიდან ფულადი თანხის გატანა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაკვალიფიცირდა კომპანიის იმჟამინდელი დირექტორის მიმართ უპროცენტო სესხის სახით განაცემად და დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას, ხოლო უკან დაბრუნებულ თანხაზე (111 872 ლარზე) განხორციელდა ჩათვლის მიღება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდების შესაბამისად დაკორექტირდა მოგების გადასახადის ჩასათვლელი თანხები და შემცირდა გადასახადის გადამხდელის გადასახადის თანხა 19 742 ლარი. ასევე, სესხზე გაანგარიშებული სარგებლის თანხა ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ კომპანიამ შემოწმების პროცესში წარმოადგინა ბუღალტერია, რომელიც არასრულყოფილია, რადგან დგინდება რიგი უზუსტობები შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებთან, მესამე პირებისგან გამოთხოვილ ინფორმაციებსა და გადამხდელის მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებთან მიმართებით. ამდენად, შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო აღნიშნული ბუღალტერიის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.
გადამხდელის არგუმენტაცია, რომლითაც ითხოვს სესხზე დარიცხული/გადახდილი პროცენტის ხარჯის სრულად გათვალისწინებას, შემოსავლების სამსახურის მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შემოწმების პროცესში გათვალისწინებულია შპს „------ -ს “ მიერ სესხზე დარიცხული/გადახდილი პროცენტის ხარჯი, სადაც გადამხდელად ფიქსირდება შპს „------ -ს “ და თანხის გადახდა დასტურდება საბანკო ამონაწერებით.
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ გარკვეულ საანგარიშო პერიოდებში (თვეებში) საწარმოს მიერ მიღებულ თანხაში ჩართულია, როგორც ავანსები, ასევე, კომპანიის მიერ გაწეული მომსახურებების ღირებულებები, რომელთან დაკავშირებით მიღებულია აღნიშნული ავანსები. ასევე, მიუთითებს, რომ არაპირდაპირი მეთოდით ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშების ცხრილებში სრულად გათვალისწინებული არ არის შესრულებული სამუშაოების შესაბამისი ხარჯები (ფორმა 2-ებში მითითებული ხარჯები). აღნიშნავს, რომ ფორმა 2-ებით დასტურდება და სადავო არ არის ხარჯის გაწევის ფაქტი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია. ამასთან, შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის ოდენობის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს ავანსის მიღებულ შემოსავალში გათვალისწინების მართლზომიერებისა და ხარჯის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ საწარმოს იმჟამინდელი დირექტორის, "--------"-ის, მიერ კომპანიის ანგარიშიდან ფიქსირდებოდა თანხის გატანა, 334 730 ლარის ოდენობით. დირექტორის მიერ საწარმოდან გატანილ თანხაზე გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ხელშეკრულება ან სხვა რაიმე დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრებოდა თანხის გატანის მიზნობრიობა ან დადგინდებოდა თანხის სესხად გაცემის ფაქტი განსაზღვრული პროცენტით. ასევე, საბანკო ანგარიშის ამონაწერით დადგინდა, რომ ანგარიშვალდებულ პირთა მიერ კომპანიაში დაბრუნებულია, ჯამურად 111 872 ლარი, ხოლო მათ შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა დაუბრუნებელ თანხად, რაც დასტურდება იმითაც, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის შედეგების თანახმად, სალაროში ფულის ნაშთი არ ფიქსირდებოდა.
გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, რომლითაც ითხოვს საწარმოს დირექტორზე გაცემული თანხის სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯით (ფორმა №2-ები) შემცირებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში მოხდა ხარჯთაღრიცხვის წარმოება გადამხდელის მიერ შეძენილ და გახარჯულ საქონელს შორის. დოკუმენტურად (საგადასახადო ანგარიშფაქტურებით) შეძენილი საქონლის დამუშავების დროს, ფორმა 2-ებთან შედარების საფუძველზე დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ დოკუმენტურად შეძენილი საქონელი სრულად არ იყო გახარჯული და იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი შესამოწმებელი პერიოდს ბოლოს აღარ საქმიანობდა აღნიშნული საქონელი უნდა ჩათვლილიყო სრულად რეალიზებულად და უნდა მომხდარიყო მისი დღგით დაბეგვრა. ამის პარალელულად ფორმა №2-ებით ფიქსირდებოდა უდოკუმენტო საქონლის შეძენაც, რომლის ღირებულების 75%-ის ხარჯში ჩასმა უნდა მომხდარიყო. თუმცა, რადგან სახეზე იყო ერთის მხრივ დოკუმენტურად შეძენილი საქონელი, რომელიც სრულად არ იყო გახარჯული და უნდა მომხდარიყო მისი რეალიზებულად ჩათვლა, მეორე მხრივ კი უდოკუმენტო შეძენები, ხოლო დღგ-ს თანხასა და ხარჯებში ჩასასმელ თანხას შორის სხვაობა იყო არაარსებითი (დღგ-ის თანხა 137 ლარით აღემატებოდა ხარჯებში ჩასასმელ თანხას), ამიტომ შემოწმების მიერ ერთგვარად მოხდა მათი ურთიერთგაქვითვა, რის საფუძველზეც აღნიშნული ხარჯები აღარ იქნა გათვალისწინებული გადამხდელის გამოსაქვით ხარჯში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ რადგან სახეზე იყო დასაბეგრი ოპერაცია და ხარჯებიც, შემოწმების პროცესში ამ მეთოდს არ გამოუწვევია საგადასახადო ვალდებულებების რაიმე ფორმით ცვლილება (საგადასახადო ვალდებულების დამძიმება).
გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, რომლითაც ითხოვს გამოქვითვას დაქვემდებარებულ ხარჯებში აღებულ სესხზე დარიცხული/გადახდილი პროცენტის ხარჯის სრულად გათვალისწინებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას უფიქსირდებოდა ლიზინგის საფუძველზე ორი მანქანის შეძენა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მანქანების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ მომხდარა. ამასთან, შემოწმების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზების დამუშავების საფუძველზე დადგინდა, რომ აღნიშნული მანქანები იმყოფება კომპანიის დამფუძნებელთან ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფი პირების მფლობელობაში, კერძოდ, მანქანების შეძენის მომენტიდან უწყვეტად ჯარიმები ფიქსირდება დამფუძნებლის დედისა და მეუღლის სახელზე. აქედან გამომდინარე, შემოწმებამ თიბისი ბანკიდან და საქართველოს ლიზინგიდან გამოითხოვა ინფორმაცია აღნიშნულ მანქანებზე გადახდის გრაფიკის შესახებ. ყველა შემთხვევაში, სადაც გადამხდელად ფიქსირდებოდა შპს „----- -ს “ და ეს დასტურდებოდა საბანკო ამონაწერებითაც, გადახდილი თანხები გაითვალისწინა ხარჯებში, ხოლო იმ პერიოდიდან, როცა კომპანიის დამფუძნებელი დააკავეს და კომპანია ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებდა, ლიზინგის თანხის გადახდა ხორციელდებოდა ზემოხსენებული პირების მიერ, რადგან საბოლოოდ აღნიშნული მანქანები უნდა დარჩენილიყო მათ საკუთრებაში. აქედან გამომდინარე, შემოწმებამ ხარჯებში გაითვალისწინა მხოლოდ შპს „------ -ს “ მიერ გაწეული ხარჯი, რომლის კომპანიიდან გასვლაც ფიქსირდებოდა საბანკო ამონაწერებით და რაც რეალურად წარმოადგენდა კომპანიის ხარჯს, ხოლო კერძო პირის მიერ გადახდილი ლიზინგის თანხები არ იქნა გათვალისწინებული კომპანიის ხარჯად.
ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საწარმოს დირექტორის მიერ გატანილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა, ხოლო სესხზე დარიცხული სარგებლის სახელფასო განაცემად დაკვალიფიცირება კანონმდებლობის შესაბამისია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------ -ს “ (ს/ნ "-------" ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს ავანსის მიღებულ შემოსავალში გათვალისწინების მართლზომიერებისა და ხარჯის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს ანგარიშიდან გატანილი ფულადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შემოწმებამ მოიკვლია გადამხდელის დებიტორული და კრედიტორული დავალიანება, ამასთან, ხარჯებში გაითვალისწინა შეძენილი საქონელი და მომსახურებები, სესხის პროცენტი, ლიზინგი, ბანკის საკომისიო, გაცემული ხელფასები და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა,დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ თანხად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
2. კომპანიის ანგარიშიდან ფულადი თანხის გატანა,დაკვალიფიცირდა კომპანიის იმჟამინდელი დირექტორის მიმართ უპროცენტო სესხის სახით განაცემად და დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას, ხოლო უკან დაბრუნებულ თანხაზე განხორციელდა ჩათვლის მიღება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდების შესაბამისად დაკორექტირდა მოგების გადასახადის ჩასათვლელი თანხები და შემცირდა გადამხდელის გადასახადის თანხა.ასევე, სესხზე გაანგარიშებული სარგებლის თანხა ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია. ამასთან, შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის ოდენობის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს ავანსის მიღებულ შემოსავალში გათვალისწინების მართლზომიერებისა და ხარჯის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საწარმოს დირექტორის მიერ გატანილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა, ხოლო სესხზე დარიცხული სარგებლის სახელფასო განაცემად დაკვალიფიცირება კანონმდებლობის შესაბამისია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9),101,154,982