გადაწყვეტილება № 26410/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 26410/2/2025
13 თებერვალი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“ 30.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26410/2/2025).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. დღგ-ის ჩათვლა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 ივნისის №031-4 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 ოქტომბრის №21899 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 788 464.47 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 437 969.19
დღგ - 187 420.51
საშემოსავლო გადასახადი - 250 548.68
ჯარიმა - 243 082.65
საურავი - 107 412.63
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა რკინა-კავეულით და სხვა სამშენებლო მასალებით. საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში -------, სადაც განთავსებულია სასაქონლო-მატერიალური მარაგები.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №1628 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 19 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომელის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 ივნისის №13820 ბრძანება და №031-4 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 788 464.47 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 29 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 15 ოქტომბრის №21899 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა
საწარმოს რეალიზაციის 9% წარმოადგენს დოკუმენტით რეალიზაციას, ხოლო 91% - დოკუმენტის გარეშე. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას და რეალიზაციას ახორციელებს ადგილობრივად. დეკლარირებული რეალიზაციის თანხა ნაკლებია რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. რეალიზებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება როგორც ნაღდი (უმეტესად), ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ხორციელდება კანონით დადგენილი წესით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერები, კერძოდ, დასახელებების მიხედვით რეალიზებულ პროდუქციაზე შეუძლებელია მყიდველის იდენტიფიცირება და შესაბამისად დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამასთან, კომპანიის მიერ გამოწერილი რეალიზაციის დოკუმენტების შესწავლის/ანალიზის შედეგად, შეძენა/რეალიზაციის დოკუმენტები საქონლის დასახელებების მიხედვით ვერ დაკავშირდა და შესაბამისად ვერ დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი. გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 12 თებერვალს №2385 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთის ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად საწარმოს დაუდგინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი 589 304 ლარის ოდენობით (საბაზრო ღირებულება). ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით დადგინდა ფასნამატი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჯგუფების ჭრილში, რომელიც საშუალოდ 44%-ს შეადგენს. გადასახადის გადამხდელის პირველადი დოკუმენტების შესწავლა/ანალიზით და სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჯგუფების მიხედვით, დეკლარირებული ნაშთისა და ფაქტობრივი ნაშთის ურთიერთშედარებით, გამოვლინდა სხვაობა საქონლის სხვადასხვა ჯგუფებზე. კომპანიის დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მითითებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაჯგუფდა საქონლის სახეობების მიხედვით, საწყისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთისა და ინვენტარიზაციის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის გათვალისწინებით დადგინდა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, საიდანაც გაანგარიშდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. აღნიშნულ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით გამოვლენილი ფასნამატი (ჯგუფების ჭრილში) და მსგავსი საქმიანობის მქონე პირების აუდირებული ფასნამატები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შესამოწმებელი პერიოდის შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით გამოვლენილი ფასნამატი. გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტებით, 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კომპანიას სალაროში უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი 672 ლარის ოდენობით, ხოლო კრედიტორული დავალიანება - 39 458 ლარის ოდენობით. აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში გაანგარიშებული იქნა განკარგვადი თანხა. შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი, რის არსებობაც საწარმოში ვერ დასტურდება, ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. ასევე, სააღრიცხვო ინფორმაციის/საბანკო ამონაწერების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე დადგენილი განაცემები განსხვავდება გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილისგან. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაკორექტირდა საწარმოს დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, მე-8, 61-ე, 73-ე, 158- ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეალიზებული პროდუქციის უმეტესი ნაწილი წარმოადგენს არადოკუმენტურ რეალიზაციას და პირის მიერ გამოწერილი რეალიზაციის დოკუმენტების შესწავლის/ანალიზის შედეგად, შეძენა/რეალიზაციის დოკუმენტები საქონლის დასახელებების მიხედვით ვერ დაკავშირდა, შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია.
რაც შეეხება შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს, შემოსავლების სამსახური აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით გამოვლენილი ფასნამატის (ჯგუფების ჭრილში) და მსგავსი საქმიანობის მქონე პირების აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია დღგით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
ასევე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ფულის ნაშთის დაბეგვრასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ნოტარიულად დამოწმებული ფიზიკური პირების განცხადებები დებიტორული დავალიანების შესახებ, რომელიც ჯამში შეადგენს 485 423 ლარს. თუმცა, შემოწმების მხრიდან ვერ მოხდა აღნიშნულის გათვალისწინება, რადგან თითოეული დებიტორი (ჯამში 6) არ წარმოადგენს გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს და არ უფიქსირდებათ საქმიანობა, სადაც შეძლებდნენ შპს „------“ მიერ მიწოდებული საქონლის (რკინა-კავეული, სარემონტო მასალები) გამოყენებას. ამასთან, აღნიშნულ პირებთან შპს „-----“ არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია, რითიც დადასტურდებოდა საქონლის მიწოდების ფაქტი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა ჩაინიშნა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. აღნიშნულ სხდომაზე გამოცხადდა -------, რომელსაც მისმა მარწმუნებელმა მიაწოდა რწმუნებულება სხდომის დაწყების წინ და აღმოჩნდა, რომ საწარმოს დირექტორმა, როგორც იურიდიულმა პირმა კი არ გასცა რწუმებულება, არამედ ------, როგორც ფიზიკურმა პირმა. რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში ------ დაშვება საქმის მოსმენაზე იყო არასამართლიანი და საჩივრის განხილვა გადაიდო. ვინაიდან კომპანიის დირექტორატთან კონტაქტი ვეღარ შედგა (ისინი არ არიან ქართველები და ხშირად იმყოფებიან ქვეყნის გარეთ), ----- მონაწილეობა სათანადო უფლებამოსილების გარეშე შეუძლებელი იყო. საწარმოს დირექტორმა რწმუნებულება როგორც იურიდიულმა პირმა გადასცა 20.11.2025 წელს. აღმოჩნდა, რომ საქმის განხილვა უკვე დასრულდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც არ დააკმაყოფილა საჩივარი, რასაც არ ეთანხმებიან.
დაირღვა გადასახადის გადამხდელის უფლებები და კანონიერი ინტერესები. მხარემ ვერ შეძლო სრულყოფილად თავისი პოზიციის დაფიქსირება და საქმის განხილვაში მონაწილეობით მიღება. ასეთ ვითარებაში კი საქმეზე ვერ დადგინდებოდა ობიექტური ჭეშმარიტება. საგადასახადო ვალდებულებებზე, მათ შორის, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრაზე და დღგ-ის ჩათვლებთან დაკავშირებით მოსაზრებებს და არგუმენტებს წარმოადგენს მოგვიანებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ მომჩივანი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
რაც შეეხება გავრცელებულ ფასნამატს, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საწარმოს მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით გამოვლენილი ფასნამატის (ჯგუფების ჭრილში) და მსგავსი საქმიანობის მქონე პირების აუდირებული ფასნამატის გავრცელება საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია.
ასევე, მართლზომიერია შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გადასახადის გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით მოსაზრებებს და არგუმენტებს წარმოადგენს მოგვიანებით. 22.01.2026 წელს განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია კომპანიის წარმომადგენელთან და ეთხოვა წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა მომჩივანს დამატებით რაიმე ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია.
ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები. ორივე ეტაპზე მომჩივანმა დააყენა შუამდგომლობა დავის განხილვის გადადების თაობაზე, რაც ორივე შემთხვევაში დაკმაყოფილდა. თუმცა, განმეორებით ჩანიშნულ სხდომებს გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დღგ-ის ჩათვლა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს 2021 წლის დეკემბრის თვეში განხორციელებულ ოპერაციაზე დღგ-ის ჩათვლა მიღებული აქვს 2022 წლის საანგარიშო პერიოდში. ასევე, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა როგორც ავანსის ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, ასევე საბოლოო ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით. საგადასახადო კოდექსის 174-ე და 178-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე, 176-ე, 178-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და საგადასახადო შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ დღგ-ის ჩასათვლელ თანხებს შორის. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს 2022 წლის საანგარიშო პერიოდში მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა, რომლის განხორციელების პერიოდია 2021 წლის დეკემბრის თვე. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას ჩათვლილი ჰქონდა, როგორც ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ასევე მასზე გამოწერილი საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები სრულად.
ამასთან, წარდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით).
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და საგადასახადო შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ დღგ-ის ჩასათვლელ თანხებს შორის. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს 2022 წლის საანგარიშო პერიოდში მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა, რომლის განხორციელების პერიოდია 2021 წლის დეკემბრის თვე. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას ჩათვლილი ჰქონდა, როგორც ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ასევე მასზე გამოწერილი საბოლოო საგადასახადო ანგარიშფაქტურები სრულად.
აღსანიშნავია, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო დავის განმხილველ სხდომებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა.
საწარმოს რეალიზაციის 9% წარმოადგენს დოკუმენტით რეალიზაციას, ხოლო 91% - დოკუმენტის გარეშე. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას და რეალიზაციას ახორციელებს ადგილობრივად. დეკლარირებული რეალიზაციის თანხა ნაკლებია რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთის ინვენტარიზაცის პროცესში საწარმოს დაუდგინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. დადგინდა ფასნამატი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჯგუფების ჭრილში, რომელიც საშუალოდ 44%-ს შეადგენს. დეკლარირებული ნაშთისა და ფაქტობრივი ნაშთის ურთიერთშედარებით, გამოვლინდა სხვაობა საქონლის სხვადასხვა ჯგუფებზე. კომპანიის დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი.
განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შესამოწმებელი პერიოდის შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით გამოვლენილი ფასნამატი. შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი, რის არსებობაც საწარმოში ვერ დასტურდება, ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. ასევე, დადგენილი განაცემები განსხვავდება გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილისგან. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(5,9);158(1);159(1);163(1);164(1);101(1);154(1);