ბარაბაძე N 6398

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.03.2024
№ დოკუმენტი 6398
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6398

25 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 2 თებერვლის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №21) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ ----------) №87384/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №005-229 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპიუტერული სწავლების კურსების გახსნის მიზნით გადახდილი თანხების არაეკონომიკურ ხარჯად განხილვის საფუძვლით დღგ-სა და მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ კომპიუტერული სწავლების კურსების გახსნის მიზნით, კომპანიამ შეიძინა კომპიუტერული ტექნიკა, იჯარით აიღო ფართები და შეიყვანა ინტერნეტი, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოხდა დროულად ამ საქმიანობის დაწყება და შემოსავლის მიღება. აღნიშნავს, რომ ფინანსურმა პოლიციამ 2022 წლის მარტში ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და სრული დოკუმენტაცია. განმარტავს, რომ კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები თავისი შინაარსით წარმოადგენდა ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავალი კომპანიას არ მიუღია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №7246 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 29 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 26 დეკემბრის №33016 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №005-229 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 257 547 ლარი, მათ შორის გადასახადი 153 788 ლარი, ჯარიმა 75 959 ლარი და საურავი 28 151 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე N--------- ქ. ---------- მოქმედი შპს „------------“ ხელმძღვანელ პირთა მხრიდან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების, თაღლითობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებზე. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა ხორც-პროდუქტების, ე.წ. კონსერვების იმპორტი, ადგილობრივ ბაზარზე შეძენა და რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელ პერიოდში, შეძენილი ჰქონდა დიდი რაოდენობისა და ღირებულების კომპიუტერული და სხვა ტექნიკა, რომელზეც გადახდილი დღგ ჩათვლილი იყო შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დეკლარაციით. ასევე, შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებით (2022 წლის აგვისტო და 2023 წლის თებერვალი) ჩათვლა ჰქონდა მიღებული -------- და --------- მიერ გამოწერილი ინტერნეტ მომსახურების ფაქტურებით, აგრეთვე, იჯარით აღებულ ფართებზე მეიჯარე კომპანიის მიერ გამოწერილი ფაქტურებით და ელექტრო მომწოდებელი კომპანიის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით (ჯამში 64 696 ლარი). შემოწმებისთვის გაურკვეველი იყო აღნიშნული ხარჯების გაწევის მიზნობრიობა და მისი კავშირი ეკონომიკურ საქმიანობასთან. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების შესაბამისად, კომპიუტერულ ტექნიკას იყენებდა კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსების საქმიანობაში, თუმცა აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ იყო მის მიერ დეკლარაციაში ასახული. ამასთან, არც შემოწმების მიერ მოპოვებულ ინფორმაციაში/დოკუმენტაციაში ფიქსირდებოდა აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის შესაბამისად, ჩათვლილი დღგ-ის თანხა დაექვემდებარა ჩათვლებიდან ამოღებას. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების შესაბამისად, ზემოაღნიშნული ხარჯები ასევე დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა დღგ და მოგების გადასახადი, ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა ხორც-პროდუქტების, ე.წ. კონსერვების იმპორტი, ადგილობრივ ბაზარზე შეძენა და რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელ პერიოდში, შეძენილი ჰქონდა დიდი რაოდენობისა და ღირებულების კომპიუტერული და სხვა ტექნიკა, რომელზეც გადახდილი დღგ ჩათვლილი ჰქონდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დეკლარაციით. ასევე, შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებით ჩათვლა ჰქონდა მიღებული ინტერნეტ მომსახურების ფაქტურებით, აგრეთვე, იჯარით აღებულ ფართებზე მეიჯარე კომპანიის მიერ გამოწერილი ფაქტურებით და ელექტრო მომწოდებელი კომპანიის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით.

 

ინტერნეტ მომსახურებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საჩივრის ზეპირ განხილვაზე განაცხადა, რომ საწარმოს ინტერნეტ მომსახურება შეძენილი აქვს --------- და --------- და აღნიშნული მომსახურებისთვის რამოდენიმე თვის განმავლობაში გადახდილი აქვს

106 051 ლარი.

გადასახადის გადამხდელის განმარტებით, კომპანია აპირებდა კომპიუტერული სწავლების კურსების გახსნას, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლო.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ ინტერნეტ მომსახურებაზე გადახდილი თანხების მიზნობრიობა არ იკვეთება, მომჩივანი ვერ ასაბუთებს ამ ოდენობის ინტერნეტის მომსახურება რაში სჭირდებობა კომპანიას, მაშინ როდესაც არ ფუნქციონირებდა კომპიუტერული სწავლების კურსი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ ინტერნეტ მომსახურებაზე გადახდილი თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა მართლზომიერია, აღნიშნულ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

კომპიუტერული და სხვა ტექნიკის შეძენასთან, ასევე, ფართების იჯარასთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, კომპიუტერული სწავლების კურსების გახსნის მიზნით, კომპანიამ შეიძინა კომპიუტერული ტექნიკა, იჯარით აიღო ფართები, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოხდა დროულად ამ საქმიანობის დაწყება და შემოსავლის მიღება, თუმცა გაწეული ხარჯები თავისი შინაარსით წარმოადგენდა ეკონომიკურ საქმიანობას.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ კომპიუტერული და სხვა ტექნიკის შეძენა, ასევე, ფართების იჯარა უკავშირდებოდა კომპანიის მხრიდან ეკონომიკური საქმიანობის დაწყებას და აღნიშნული საქონელი/მომსახურება გამიზნული იყო ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს კომპიუტერული და სხვა ტექნიკის შეძენაზე, ასევე, ფართების იჯარაზე გადახდილი თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებაროს შემცირებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს კომპიუტერული და სხვა ტექნიკის შეძენაზე, ასევე, ფართების იჯარაზე გადახდილი თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპიუტერული სწავლების კურსების გახსნის მიზნით გადახდილი თანხების არაეკონომიკურ ხარჯად განხილვის საფუძვლით დღგ-სა და მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელ პერიოდში, შეძენილი ჰქონდა დიდი რაოდენობისა და ღირებულების კომპიუტერული და სხვა ტექნიკა, რომელზეც გადახდილი დღგ ჩათვლილი იყო შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დეკლარაციით. ასევე, შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებით ჩათვლა ჰქონდა მიღებული კომპანიებისგან გამოწერილი ინტერნეტ მომსახურების ფაქტურებით, აგრეთვე, იჯარით აღებულ ფართებზე იჯარით აღებულ ფართებზე მეიჯარე კომპანიის მიერ გამოწერილი ფაქტურებით და ელექტრო მომწოდებელი კომპანიის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შემოწმებისთვის გაურკვეველი იყო აღნიშნული ხარჯების გაწევის მიზნობრიობა და მისი კავშირი ეკონომიკურ საქმიანობასთან. შემოწმების მიერ, ჩათვლილი დღგ-ის თანხა დაექვემდებარა ჩათვლებიდან ამოღებას.ზემოაღნიშნული ხარჯები ასევე დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა დღგ და მოგების გადასახადი, ასევე, ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);97(1);982((1);174(1);175(1);176(1);