გადაწყვეტილება №26734/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 31.03.2026
№ დოკუმენტი 26734/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26734/2/2026

31 მარტი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ "--------" (ს/ნ "--------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,13.03.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "--------"-ის 25.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26734/2/2026).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის განსაზღვრა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 დეკემბრის №006-534 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 6 თებერვლის №2408 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 131 245,03 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 93 011,78

ჯარიმა - 25 836,62

საურავი - 12 396,63

 

პროცედურული გარემოებები

მეწარმის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობა საიტის გამოყენებით. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 29 ივნისს. ეკონომიკური საქმიანობა დაწყებული აქვს 2024 წლის ივნისის თვიდან.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორე. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 17 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა 2025 წლის 19 დეკემბრის №27883 ბრძანება და ამავე თარიღის №006-534 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 6 თებერვლის №2408 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის განსაზღვრა

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანი სარეალიზაციო ტექნიკის შესყიდვას არ ახორციელებს წინასწარ. კუთვნილ საიტზე ანთავსებდა სარეალიზაციო კომპიუტერულ ტექნიკას და რეალიზაციის შემთხვევაში ახდენდა შეძენას. რეალიზებული საქონლის თანხის გადახდა ხდებოდა ტერმინალის გამოყენებით, რომელიც მიჰქონდა კურიერს ნივთის გადაცემის დროს. მეწარმე 100 000 ლარიან ზღვარს გადასცდა 2024 წლის 23 სექტემბრის ოპერაციის თანხით - 4 646 ლარი.

დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 516 732 ლარი, რაც დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა - 25 837 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლზე, 165-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163- ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, საჩივრის დანართად წარმოდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ შემოწმებით შეუძლებელი იყო ხელშეკრულებაში მითითებული ფიზიკური პირების რეალურ გამყიდველებად იდენტიფიცირება, ვინაიდან არ ფიქსირდება და არ დასტურდება საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის მათზე გადახდის ფაქტი. ასევე, აღნიშნულის დამადასტურებლად არც შემოწმების და არც დავის წარმოების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 165-ე და 282-ე მუხლებზე და აღნიშნავს რომ გადასახადის გადამხდელი პროფესიით არ არის არც ბუღალტერი, არც ფინანსისტი, არც აუდიტორი და არც იურისტი, ასევე მას არასდროს ჰქონია პროფესიული ან პრაქტიკული შეხება აღნიშნულ სფეროებთან. არც ბუღალტერი ჰყოლია აყვანილი, შესაბამისად, არ გააჩნდა შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება დღგის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის საკითხებთან დაკავშირებით. ამასთანავე, არასდროს მიუღია რაიმე სახის შეტყობინება ან გაფრთხილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან მის დაქვემდებარებაში მყოფი რომელიმე ორგანოს მხრიდან, არც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის აუცილებლობისა და არც შემოსავლების ზღვრის გადაჭარბების თაობაზე.

მისი საქმიანობა თავისი შინაარსით წარმოადგენდა შუამავლობის (კომისიური) მომსახურებას, რომლის სანაცვლოდ ინდივიდუალური მეწარმე იღებდა 15%-იან ანაზღაურებას და არა საქონლის სრული ღირებულების შესაბამის შემოსავალს. მიუხედავად არაერთი ახსნა-განმარტებისა და წარდგენილი მტკიცებულებებისა, საგადასახდო ორგანომ შეაფასა ეს ოპერაცია როგორც დასაბეგრი ოპერაცია და არ ჩათვალა შუამავლობად, რაც არ იცოდა მომჩივანმა, მას ეგონა, რომ ვინაიდან საქმიანობის შედეგად მას არ მიუღია ის შემოსავლები, რაც საგადასახადო ორგანომ დაადგინა. მოცემულის თაობაზე საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვეს აქტების ბათილობა, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მოცემული მომსახურეობა არ ჩაითვალა საშუამავლო მომსახურეობად.

მომჩივანი ასევე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 68-ე, 69-ე, 319-ე, 327-ე და 328-ე მუხლებზე, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ამდენად, ცალსახაა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დარღვეულია სზაკ-ის მე-6, და მე-7 მუხლებით განსაზღვრული პრინციპები, ამავე კოდექსის 53-ე, 75-ე, 95-ე, 96-ე, და მე-60 პრიმა მუხლებთან ერთად და არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. (სზაკ-ის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მათი შეფასების შედეგად მიეღო გადაწყვეტილება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციას და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას. განმარტავს, რომ მეწარმის საქმიანობას წარმოადგენდა საშუამავლო მომსახურება, კერძოდ, გამყიდველისგან ნივთის აღება და მყიდველისთვის გადაცემა, რა დროსაც მეწარმის მოგებას წარმოადგენდა რეალიზებული ნივთის 15%. მიუთითებს, რომ გადამხდელს არ ჰქონია არც მაღაზია და არც რაიმე სახის საწყობი, სადაც ნივთებს განათავსებდა, ვინაიდან ის არ ყიდულობდა ნივთებს წინასწარ. მეწარმეს ჰქონდა ვებგვერდი, სადაც ანთავსებდა ნივთებს, რომლებიც უკვე სხვადასხვა საიტებზე იყო დადებული ფიზიკური პირების მიერ და ამ ნივთების გაყიდვის შემთხვევაში თანხა ირიცხებოდა მეწარმის ანგარიშზე, რასაც ის აძლევდა გამყიდველებს.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირ განხილვაზე განაცხადა, რომ შემოწმების ფარგლებში შესწავლილ იქნა თანხის მოძრაობა: გადასახადის გადამხდელის ანგარიშზე ჩარიცხული აქვს ნივთის ღირებულება სრულად და რაიმე გადარიცხვა ნივთის მომწოდებლისთვის არ ფიქსირდება, ვინაიდან, მისივე განმარტებით ნივთის ღირებულების გადახდა მომწოდებლისთვის ხდებოდა ხელზე. არც ერთი შემთხვევა ნივთის ღირებულების მომწოდებლისთვის გადარიცხვის დაფიქსირებული არ არის. თანხის მოძრაობა დამადასტურებელი იქნებოდა საშუამავლო მომსახურების არსებობის.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ იმ ტიპის ხელშეკრულებების დადება, რომელსაც ის აწარმოებდა, არ ითხოვდა სავალდებულო წერილობით ფორმას და გაურკვეველია მხოლოდ იმიტომ, რომ ამხელა ვალდებულებით იქნა დატვირთული. მაშინ საგადასახადო ორგანომ უნდა დაასახელოს კანონმდებლობის ის ნორმა, რომელიც ხელშეკრულების წერილობით დადების ვალდებულებას აკისრებდა გადასახადის გადამხდელს, მას აქვს ხელშეკრულებები თუმცა არ აქვს სრულყოფილად, ვინაიდან იცოდა, რომ კანონმდებლობით სავალდებულო წერილობით ფორმას არ მოითხოვდა მის მიერ განხორციელებული ქმედებები. აქ კიდევ არის მეორე ნიუანსი, ზოგი ხელშეკრულება წერილობით არის დადებული, თუმცა არ მოეპოვება მას ფიზიკურად, ვინაიდან არც ოფისი ჰქონია და არც ფართი სადაც ამ ხელშეკრულებებს დადებდა, პერიოდულად მის მიერ იქნა მოცემული ხელშეკრულებები განადგურებული ვინაიდან კანონმდებლობა არც ხელშეკრულების შენახვის სავალდებულო ვადას არ აწესებდა, მიუხედავად ამისა, შემოსავლების სამსახური და აუდიტი მომჩივანს სთხოვენ სრულყოფილ ხელშეკრულებებს, რაც კანონის შესაბამისობაში არ მოდის, ისინი იმარტივებენ გზას და იმის მაგივრად დაამტკიცონ, რომ ნამდვილად ადგილი ჰქონდა გაყიდვას არ მოუპოვებიათ არცერთი მტკიცებულება, მათი პოზიცია მხოლოდ ახსნა განმარტებას ეფუძნება.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით განმარტა, რომ სამინისტროში წარდგენილ საჩივარს თანდართული აქვს ხელშეკრულება ფიზიკურ პირთან, რომელიც გაფორმებული ჰქონდა საშუამავლო მომსახურებაზე. აღნიშნული პირი საიტზე როგორც გამყიდველი, ვერ მოიძებნა. შემოწმების მიმდინარეობისას ასევე გაეცნო მათი საიტის წესებს და მოთხოვნებს.საიტის წესებიც მიუთითებს იმაზე, რომ ნივთი არის გადასახადის გადამხდელის და დაზიანებულ ნივთზე პასუხისმგებელია თავად. უნდა აღნიშნოს, რომ შემოწმების პროცესში საბანკო ამონაწერში გადასახადის გადამხდელმა თვითონ გამიჯნა პირადი და კომპანიის შემოსავლები. აღნიშნულისთვის მიეცა გონივრული ვადა. აქედან გამომდინარე, დღგ-ის სავალდებულო წესით რეგისტრაციის 100 000 ლარიანი ზღვრის დადგენის დროს შემმოწმებელმა ტექნიკური უზუსტობა გამორიცხა.

მომჩივანი არ წარმოადგენს იმგვარ დოკუმენტებს/მტკიცებულებებს, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განსაზღვრულია სწორად, არ არსებობს შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 დეკემბრის №006-534 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა 25 836,62 ლარის ოდენობით და დაეკისრა საურავი - 12 396,63 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

უმორჩილესად ითხოვს დაკისრებული ჯარიმისა და საურავის ჩამოწერას და ძირი თანხის გადანაწილებას. აღნიშნული მიდგომა ადასტურებს გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერებას, მომავალში საგადასახადო რისკების თავიდან აცილების სურვილს და საგადასახადო ვალდებულებების კანონთან სრულ შესაბამისობაში შესრულების მზაობას. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციებისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე არის კეთილსინდისიერი და მისი დირექტორიც ეს ყოველივე შეცდომის შედეგად იქნა გამოწვეული, კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილ ქმედებისადმი. პირის მიერ ჩადენილი შეცდომის დროს პირმა არ იცოდა და არ შეიძლებოდა სცოდნოდა, მისი ქმედება არ იყო შუამავლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

მოცემულ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი მართლწინააღმდეგობას, მას არ ჩაუდენია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ვინაიდან მან არ იცოდა და ვერ იაზრებდა მომხდარს.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს აქტების ბათილობას, თუმცა თუ არ მოხდება საგადასახადო ორგანოს მიერ აქტების გაბათილება, მაშინ ითხოვს ჯარიმის და საურავის გაუქმება, ხოლო ძირი თანხის გადანაწილებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, მომჩივანს მოცემული შეემთხვა უცოდინრობით, ვიანიდან ის ვერ იაზრებდა, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედებები არ იყო შუამავლობა, ის იაზრებს მოცემულობას და ითხოვს დაკისრებული ჯარიმის, საურავის ჩამოწერას და ძირი თანხის გადანაწილებას, ვინაიდან ძირი თანხა, ჯარიმა და საურავი რაც დაკისრებულია საჩივრის ავტორისათვის არის მძიმე ფინანსური ტვირთი.

საბჭო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ გადასახადის გადამხდელი:

- შესამოწმებელ პერიოდში სარგებლობს მცირე მეწარმის სტატუსით, რაც გულისხმობს შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის გამარტივებული წესით წარმოების უფლებას;

- იყენებს პოს ტერმინალს და საბანკო ანგარიშს, საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი აქვს შესაბამისი პერიოდის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები და გადახდილი აქვს შესაბამისი გადასახადი;

- გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობდა შემოწმებასთან, რაც დასტურდება საგადასახადო შემოწმების აქტში არსებული ჩანაწერით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო გადასახადის გადამხდელის შეცდომით, ვინაიდან იგი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების პროცესში მოქმედებდა კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით, სრული მოცულობით ასრულებდა იმ საგადასახადო ვალდებულებებს, რომელთა შესრულების საჭიროებაც ჰქონდა გაცნობიერებული. მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 დეკემბრის №006-534 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან.

რაც შეეხება დაკისრებულ საურავს, საბჭო განმარტავს, რომ საურავი არის სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის, რომელიც შინაარსით წარმოადგენს ბიუჯეტში გადასახადის დაგვიანებით გადახდის შედეგად წარმოშობილი ფინანსური დანაკლისის ანაზღაურებას, რაც მას განასხვავებს ფულადი ჯარიმის შინაარსისგან. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაკისრებული საურავისგან მომჩივნის თავისუფლება, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 დეკემბრის №006-534 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან; 3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება (შემცირება); 4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.

2.გადამხდელი ითხოვს დაკისრებული ჯარიმისა და საურავის ჩამოწერას და ძირი თანხის გადანაწილებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.მეწარმე 100 000 ლარიან ზღვარს გადასცდა 2024 წლის 23 სექტემბრის ოპერაციის თანხით - 4 646 ლარი. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 516 732 ლარი, რაც დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს ასევე შეეფარდა სსკ-ის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2.აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა და დაეკისრა საურავი.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭო მიიჩნევს, რომ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განსაზღვრულია სწორად, არ არსებობს შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

2.საბჭო განმარტავს, რომ საურავი არის სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის, რომელიც შინაარსით წარმოადგენს ბიუჯეტში გადასახადის დაგვიანებით გადახდის შედეგად წარმოშობილი ფინანსური დანაკლისის ანაზღაურებას, რაც მას განასხვავებს ფულადი ჯარიმის შინაარსისგან. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაკისრებული საურავისგან მომჩივნის თავისუფლება, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

269,282.