გადაწყვეტილება №20489/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.12.2023
№ დოკუმენტი 20489/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№20489/2/2023

05 დეკემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 6.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20489/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4806 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 3.05.2023 წლის №060-1 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.07.2023 წლის №16736 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 36 636 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 18 666

დღგ - 16 581

მიწა - არასასოფლო - 204

მიწის გადასახადი (სასოფლო) - 304

საშემოსავლო გადასახადი - 1 362

ქონების გადასახადი - 215

ჯარიმა - 11 308

საურავი - 6 662

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ვაჭრობა სურსათით და საყოფაცხოვრებო ავეჯით. მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 27.03.2019 წლის №7729 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება.

შემოწმების შედეგები აისახა 13.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა შემდეგი: - 27.03.2019 წლის №7729 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის კუთვნილ ობიექტზე ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რის საფუძველზეც 24.05.2019 წელს გამოვლინდა 159 211 ლარის სმფების დანაკლისი (საბაზრო ფასით).

შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2019 წლის მაისის თვე.

ი/მ ---ს იმ პერიოდში, როდესაც არ იყო დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული, შეძენილ საქონელზე მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ახსნა-განმარტება, რომლითაც ითხოვა აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის ჩათვლებში გათვალისწინება. 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლების გათვალისწინებით შემცირებულ იქნა დამატებული ღირებულების გადასახადის თანხა.

- გადასახადის გადამხდელს მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. გადასახადის გადამხდელის მიმართ 27.03.2019 წლის №7729 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად 24.05.2019 წელს გამოვლენილი 159 211 ლარის დანაკლისი (საბაზრო ფასით) გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა გათვალისწინებული დამატებული ღირებულების გადასახადის და მცირე ბიზნესის ყოველთვიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში.

თავად გადასახადის გადამხდელი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 10.02.2021 წელს, თუმცა დანაკლისის გათვალისწინებით მას დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია დაუდგინდა 24.05.2019 წელს.

შესამოწმებელ პერიოდში ი/მ --ს არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაციები, თუმცა გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი, რომლის ანალიზით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი საქონლის რეალიზაციას ახდენს 37% ფასნამატით, რომელიც ედრება როგორც აუდირებულ, ასევე 2019 წელს მის მიმართ ჩატარებული ინვენტარიზაციისას დაფიქსირებულ ფასნამატს.

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის თანახმად, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2019 წლის მაისის თვე. აღნიშნულის შემდგომ, გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საქონელი დაბეგრილია დღგ-ით. შედეგად, კორექტირებას დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის როგორც დამატებული ღირებულების გადასახადის, ასევე მცირე ბიზნესის ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების მიხედვით.

- შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ 2019 წელს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები აღემატება 40 000 ლარს. ასევე, საჯარო რეესტრის მონაცემების შესწავლით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი ---ში, კერძოდ ---ში, ფლობს მიწებსა და ასევე უძრავ და მოძრავ ქონებას. საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე 203-ე და 205-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე და ასევე უძრავ ქონებაზე დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2022 წლის №25803 ბრძანება და 11.10.2022 წლის №060-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 16.11.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4806 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4806 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.04.2023 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით გაიზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება დღგ-ის ნაწილში შემცირდა 8 465 ლარით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.05.2023 წლის №9587 ბრძანება და 3.05.2023 წლის №060-1 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 14.06.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.07.2023 წლის №16736 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა დადგენილ ვადაში წარადგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტმა, შეისწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და გადასახადის გადამხდელს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ საქონლის ნაშთზე მიეცა ჩათვლა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4806 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. ამდენად, საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მეწარმის მიერ მიმდინარე შემოწმებასთან დაკავშირებით ყველა დეტალი გათვალისწინებულია სრულად. ამ შემოწმებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ საგადასახადო მონიტორინგის შედეგად დარიცხული ვალდებულებები, რომელიც გასაჩივრებულია თავის დროზე, არასათანადოდ განიხილა ფინანსთა სამინისტროს სისტემამ. გადახედვას ექვემდებარება იძულებით აღიარებული ვალდებულებები.

საჩივარი 81674/1/2023, რომელიც არ დაკმაყოფილდა იყო შემდეგი შინაარსის: მომჩივნის მიმართ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.05.2019 წლის №CB992455 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმა 41 768,89 ლარი და №CB992461 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა 15 921,14 ლარი, (აღურიცხველობა და დანაკლისი) ფაქტია გასაჩივრებულია, მაგრამ მიუხედავად წარდგენილი სრული დოკუმენტური მტკიცებულებისა, შემოსავლების სამსახურის მიერ იმ პერიოდში არ იქნა სათანადოდ შესწავლილი წარდგენილი დოკუმენტაცია (უფრო სწორად მონიტორინგის წარმომადგენლების მიერ ვერ იქნა დასაბუთებული რატომ იყო დანაკლისის მიზნებისათვის ბოლო დეკლარირებული ნაშთების შემდგომ პერიოდიდან ინვენტარიზაციის თარიღამდე შესყიდული სრული სასაქონლო მარაგი (როგორც იმპორტი, ისე ადგილობრივი) დანაკლისი, ან ინვენტარიზაციით აღწერილი მარაგები-აღურიცხველი) გადაწყვეტილება გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, მაგრამ მის დასრულებამდე მეწარმემ ისარგებლა 17.05.2021 წლამდე დარიცხულ ვალდებულებებზე გავრცელებული შეღავათით, გააფორმა და გადაიხადა კიდეც შეთანხმებული ჯარიმა, მხოლოდ იმ მოტივით, რომ დავის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ხანგრძლივი დროით, აფერხებს მეწარმის საქმიანობას, პირველ რიგში კი შეუძლებელს ხდის საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობას.

მიმდინარე შემოწმებით დარიცხული გადასახადი (დღგ) სრულად ეკუთვნის იმ პერიოდის დანაკლისის აღიარებას. ფიქრობს, რომ შემმოწმებელი აუდიტორიც დარწმუნდა, რომ გადამხდელს არ გააჩნდა აღურიცხველი საქონელი და ვერც ამ რაოდენობის დანაკლისი ექნებოდა. არ არსებული აღურიცხველობის დადგენის გამო მეწარმეს უსამართლოდ დაეკისრა 41 769 ლარი ჯარიმა, ხოლო ასევე არარსებული დანაკლისის გამო 15 921 ლარი.

ზემოთ აღნიშნული მიზეზით მეწარმემ უკვე გადაიხადა 18 000 ლარამდე. ამჯერად კი არ არსებული დანაკლისის გამო მეწარმეს კვლავ უწევს 36 000 ლარზე მეტის გადახდა. მიაჩნია, რომ ეს ახლად გამოვლენილი გარემოებაა, რაც გამოიხატა იმაში, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მოხდებოდა არსებულ მარაგებზე დღგ-ის ჩათვლის უფლების გამოყენება მარაგები აღურიცხველი და უსაბუთო რომ ყოფილიყო. ითხოვს მოხდეს დანაკლისის გაუქმება მიმდინარე შემოწმების ფარგლებში ან მოხდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დაუსაბუთებლად დარიცხული ჯარიმების ნამდვილობის შესწავლა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4806 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4806 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული 26.04.2023 წლის დასკვნით: გადასახადის გადამხდელმა დადგენილ ვადაში წარადგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტმა, შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4806 ბრძანების შესაბამისად, შეისწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და გადასახადის გადამხდელს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ საქონლის ნაშთზე მიეცა ჩათვლა. შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა. მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება დღგ-ში შემცირდა 8 465 ლარით.

მომჩივანი მიუთითებს, რომ მიმდინარე შემოწმებით დარიცხული გადასახადი (დღგ) სრულად ეკუთვნის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის აღიარებას. შემმოწმებელი აუდიტორი დარწმუნდა, რომ გადამხდელს არ გააჩნდა აღურიცხველი საქონელი და ვერც ამ რაოდენობის დანაკლისი ექნებოდა. არ არსებული აღურიცხველობის დადგენის გამო მეწარმეს უსამართლოდ დაეკისრა 41 769 ლარის ჯარიმა, ხოლო ასევე არარსებული დანაკლისის გამო 15 921 ლარი.

ზემოთ აღნიშნული მიზეზით მეწარმემ უკვე გადაიხადა 18 000 ლარამდე. ამჯერად კი არ არსებული დანაკლისის გამო მეწარმეს კვლავ უწევს 36 000 ლარზე მეტის გადახდა. მიაჩნია, რომ ეს ახლად გამოვლენილი გარემოებაა, რაც გამოიხატა იმაში, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მოხდებოდა არსებულ მარაგებზე დღგ-ის ჩათვლის უფლების გამოყენება მარაგები აღურიცხველი და უსაბუთო რომ ყოფილიყო. ითხოვს მოხდეს დანაკლისის გაუქმება მიმდინარე შემოწმების ფარგლებში ან მოხდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დაუსაბუთებლად დარიცხული ჯარიმების ნამდვილობის შესწავლა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ მისი ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4806 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4806 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4806 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.04.2023 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით გაიზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება დღგ-ის ნაწილში შემცირდა 8 465 ლარით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.05.2023 წლის №9587 ბრძანება და 3.05.2023 წლის №060-1 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 14.06.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.07.2023 წლის №16736 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1,გ).