გადაწყვეტილება №22926/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 30.07.2024
№ დოკუმენტი 22926/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22926/2/2024

30 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 19.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22926/2/2024).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და მიღებული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 16.10.2023 წლის №077-25 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 12.04.2024 წლის №8378 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 178 931,92 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 113 580

დღგ - 47 546

საშემოსავლო გადასახადი - 66 034

ჯარიმა - 56 790

საურავი - 8 561,92

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 4.12.2019 წლიდან 1.07.2023 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის მიხედვით, კომპანია რეგისტრირებულია 4.12.2019 წელს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია იმავე დღეს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზის მიხედვით, საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს ხე-ტყის და ხის პადონების შეძენა/რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ კომპანია დაჯარიმებულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის, ასევე არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით. გადამხდელის წარმოდგენილი არასრულყოფილი (არაერთგზის დააკორექტირა ნაშთები) აღრიცხვის მონაცემებით პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდება 433 265 ლარის თვითღირებულების (დღგ-ის გარეშე) სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.07.2023 წლის ბრძანებით საწარმოში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით, კომპანიას 20.07.2023 წლის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ გააჩნდა. შემოწმებამ იხელმძღვანელა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოგზავნილი მასალებით, ასევე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, ასევე კომპანიის მარჟა შეუდარდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების მონაცემებს, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, ნაშთებს შორის სხვაობა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების ფასნამატით (10%-ით) ჩაითვალა რეალიზებულად და დაიბეგრა დღგ-ით. საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 101-ე მუხლის პირველი ნაწილის, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმებით დადგენილი შემოსავლის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 16.10.2023 წლის №077-25 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.12.2023 წლის №30151 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 8.02.2024 წლის №21653/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 4.12.2023 წლის №30151 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. მომჩივანმა 25.03.2024 წელს შემოსავლების სამსახურში წარადგინა დაზუსტებული საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 12.04.2024 წლის №8378 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზი. შემოწმებით დადგინა, რომ გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. ამასთან, არასრულყოფილი აღრიცხვის მონაცემებით, პერიოდის ბოლოსთვის კომპანიას უფიქსირდება 433 265 ლარის თვითღირებულების (დღგ-ის გარეშე) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი, მაშინ როდესაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად 20.07.2023 წლის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ გააჩნდა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და ნაშთებს შორის სხვაობა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების ფასნამატით (10%-ით) ჩათვალა რეალიზებულად, რის საფუძველზეც მოხდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოწმების დანიშვნის შემდეგ, გადამხდელთან შედგა კომუნიკაცია და წარმოდგენილი იქნა ახსნა-განმარტება და ინფორმაცია სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. მოწოდებული ინფორმაციით დადგინდა, რომ კომპანიის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის (2023 წლის პირველი მარტი) შეადგენდა 29 477,41 ლარს დღგ-ის გარეშე, ხოლო შპს „-------“ არ ფლობდა ძირითად საშუალებებს. აღნიშნულის შემდეგ, შემოწმების პროცესში ჩაერთო კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც ითხოვა ორკვირიანი პერიოდი იმისთვის, რომ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა. შემოწმების მიმდინარეობისას, გადამხდელის მიერ პერიოდულად ხდებოდა ბუღალტრული პროგრამის რეპორტების გადმოგზავნა და აუდიტორის მიერ გამოვლენილი სხვაობების შემთხვევაში, გადამხდელი მიერ ხდებოდა რეპორტების შეცვლა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს ,,-------“ (ს/ნ -------) კუთვნილ ობიექტში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.07.2023 წლის №17654 ბრძანების საფუძველზე, დაინიშნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით, 20.07.2023 წლის მდგომარეობით კომპანიას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ გააჩნდა. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის წარდგენილი ახსნა-განმარტებების თანახმად, გადამხდელი განმარტავდა, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი ან/და სასაწყობე მეურნეობა არ გააჩნდა და არც სხვა პირების კუთვნილ ობიექტებზე ინახებოდა მისი კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73- ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმებით დადგენილი შემოსავლის სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ გაანგარიშებული ნაშთად არსებული ფულადი სახსრების საანგარიშო პერიოდის მიხედვით, ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

31.03.2023 წლის №6720 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 4 დეკემბრიდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდი. 2023 წლის 31 მარტის №6720 ბრძანებაში შეტანილი იქნა ცვლილება, კერძოდ ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვროს 2019 წლის 4 დეკემბრიდან 2023 წლის 1 ივლისამდე, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის, შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2023 წლის 20 ივლისის ჩათვლით. ანუ კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადსახადო შემოწმების მიზნებისთვის აუდიტორს უნდა ეხელმძღვანელა 2023 წლის 1 ივლისამდე გადამხდელთან და აუდიტორთან შეჯერებული ბუღალტრული ჩანაწერების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის მიხედვით, რაც სადავო შემთხვევაში სამწუხაროდ, როგორც აქტის შინაარსიდან და უკვე შემოსავლების სამსახურის 12.04.2024 წლის №8378 ბრძანებიდან ირკვევა აუდიტორს არ უხელმძღვანელია. გაოცებას იწვევს ის გარემოება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ კომპანიის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის (1.03.2023 წელი) შეადგენდა 29 477,41 ლარს. ანუ თავადვე აღიარებენ, რომ უგულებელყვეს 20.08.2023 წლის №19733 ბრძანება, რითაც შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.07.2023 წლამდე. იმის გათვალისწინებით, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლო იყო 1.07.2023 წელი რა შუაშია 1.03.2023 წლის მდგომარეობით არსებული სასაქონლო-მატერიალური ნაშთი და მითუმეტეს 20.07.2023 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები კამერალური შემოწმების შედეგებთან. როდესაც 1.07.2023 წლის მდგომარეობით ხის საძირეების ნაშთი შეადგენდა 166 830 ლარის ღირებულების 6 610 ცალ ხის საძირეს (დანართი გვერდი 13), რომელიც რეალიზებულ იქნა ინვენტარიზაციის განხორციელებამდე (ხის საძირეების შეძენის და რეალიზაციის ამსახველი ცხრილი გვ. 14), ბრძანებაში ცალსახად წერია, რომ შესამოწმებელი განისაზღვროს 2019 წლის 4 დეკემბრიდან 2023 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვროს 2023 წლის 20 ივლისის ჩათვლით, რაც სამწუხაროდ აუდიტორებმა არ გააკეთეს და აღნიშნულში ვერც შემოსავლების სამსახური გაერკვა ვინაიდან 28 მარტს არ მიიწვიეს და აუდიტორებმა მათი ხელმძღვანელობის თაოსნობით შეცდომაში შეიყვანეს დავების საბჭო მცდარი ინფორმაციის მიწოდების გზით.

კომპანიის საქმიანობას 2021 წლის ნოემბრის თვემდე წარმოადგენდა ხის საძირეების (პადონი) წარმოება, აგრეთვე ახორციელებდა როგორც მეორადი ხის საძირეების შეძენა-შეკეთებას, ასევე მზა ახალი ხის საძირეების შეძენას და რეალიზაციას. ხის საძირეების წარმოებისთვის კომპანიის მიერ შესყიდული იქნა დაზგა-დანადგარები, აგრეთვე მცირე ფასიანი ინვენტარი, დამხმარე მასალები (ლურსმანი და ა.შ), რომლებიც გარდა დაზგა-დანადგარებისა წარმოების პროცესში იქნა გახარჯული და ბუღალტრულად ჩამოწერილი. კამერალური საგადასახადო შემოწმების დაწყების დღიდან კომპანიის დირექტორს და ბუღალტერს აქტიური ურთიერთობა ქონდათ აუდიტორ -------. ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა საბანკო ამონაწერები, ცნობები და ბუღალტრის მიერ 5 აპრილს და 20 აპრილს გაგზავნილი იქნა შევსებული დანართები და მათ ხელთ არსებული ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტაცია (დანართ 1-დან 6-ის ჩათვლით გვ.), სადაც აღნიშნულია, რომ (გვ. 5) სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთმა 1.03.2023 წლისთვის შეადგინა 29 477,41 ლარი დღგ-ის გარეშე. აღნიშნულის გარდა გაგრძელებაში (გვ 5-6) აქვს ბუღალტერს ცხრილი შევსებული თუ რას მოიცავს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დასახელებების, რაოდენობების, ღირებულებების მითითებით დღგ-ის ჩათვლი და დღგ-ის გარეშე. ამ ცხრილის მიხედვით ჯამურმა ღირებულებამ (გვ 6) სულ, რაც ბუღალტერს მიჩნეული ჰქონდა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებად, შეადგინა 347 713,94 ლარი, მათ შორის დღგ 52 936,53 ლარი ანუ 347 713,94-52 936,53=297 777,41 ლარს. ზემოთ აღნიშნული თანხა 29 477,41 ლარის ნაცვლად უნდა ყოფილიყო 294 777,41 ლარი, რაც არის მექანიკური შეცდომა აკლია ერთი რიცხვი 7-იანი, რაც დასტურდება ასევე 2023 წლის 23 ივნისის ელექტრონული ფოსტის მისამართზე ------- გაგზავნილი ანალოგიური ცხრილით, იდენტური ინფორმაციით, სადაც უკვე აღმოფხვრილია ზემოთ აღნიშნული ტექნიკური ხარვეზი და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი მითითებულია 294 777,41 ლარი დღგ-ის გარეშე, რაც თანხვედრაშია ცხრილის ბოლოში ჯამთან (დანართი გვ. 7-დან გვ 12-ის ჩათვლით), საიდანაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებია 10 727 ცალი ხის საძირე, დღგ-ის ჩათვლით 285 960 ლარის, დღგ-ის გარეშე 285960-43621=242339 ლარსის, რაც სამწუხაროდ აუდიტორს ეტყობა არც უნახავს და არც წაუკითხავს და მთელი დარიცხვა ააგეს ამ ტექნიკურ ხარვეზზე და შეცდომაში შეიყვანეს დავების განხილვის საბჭოც 28.03.2024 წელს სადაც მომჩივანი არ ესწრებოდა, მაგრამ დამატებით წერილობით წარმოდგენილი ჰქონდა კომპანიის საგადასახდო ვალდებულებების ზუსტად განსაზღვრასთან საჭირო დოკუმენტაცია, რაც არ იქნა გაზიარებული.

პარალელურად აუდიტორთან კომპანიის დირექტორის თხოვნით კომუნიკაცია ჰქონდა გოდერძი არქანიას. კომპანიის ბუღალტრის მიერ მიწოდებული ინფორმაციის დამუშავების პროცესში აუდიტორს გაუჩნდა შეკითხვები, რაც ბუნებრივია შემოწმების მიმდინარეობის პროცესში, მაგრამ ვინაიდან კომპანიას ბუღალტრულ პროგრამაში არ ქონდა დამუშავებული მის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია ვერ გასცემდა ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას, აგრეთვე შემოწმების დასრულების მომენტში რომ არ ყოფილიყო რაიმე არაგონივრული დარიცხვა აუდიტორთან შეთანხმებით ბუღალტრულ პროგრამა ბალანსში თანამშრომელ ჯონი ქობალიასთან ერთად მოხდა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება 2019 წლიდან. პირველადი დამუშავებული ინფორმაცია ბრუნვითი უწყისი, გატარებების რეესტრის გადაგზავნა მოხდა 5.06.2023 წელს, ხოლო აუდიტორის მოთხოვნით დამატებით 6 ივნისს მოხდა 1110, 1460, 1610 და 5150 ბარათების გადაგზავნა ასევე გაყიდვების და შესყიდვების ზედნადებების ნომრებით ბარათების და სალაროს უწყისის. 7 ივნისს დამატებით გაეგზავნა 1210, 1220, 1410, 3110 და 7210 ბარათები. ვინაიდან კომპანიის მიერ აუდიტორთან გადაგზავნილი საბუღალტრო ჩანაწერების დეტალური გაშიფვრა სატელეფონო საუბრებით ხდებოდა შეუძლებელი 25 ივნისს აუდიტის დეპარტამენტში მივიდნენ აუდიტორთან რათა ადგილზე გაერკვია შემოწმების მიმდინარეობა. აუდიტორთან შეთანხმდნენ წლების ჭრილში გადაეგზავნათ ბუღალტრული ჩანაწერები, რომელიც გაუადვილებდა ერთიანობაში მას მუშაობას, რაც 27 და 28 ივნისს გადაგზავნილი იქნა. გადაგზავნილი მასალები მოიცავდა ინფორმაციას 2023 წლის 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდზე, ანუ აუდიტორთან მიმდინარეობდა მისი მოთხოვნის საფუძველზე აქტიური თანამშრომლობა და ასევე მომჩივნის მხრიდანაც. ვინაიდან როგორც აღნიშნა კომპანიას არ ჰქონდა ბუღალტრულ პროგრამაში დამუშავებული ინფორმაცია პარალელურ რეჟიმში ხდებოდა იმ ხარვეზების გამოსწორება, რაც იყო მომჩივნის მიერ დამუშავებულ პირველად ბუღალტრულ ჩანაწერებში, ვინაიდან განსაზღვრულიყო კომპანიის საგადასახდო ვალდებულებები ზუსტად და არა ზეპირი გაანგარიშებით.

როგორც ზემოთ აღინიშნა დაინიშნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია 20.07.2023 წელს, დამხმარე მასალების და დაზგა დანადგარების ინვენტარიზაცია არ მომხდარა ვინაიდან ბრძანებით არც იყო გათვალისწინებული. ისე სიტყვიერად ეცნობათ საუბარში ინვენტარიზაციის განმახორციელებელ პირებს, რომ ჰქონდა დაზგა-დანადგარები. ბუღალტრული გატარებების დროს პირობითად შეიქმნა დამხმარე მასალების საწყობი, სადაც გაერთიანდა ჯგუფში ყველა ის პროდუქცია, რომელიც იქნა შეძენილი წარმოებისთვის და არა სარეალიზაციოდ (27.06.23 ში გადაგზავნილი ფაილი აუდიტორთან შედარება დამხმარე მასალების), რაც თავისთავში გულისხმობდა და აუდიტორისთვისაც იყო ცნობილი, რომ ამ ფაილში აღრიცხული დაზგა-დანადგარები დამხმარე მასალები შეძენილი იყო წარმოებისთვის და აქედან დამხმარე მასალების ბუღალტრული ჩამოწერა უნდა მომხდარიყო, ანუ პირველად აუდიტორთან შედარდა და გაიმიჯნა ის პროდუქცია ჯამურად, რომელიც არ განეკუთვნებოდა სარეალიზაციო პროდუქციას, რაც მოხდა კიდევაც მომჩივნის მხრიდან და 2023 წლის 11 სექტემბერს აუდიტორს წლების მიხედვით გაეგზავნა დამხმარე მასალების ნაშთი, რაშიც მოიაზრება და აღრიცხულია დაზგა-დანადგარები, რომლებიც დღესაც გააჩნია კომპანიას და როგორც აღინიშნა არ მომხდარა მისი ინვენტარიზაცია.

რაც შეეხება ბუღალტრული ჩანაწერების შინაარსს „დამხმარე მასალები“ აქ აუდიტორს უნდა მიეცა შეფასება 11 სექტემბერს გადმოგზავნილი უწყისების შესაბამისად ნაშთად რიცხული პირობითად ,,დამხმარე მასალები,, განეკუთვნებოდა თუ არა მათი ღირებულებიდან გამომდინარე დამხმარე მასალების კატეგორიას, თუ ეს იყო კომპანიის ქონება, რომელსაც იყენებდა წარმოების პროცესში და საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად იყო თუ არა დაბეგვრის ობიექტი, რაც სამწუხაროდ არ მოხდა. აუდიტორი დაეყრდნო 2023 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით არსებულ ბუღალტრულ ნაშთს იმ ვარაუდით, რომ კომპანიას 28 თებერვლის მდგომარეობით არ ექნებოდა 433 265 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. 433 265 ლარი მოიცავს ხის საძირეების ღირებულებას და დამხმარე მასალების ღირებულებას, რომელიც პროგრამულად ჩამოწერილ იქნა და გადაგზავნილი აუდიტორთან. დარჩენილი დაზგა-დანადგარების ღირებულება შეადგენს 49 286 ლარს (გვ. 24). ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია ბრძანებით განსაზღვრული არ იყო და არც მომხდარა თანაც იმ პირობებში, როდესაც ინვენტარიზაცია მოხდა 20.07.2023 წელს და კამერალური საგადსახადო შემოწმების პერიოდი გაიზარდა 1.07.2023 წლამდე. შესაბამისად ჩნდება კითხვა რა შუაშია 28.02.2023 წლის მდგომარეობით არსებული ბუღალტრული ნაშთი, თანაც როგორც აღნიშნა პირველადი სამუშაო ვერსია, ან როგორ უნდა დაედგინა ინვენტარიზაციას კომპანიას 28.02.2023 წელს რა სახის სასაქონლომატერიალური ფასეულობა გააჩნდა.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადსახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით. ინვენტარიზაციის მომენტში სასაქონლომატერიალური ფასეულობის (ხის საძირეების) ნაშთი იყო ნული.

სრულიად გაუგებარია და მოულოდნელი იყო იმ ხარისხის თანამშრომლობის საფუძველზე აუდიტორის ქმედება და შედეგი, რაც ასახულია შემოწმების აქტში, ვინაიდან ზემოთ აღნიშნული ბუღალტრული ჩანაწერების მიწოდების შემდგომ აგვისტოს თვეში დაუკავშირდა აუდიტორი და აცნობა, რომ რიგ თვეებში დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვები განსხვავდებოდა შემოწმების შედეგებისგან, რაც გამოიწვევდა დაახლოებით 33 000 ლარის დარიცხვას და ასევე დანაკლისის შედეგად დაახლოებით 80 000 ლარის დარიცხვას. დღგ-ის დეკლარირებული მონაცემები გაიარა კომპანიის ბუღალტერთან ერთად და აღმოჩნდა, რომ არანაირი სხვაობა არ ფიქსირდებოდა, რაშიც დაეთანხმა აუდიტორიც და შესაბამისად არ ასახულა აქტში.

რაც შეეხება დანაკლისის საკითხს მომჩივნის მხრიდან არაერთგზის სატელეფონო საუბრებით მოთხოვნილი იქნა დირექტორის თანდასწრებით კომპანიისთვის მოეწოდებინა სასაქონლო-მატერილური ფასეულობების ცხრილი თუ რას თვლიდა ან მიიჩნევდა დანაკლისად, უფრო მეტიც 25 სექტემბერს დაუკავშირდა აუდიტორს, ვინაიდან არ აწვდიდა ინფორმაციას დანაკლისის შესახებ და მოითხოვა მასთან შეხვედრა და ხელმძღვანელობასთან ერთად გაერკვია დანაკლისის საკითხი. აუდიტორმა ბრძანა, რომ იყო კვარტლის ბოლო და ბევრი სამუშაოების გამო ვერ მოხდებოდა მომჩივნის ვიზიტი და შეხვედრა მომდევნო თვის დასაწყისამდე. ოქტომბრის თვის პირველი კვირის დასაწყისში დაუკავშირდა და ბრძანა, რომ ბიულეტინზე იმყოფებოდა, მეორე კვირის ორშაბათს და სამშაბათს არ უპასუხა ტელეფონზე, ოთხშაბათსაც არ გამოდიოდა კონტაქტზე და მიწერა შეტყობინების სახით, მანამ არ დაუკავშირდა სანამ მის ხელმძღვანელთან არ გავიდა კავშირზე. იყო მოლოდინის რეჟიმში, რომ შეხვდებოდა აუდიტორს ხელმძღვანელთან ერთად და გებულობს, რომ უკვე შემოწმება დასრულებული ქონდათ და ატვირთული იყო შემოწმების აქტი. ხოლო მომჩივნისთვის არა სასურველი შედეგი გაესაჩივრებინა დავების განხილვის საბჭოში. ამის შემდგომ უგზავნის ექსელში მის მიერ გაკეთებულ თანხობრივ გაანგარიშებას, საიდანაც შეუძლებელია რაიმე სახის დასკვნის გაკეთება და სათანადოდ კიდევ საჩივრის შედგენა. სატელეფონო საუბარში დირექტორთან აღნიშნავს, რომ იხელმძღვანელა 2023 წლის 28 თებერვლის ბუღალტრული ნაშთით და კომპანიას ვერ ექნებოდა იმ ოდენობის ნაშთი, რაც ბუღალტრულ ჩანაწერებშია. თუ აუდიტორს დარიცხვა უნდა განეხორციელებინა მისი ვარაუდის საფუძველზე, მაშინ რატომ იყო საჭირო ინვენტარიზაციის ჩატარება და შესამოწმებელი პერიოდის გაზრდა. აუდიტორთან სატელეფონო კომუნიკაციის დროს დირექტორის თანდასწრებით ქონდა შემდეგი სახის პოზიცია დაფიქსირებული, რომ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მომჩივნის მიერ მიწოდებული საბუღალტრო ჩანაწერებისთვის გადაეხედა და თუ რაიმე შეუსაბამობა იქნებოდა ეცნობებინა კომპანიისთვის. აუდიტორის მიერ მომჩივნის მიერ მიწოდებული ბუღალტრული ჩანაწერების დამუშავების შედეგად ბუღალტრულ ჩანაწერებსა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს შორის იყო მცირედი სხვაობა (ბუღალტრულ გატარებებში), რაც შედარების შედეგად გასწორდა და გადაეგზავნა აუდიტორს და მომავალშიც გაზრდილი შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისად უნდა გადაეგზავნა, რაც არ მოუთხოვია ვინაიდან იყო სამუშაო პროცესში. აქტში აუდიტორი აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საწარმო დაჯარიმებულია სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის, ასევე არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. გადამხდელის წარმოდგენილი არასრულყოფილი აღრიცხვის მონაცემებით პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდება 433 365 ლარის თვითღირებულების სმფ-ების ნაშთი.

20.07.2023 წლის მდგომარეობით სმფ-ების ნაშთი არ გააჩნდა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე ნაშთებს შორის სხვაობა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების ფასნამატით (10%) ჩაითვალა რეალიზებულად და დაიბეგრა. შემოწმების აქტში მოყვანილ დარიცხვის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ კომპანია 2021 წლის 3 ივლისს ------- მუნიციპალიტეტიდან ------- მიმართულებით ------- მართვის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებით ახდენდა 300 ცალი ხის საძირის (ს.ზ -------) და 1 550 ცალი ხის საძირის ასაწყობი პროდუქციის ტრანსპორტირებას. (ს.ზ -------), რადგანაც არ იყო აწყობილი მიჩნეული იქნა შავად ნამზად დეტალად და ამ გარემოების გათვალისწინებით დაჯარიმდა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საგადასახდო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით.

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ბ) ერთზე მეტი შემდეგი პირობის არსებობისას.

ბ.გ) მიმდინარე საგადსახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადსახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა.

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

აღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე არ არსებობდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი, რადგანაც კომპანიის მიერ წარდგენილი იყო ბუღალტრულად დამუშავებული პირველადი ინფორმაცია.

თუ აუდიტორი ამ ტიპის ინფორმაციას არ მიიჩნევს ბუღალტერიის წარმოებად მაშინ დაბეგვრის დროს რატომ გამოიყენა კომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (დავების განხილვის დროს აუდიტორმა წარმოადგინოს მის მიერ შესრულებული ალტერნატიული გაანგარიშება). შესამოწმებელ პერიოდში არ ყოფილა გამოვლენილი ერთზე მეტი საგადასახადო სამართალდარღვევა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის შემოწმების შედეგად სხვაობა არ გამოვლენილა. კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე ყველა შეძენა და რეალიზაცია არის დოკუმენტურად დადასტურებული 10%-იანი ფასნამატის გამოყენება არ არის მართებული.

ყველა შესყიდვა განხორციელებულია ------- მუნიციპალიტეტში და ტრანსპორტირება განხორციელებულია ------- მუნიციპალიტეტის მიმართულებით, რა დროსაც ------- მუნიციპალიტეტში ე.წ ------- განთავსებულ ბლოკ პოსტზე ყველა ტრანსპორტირებული ტვირთი როგორც ვიზუალურად ასევე დოკუმენტალურად გადამოწმებულია გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის, შემოსავლების სამსახურის და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე აუდიტორს სრულად და ჯეროვნად არ შეუსწავლია/გამოუკვლევია საქმისთვის მნიშვნელობის ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ვარაუდის საფუძველზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად:

1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

2. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

3. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია.

საჩივარში მოყვანილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს დარიცხული თანხების გადაანგარიშება/შემცირება.

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია არასრულყოფილი აღრიცხვის მონაცემები, რომლის მიხედვით პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდება 433 265 ლარის თვითღირებულების (დღგ-ის გარეშე) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.07.2023 წლის ბრძანებით ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიხედვით, კომპანიას 20.07.2023 წლის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ გააჩნდა. შემოწმების შედეგად ნაშთებს შორის სხვაობა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების ფასნამატით (10%-ით) ჩაითვალა რეალიზებულად.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდი 1.03.2023 წლიდან გაიზარდა 1.07.2023 წლამდე, ხოლო ამ პერიოდში გადამხდელს 1.03.2023 წლამდე დაფიქსირებული ნაშთიც და შემდგომი შეძენებიც ჰქონდა გაყიდული, რისი გათვალისწინებითაც გამისაზღვრა დანაკლისი. აღნიშნული შესამოწმებელი პერიოდის გაზრდის და რეალიზაციის გათვალისწინების გარეშე დანაკლისი გაცილებით მეტი გამოვიდოდა. გადამხდელის რეალიზაცია სრულად დოკუმენტურია, თუმცა ბუღალტრული აღრიცხვა არასრულყოფილია და გამოყენებული იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების ფასნამატი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებაში შემოსავლების სამსახურის 3.10.2023 წლის №24392 ბრძანებით განხორციელებული ცვლილების შედეგად დამტკიცებულ „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდურ მითითებაზე (№10 დანართი), რომლის მე-20 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულია ფასნამატების სახეები და გამოყენების რიგითობა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გამოიყენოს მომჩივნის დოკუმენტური რეალიზაციის მონაცემებით განსაზღვრული ფასნამატი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და ხელფასის სახით გაცემულად მიჩნეული თანხის კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.04.2024 წლის №8378 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, სადავო საკითხის შესწავლა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და მიღებული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს ხე-ტყის და ხის პადონების შეძენა/რეალიზაცია. კომპანიას არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით. გადამხდელის წარმოდგენილი არასრულყოფილი აღრიცხვის მონაცემებით პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდება სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე საწარმოში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით, კომპანიას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ გააჩნდა. შემოწმებამ იხელმძღვანელა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოგზავნილი მასალებით, ასევე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, ასევე კომპანიის მარჟა შეუდარდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების მონაცემებს, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, ნაშთებს შორის სხვაობა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების ფასნამატით (10%-ით) ჩაითვალა რეალიზებულად და დაიბეგრა დღგ-ით. შემოწმებით დადგენილი შემოსავლის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გამოიყენოს მომჩივნის დოკუმენტური რეალიზაციის მონაცემებით განსაზღვრული ფასნამატი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და ხელფასის სახით გაცემულად მიჩნეული თანხის კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 159; 101; 154;