გადაწყვეტილება №24912/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24912/2/2025
17 აპრილი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.04.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ს 14.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24912/2/2025).
დავის საგანი:
1.კომპანიასა და სსიპ-ს შორის განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში შემოწმებით დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე და აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში დარიცხული დღგ;
2. არარეზიდენტისთვის გადახდილი ავანსის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
3. დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის №094-61 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 24.02.2025 წლის №3209 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 3 022 102.79 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 638 086
დღგ - 718 666
საშემოსავლო გადასახადი - 919 420
ჯარიმა - 819 043
საურავი - 564 973.79
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდის, გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის №27248 ბრძანება და №094-61 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლებს სამსახურის 24.02.2025 წლის №3209 ბრძანებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლებს სამსახურის 24.02.2025 წლის №3209 ბრძანება, არ დაკმაყოფილებული სადავო საკითხების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1.კომპანიასა და სსიპ-ს შორის განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში შემოწმებით დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე და აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში დარიცხული დღგ
ფაქტების აღწერა
2020 წლის 19 ნოემბერს, სსიპ-სა და კომპანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, შავი ზღვის მდინარეებზე, დასავლეთ საქართველოში, სოფელ "--------"-დან ქალაქ "-------"-ის ჩათვლით, ნატანდამჭერი სისტემის მიწოდებისა და თანმდევი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, საერთო ღირებულებით 8 747 206 ლარი. კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა სრულად, თუმცა სსიპ-მა კომპანიას გამოუგზავნა წერილი, რომ შესრულებული სამუშაო არ აკმაყოფილებს ტექნიკური დავალების პირობებს, აღნიშნულიდან გამომდინარე არ ჩაიბარა შესრულებული სამუშაო და არ აუნაზღაურა თანხა. კომპანიამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში. ფოთის საქალაქო სასამართლოს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაო ჩაითვალა შესრულებულად. დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილება გასაჩივრებულია უზენაეს სასამართლოში. კომპანიის მიერ, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში დაბეგრილია ავანსად მიღებული თანხები, ხოლო საბოლოო შესრულება არაა დაბეგრილი. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების გაწევა, ავანსად ჩარიცხული თანხების გათვალისწინებით, დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის მიერ გასაჩივრებული იქნა შემოწმების აქტით დღგ-ში დამატებით გადასახდელად დაკისრებული (გადასახადი) 718 666 ლარი და მისი შესაბამისი სანქცია-საურავები.
სადავო საკითხი დაკავშირებულია, 2020 წლის 19 ნოემბერს, სსიპ-სა („შემსყიდველი“) და მომჩივანს („მიმწოდებელი“) შორის გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებასთან, რომლის ფარგლებში,მომჩივანის მხრიდან სამუშაოს დასრულებას „შემსყიდველი“ მხარე არ აღიარებს.
ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შავი ზღვის აუზის მდინარეებზე, დასავლეთ საქართველოში, სოფელ "-------" ქალაქ "---------" ჩათვლით, ნატანდამჭერი სისტემის მიწოდება-მონტაჟის განხორციელება. შესყიდვის მიზნით და ელექტრონული ტენდერის შედეგად, „მიმწოდებელმა“ აიღო ვალდებულება განახორციელოს ზემოთ აღნიშნული მიწოდება-მონტაჟი (შემდგომში - „მიწოდებამონტაჟი“).
მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება, მიწოდება-მონტაჟის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და „მიმწოდებლისათვის“ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, შეადგენს 8 747 206.00 (რვა მილიონ შვიდას ორმოცდაშვიდი ათას ორას ექვსი) ლარს, რომელიც ფინანსდება სსიპ -ის მიერ განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში (25 03 01).
კომპანიის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნატანდამჭერი სისტემის მონტაჟის დასრულების შემდეგ, სსიპ-მა კომპანიას გამოუგზავნა წერილი, სადაც მიუთითა, რომ ნატანდამჭერი სისტემის მიწოდება-მონტაჟის სამუშაოებს დასრულებულად არ აღიარებს, რადგან სისტემა არ აკმაყოფილებს ტექნიკური დავალების პირობებს და აღნიშნულიდან გამომდინარე, არ ჩაიბარა შესრულებული სამუშაო და არ აუნაზღაურა თანხა.
ვინაიდან, მხარეები ვერ შეთანხმდნენ ნატანდამჭერი სისტემის მიწოდება-მონტაჟის ჩაბარებაზე და მის ღირებულებაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიამ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს სსიპ-ის წინააღმდეგ, მოითხოვა ნატანდამჭერი სისტემის მიწოდება-მონტაჟის ჩაბარებულად აღიარება და ღირებულების ანაზღაურება. 2022 წლის 10 ნოემბერს, ფოთის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კომპანიის სარჩელი. კერძოდ, სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, კომპანიის სასარგებლოდ, დამკვეთს დააკისრა ხსენებული ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდება-მონტაჟის აღიარება და შესაბამისი ანაზღაურების, 4 603 918 ლარის გადახდა.
სსიპ არ დაეთანხმა ფოთის საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას და გაასაჩივრა იგი სააპელაციო სასამართლოში, თუმცა 2023 წლის 2 ივნისის განჩინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება დამკვეთმა გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელმაც 2024 წლის 9 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივრები ცნო დასაშვებად. მიმდინარე მდგომარეობით, საბოლოო გადაწყვეტილება სადაო საკითხზე ჯერ კიდევ მიღებული არ არის.
კომპანიას, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, დაბეგრილი აქვს ავანსად მიღებული თანხები, ხოლო ნატანდამჭერი სისტემის მიწოდება-მონტაჟის საბოლოო შესრულება არაა დაბეგრილი.
საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების გაწევა ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. შემოწმების შედეგად, მოხდა ავანსად ჩარიცხული თანხების განაშთვა და დარჩენილი თანხა, მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებიდან გამომდინარე, დაიბეგრა დღგ-ით. კომპანიას დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
შემოწმების მიერ, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვად განისაზღვრა 3 992 589 ლარი, დღგ 718 666 ლარი, ჯარიმა 359 333 ლარი. შემოსავლების სამსახურში საკითხის განხილვისას, დარიცხვის საფუძვლებში მითითებულია საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლები.
მიიჩნევს, რომ „შემსყიდველის“ მხრიდან აუღიარებელი ნატანდამჭერი სისტემის მიწოდებამონტაჟის ღირებულება არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ არის საქონლის/მომსახურების მოხმარებაზე დადგენილი გადასახადი, რომელიც ამ საქონლის/მომსახურების ფასის პირდაპირპროპორციულია. ხოლო, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ყველა ეტაპზე, საცალო მიწოდების ჩათვლით.
შექმნილი გარემოებები ადასტურებს, რომ ჯერ არ მომხდარა „შემსყიდველზე“ საქონლის მიწოდება და მის მიერ მონტაჟის სამუშაოების აღიარება. შესაბამისად, არ დამდგარა საგადასახდო კოდექსის 159-ე, 160-ე და 163-ე მუხლებით გათვალისწინებული საგადასახდო ვალდებულების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი და შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი.
ასევე არ არსებობს, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევა, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
დაზუსტებული საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით (18.03.2025 წ. №24929/2/2025) შემოსავლების სამსახურში წარდგენილ 2025 წლის 24 იანვრის №93881/1/2025 საჩივრით, წარდგენილი არგუმენტებითა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომპანია განმარტავს, რომ მის მიერ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში დაბეგრილია ავანსად მიღებული თანხები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ დამკვეთმა არ ჩაიბარა ნატანდამჭერი სისტემა და მონტაჟის შესრულებული სამუშაოები და მხარეთა შორის წარმოიქმნა დავა მიწოდება-მონტაჟის სრული ღირებულების ირგვლივ, არსებული ბუნდოვანების პირობებში, როდესაც არ იყო შეთანხმებული დამკვეთთან ნატანდამჭერი სისტემის და მონტაჟის შესრულებული სამუშაოების ღირებულება და უცნობი იყო, საერთოდ ჩაიბარებდა თუ არა დამკვეთი სამუშაოებს, კომპანიამ ვერ მოახდინა ოპერაციის დაბეგვრა დღგ-ით, შესრულების პერიოდის მიხედვით.
კომპანია ასაბუთებს, რომ მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის ფარგლებში აქვს დაბეგრილი პროექტის ფარგლებში მიღებული ავანსი. „შემსყიდველი“ იყო სსიპ,რომელთანაც კომპანიას აქვს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება და მხარეთა შორის, ნატანდამჭერი სისტემის მიწოდება-მონტაჟის შესრულებულ სამუშაოებზე, რამდენიმე წელია მიმდინარეობს დავა. „შემსყიდველს“ დღემდე აქვს პრეტენზია, როგორც შესრულებული სამუშაოების ხარისხზე, ასევე მის ღირებულებაზე. აღნიშნულ პირობებში, არსებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, შეუძლებელია კომპანიას ჰქონოდა განზრახვა დღგ-ის არ გადახდის თაობაზე ან საშუალება მოეხდინა ბიუჯეტთან ანგარიშსწორება. იგი ელოდებოდა საკითხზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, რათა „შემსყიდველი“ მხარისათვის ნატანდამჭერი სისტემის მიწოდებამონტაჟის აღიარების ვალდებულების დაკისრების შედეგად, სწორი ღირებულებით მოეხდინა კუთვნილი გადასახადის დეკლარირება.
ამასთან, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ამ საკითხის მიხედვით დაკისრებული სანქციებისგან (ჯარიმა 359 333 ლარი და შესაბამისი საურავი) გათავისუფლებას.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, მითითებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციების მიმართ მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში დეტალურად, ქრონოლოგიურად იყო აღწერილი ის ფაქტობრივი გარემოებები და ობიექტური რეალობა, რამაც განაპირობა კომპანიის გადაწყვეტილებები და ქმედებები მხარეებს შორის სასამართლო დავასთან დაკავშირებული გადასახადების აღიარებასა და დეკლარირებასთან მიმართებაში.
„შემსყიდველის“ მხრიდან აუღიარებელი ნატანდამჭერი სისტემის მიწოდება-მონტაჟის ღირებულება არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დღგ არის საქონლის/მომსახურების მოხმარებაზე დადგენილი გადასახადი, რომელიც ამ საქონლის/მომსახურების ფასის პირდაპირპროპორციულია. ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ყველა ეტაპზე, საცალო მიწოდების ჩათვლით.
შექმნილი გარემოებები ადასტურებს, რომ ჯერ არ მომხდარა „შემსყიდველზე“ საქონლის მიწოდება და მის მიერ მონტაჟის სამუშაოების აღიარება. შესაბამისად, არ დამდგარა საგადასახდო კოდექსის 159-ე, 160-ე და 163-ე მუხლებით გათვალისწინებული საგადასახდო ვალდებულების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი და შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი.
ასევე არ არსებობს, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევა, შესაბამისად, ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნატანდამჭერი სისტემის მონტაჟის დასრულების შემდეგ, სსიპ-მა კომპანიას წერილობით აცნობა, რომ ნატანდამჭერი სისტემის მიწოდება-მონტაჟის სამუშაოებს დასრულებულად არ აღიარებს, რადგან სისტემა არ აკმაყოფილებს ტექნიკური დავალების პირობებს და აღნიშნულიდან გამომდინარე, არ ჩაიბარა შესრულებული სამუშაო და არ აუნაზღაურა თანხა. ვინაიდან, მხარეები ვერ შეთანხმდნენ, კომპანიამ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით კომპანიის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, დამკვეთს დაეკისრა ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდება-მონტაჟის აღიარება, შესაბამისი ანაზღაურების, 4 603 918 ლარის გადახდა და რომ აღნიშნული, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 ივნისის განჩინებით, უცვლელად დარჩა, რაც დამკვეთმა გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელმაც 2024 წლის 9 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივრები ცნო დასაშვებად და მიმდინარე მდგომარეობით, საბოლოო გადაწყვეტილება სადაო საკითხზე ჯერ მიღებული არ არის. აღნიშნავს, რომ კომპანიას ხელშეკრულების ფარგლებში დაბეგრილი აქვს ავანსად მიღებული თანხები, ხოლო საბოლოო შესრულება არაა დაბეგრილი. მიიჩნევს, რომ „შემსყიდველის“ მხრიდან აუღიარებელი ნატანდამჭერი სისტემის მიწოდება-მონტაჟის ღირებულება არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, რადგან ჯერ არ მომხდარა „შემსყიდველზე“ საქონლის მიწოდება და მის მიერ მონტაჟის სამუშაოების აღიარება. შესაბამისად, არ დამდგარა საგადასახდო კოდექსის 159-ე, 160-ე და 163-ე მუხლებით გათვალისწინებული საგადასახდო ვალდებულების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი ითხოვს საგადასახადო კოდექს 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ამ საკითხის მიხედვით დაკისრებული სანქციებისგან (ჯარიმა 359 333 ლარი და შესაბამისი საურავი) გათავისუფლებას.
ამგვარად, მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის პოზიციას, შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის ფარგლებში, დაკისრებული სანქციების მიმართ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების მიზანშეუწონლობაზე, ამასთან წარმოადგენს არგუმენტებს საკითხზე, კერძოდ, ამავე ოპერაციის ფარგლებში, დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერების ნაწილში, რომელიც შემოსავლების სამსახურში სადავოდ არ გაუხდია და არ ყოფილა გასაჩივრებული წარდგენილი საჩივრით.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელმაც წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიური ფაქტები/გარემოებები, ამასთან განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით ასაჩივრებდა დღგ-ში დარიცხულ თანხებს მთლიანად, ხოლო ფაქტობრივი გარემოებების აღწერილობის საფუძველზე ითხოვდა დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას კეთილსინდისიერების საფუძვლით, რადგან დამკვეთმა არ მიიღო შესრულებული სამუშაოები და არ იცოდნენ სასამართლო (უზენაესი) საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა.
საბჭო დადგენილად მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურში ელექტრონულად რეგისტრირებული საჩივრით (24.01.2025 წლის №93881/1/2025) სადავოდ ხდიდა და მიუთითებდა საკითხებს, რომლებმაც თავის მხრივ ასახვა ჰპოვა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში.
შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით ირკვევა, რომ სადავო საკითხის ნაწილში დარიცხული დღგ მომჩივანს სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, არ ყოფილა გასაჩივრებული მის მიერ და აღნიშნული, როგორც ირკვევა, არც დავის ეტაპზე, საჩივრის განხილვისას არ დაუზუსტებია. მომჩივანი შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში მიუთითებდა ამჟამად წარმოდგენილ საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიურ გარემოებებს/არგუმენტებს, თუ რამ განაპირობა კომპანიის მიერ მხოლოდ ავანსის თანხის და არა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების დაბეგვრა, სასამართლოში მიმდინარე დავის შედეგებზე, მათ შორის უზენაეს სასამართლოში მიმდინარე დავაზე და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნავდა, რომ ითხოვდა სადავო საკითხის მიხედვით დაკისრებული სანქციებისგან (ჯარიმა 359 333 ლარი და შესაბამისი საურავი), როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელის გათავისუფლებას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.
ვინაიდან დგინდება, რომ სადავო საკითხის ნაწილში დარიცხული დღგ მომჩივანს შემოსავლების სამსახურში არ გაუსაჩივრებია 24.01.2025 წელს წარდგენილი საჩივრით, საბჭო ვერ იმსჯელებს ამჟამად, დამატებით სადავოდ წარმოდგენილ საკითხზე. ამასთან ის, რომ გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურში ითხოვა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის №094-61 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხების გაუქმება, არ მიიჩნევა, რომ სადავოდ წარდგენილ საკითხებთან ერთად საჩივრდებოდა შემოწმების აქტით დარიცხული ყველა დანარჩენი საკითხიც.
ამდენად, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ საკითხზე, რომელიც სადავოდ არ გამხდარა შემოსავლების სამსახურში დავის წარმოებისას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარი შემოწმებით დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება სადავო საკითხის ნაწილში დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. ამდენად, საბჭოს მიზანშეწონილად მიაჩნია, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან (ჯარიმა-საურავი).
2. არარეზიდენტისათვის გადახდილი ავანსის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
კომპანიას, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში, უფიქსირდება ავანსად გადახდილი თანხა (773 129 ლარი) არარეზიდენტ კომპანიაზე.კომპანიის განმარტებით, აღნიშნული თანხის გადახდა მოხდა საქონლის შესაძენად, თუმცა შესამოწმებელ პერიოდში არ მომხდარა არანაირი საქონლის მოწოდება და არც თანხის დაბრუნება. ასევე, კომპანიის მხრიდან რაიმე სახის ქმედება თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით არ განხორციელებულა. შესაბამისად, აღნიშნული თანხა, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და განმარტავს, რომ აღნიშნული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო საკითხი ეხება არარეზიდენტისთვის გადახდილი ავანსის თანხის დირექტორის ხელფასად დაბეგვრის საკითხს.
კომპანიას, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში, უფიქსირდება არარეზიდენტ კომპანიაზე ავანსად გადახდილი (გადარიცხული) თანხა (ექვივალენტი 773 129 ლარი), ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში არ მომხდარა საქონლის მოწოდება ან თანხის დაბრუნება.
კომპანიას დღემდე აქვს კომუნიკაცია ხსენებულ თურქულ კომპანიასთან და საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია წარმოადგინოს ურთიერთშედარების აქტი, რომელიც დაადასტურებს, რომ არარეზიდენტი კომპანიისგან რეალურად აქვს მიღებული ხსენებული ავანსი და გააჩნია ვალდებულება კომპანიის მიმართ ამ თანხის ოდენობით. მიმდინარედ, მხარეები იხილავენ და თანხმდებიან, თუ როგორ არის შესაძლებელი არსებული საკითხის გადაჭრა: თანხის დაბრუნების თუ, საქონლის მოწოდების გზით. კომპანიას არ უპატიებია არარეზიდენტი კომპანიისთვის გადახდილი თანხა და არც მომავალში აპირებს მოთხოვნის (გადარიცხული ავანსის) პატიებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული ავანსი არ უნდა იქნეს განხილული კომპანიის დირექტორზე გადახდილ ხელფასად, რადგან მისი გადახდა რეალურად მოხდა არარეზიდენტი საწარმოსთვის საბანკო გადარიცხვის გზით, გარკვეული საქონლის/მომსახურების მიღების სანაცვლოდ და ეს თანხა არ მიუღია კომპანიის დირექტორს ან სხვა ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირს ფარულად. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია და არარეზიდენტი კომპანია არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები.
ფიქრობს, შემოწმების მიერ გარემოებების შეფასებისას, ბევრი ფაქტების აცდენილი დაშვებებია გამოყენებული.
ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებულია მეთოდური მითითება: „დებიტორული დავალიანების შესახებ“ №11 დანართის შესაბამისად, ამ ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითება გამოსაყენებლად სავალდებულოა, სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისთვის, საგადასახადო შემოწმების, საგადასახადო დავის განხილვის და საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში.
„დებიტორული დავალიანების შესახებ“ არსებული მეთოდოლოგია არეგულირებს საგადასახადო შემოწმების ფარგლებში საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის დებიტორულ დავალიანებებთან ან/და გადახდილ ავანსებთან დაკავშირებით შესაძლო საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას.
ამ მეთოდური მითითების მიზანია, დებიტორულ დავალიანებებთან ან/და გადახდილ ავანსებთან დაკავშირებით შესაძლო საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ერთიანი მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა.
მეთოდური მითითების მე-6 მუხლი, გადახდილი ავანსის დაბეგვრასთან დაკავშირებით განხილულ ფაქტობრივ გარემოებათა შორის განიხილავს ორ შემთხვევას: პირველი, ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით ავანსის თანხის გადახდის ფაქტობრივი გარემოების არსებობას და მეორე, გადახდილი ავანსის ნაწილის - რეკლასიფიცირების/ჩახურვის ფაქტის არსებობას.
კომპანიის შემთხვევაში არცერთ ასეთ ფაქტობრივ გარემოებას ადგილი არ ჰქონია.
მიაჩნია, რომ არარეზიდენტისთვის გადახდილი ავანსის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა არამართლზომიერია.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს (ფორმა და შინაარსი შესაბამისობაშია). ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის (რასაც ადგილი არ ჰქონია), ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
ნიშანდობლივი და გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თუ მოხდება გადახდილი ავანსის ფარგლებში არარეზიდენტის მიერ საქონლის მოწოდება ან მიღებული ავანსის თანხის უკან დაბრუნება, რაც კომპანიის შემთხვევაში დიდი ალბათობით განხორციელებადია, რამდენად მართლზომიერია არარეზიდენტი კომპანიისთვის გადახდილი ავანსის დირექტორის ხელფასად დაბეგვრა, რომლის დაკორექტირება შეუძლებელი იქნება და გამოიწვევს, ოპერაციის არასწორი კვალიფიცირების გამო, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, საგადასახადო ტვირთის დაკისრებას, რაც ეწინააღმდეგება საგადასახდო კოდექსის ფუნდამენტალურ პრინციპებს (მუხლი 5).
შესაბამისად, ამ ნაწილში ითხოვს, გაუქმდეს დარიცხული საშემოსავლო გადასახადი - 193 282 ლარი, ჯარიმა 96 641 ლარი და შესაბამისი დაკისრებული საურავი.
3. დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
კომპანიის მიერ, 2022 წლის მარტის თვეში, რეალიზებულია მის საკუთრებაში არსებული შპს „N1-ის“ 50%-იანი წილი ფ/პ „--------“-ზე 1 084 000 დოლარად (3 748 572 ლარი), საიდანაც გადახდილია 844 020 ლარი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, კომპანიის მიმართ დებიტორული დავალიანება შეადგენს 2 904 552 ლარს, რომლის მისაღებად, გადასახადის გადამხდელის მხრიდან არანაირი ქმედება არ განხორციელებულა. შედეგად, აღნიშნული თანხა, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დაფიქსირებულია მე-2 სადავო საკითხის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო საკითხი ეხება დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და მის დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით.
კომპანიის მიერ, 2022 წლის მარტის თვეში, რეალიზებულია მის საკუთრებაში არსებული შპს „N1-ის “ 50%-იანი წილი ფ/პ „--------“-ზე 1 084 000 დოლარად (3 748 572 ლარი), მყიდველის მიერ გადახდილია 844 020 ლარი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, საწარმოს მიმართ დებიტორული დავალიანება შეადგენს 2 904 552 ლარს, რომლის მისაღებად, აუდიტის შეფასებით, გადასახადის გადამხდელის მხრიდან არანაირი ქმედება არ განხორციელებულა. შედეგად, აღნიშნული თანხა საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძვლით, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
საგადასახადო შემოწმების აქტით, კომპანიას ამ ნაწილში დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 726 138 ლარი, ჯარიმა 363 069 ლარი და შესაბამისი საურავი.
2022 წლის მარტში, კომპანიამ„--------“-ს მიჰყიდა შპს „N1-ის “ 50% წილი 1 084 000 აშშ დოლარად, რითაც ხსენებული ფიზიკური პირი გახდა შპს „N1-ის “ 100% წილის მესაკუთრე. წილის ღირებულების ანაზღაურების ვადად განისაზღვრა 2022 წლის 31 დეკემბერი. ამ ვადის ამოწურვის შემდგომ, კომპანიის მხრიდან მყიდველის წარმომადგენელთან, ეკატერინე თარხნიშვილთან, უწყვეტად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები წილის ნასყიდობის საფასურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მიუხედავად არაერთი დაპირებისა კომპანიას ანაზღაურება ფაქტობრივად არ მიუღია.
ზეპირი კომუნიკაციების გარდა, კომპანიამ ოფიციალური წერილითაც მიმართა მყიდველს ორჯერ: 2024 წლის 15 ოქტომბერს (დანართი №7), რომლის მიხედვითაც კომპანიამ კიდევ ერთხელ მოთხოვა მყიდველს თანხის ანაზღაურება ან ნასყიდობის საგნის - შპს „N1-ის “ 50% წილის დაბრუნება 2024 წლის 1 ნოემბრამდე, ხოლო ამ ვადის გასვლის შემთხვევაში, კომპანიამ განაცხადა, რომ უარს იტყოდა ხელშეკრულებაზე და მიმართავდა სასამართლოს.
2024 წლის 4 ნოემბერს მეორედ მიმართა კომპანიამ მყიდველს ოფიციალური წერილით, რომლის მიხედვითაც აცნობა მყიდველს წინა წერილით დადგენილი ვადის გასვლის შესახებ და მოითხოვა ნასყიდობის საგნის დაბრუნება.
მყიდველის მხრიდან მეორე წერილის უპასუხოდ დატოვების შემდეგ, კომპანიამ 2024 წლის 22 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი მყიდველის, „--------“-ის , წინააღმდეგ და მოითხოვა:
▪ ნასყიდობის საგნის, შპს N1-ის 50% წილის დაბრუნება კომპანიის საკუთრებაში;
▪ მყიდველისთვის, „--------“-სთვის, წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკისრება კომპანიის სასარგებლოდ, ჯამში 726 280 აშშ დოლარის ოდენობით;
▪ კომპანიის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (სარჩლის), 5 050 ლარის ანაზღაურება;
▪ შპს N1-სთვოს , მის საკუთრებაში არსებული გარკვეული უძრავი ქონების გასხვისების ან იპოთეკით დატვირთვის შესაძლებლობის აკრძალვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მხრიდან იმის მტკიცება, რომ კომპანიის მიერ დებიტორული დავალიანების მისაღებად არანაირი ქმედება არ განხორციელებულა, არ შეესაბამება სინამდვილეს.
შემოწმების მიერ ფაქტობრივ გარემოებებში, აუდიტის შეფასებაში და დარიცხვის სამართლებრივ საფუძვლებში აპელირებაა მხოლოდ საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლზე და ფიქრობს, რომ საგადასახადო ვალდებულების დაკისრება დაუსაბუთებელია.
მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
მიიჩნევს, რომ დაბეგვრის მიზნებისათვის გარემოებების ასეთი შეფასება და დარიცხვის სამართლებრივი საფუძვლების გამოყენების დასაბუთება განპირობებულია შემოწმების მხრიდან ფაქტობრივი გარემოების მწირი და გაურკვეველი შეფასებით.
მიმდინარე თარიღისთვის,„--------“-ს კომპანიის მიმართ დებიტორული დავალიანება, 2 904 552 ლარის ოდენობით, აღარ ერიცხება. კერძოდ, მოჩივანსა და ბანკს შორის, 2016 წლის 29 თებერვალს გაფორმებული №„--------“ გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში არსებული საკრედიტო დავალიანება შემცირდა 3 035 200 ლარით, რომლის შემცირება უზრუნველყო „--------“-მა , როგორც სოლიდურმა თავდებმა პირმა და კრედიტის უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრემ (ბანკის ცნობა საჩივარს თან ერთვის).
ამრიგად, შემოწმების აქტის საფუძველზე ამ ნაწილში დამატებით გადასახდელად დაკისრებული საშემოსავლო გადასახადი, სანქცია და საურავი ექვემდებარება ანულირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი: მე-2 სადავო საკითხის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მე-3 სადავო საკითხის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში, უფიქსირდება ავანსად გადახდილი თანხა (773 129 ლარი) არარეზიდენტ კომპანიაზე.შესამოწმებელ პერიოდში არ მომხდარა საქონლის მოწოდება ან თანხის დაბრუნება. აღნიშნული თანხა, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ, 2022 წლის მარტის თვეში, რეალიზებულია მის საკუთრებაში არსებული შპს „N1-ის “ 50%-იანი წილი ფ/პ „--------“-ზე 1 084 000 დოლარად (3 748 572 ლარი), საიდანაც გადახდილია 844 020 ლარი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, გადასახადის გადამხდელის მიმართ დებიტორული დავალიანება შეადგენს 2 904 552 ლარს, შემოწმებით აღნიშნული თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანი არ ეთანხმება მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში განხორციელებულ დარიცხვებს და აღნიშნავს შემდეგს:
მე-2 სადავო საკითხის ნაწილში - კომპანიას დღემდე აქვს კომუნიკაცია თურქულ კომპანიასთან და საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია წარმოადგინოს ურთიერთშედარების აქტი, რომელიც დაადასტურებს, რომ არარეზიდენტი კომპანიისგან რეალურად აქვს მიღებული ავანსი და გააჩნია ვალდებულება კომპანიის მიმართ ამ თანხის ოდენობით. მიმდინარედ, მხარეები იხილავენ და თანხმდებიან, თუ როგორ არის შესაძლებელი არსებული საკითხის გადაჭრა: თანხის დაბრუნების თუ, საქონლის მოწოდების გზით. კომპანიას არ უპატიებია არარეზიდენტისთვის გადახდილი თანხა და არც მომავალში აპირებს მოთხოვნის (გადარიცხული ავანსის) პატიებას. თანხის გადახდა მოხდა არარეზიდენტი საწარმოსთვის საბანკო გადარიცხვის გზით, გარკვეული საქონლის/მომსახურების მიღების სანაცვლოდ და ეს თანხა არ მიუღია კომპანიის დირექტორს;
მე-3 სადავო საკითხის ნაწილში - 2022 წლის მარტში, კომპანიამ „--------“-ს მიჰყიდა შპს „N1-ის “ 50% წილი 1 084 000 აშშ დოლარად, რითაც ხსენებული ფიზიკური პირი გახდა შპს „N1-ის “ 100% წილის მესაკუთრე. წილის ღირებულების ანაზღაურების ვადად განისაზღვრა 2022 წლის 31 დეკემბერი. ამ ვადის ამოწურვის შემდგომ, კომპანიის მხრიდან მყიდველის წარმომადგენელთან, უწყვეტად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები წილის ნასყიდობის საფასურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, კომპანიას ანაზღაურება ფაქტობრივად არ მიუღია. კომპანიამ ოფიციალური წერილითაც მიმართა მყიდველს ორჯერ, მაგრამ უშედეგოდ, აღნიშნულის შემდეგ, 2024 წლის 22 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი მყიდველის, „--------“-ის, წინააღმდეგ. ამდენად, შემმოწმებლის მტკიცება, რომ კომპანიის მიერ დებიტორული დავალიანების მისაღებად არანაირი ქმედება არ განხორციელებულა, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამასთან, მიმდინარე თარიღისთვის, „--------“-ს კომპანიის მიმართ დებიტორული დავალიანება, 2 904 552 ლარის ოდენობით, აღარ ერიცხება. კერძოდ, მომჩივანსა და ბანკს შორის, 2016 წლის 29 თებერვალს გაფორმებული №„--------“ გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, არსებული საკრედიტო დავალიანება შემცირდა 3 035 200 ლარით, რომლის შემცირება უზრუნველყო „--------“-მა , როგორც სოლიდურმა თავდებმა პირმა და კრედიტის უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრემ, რასთან დაკავშირებითაც წარმოადგენს ბანკის მიერ გაცემულ ცნობას და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში დარიცხული თანხები ექვემდებარება გაუქმებას.
აღსანიშნავია, რომ ბანკის მიერ ცნობა გაცემულია 2025 წლის 4 მარტს (№3/00031).
აუდიტის დეპარტამენტი 2025 წლის 27 მარტის №„--------“ წერილით წარმოდგენილ დასკვნაში მე-2 სადავო საკითხზე აფიქსირებს ფაქტობრივ გარემოებებში დაფიქსირებულის ანალოგიურ გარემოებებს, ხოლო მე-3 სადავო საკითზე, გარდა ფაქტობრივი გარემოებებისა, მომჩივნის მიერ წარმოდგენილ საჩივარზე დართული ბანკის ცნობაში დაფიქსირებულ ინფორმაციაზე, რომ მომჩივანსა და ბანკს შორის, 2016 წლის 29 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში არსებული საკრედიტო დავალიანება 2025 წლის 27 თებერვალს შემცირდა 3 035 200 ლარით (1 084 000 დოლარი), რომლის შემცირება უზრუნველყო „--------“-მა (პ/ნ „--------“), აღნიშნავს, რომ საჭიროებს დამატებით შესწავლას და ასევე, დამატებითი მტკიცებულებების წარდგენას გადასახადის გადამხდელის მხრიდან.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა, მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში, წამოადგინა საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიური არგუმენტები/გარემოებები. ამასთან დამატებით განმარტა, რომ არარეზიდენტისთვის გადახდილი ავანსის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა არამართლზომიერია, თანხის გადახდა არარეზიდენტისთვის მოხდა საბანკო გადარიცხვის გზით, გარკვეული საქონლის მიღების სანაცვლოდ და არ აპირებენ გადარიცხული თანხის პატიებას, მაგრამ ამ თანხის დირექტორის მიერ მიღებულად ჩათვლა არამართებულად მიაჩნია. მიმდინარეობს მუშაობა, თუ როგორ არის შესაძლებელი არსებული საკითხის გადაჭრა, თანხის დაბრუნების თუ, საქონლის მოწოდების გზით. რაც შეეხება დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას, ასევე არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები უნდა გაუქმდეს, რადგან ახლახან გამოიკვეთა ფაქტობრივი გარემოება, რომლითაც ირკვევა, რომ 2016 წლის ხელშეკრულების ფარგლებში არსებულ საკრედიტო დავალიანების დაფარვა უზრუნველყოფილია, ანუ „--------“-მა გაისტუმრა ბანკის ვალი, რომელიც თანხობრივად ემთხვევა კომპანიის მიმართ არსებულ დებიტორულ დავალიანებას, როგორც ბანკის ცნობაშია აღნიშნული და რომელიც თანდართულია საჩივარზე.
საქმესთან არსებულ მასალებზე, ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიიჩნევს, რომ მე-2 სადავო საკითხის ნაწილში, კერძოდ, არარეზიდენტ კომპანიაზე ავანსად გადახდილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
მე-3 სადავო საკითხის ნაწილში, საბჭო მიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებები წარუდგინოს აუდიტის დეპარტამენტს, ხოლო თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, სადავო საკითხის ნაწილში საჩივარზე თანდართული დოკუმენტის და დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სადავო საკითხის ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 24.02.2025 წლის №3209 ბრძანება;
3.პირველი სადავო საკითხის ნაწილში, გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის №094-61 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისა და აღნიშნული დავის საგნის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესაბამისად გაანგარიშებული საურავისაგან;
4. მე-3 სადავო საკითხის ნაწილში:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, სადავო საკითხის ნაწილში საჩივარზე თანდართული დოკუმენტის და დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სადავო საკითხი ეხება დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და მის დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის პოზიციას, შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის ფარგლებში, დაკისრებული სანქციების მიმართ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების მიზანშეუწონლობაზე
ფაქტობრივი გარემოებები
სსიპ-სა და კომპანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ,ნატანდამჭერი სისტემის მიწოდებისა და თანმდევი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა სრულად, თუმცა სსიპ-მა არ ჩაიბარა შესრულებული სამუშაო და არ აუნაზღაურა თანხა. კომპანიამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში. კომპანიის მიერ, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში დაბეგრილია ავანსად მიღებული თანხები, ხოლო საბოლოო შესრულება არაა დაბეგრილი. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების გაწევა, ავანსად ჩარიცხული თანხების გათვალისწინებით, დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიიჩნევს, რომ არარეზიდენტ კომპანიაზე ავანსად გადახდილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. რაც შეეხება დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა საბჭო მიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, სადავო საკითხის ნაწილში დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სადავო საკითხის ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
სადავო საკითხის ნაწილში დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას, საბჭოს მიზანშეწონილად მიაჩნია, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან (ჯარიმა-საურავი).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),101,154,269(7).