ბრძანება N 32037
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 32037
19 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 17 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №124) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „--------“-ის (ს/ნ --------) №81070/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 აპრილის №001-54 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს. განმარტავს, რომ კომპანია კლიენტების მოთხოვნის შესაბამისად ბაზარზე იძიებს შეკვეთილ პროდუქციას (საშენებლო-სარემონტო მასალები, სურსათი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა.). მომსახურების შესაბამისად იღებს ანაზღაურებას, რომელიც შეადგენს შეკვეთის 5%-ს (შეკვეთის რაოდენობის და ღირებულების მიუხედავად). ზემოაღნიშნულ საქონელს გადასახადის გადამხდელი შეიძენს საცალო მაღაზიებში, შესაბამისად, შემოწმებით გამოყენებული ფასნამატის ოდენობა სცდება რეალობას.
2. გადასახადის გადამხდელი ასევე განმარტავს, რომ მის მიერ გაწეული მომსახურება შეიცავს პროდუქციის ადგილზე მიტანას, მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით არ გააჩნია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. ითხოვს ტრანსპორტირებაზე გაწეული ხარჯით შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავლის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №2351 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------------“-ის (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 18 აპრილის №8367 ბრძანება და ამავე თარიღის №001-54 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 212 574 ლარი, მათ შორის გადასახადი 135 939 ლარი, ჯარიმა 67 865 ლარი და საურავი 8 770 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 23 ივნისის №14471 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 ივნისის №14471 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 16 ნოემბრის №20383/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 ივნისის №14471 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციის საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. შპს „---------“-ს (ს/ნ --------) შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს დღგით დასაბეგრი ბრუნვა 263 874 ლარის ოდენობით. შემოწმებით დამუშავდა გადასახადის გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, საბანკო ამონაწერები, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნაგანმარტებები, მესამე პირებისგან მოწოდებული ინფორმაციები. გადამხდელს მიღებული აქვს ელ. ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები სურსათზე, საყოფაცხოვრებო საქონელსა და სარემონტო-საიზოლაციო მასალებზე, ხოლო გამოწერილი აქვს ელ. ანგარიშ-ფაქტურები მომსახურებაზე. გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით გაწეულ მომსახურებებთან ნაწილობრივ დაკავშირდა მიღებული საქონელი/მომსახურება, ხოლო მიღებული საქონლის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალა რეალიზებულად. იქიდან გამომდინარე, რომ მიღებული საქონელი და მომსახურება სრულად ვერ დაუკავშირდა სარემონტო მომსახურებებს, აღნიშნული მომსახურების ამონაგებად გათვალისწინებული იქნა 12%-იანი ფასნამატი, სხვა დარჩენილ სარემონტო-საიზოლაციო მასალებზე - 15,32%-იანი ფასნამატი, ხოლო სურსათსა და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე გავრცელდა 13.32%-იანი ფასნამატი (სხვა მსგავსი ტიპის ეკონომიკური საქმიანობის დროს შემოწმებით დადგენილი ფასნამატის ოდენობა). ამასთან, საანგარიშო პერიოდების ბოლოსათვის არსებული სმფ-ის ნაშთის დადგენის მიზნით, გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტება, რის მიხედვითაც სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის ნაშთი პერიოდების ბოლოს არ უფიქსირდება. საბოლოოდ, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
2. შემოწმებით ჩატარებული იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება შემოწმებით დადგენილ/მიღებულ შემოსავალსა და დადასტურებული ხარჯის ოდენობას შორის სხვაობა 167 657 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ იქნა დამატებით წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (გარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებისა). ამასთან, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2023 წლის თებერვალში ჩატარებულია სალაროს ინვენტარიზაცია, რის მიხედვითაც ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროს ნაშთი შეადგენს 0 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად, აღნიშნული სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შპს „----------“-ის საქმიანობას წარმოადგენს სარემონტო-მოსაპირკეთებელი სამუშაოები, ჰიდროსაიზოლაციო მომსახურება და საშუამავლო-სადისტრიბუციო მომსახურება. გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები სურსათზე, საყოფაცხოვრებო საქონელსა და სარემონტო-საიზოლაციო მასალებზე, ხოლო გამოწერილი აქვს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები მომსახურებაზე. გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით გაწეულ მომსახურებებთან ნაწილობრივ დაკავშირდა მიღებული საქონელი/მომსახურება, ხოლო მიღებული საქონლის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალა რეალიზებულად. აღნიშნულ მომსახურებაზე შემოწმებით გავრცელდა 12%-იანი ფასნამატი, სხვა დარჩენილ სარემონტო-საიზოლაციო მასალებზე - 15,32%-იანი ფასნამატი, ხოლო სურსათსა და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე - 13.32%-იანი ფასნამატი (სხვა მსგავსი ტიპის ეკონომიკური საქმიანობის დროს შემოწმებით დადგენილი ფასნამატის ოდენობა).
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, ვინაიდან პირი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, მართლზომიერია შემოწმების მიერ სხვა მსგავსი ტიპის ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი გადამხდელის შემოწმების დროს დადგენილი ფასნამატის გამოყენება.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ შემოწმებით ჩატარებული იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება შემოწმებით დადგენილ/მიღებულ შემოსავალსა და დადასტურებული ხარჯის ოდენობას შორის სხვაობა 167 657 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ იქნა დამატებით წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (გარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებისა). ამასთან, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2023 წლის თებერვალში ჩატარებულია სალაროს ინვენტარიზაცია, რის მიხედვითაც ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროს ნაშთი შეადგენს 0 ლარს. შემოწმებით აღნიშნული სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დარიცხული იქნა საშემოსავლო გადასახადი.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---------“-ის (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს.
2.ითხოვს ტრანსპორტირებაზე გაწეული ხარჯით შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავლის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.გადამხდელს მიღებული აქვს ელ. ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები სურსათზე, საყოფაცხოვრებო საქონელსა და სარემონტო-საიზოლაციო მასალებზე, ხოლო გამოწერილი აქვს ელ. ანგარიშ-ფაქტურები მომსახურებაზე. გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით გაწეულ მომსახურებებთან ნაწილობრივ დაკავშირდა მიღებული საქონელი/მომსახურება, ხოლო მიღებული საქონლის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალა რეალიზებულად. , გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა.
2.შემოწმებით ჩატარებული იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება შემოწმებით დადგენილ/მიღებულ შემოსავალსა და დადასტურებული ხარჯის ოდენობას შორის სხვაობა.აღნიშნული სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5,9);160;161(1);159(1);163(2);164(1);101(1);154(1)