ბრძანება N 12997

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.06.2026
№ დოკუმენტი 12997
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12997

15 ივნისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის: ----- )

2026 წლის 25 მაისის და პირველი ივნისის

საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 5 ივნისის სხდომაზე (ოქმი N 48) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) N 27418/2/2026, N 102567/1/2026 და N 27461/2/2026 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 22 მაისის N EL315403 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და N EL11116/15 (N 024-15) საგადასახადო მოთხოვნას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრების ავტორი განმარტავს, რომ ტვირთის გადაზიდვას ახორციელებდა ----- მოქალაქე, რომელმაც არ იცის ქართული ენა. საბაჟო გამშვებ პუნქტზე მძღოლს გადაეცა ორი აღრიცხვის მოწმობა. ერთ - ერთში არ იყო მითითებული, რომ ტვირთი უნდა გამოცხადებულიყო გეზ-ში. მძღოლმა სწორედ ამ აღრიცხვის მოწმობით იხელმძღვანელა და ტვირთი მიიტანა კომპანიის ტერიტორიაზე დაცლის ადგილას. მომჩივნის მოსაზრებით, სამართალდარღვევა იყო უნებლიე შეცდომა და არ ჰქონია განზრახვა. კომპანიამ, შექმნილი ვითარების შესახებ თავად აცნობა საბაჟოს, რომლის შემდგომაც დაჯარიმდა და დაერიცხა იმპორტის გადასახდელები. მომჩივანს მიაჩნია, რომ სადავო აქტებით დარიცხული თანხები არასწორად არის გაანგარიშებული. საქონელთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ მოხდა მისი სრული რეალიზაცია, ვინაიდან იყო მალფუჭებადი პროდუქტი და საჭირო იყო მისი დროული რეალიზაცია.

აღნიშნულზე და პირველ შემთხვევაზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2026 წლის 11 მაისს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ გავლით, N ----- სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, შემოტანილ იქნა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) კუთვნილი, N ----- (08.05.2026) საბაჟო დეკლარაციით წინასწარ დეკლარირებული საქონელი (პომიდორი – 22 000 კგ). მითითებული საქონლის ღირებულება საჭიროებდა დაზუსტებას, რის გამოც საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ არ განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის შეფასება. შესაბამისად, გამოიწერა N ----- აღრიცხვის მოწმობა და სატრანსპორტო საშუალება და მასში განთავსებული საქონელი, შემდგომი საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, გაიგზავნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“-ში.

შპს „ ----- “ 2026 წლის 22 მაისის N ----- განცხადებით ცნობილი გახდა, რომ N ----- (08.05.2026) საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი, საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადების ნაცვლად, გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში, სადაც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა საბაჟო ლუქის ახსნა, საქონლის გადმოტვირთვა და რეალიზაცია.

ვინაიდან შპს „-----“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას, გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „ ----- “-ის უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 22 მაისს შედგენილ იქნა N EL315403 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-----“ (ს/ნ ----- ) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 13 697 ლარის ოდენობით. ამასთან ერთად, იმავე დღეს გამოიცა N EL11116/15 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „-----“ (ს/ნ ----- ) დაერიცხა კუთვნილი იმპორტის გადასახდელი 13697.48 ლარის (დღგ – 8586.48 ლარი; იმპორტის გადასახადი – 5 111 ლარი) ოდენობით და საურავი – 19.22 ლარი, N ----- (08.05.2026) საბაჟო დეკლარაცია კი გაუქმდა.

ვინაიდან შპს „-----“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის უკანონო განკარგვას, მითითებული გადასახდელების დარიცხვისას არ იქნა გათვალისწინებული N ----- (08.05.2026) საბაჟო დეკლარაციაში მითითებული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი.

საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საქონელი წარმოადგენდა ფიტოსანიტარიული კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელს და შესაბამისი კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ჯერ გამოიწერა N ----- აღრიცხვის მოწმობა, ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელების შემდეგ კი, შემდგომი საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, გამოიწერა N ----- აღრიცხვის მოწმობა, რომელზეც დატანილ იქნა შტამპი „ყურადღება! საქონელი წარსადგენია საბაჟო კონტროლის ზონაში“ და საქონელი გაიგზავნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“-ის დანიშნულებით. ორივე აღრიცხვის მოწმობა გადაეცა მძღოლს.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6-ე მუხლის შესაბამისად:

საბაჟო ზედამხედველობა არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება;

საბაჟო კონტროლი გულისხმობს, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.

ამავე საკანონმდებლო აქტის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა. მე-2 ნაწილით კი დადგენილია, რომ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:

ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის.

კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია. ვინაიდან, არსებობს საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.

მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ვინაიდან საქონელი წარმოადგენდა ფიტოსანიტარიული კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელს და შესაბამისი კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ჯერ გამოიწერა N ----- აღრიცხვის მოწმობა, ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელების შემდეგ კი, შემდგომი საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, გამოიწერა N ----- აღრიცხვის მოწმობა, რომელზეც დატანილ იქნა შტამპი „ყურადღება! საქონელი წარსადგენია საბაჟო კონტროლის ზონაში“ და საქონელი გაიგზავნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“-ის დანიშნულებით. ორივე აღრიცხვის მოწმობა გადაეცა მძღოლს, რასაც მომჩივანიც უთითებს საჩივარში.

მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს, რომ იმპორტის გადასახადის მიზნებისთვის საქონლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია მიეთითება საბაჟო დეკლარაციაში. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი საქონლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის შესაბამისობის დადგენის ერთ - ერთი საფუძველია. ვინაიდან ადგილი ჰქონდა საქონლის უკანონო განკარგვას, გაუქმებულია N ----- (08.05.2026) საბაჟო დეკლარაცია და პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი ვერ იქნება გათვალისწინებული.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს, სადავო აქტების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მომჩივანი კომპანიის საქონელი საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენის ნაცვლად გადაიტანეს საწყობში, სადაც ნებართვის გარეშე გაიხსნა ლუქი და განხორციელდა მისი რეალიზაცია. ამის გამო დადგინდა სამართალდარღვევა, დაეკისრა ჯარიმა და გადასახადები.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1); 172; 49(1); 64; 70(1)(2);.