ბრძანება N 20820
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20820
23 სექტემბერი 2026
ბრძანება
შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )
(მის.: „--------“)
2026 წლის 4 მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 10 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №82) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 4 მაისის №102152/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 აპრილის №021-33 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული ფულადი სახსრების დირექტორის ხელფასად განხილვას, ასევე ფიზიკური პირებისგან ჯართის შეძენისთვის გადახდილი თანხის ოდენობას. აცხადებს, რომ საწარმოს ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურებით რეალიზებული აქვს 1 421 487.59 ლარის ღირებულების პროდუქცია, შეძენილად კი უფიქსირდება 331 149 ლარის საქონელი, ხოლო სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებულია 1 447 361,34 ლარის საქონელი, ხოლო შეძენილია 697 343 ლარის საქონელი, სხვაობა შეძენილ და რეალიზებულ პროდუქციას შორის შეადგენს 750 018 ლარს. რაც შეეხება საბანკო ტრანზაქციებს, საწარმოს საანგარიშო პერიოდში საბიუჯეტო გადასახადი გადახდილი აქვს 70 348 ლარი, გაცემული აქვს ხელფასი 25 100 ლარი, საბანკო მომსახურებაში გადახდილია 127 ლარი. ასევე, აუქციონებთან დაკავშირებით, სადაც საწარმო ყიდულობს ჩამოწერილ ტექნიკასა და მასალებს, ბანკში შეტანილია 203 808 ლარი. გარდა აღნიშნულისა, შემოწმებას გაანგარიშებული აქვს ფიზიკური პირებისაგან ჯართის შეძენისათვის გადახდილი თანხა 400 667 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სალაროს ნაშთის ოდენობაც არ შეესაბამება რეალურ სურათს და დაუდგენელია აღნიშნული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22539 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი თებერვლიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 6 აპრილის №7843 ბრძანება და ამავე თარიღის №021-33 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 199 656 ლარი, მათ შორის გადასახადი 122 647 ლარი, ჯარიმა 60 093 ლარი და საურავი 16 916 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2026 წლის 4 ივნისის №12202 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 24 აგვისტოს №27638/2/2026 გადაწყვეტილებით, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 4 ივნისის №12202 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 24 აგვისტოს №27638/2/2026 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, სადავო საკითხები, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯის განსაზღვრის და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვის მართლზომიერების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შპს „-------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 24 ივნისს. ამავე თარიღშია რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. მისი საქმიანობის სფეროა შავი და ფერადი ლითონის ნარჩენებით ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით. საწარმოს რეალიზებული პროდუქციის ნაწილზე არ გააჩნია დოკუმენტურად დადასტურებული შესყიდვები. ამასთანავე, მისი მხრიდან არ მომხდარა შესყიდვის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაციის (შესყიდვის აქტი, ჯართის ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი და სხვა.) წარმოდგენა. აქედან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდპირი მეთოდის გამოყენებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმებით განისაზღვრა რეალიზებული შავი ლითონის ჯართის თვითღირებულება (ხარჯად ჩაითვალა გადამხდელის შეძენის ზედნადებებში დაფიქსირებული მინიმალური შესყიდვის ფასის 75%). აღნიშნული შავი ლითონის ჯართი მიჩნეულ იქნა ფიზიკური პირებისაგან ჩაბარებულად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3 პროცენტიანი განაკვეთით. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით. შედგენილ იქნა სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები ჩაითვალა ანაზღაურებულად, ასევე გათვალისწინებულ იქნა შავი ლითონის ჯართის თვითღირებულება, რომელიც შემოწმებით ჩაითვალა ფიზიკური პირებისგან ჩაბარებულად. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროს ნაშთის შესაბამისი თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:
1.საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.
3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;
ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შემოწმებით განისაზღვრა რეალიზებული შავი ლითონის ჯართის თვითღირებულება (ხარჯად ჩაითვალა გადამხდელის შეძენის ზედნადებებში დაფიქსირებული მინიმალური შესყიდვის ფასის 75%). აღნიშნული შავი ლითონის ჯართი მიჩნეულ იქნა ფიზიკური პირებისაგან ჩაბარებულად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3 პროცენტიანი განაკვეთით. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროს ნაშთის შესაბამისი თანხა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ შემოწმებას გაანგარიშებული აქვს ფიზიკური პირებისაგან ჯართის შეძენისათვის გადახდილი თანხა 400 667 ლარის ოდენობით. ასევე, სალაროს ნაშთის ოდენობაც არ შეესაბამება რეალურ სურათს და დაუდგენელია აღნიშნული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მიღებული შემოსავლის 75% გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მიღებული შემოსავლის 75% გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 24 ივნისს. ამავე თარიღშია რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. საქმიანობის სფეროა შავი და ფერადი ლითონის ნარჩენებით ვაჭრობა. საწარმოს რეალიზებული პროდუქციის ნაწილზე არ გააჩნია დოკუმენტურად დადასტურებული შესყიდვები.შემოწმებით განისაზღვრა რეალიზებული შავი ლითონის ჯართის თვითღირებულებააღნიშნული შავი ლითონის ჯართი მიჩნეულ იქნა ფიზიკური პირებისაგან ჩაბარებულად და სსკ-ის 1333 მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3 პროცენტიანი განაკვეთით. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
შედგენილ იქნა სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები ჩაითვალა ანაზღაურებულად, ასევე გათვალისწინებულ იქნა შავი ლითონის ჯართის თვითღირებულება, რომელიც შემოწმებით ჩაითვალა ფიზიკური პირებისგან ჩაბარებულად. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროს ნაშთის შესაბამისი თანხა,სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მიღებული შემოსავლის 75% გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5),101,1333,154.