ბრძანება N 2806
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2806
17 თებერვალი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 10 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 23 და 30 იანვარს გამართულ სხდომებზე (ოქმები: №5, №8) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №93608/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 დეკემბრის №249-32 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ კომპანია აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა „ორისში“, სადაც ყველა სახის რეალიზაცია იდენტიფიცირებულია, როგორც დოკუმენტური ისე საცალო და სახეზე არ იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლზე გადასვლის სამართლებრივი საფუძვლები. ფასნამატთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ საბითუმო რეალიზაცია ხასიათდება შედარებით მაღალი ფასნამატით, ხოლო ცვალებადი ფასნამატები გამოწვეულია სხვადასხვა გარემოებებით, როგორიც არის: ------- მაღაზიის დახურვის გამო დარჩენილი ნაშთის ამოყიდვა თვითღირებულებით და მასზე დაბალი ფასით, ე.წ. ვიტრინის საქონლით, რომელიც დაზიანებულია და იყიდება მცირე ფასნამატით, ასევე კონკურენციისა და ჩამოფასებული საქონლის დაბალი ფასით რეალიზაციის გამო. ასევე, არსებობს ადგილობრივი შეძენები, რომლის რეალიზაციაც ხდება 2-3%-იანი ფასნამატით, ხოლო კორპორატიული გაყიდვების დროს ფასნამატი შედარებით მაღალია. ასევე, „-------“-ს ბრენდის პროდუქციასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ კომპანია პარტნიორობს მომწოდებელთან და მასთან შეთანხმებით, საცალო რეალიზაცია ხდება შესყიდვის ფასით. წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
2. მომჩივანი არ ეთანხმება აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენისათვის შეფარდებულ ჯარიმას და განმარტავს, რომ კომპანიას ყველაფერი შეძენილი აქვს იმპორტით ან სასაქონლო ზედნადებით. ასევე, აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ ვერ მოხდა აღურიცხავი საქონლის იდენტიფიცირება და ეს სავარაუდოდ არის ტექნიკური შეცდომა, რადგან ვერ მოხდა კოდებით საქონლის იდენტიფიცირება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის №8614 და 24 აპრილის №9596 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებლად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 15 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 10 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 13 დეკემბრის №26333 ბრძანება და ამავე თარიღის №249-32 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 346 232 ლარი, მათ შორის გადასახადი 196 468 ლარი, ჯარიმა 109 578 ლარი და საურავი 40 186 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა საბითუმო და საცალო ვაჭრობა ელექტრო საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებით და მოწყობილობებით -------, ------- ტერიტორიაზე. კომპანიას საქონლის ნაწილი იმპორტით შემოჰქონდა -------, ხოლო ნაწილის შეძენას ახდენდა ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია შემოსავლების მიღებას ახორციელებდა როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით (მ.შ. ტერმინალით). საქონლის რეალიზაციის ნაწილში კომპანიის დოკუმენტური რეალიზაციის წილი შეადგენდა 53%-ს. კომპანიას ასევე უფიქსირდებოდა მარკეტინგული მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავლები. გადასახადის გადამხდელი აღრიცხვას ახორციელებდა საბუღალტრო პროგრამა „ორისში“, რომელიც არ შეიცავდა არსებითი ხასიათის შინაარსობრივ და თანხობრივ ხარვეზებს. თუმცა, საბუღალტრო პროგრამაზე დაყრდნობით შეუძლებელი იყო პროდუქციის ერთეულის რეალიზაციიდან მიღებული თანხის იდენტიფიცირება, როგორც დოკუმენტური, ასევე საცალო რეალიზაციისას. ვინაიდან, დოკუმენტური რეალიზაციები გატარებული იყო ჯამური თანხით დოკუმენტის ჭრილში, ხოლო საცალო რეალიზაციები აღრიცხული იყო ჯამური თანხით დღის ჭრილში (გამონაკლისია ტერმინალი, რომელიც აღრიცხული იყო ჯამური თანხით თვის ჭრილში). საბუღალტრო პროგრამაში, ანგარიშზე 7210 – „გაყიდული/შეძენილი საქონელი“, იმ საქონელზე, რომელიც რეალიზებული იყო დოკუმენტურად, მითითებული ჰქონდა რეალიზაციის დოკუმენტის ნომერი. შემოწმებით, გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ერთეულის ღირებულების თანხა დაკავშირებულ იქნა შესაბამისი საქონლის თვითღირებულებასთან. დოკუმენტური რეალიზაციის 4%-ის დაკავშირებისას დაფიქსირდა ისეთი შემთხვევები, როცა ან ჩამოწერილი საქონლის დასახელება არ ემთხვეოდა ან რაოდენობა. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საშუალო დოკუმენტური ფასნამატი შეადგენდა 37%-ს. ასევე, განხორციელდა საცალო რეალიზაციის ანალიზიც. საბუღალტრო პროგრამაში საცალო რეალიზაციის 47% გაყიდული იყო თვითღირებულებაზე დაბალი ფასით, ასევე ჩამოწერის და რეალიზაციის თარიღებში ფიქსირდებოდა შეუსაბამობები. კერძოდ, ფიქსირდებოდა ისეთი რეალიზაციები, რომლის შესაბამისი ჩამოწერა არ იყო იმავე თარიღით, ან პირიქით ჩამოწერილი იყო საქონელი და შესაბამისი რეალიზაცია არ ფიქსირდებოდა. საბუღალტრო პროგრამაზე დაყრდნობით საცალო რეალიზაციის ფასნამატი შეადგენდა 12%-ს. ასევე, ვერც შემოწმების ფარგლებში და ვერც გადამხდელის მიერ ვერ მოხდა სალარო აპარატზე დაფიქსირებული შემოსავლების და პროგრამაში ასახული საცალო რეალიზაციის შემოსავლის და საქონლის ჩამოწერის გატარებების დაკავშირება/გაშიფვრა.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის N8484 ბრძანების საფუძველზე კომპანიაში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. 2024 წლის 15 აპრილის მდგომარეობით ფაქტობრივად აღირიცხა 1 121 871 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. ბუღალტრული პროგრამისა და ჩატარებული ინვენტარიზაციით აღწერილი სმფ-ების მიხედვით შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის (31.03.2024წ.) ფაქტობრივი ნაშთის თვითღირებულებამ შეადგინა 766 746 ლარი. ფაქტობრივ ნაშთში გამოვლინდა 51 435 ლარის საბაზრო ღირებულების აღურიცხავი სასაქონლომატერიალური ფასეულობები, რომელმაც თვითღირებულებით (35 667 ლარი) მონაწილეობა მიიღო რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშებაში. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის მასალები. შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 8 ჯგუფზე, დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატები, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაც, რაზეც გავრცელდა თითოეული ჯგუფისთვის დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი. საცალო რეალიზაციით დადგენილი სხვაობა გადანაწილდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 160-ე, 1601 , 163-ე და 164-ე მუხლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
● შემოწმების მიერ, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლის გათვალისწინებით, შესწავლილ იქნა სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი. შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთის ოდენობამ შეადგინა 487 941 ლარი. სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. კერძოდ, არაგონივრული ნაშთიდან უძრავი ნაშთის თანხა (57 480 ლარი) ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის პირველივე საანგარიშო პერიოდში (2021 წლის - იანვარი) გაცემულ ხელფასად, ხოლო 430 461 ლარი შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდში (2024 წლის - მარტი) გაცემულ ხელფასად. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 101-ე, 104-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
2. წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის N8484 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციით აღწერილი სმფების ნაშთის მიხედვით დადგენილ იქნა შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის, 2024 წლის 31 მარტისთვის არსებული ფაქტობრივი ნაშთი. ფაქტობრივ ნაშთში გამოვლინდა 51 435 ლარის საბაზრო ღირებულების აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-10 ნაწილების გათვალისწინებით, 23 298 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმებას არ ჰქონდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან საწარმოს აღრიცხვა ნაწარმოები აქვს ბუღალტრულ პროგრამა „ორისში“, სადაც აღრიცხულია ყველა სახის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები და მასთან დაკავშირებული საქონლის ჩამოწერები, ამასთან, შემოწმებისათვის წარდგენილია დღის ჭრილში გაყიდული პროდუქცია ერთეულის თვითღირებულებით, გასაყიდი თანხისა და შესაბამისი დოკუმენტის მითითებით. აგრეთვე საჩივარში განმარტებულია, რომ ------- მაღაზიის დახურვის გამო დარჩენილი ნაშთის ამოყიდვა მოხდა თვითღირებულებით და მასზე დაბალი ფასით, ისევე როგორც ე.წ. ვიტრინის დაზიანებული საქონელი და ჩამოფასებული საქონელი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს აღრიცხვა ნაწარმოები აქვს ბუღალტრულ პროგრამა „ორისში“, სადაც აღრიცხულია ყველა სახის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები და მასთან დაკავშირებული საქონლის ჩამოწერები, აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან არ არის სათანადოდ დასაბუთებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, ასევე, შესასწავლია და უნდა დაზუსტდეს ფასნამატის ოდენობის განსაზღვრის საკითხი. ამდენად, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ფასნამატის შესახებ გაშიფრული ინფორმაცია ცხრილის სახით, ასევე ინფორმაცია თვითღირებულებაზე დაბალი ფასით რეალიზებული საქონლის შესახებ). თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. შეისწავლოს საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.
2. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.
3. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
ამავე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად:
1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ინვენტარიზაციის მიზანია დროის გარკვეული პერიოდისთვის მოხდეს გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (შემდგომში – სმფ), წარმოების და მათი შენახვის ადგილზე სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეულის, მასალების, ნახევარფაბრიკატების, მარაგ-ნაწილების, ტარისა და მზა პროდუქციის (საქონლის) ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღრიცხულ ნაშთებთან შედარება, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სმფ-ის (საქონლის მარაგების) ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა.
ამავე ინსტრუქციის 30-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების თანახმად:
4. სმფ-ების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დაზუსტების შემდეგ, საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ” (დანართი №19).
9. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ დანართი №19-ის დადგენილ ვადებში შეუვსებლობის ან არასრულად შევსების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია შეავსოს დანართი №19 (მისი დანართის გარეშე) საგადასახადო ორგანოში აღნიშნული გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, დანართი №20 არ ივსება და სმფ-ების სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული და ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემების შედარების შედეგად აღურიცხველი სმფ-ების გამოვლენის მიზნით, 5 კალენდარულ დღეში საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლომატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ” (დანართი №21).
ხოლო, 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საინვენტარიზაციო კომისიის მუშაობა ფორმდება შემაჯამებელი ოქმით, რომელშიც აისახება ინვენტარიზაციის შედეგები. სმფ-ების სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული და ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემების შედარების შედეგად, საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ“ (დანართი №22).
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის N8484 ბრძანების საფუძველზე კომპანიაში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალების დამუშავებით ფაქტობრივ ნაშთში გამოვლინდა 51 435 ლარის საბაზრო ღირებულების აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, კომპანიას აღურიცხველი საქონელი არ გააჩნდა, ყველაფერი შეძენილი იყო იმპორტით ან სასაქონლო ზედნადებით და ის რომ შემოწმების მიერ ვერ მოხდა აღურიცხავი საქონლის იდენტიფიცირება, ეს სავარაუდოდ არის ტექნიკური შეცდომა.
ვინაიდან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის N8484 ბრძანებით განხორციელებულია სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთის აღრიცხვა და შედეგები გამოყვანილია შემოწმების მიერ, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 26-ე, 30-ე და 31-ე მუხლების მიხედვით არ არის შედგენილი „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ“ (დანართი №22) ოქმი, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის N8484 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის მიზანს წარმოადგენდა მხოლოდ სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთის აღრიცხვა, შესაბამისად არამართლზომიერია საგადასახადო შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის შეფარდება.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით ჯარიმის განსაზღვრა არამართლზომიერია, ხოლო, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით და სასაქონლო ნაშთების დაზუსტების მიზნით, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია აღურიცხავ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობასთან დაკავშირებით), თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთების დაზუსტების მიზნით, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება. ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ფასნამატის შესახებ გაშიფრული ინფორმაცია ცხრილის სახით, ასევე ინფორმაცია თვითღირებულებაზე დაბალი ფასით რეალიზებული საქონლის შესახებ);
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. შეისწავლოს საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია აღურიცხავ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობასთან დაკავშირებით);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;
გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა დაუქვემდებაროს შემცირებას;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
2. აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენისათვის შეფარდებულ ჯარიმა
ფაქტობრივი გარემოებები
1. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა საბითუმო და საცალო ვაჭრობა ელექტრო საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებით და მოწყობილობებით; საქონლის შეძენას ახდენდა როგორც იმპორტით, ასევე ადგილობრივ ბაზარზე; შემოსავლების მიღებას ახორციელებდა როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. საბუღალტრო პროგრამაზე დაყრდნობით შეუძლებელი იყო პროდუქციის ერთეულის რეალიზაციიდან მიღებული თანხის იდენტიფიცირება, როგორც დოკუმენტური, ასევე საცალო რეალიზაციისას.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე კომპანიაში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. გამოვლინდა აღურიცხავი სასაქონლომატერიალური ფასეულობები, დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატები, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაც, რაზეც გავრცელდა თითოეული ჯგუფისთვის დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი. საცალო რეალიზაციით დადგენილი სხვაობა გადანაწილდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.
შემოწმების მიერ, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლის გათვალისწინებით, შესწავლილ იქნა სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი, რაც დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.
2. წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციით გამოვლინდა აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა დაუქვემდებაროს შემცირებას;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 286(4, 10)