გადაწყვეტილება №19687/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19687/2/2023
07 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 15.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19687/2/2023).
დავის საგანი:
საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის (СТ-1) საფუძველზე იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო
შეღავათის გავრცელების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 20.12.2022 წლის №007-352 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8777 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 62 875 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 27 559
დღგ - 4 204
იმპორტის გადასახადი - 23 355
ჯარიმა - 27 559
საურავი - 7 757
ფაქტების აღწერა
საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა №20113-C868 (27.10.20) საბაჟო დეკლარაციით ---დან შემოიტანა სეს ესნ-ის 2009 და 2202 სასაქონლო ჯგუფის საქონელი, რომელიც შეძენილია --- კომპანია „---“-საგან ხუთი ინვოისით - № 46294 (13.10.20), №46532 (13.10.20), №46534 (15.10.20), № 46745 (16.10.20), №46914 (16.10.20), ჯამური ღირებულებით - 66,029.08 აშშ დოლარი და ნეტო წონით - 122,482.58 კგ. აქედან, 65,177.08 აშშ დოლარის ღირებულების - 121,238.78 კგ საქონელზე გამოყენებული იყო ---ის უფლებამოსილი სამსახურის მიერ გაცემული საქონლის წარმოშობის სერთიფიკატები (CT-1) №GE04800C1957 3008820 (13.10.20), №GE04800C1958 3008821 (13.10.20), №GE04800C1968 3008823 (15.10.20), №GE04800C1974 3008825 (16.10.20); №GE04800C1975 3008830 (16.10.20), რომელთა საფუძველზე იმპორტის გადასახადის ნაწილში გავრცელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები.
საქონლის საბაჟო დეკლარაციაში დეკლარირებულია სეს ესნ-ის შემდეგი კოდებით იდენტიფიცირებული საქონელი:
20091200000 - ფორთოხლის წვენი - საბაჟო ღირებულებით - 17 730.21 ლარი, წონა - 5 680.44 კგ. აქედან, იმპორტის გადასახადის 12%-იანი განაკვეთით დაიბეგრა მხოლოდ - 2 977.19 ლარის საბაჟო ღირებულების - 1 243.8 კგ წვენი, რომელიც არ იყო წარმოდგენილი წარმოშობის სერტიფიკატებში;
20097119000 - ვაშლის წვენი - საბაჟო ღირებულებით - 7 115.48 ლარი, წონა - 3 452.66 კგ;
22021000000 - ცივი ჩაი - საბაჟო ღირებულებით - 45 715.80 ლარი (კორექტ. მედიანით - 1.21), წონა - 24 521.70 კგ;
22029010000 - ნექტარი ასორტიმენტში - საბაჟო ღირებულებით - 172 759.62 ლარი, წონა - 88 827.79 კგ. ჯამში შემოტანილია: 2009 კოდით - 24 845.70 ლარის საბაჟო ღირებულების წვენი, წონით - 9 133.1 კგ; 2202 კოდით - 218 475.48 ლარის საბაჟო ღირებულების ნექტარი და ცივი ჩაი, წონით - 113 349.48 კგ. სულ საქონლის საბაჟო დეკლარაციით შემოტანილია - 243 321.11 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი.
ზემოაღნიშნული CT-1-ებიდან ოთხ სერთიფიკატში ერთდროულად წარმოდგენილია, როგორც სეს ესნ-ის 2009, ასევე 2202 სასაქონლო ჯგუფის საქონელი, გარდა GE04800C1968 სერთიფიკატისა, სადაც ფიგურირებს მხოლოდ 2202 ჯგუფის პროდუქცია.
სულ საქონლის საბაჟო დეკლარაციაში დარიცხული იმპორტის გადასახდელის ოდენობამ ჯამში შეადგინა: იმპორტის გადასახადი (12%) – 357.0 ლარი, დღგ - 600.15 ლარი.
---დან მიღებული წერილებიდან (№234987/21, 15.11.21 და №88521/21-10, 23.05.22) გაირკვა, რომ სერთიფიკატებით მოცული საქონლის --- წარმოშობა დასტურდება საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ 2000 წლის 30 ნოემბერს მიღებული წესებით, მასში 7.09.2001 წელს და 20.12.2002 წელს შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, ხოლო ცვლილებების გარეშე ფორმულირებული ძირითადი წესებით - --- წარმოშობა დასტურდება მხოლოდ სეს ესნ-ის 2202 სასაქონლო ჯგუფის პროდუქციისთვის.
შესაბამისად, ძირითადი ტექსტის დებულებებიდან გამომდინარე, 2009 ჯგუფს მიკუთვნებული წვენები არ წარმოადგენს --- წარმოშობის საქონელს, რადგან ---სთან მიმართებით საქართველოსთვის ძალაშია მხოლოდ 30.11.2000 წლის ძირითადი წესები.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული დირექტიული წერილიდან (№183633/21, 09.09.19) გამომდინარე, 30.11.2000 წლის წესებში შეტანილი ზემოხსენებული ცვლილებები საქართველოსათვის ძალაში არაა. შესაბამისად, №20113-C866 საქონლის საბაჟო დეკლარაციის სერთიფიკატებში ჩამოთვლილი 2009 სასაქონლო ჯგუფის საქონლის დაუბეგრავი ნაწილი დაექვემდებარა დაბეგვრას იმპორტის გადასახადის 12%-იანი განაკვეთით, თუმცა გათვალისწინებული იქნა, რომ ოთხ სერთიფიკატში (№№GE04800C1958, GE04800C1957, GE04800C1975, GE04800C1974) --- წარმოშობის 2202 ჯგუფის პროდუქციასთან ერთად შეწყვილებულად არის წარმოდგენილი არა--- წარმოშობის 2009 ჯგუფის საქონელიც. აღნიშნული მიზეზით, CT-1-ებმა შეიძინა არასწორად გაცემული დოკუმენტის სტატუსი და დაკარგეს ავთენტურობა. შესაბამისად, 12%-იანი განაკვეთით დაბეგვრას დაექვემდებარა CT-1-ებში შეწყვილებულად წარმოდგენილი 2202 სასაქონლო ჯგუფის საქონელიც.
ავთენტურობა შეინარჩუნა მხოლოდ წარმოშობის სერთიფიკატმა №GE04800C1968, სადაც წარმოდგენილია მხოლოდ 2202 ჯგუფის საქონელი, რომელმაც ასევე შეინარჩუნა --- წარმოშობა საქონლის საბაჟო დეკლარაციის შესაბამის - მე-3 პოზიციაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს №20113-C868 (27.10.20) საქონლის საბაჟო დეკლარაციაზე დამატებით დაერიცხა იმპორტის გადასახდელი - 27 559.0 ლარის ოდენობით. აქედან: იმპორტის გადასახადი - 23 355.0 ლარი და დღგ - 4 204 ლარი. ამასთან, სანქცია ჯარიმის სახით - 27 559 ლარი, საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. სულ, გადასახდელი თანხის ოდენობამ შეადგინა - 55 118 ლარი, რაზეც შედგა საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 7 დეკემბრის №ა218- 21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტი ამასთან, შემოწმების მასალები ქვემდებარეობის მიხედვით გაეგზავნა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 20.12.2022 წლის №32004 ბრძანება და №007-352 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8777 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საბაჟო დეპარტამენტს დაევალა გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო ადმინისტრაციული აქტით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8777 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით, 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით, 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 36-ე მუხლის პირველი ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 272-ე მუხლით, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-8 ნაწილებით, 167-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით და საბაჟო დეპარტამენტს დაევალა გამიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო ადმინისტრაციული აქტით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია --- რეგისტრირებულია 2008 წლიდან და იგი წარმოადგენს მსოფლიოში საკვებისა და უალკოჰოლო სასმელების ლიდერი მწარმოებელის - საერთაშორისო კორპორაცია „---“- ს ჰოლდინგის ჯგუფის წევრ კომპანიას.
კომპანიის საქართველოში საქმიანობა მოიცავს „---ს“ ჯგუფის კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის იმპორტს და რეალიზაციას, როგორებიც არის უალკოჰოლო სასმელები „---“, „---“ და ა.შ., ასევე „---სა“ და „---ის“ ბრენდებით ცნობილი კარტოფილის ჩიფსები, და სხვა. კომპანია ასევე ახდენს სხვადასხვა სახის რძის პროდუქტის წარმოებას და მიწოდება, მათ შორის: რძის, კეფირის, მაწონის, არაჟნის, ხაჭოსი, მოჭიქული ხაჭოსი, იოგურტის და ა.შ.
კომპანია ზოგადად საქმიანობს საერთაშორისო ბიზნეს ეთიკისა და ფინანსური გამჭირვალობის პრინციპით. ამავდროულად, კომპანიის პოლიტიკაა, რომ გაზარდოს საქართველოში წარმოება საწარმოო პროცესების საქართველოში გადმოტანითა და ინვესტიციების განხორციელებით. კომპანიას საქართველოში განხორციელებული აქვს მნიშვნელოვანი ინვესტიციები მათ შორის განვლილი პანდემიის ფონზე, რითაც წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
კომპანია სრულად ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას და საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს, არ ეთანხმება შემოწმების აქტის მიხედვით დადგენილ გარემოებებს, ასევე პრეტენზია გააჩნია თავად აქტის აღქმადობასთან, დარიცხვის (გადასახადის, ჯარიმის, საურავის) წარმომავლობასთან და სხვადასხვა ნომენკლატურის მქონე საქონლის ერთი კოდის ქვეშ მოქცევის ფაქტზე. ჩვენი პოზიციაა, რომ აქტი და მის საფუძველზე გამოტანილი საგადასახადო მოთხოვნა, უკლებლივ ყველა ნაწილში არასწორადაა შედგენილი, არასწორი ფაქტობრივი გარემოებებისა და დაანგარიშების მეთოდის გამოყენებით და იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ გაცემული იმპორტის დოკუმენტაცია სერტიფიკატების ჩათვლით გაცემულია ---ს სახელმწიფოს შესამაბისი ორგანოების მიერ, მათ სისწორესა და ავთენტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონია. შემოწმებული იმპორტის დეკლარაციები საქართველოში დაბეჭდილია საქართველოს საბაჟო დეპარტამეტის მომსახურების სააგენტოს მიერ და მათ შესაბამისი ანაზღაურებაც მიღებული აქვთ აღნიშნულ მომსახურებაში. ანუ თუ ეჭვის საფუძველი არსებობდა, რატომ დაბეჭდეს მათ არასწორი დეკლარაციები? ორგანომ რომელიც უწევს მომსახურებას და ასევე ამოწმებს კიდეც დაუშვა ასეთი შეცდომა, რომ საქონლის დეკლარირება და განბაჟება არასწორად განახორციელებინა?.. კომპანიამ კი არ მიაყენა სახელმწიფოს ზიანი, თავად სახელმწიფო უწყებები აყენებენ ამ შემთხვევაში ზიანს. მიაჩნია, რომ საკითხზე გამოტანილია ნაჩქარევი გადაწყვეტილება და საკითხი უფრო სიღრმისეულ შესწავლას მოითხოვს, სადაც არანაირად არ იკვეთება მისი ბრალეული ქმედება ან გადასახადების გადახდისაგან თავის არიდება.
ასევე, საინტერესოა საერთაშორისო წესებისა და სამართლის გამოყენებით, რატომ მოქმედებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო კონკრეტული წლის საერთაშორისო შეთანხმებისა და წესების საფუძველზე, ხოლო მეორე ხელშემკვრელი მხარე აბსოლიტურად განსხვავებული წესებითა და რედაქციით. ამ სიტუაციაში და ბუნდოვანებაში კერძო სექტორი არ უნდა ზარალდებოდეს და მითუმეტეს არ უნდა ჯარიმდებოდეს კანონის უმკაცრესი ზომების გამოყენებით. ამ შეუთანხმებელი და ბუნდოვანი სახელმწიფოებრივი ურთიერთობების გამო ადგება სერიოზული ფინანსური ზარალი, თუ გავითვალისწინებთ დარიცხულ გადასახადს და რაც კიდევ უფრო დაუჯერებელია, ჯარიმებისა და საურავების ნაწილზე.
თეორიულადაც რომ დავუშვათ, რომ აღნიშნული იმპორტის გადასახადი ეკუთვნოდა 2009 კოდის/ნომენკლატურის პროდუქტზე, აბსოლუტურად გაუგებარი და არასამართლიანი მიდგომაა გამოყენებული შერეული საქონლის ინვოისების ნაწილში, ვინაიდან თავად მაკონტროლებელი ორგანო წერს, რომ ოთხ სერთიფიკატში NQGE04800C1958, GE04800C1957, GE04800C1975, GE04800C1974 ნაწილი საქონელი, რომელიც მიეკუთვნება 2002 კოდს, საქართველოში გამოყენებული წესების თანახმადაც ხვდება იმპორტის გადასახადის განთავისუფლების ნაწილში, მაგრამ, ვინაიდან ისინი მოქცეულია ერთ დოკუმენტში მათ მიიჩნიეს, რომ სრულად უნდა დაბეგრილიყო და გავრცელებულიყო ჯარიმა და საურავი ამ დოკუმენტში მოცემულ პროდუქციაზე, როგორც 2002, ასევე 2009 ნომენკლატურაზე, რაც არანაირ სამართლებრივ ჭრილში არ ჯდება.
ცალკე სურს წარმოადგინოს პოზიცია შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების თაობაზე, კომპანია მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება გამოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საქმის მასალების მიხედვით, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტს.
ამავდროულად, შემოსავლების სამსახური სზაკ-ის 96-ე მუხლზე მითითებით მიიჩნევს, რომ საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო ადმინისტრაციული აქტით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). კომპანია პირველ რიგში კატეგორიულად არ ეთანხმება ბრძანებაში არსებულ მითითებას, რომ თითქოს ადგილი აქვს საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტს. კომპანიის პოზიციაა, რომ კომპანიის მიერ საბაჟო დეკლარაციაში ყველა მონაცემი მითითებულია სწორად, დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემებზე დაყრდნობით. მათ შორის, კომპანიის მიერ წარდგენილია შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული საქონლის წარმოშობის სერთიფიკატი, რომლის ნამდვილობა არ არის სადავო. ამავდროულად, კომპანიის მიერ ზედმიწევნით არის დაცული საბაჟო კონროლთან დაკავშირებული ყველა პროცედურა. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის დაფიქსირებას ან/და საბაჟო გადასახდელების შემცირებას.
რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას, იგი ჩამოყალიბებულია განზოგადებული სახით, და არ შეიცავს კონკრეტულ მითითებებს, მათ შორის მითითებას იმ ფაქტობრივ გარემოებებზე ან მტკიცებულებებზე, რომლებიც საჭიროებს დამატებით კვლევას ან სამართლებრივ შეფასებებს და მათზე დაფუძნებულ სახელმძღვანელო მითითებებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას. ამავდროულად, კომპანიის იურიდიული ინტერესია საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების და მათ საფუძველზე განხორციელებული დარიცხვის სრული გაუქმება, რაც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არ არის მიღწეული.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.
საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს: საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა. ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. ამასთან, ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომ − საგადასახადო მოთხოვნა) ერთად.
საბაჟო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის წარმოშობა განისაზღვრება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-8 ნაწილის შესაბამისად:
1. საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
8. პირს საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში დაეკისრება, თუ მას აღნიშნული ქმედებისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.
საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით, თუ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის შეტანით იმპორტის გადასახდელის ოდენობა შემცირდა იმ საქონელზე, რომლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.
შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტს. გადამხდელს №20113-C868 (27.10.20) საქონლის საბაჟო დეკლარაციაზე დამატებით დაერიცხა იმპორტის გადასახდელი - 27 559 ლარის ოდენობით. აქედან: იმპორტის გადასახადი - 23 355 ლარი და დღგ - 4 204 ლარი. ამასთან, სანქცია ჯარიმის სახით - 27 559 ლარი, საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8777 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საბაჟო დეპარტამენტს დაევალა გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო ადმინისტრაციული აქტით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8777 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის (СТ-1) საფუძველზე იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო
შეღავათის გავრცელების მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 20.12.2022 წლის №32004 ბრძანება და №007-352 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8777 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საბაჟო დეპარტამენტს დაევალა გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო ადმინისტრაციული აქტით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8777 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8777 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 13; 27; 30; 64; 36; 49; 163; 167.