ბრძანება N 17380
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17380
24 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ --- ის (ს/ნ --- )
(მის.:---) 2024 წლის 30 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 ივლისის სხდომაზე (ოქმი №75) განიხილა ი/მ ---ის (ს/ნ ---) 2024 წლის 30 ივნისის №90448/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 29 მაისის №056-25 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას მცირე ბიზნესის სტატუსით სარგებლობის პერიოდში. ხოლო დანარჩენ პერიოდში, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად დადგენილ ფასნამატს და ზემოაღნიშნულის შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისთვის სავალდებულო აღრიცხვის სპეციალური ჟურნალისთვის საჭირო მონაცემები აღრიცხული აქვს ექსელის ფაილებში. გადამხდელი ითხოვს, დანარჩენ პერიოდში, როცა მცირე ბიზნესის სტატუსით არ სარგებლობდა, გამოყენებულ იქნეს ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი 20%, ნაცვლად საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის შედეგად დადგენილი 64% ფასნამატისა. ამასთან, მომჩივანი მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლის გაანგარიშებისას დაშვებულია მექანიკური შეცდომა, კერძოდ, C--- საბაჟო დეკლარაციით საქონლის შემოტანისას, საბაჟო ორგანოს მიერ ექსპერტიზის საფუძველზე აფასებული საქონლის ღირებულებასა და ინვოისით მის ღირებულებას შორის გამოვლენილი სხვაობის გამო არასწორად იქნა განსაზღვრული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, შეძენები და საბოლოო სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 თებერვლის №3445 და 2 აპრილის №7311 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 26 მარტის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 15 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 29 მაისის №12490 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №056-25 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 126 792 ლარი, მათ შორის, გადასახადი 75 797 ლარი, ჯარიმა 37 013 ლარი, საურავი 13 982 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
● ი/მ --- (ს/ნ ---) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2004 წლის 30 აგვისტოს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2011 წლის 29 აპრილს. გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ჩინეთიდან და თურქეთიდან იმპორტირებული ბავშვის ტანსაცმლის რეალიზაცია ე.წ. ---ს ბაზრობის ტერიტორიაზე. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია მოთხოვნილი დოკუმენტაციების და ინფორმაციების ნაწილი. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელი არ ახორციელებს შესაბამისი პერიოდის ბუღალტრულ აღრიცხვას და არ ფლობს მცირე მეწარმისთვის სავალდებულო აღრიცხვის ჟურნალს. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში იმპორტირებული საქონლის ღირებულება შეადგენს 707 393 ლარს დღგ-ის გარეშე.
შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2024 წლის 21 მარტს ჩატარდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა 156 892 ლარის ნაშთი საბაზრო ღირებულებით. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი აუდირებული პირის სარეალიზაციო ფასნამატი. შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადამხდელს დაერიცხა დღგ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
● საგადასახადო შემოწმებით გაიზარდა საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი, დაკორექტირდა 2021 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის ყოველთვიური დეკლარაციები. გადამხდელს გადასახადი დაერიცხა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80, 81-ე, 89-ე მუხლების მოთხოვნათა მიხედვით და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
ამავე კოდექსის 90-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.
3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:
ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;
ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;
გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა და საქონლის იმპორტი.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადამხდელი არ ახორციელებს შესაბამისი პერიოდის ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ფლობს მცირე მეწარმისთვის სავალდებულო აღრიცხვის ჟურნალს და შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, გადამხდელთან 2024 წლის 21 მარტს ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა 156 892 ლარის საბაზრო ღირებულების ნაშთი. შემოწმების მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმის სარეალიზაციო ფასნამატი (განხილულ იქნა კრიტერიუმები: დასაბეგრი ბრუნვა, ტერიტორიული ერთეული, საქონლის დასახელება და ხარისხი, იმპორტირებული საქონლის ოდენობა).
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, C---- საბაჟო დეკლარაციის მიხედვით, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების არასწორად განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ საბაჟო დეკლარაციაში არ ფიქსირდება საქონლის აფასება და იმპორტირებული საქონლის ღირებულება შეფასებულია 388 339,59 ლარად. აუდიტის დეპარტამენტის განმარტებით, ინვოისის წარმოდგენა არ მომხდარა შემოწმების პროცესში. შესაბამისად, შემოწმება დაეყრდნო საბაჟო დეკლარაციას და ზემოაღნიშნული თანხა გათვალისწინებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გამოთვლისას.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას მცირე ბიზნესის სტატუსით სარგებლობის პერიოდში.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადამხდელი არ ახორციელებს შესაბამისი პერიოდის ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ფლობს მცირე მეწარმისთვის სავალდებულო აღრიცხვის ჟურნალს და შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, გადამხდელთან 2024 წლის 21 მარტს ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა 156 892 ლარის საბაზრო ღირებულების ნაშთი. შემოწმების მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმის სარეალიზაციო ფასნამატი (განხილულ იქნა კრიტერიუმები: დასაბეგრი ბრუნვა, ტერიტორიული ერთეული, საქონლის დასახელება და ხარისხი, იმპორტირებული საქონლის ოდენობა)
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 102; 90; 88 (3).