ბრძანება N 25150

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 17.11.2025
№ დოკუმენტი 25150
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25150

17 ნოემბერი 2025

ბრძანება

შპს „-------- - ის “ (ს/ნ „-------“)

(ფაქტ. მის.: „------“)

2025 წლის 8 სექტემბრის საჩივრის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 16 ოქტომბრის და 13 ნოემბრის სხდომებზე (ოქმები: №88, №94) განიხილა შპს „------“ (ს/ნ„------“) 2025 წლის 8 სექტემბრის №140164/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 აგვისტოს №050-12 საგადასახადო მოთხოვნასთან და კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2025 წლის 19 ივნისის №13133 ბრძანებასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. მომჩივანი არ ეთანხმება კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ ბრძანებას და აცხადებს, რომ ცნება სრული კამერალური შემოწმება, საგადასახადო კანონმდებლობა არ იცნობს. მიაჩნია, რომ აღნიშნული ბრძანებით უხეშად დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, რადგან კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2025 წლის 19 ივნისის №13133 ბრძანებით განსაზღვრული არ არის კონკრეტული შესამოწმებელი საკითხი. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე, მომჩივანი ითხოვს საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანების ბათილობას.

2. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის შედეგად დღგსა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ საწარმო მხოლოდ იმპორტზე მუშაობდა და აღნიშნულ დოკუმენტაციაში ჩანს შეძენილი საქონლის რაოდენობაც და ფასიც, ასევე საწარმოს დეკლარირებული ბრუნვის 70% რეალიზებულია დოკუმენტით. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საცალო რეალიზაციაზე დოკუმენტური 73%-იანი ფასნამატის გავრცელებას და მიუთითებს, რომ მცირე ფასნამატიანი საქონლის დიდი რაოდენობა არ არის სათანადოდ ასახული შემოწმების ცხრილში, რაც იწვევს არასწორი საშუალო ფასნამატის განსაზღვრას. ამასთან, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული საქონლის შეძენასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 ივნისის №13133 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 11 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 13 აგვისტოს №18269 ბრძანება და 14 აგვისტოს №050-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 970 000 ლარი, მათ შორის გადასახადი 539 645 ლარი, ჯარიმა 255 119 ლარი და საურავი 175 236 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა მანქანის ზეთებისა და ფილტრების იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია საქონლის იმპორტს ახდენდა ბელგიიდან, თურქეთიდან და ჩინეთიდან, ხოლო საქონლის რეალიზაცია ხდებოდა „-------“ რაიონის სოფელ „-------“-ში.გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა ახსნაგანმარტება, რომლის მიხედვითაც კომპანიას არ ჰქონდა ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები, ამასთან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ ჰქონდა საქონლის, დებიტორ-კრედიტორებისა და ნაღდი ფულის ნაშთი. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ კომპანიას 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით უფიქსირდებოდა 1 194 577 ლარის სმფ-ები (მოგების გადასახადის დეკლარაციისა და ფინანსური ანგარიშგების მიხედვით), ხოლო შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი ჰქონდა 352 571 ლარის სმფ-ები. დეკლარირებული ბრუნვა შეადგენდა 1 986 472 ლარს, საიდანაც დოკუმენტური რეალიზაციაა 1 384 388 ლარი. კომპანია 2023 წლის ნოემბრის შემდგომ აღარ საქმიანობდა და ამასთან, 2025 წლის პირველი თებერვლიდან გაუქმებული ჰქონდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კომპანიას არ ჰქონდა აღრიცხვა ნაწარმოები და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ამასთან არ ხდებოდა კონტროლი საქონლის მოძრაობაზე, ვერ იშიფრებოდა საწყისი საქონლის ნაშთი სახოებრივ და რაოდენობრივ ჭრილში, ასევე არ იდენტიფიცირდებოდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და მიღებული შემოსავალი, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნტქტის შესაბამისად და შემოსავლები განსაზღვრა არაპირიდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, საწყისი სმფ-ებისა და შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის გათვალისწინებით დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელიც დაყოფილ იქნა კატეგორიებად და დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქტის თვითღირებულებაზე, კატეგორიის ჭრილში, გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი (საშუალოდ 73%). შედეგად, გადასახადის გადამხდელს გაეზარდა დასაბეგრი ბრუნვები და დაერიცხა დღგ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად. ასევე, გაზრდილი შემოსავლის შესაბამისად დაანგარიშდა კომპანიის განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასხადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2025 წლის 19 ივნისის №13133 ბრძანებასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 აგვისტოს №050-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში - გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივარის ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შპს „------“ (ს/ნ „-------“) შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ 2025 წლის 19 ივნისის №13133 ბრძანებას გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2025 წლის 23 ივნისს.

შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2025 წლის 8 სექტემბერს.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის აღნიშნულ ნაწილში განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „------“ (ს/ნ „------“) საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2025 წლის 19 ივნისის №13133 ბრძანებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა მანქანის ზეთებისა და ფილტრების იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც კომპანიას არ ჰქონდა ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები, ამასთან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ ჰქონდა საქონლის, დებიტორ-კრედიტორებისა და ნაღდი ფულის ნაშთი. კომპანია 2023 წლის ნოემბრის შემდგომ აღარ საქმიანობდა და ამასთან, 2025 წლის პირველი თებერვლიდან გაუქმებული ჰქონდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კომპანიას არ ჰქონდა აღრიცხვა ნაწარმოები და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ამასთან არ ხდებოდა კონტროლი საქონლის მოძრაობაზე, ვერ იშიფრებოდა საწყისი საქონლის ნაშთი სახეობრივ და რაოდენობრივ ჭრილში, ასევე არ იდენტიფიცირდებოდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და მიღებული შემოსავალი, შემოწმებამ პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირიდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, საწყისი სმფ-ების ნაშთისა და შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის გათვალისწინებით დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელიც დაყოფილ იქნა კატეგორიებად და დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქტის თვითღირებულებაზე, კატეგორიის ჭრილში გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი (საშუალოდ 73%). შედეგად, გადასახადის გადამხდელს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე, გაზრდილი შემოსავლის შესაბამისად დაანგარიშდა კომპანიის განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა პირის საგადასახადო ვალდებულებები.

რაც შეეხება ფასნამატის განსაზღვრის მეთოდს, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ შემოწმების მიერ ფასნამატის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას რეალიზებულ საქონელზე ყველა სასაქონლო ზედნადებებში მითითებული საქონლის რაოდენობისა და ფასის მაჩვენებლი. ასეთი გაანგარიშების შემთხვევაში, თუ გამოთვლის პროცესში სრულად მიიღებს მონაწილეობას დაბალ ფასნამატიანი საქონელიც, სახეზე იქნება რეალური ფასნამტის დადგენის შესაძლებლობა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დოკუმენტის გარეშე საცალოდ რეალიზებულ საქონელზე ფასნამატის გაანგარიშებაში არ იქნა გათვალისწინებული კონკრეტულ კომპანიაზე საბაზროზე დაბალ ფასად მიყიდული საქონლის ფასები და ასევე არ იქნა გათვალისწინებული საქმიანობის შეწყვეტის დროს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, ვინაიდან ამ პერიოდში ნაშთის ამოყიდვის მიზნით ხდებოდა საქონლის უფრო დაბალ ფასად რეალიზაცია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას სრულად გაითვალისწინოს რეალიზებულ საქონელზე გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2025 წლის 19 ივნისის №13133 ბრძანებასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

2. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 აგვისტოს №050-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3.მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას სრულად გაითვალისწინოს რეალიზებულ საქონელზე გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მომჩივანი არ ეთანხმება კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ ბრძანებას.მომჩივანი ითხოვს საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანების ბათილობას.

2. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის შედეგად დღგსა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა მანქანის ზეთებისა და ფილტრების იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია საქონლის იმპორტს ახდენდა ბელგიიდან, თურქეთიდან და ჩინეთიდან, ხოლო საქონლის რეალიზაცია ხდებოდა ადგილობრივ ბაზარზე.კომპანია 2023 წლის ნოემბრის შემდგომ აღარ საქმიანობდა და ამასთან, 2025 წლის პირველი თებერვლიდან გაუქმებული ჰქონდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.

ვინაიდან კომპანიას არ ჰქონდა აღრიცხვა ნაწარმოები და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ამასთან არ ხდებოდა კონტროლი საქონლის მოძრაობაზე, ვერ იშიფრებოდა საწყისი საქონლის ნაშთი სახოებრივ და რაოდენობრივ ჭრილში, ასევე არ იდენტიფიცირდებოდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და მიღებული შემოსავალი.გადამხდელს გაეზარდა დასაბეგრი ბრუნვები და დაერიცხა დღგ სსკ-ის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად. ასევე, გაზრდილი შემოსავლის შესაბამისად დაანგარიშდა კომპანიის განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასხადი სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანის საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2025 წლის 19 ივნისის №13133 ბრძანებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

2.შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას სრულად გაითვალისწინოს რეალიზებულ საქონელზე გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

101,154,275,301,299.